პარტნიორობა – რუსულად #8
მე – ყველაფერი,
შენ – არაფერი!
ის, რომ ოფიციალურად რუსეთ-სომხეთს შორის ისეთი ურთიერთობაა, ბაზებში რომ შეუცვივდნენ ერთმანეთს, ტყვიასაც არ დაახლიან, ცნობილი ფაქტია და არა მხოლოდ კავკასიაში (და მერე რა, რომ არაოფიციალურად მხარეებს შორის მთლად ასეთი მხურვალე სიყვარულიც არ შეინიშნება?!).
ასეა თუ ისე, ჩვენს მეზობელ სომხეთში გადაწყვიტეს, რომ მათთვის სულზე უტკბესი რუსეთის მოქალაქეები სომხეთში მხოლოდ რუსეთის შიდა პასპორტებით იმოგზაურებენ.
მეორე მხრივ, ასეთი გადაწყვეტილება ერევანს მთლად დამოუკიდებლად და საკუთარი ინიციატივითაც არ მიუღია: კერძოდ, 2017 წლის 24 იანვარს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა თავის სომეხ კოლეგასთან (კარენ კარაპეტიანთან) მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ხელი მოაწერეს ასეთ შეთანხმებას.
თავის მხრივ, სომხეთის იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეების სტიმულირებისთვის მიიღეს (ვინძლო, ბევრნი ჩამოვიდნენო).
თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთის მოქალაქეებს კვლავ არ შეუძლიათ შიდა პასპორტებით რუსეთში მოხვედრა, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დიდი რუსეთისთვის პარტნიორობა ისევ იმას ნიშნავს: მე – ყველაფერი, შენ – არაფერი. –