კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვლინდება პირის ღრუში ნებისმიერი სახის დაავადება, მათ შორის, სიმსივნური და რა სტომატოლოგიური ინფექციები გადადის კოცნით

წლების განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ ორსულის ვიზიტი სტომატოლოგთან ან გარკვეული სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, ნაყოფზე ცუდ გავლენას ახდენდა და რიგ შემთხვევაში, მის დაღუპვასაც იწვევდა. დღეს ეს მითი წარსულს ჩაბარდა. უფრო მეტიც: ორსულისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ორსულებსა და მოზარდებში არსებული სტომატოლოგიური დაავადებების შესახებ გვესაუბრება სტომატოლოგი ნინო ქარდავა:
– ორსულობა ქალის ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. ქალი ჯანმრთელია და აქედან გამომდინარე, არ არსებობს იმის არანაირი მიზეზი, რომ მან არ უნდა მიმართოს სტომატოლოგს. იმ შემთხვევაში, თუ ქალმა წინასწარ დაგეგმა ორსულობა, სასურველია, დაფეხმძიმებამდე მოხდეს სტომატოლოგიური ჩარევა, პირის ღრუს მოწესრიგება – სანაცია. ორსულობის პერიოდში მომავალი დედის ორგანიზმში საკმაოდ დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, ჰორმონული დისბალანსი არაერთი დაავადების მიზეზი ხდება. ამიტომ, თუ ორსული სტომატოლოგს არ მიაკითხავს, შესაძლოა, მან მომავალში კბილები დაკარგოს.
– რა დაავადებები იჩენს თავს ორსულობისას?
– ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები ასუსტებს იმუნურ სისტემას და ეს შეიძლება, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ნაყოფი დედისგან იღებს მისი განვითარებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, რაც ორსულში იწვევს სხვადასხვა მიკროელემენტების დეფიციტს და ესენია: კალციუმი, ფტორი. აქედან გამომდინარე, კბილის მინანქარი უფრო სუსტი ხდება და შესაბამისად, კარიესის გაჩენის საფრთხეც იზრდება. ორსულობისას სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, რადგან ორსულობას თან ახლავს მთელი რიგი გვერდითი მოვლენები. ამ დროს აუცილებელია კბილის დროული დაბჟენა, რათა არ გართულდეს სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. კბილის ნადებში არსებული ბაქტერიები გამოყოფს ტოქსინებს, რაც შესაძლებელია, მოხვდეს სისხლში, როგორც დედის, ასევე ნაყოფის ორგანიზმში და ცუდად იმოქმედოს ორივეს ჯანმრთელობაზე.
– არსებობს პირის ღრუს ისეთი ინფექციები, რომელმაც შეიძლება, ორსულობის დროს ნაყოფის დაღუპვა ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს?
– სერიოზული პრობლემის შექმნა შეუძლია ანთებით პროცესს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც დედაზე, ასევე ნაყოფზე. თუმცა, ლეტალური შედეგი არ არის დადასტურებული. ძალიან ხშირია ორსულთა გინგივიტი, რომელიც პარადონტიტის დასაწყისია. ამ დროს პირის ღრუში ჭარბად არის სხვადასხვა მიკრობი, რაც იწვევს სისხლდენას, უსიამოვნო სუნს, გემოს, ღრძილების შეშუპებას. თუ არ მოხდა დროული მკურნალობა, აუცილებლად ჩამოყალიბდება ბევრად უფრო მძიმე დაავადება, რაც ცუდად იმოქმედებს ნაყოფზეც და დედაზეც. გინგივიტის გართულების შემთხვევაში, მიკრობების დაშლის პროდუქტებმა შეიძლება, შეაღწიოს სისხლში და გახდეს ნაადრევი მშობიარობის მიზეზი. ამიტომაც, ასეთ დროს აუცილებელია სტომატოლოგის მიერ პირის ღრუს ჰიგიენური გასუფთავება და შესაბამისი ჰიგიენური საშუალებების დანიშვნა. რაც შეეხება ნაყოფში პირის ღრუს შესაძლო პათოლოგიებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დედას რომელ ტრიმესტრში ჰქონდა ტოქსიკოზი. თუ ტოქსიკოზი ემთხვევა ნაყოფში კბილების ჩანასახის ჩამოყალიბების პერიოდს, ასეთ შემთხვევაში, ჩნდება სხვადასხვა დაავადება, როგორც კარიესული, ასევე არაკარიესული. ანუ, რომელ ტრიმესტრში ჰქონდა დედას ტოქსიკოზი, იმაზეა დამოკიდებული სხვადასხვა დაავადებისა და პათოლოგიის კლასიფიკაცია. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ გინგივიტი, თავს იჩენს გარდატეხის ასაკშიც, თითქმის ერთნაირად, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. გოგონების შემთხვევაში, შეიძლება, ეს უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე ბიჭებში. ამ დროს დარღვეულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება. ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობაც არ არის კარგი. ეს ყველაფერი კი, პირის ღრუსთან, მის ლორწოვანთან პირდაპირ კავშირშია. ასეთ დროს საჭიროა დროული ვიზიტი სტომატოლოგთან, რომ არ ჩამოყალიბდეს პარადონტიტი, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება მკურნალობა. საერთოდ, ნებისმიერი დაავადების გამოვლინება არის შესაძლებელი პირის ღრუს ლორწოვანის გამოკვლევით. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით ნიშნავენ, როგორი გამოკვლევა სჭირდება პაციენტს. ნებისმიერ დაავადებას, მათ შორის, სიმსივნურსაც, ახასიათებს პირის ღრუში გამოვლინება და გამოცდილი სტომატოლოგი ამას ადვილად შეამჩნევს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საკუთარ პირის ღრუს ჰიგიენაზე, ლორწოვანის მოწესრიგებაზე, მოვლაზე არა მხოლოდ დედებმა უნდა იზრუნონ, არამედ ოჯახის სხვა წევრებმაც, განსაკუთრებით მამებმა. ეს პრობლემა მხოლოდ დედის მკურნალობით არ წყდება. პირის ღრუში ყველაზე მრავლადაა ბაქტერიები, რომლებიც მთელი რიგი ინფექციების, მათ შორის, სტომატიტების მიზეზი ხდება და ეს ხშირად, მშობლებიდან შვილზე კოცნით, ალერსით გადადის. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა ჩაიტაროს როგორც დედამ, ასევე მამამაც.
– ორსულობის რომელ ტრიმესტრში უნდა მივიდეს ორსული სტომატოლოგთან, რომ სტომატოლოგიური პროცედურები მისთვის, ნაყოფისთვის უსაფრთხო იყოს?
– ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ ურჩევენ ორსულებს სტომატოლოგთან ვიზიტს, რადგან ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესი სუსტია და ამიტომ უმჯობესია, თავიდან ავირიდოთ თუნდაც ანესთეზიური ჩარევა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ორსულობის არცერთ ეტაპზე არ არის საშიში, თუ ის სწორად არის შერჩეული. მაგალითად, ვიზიოგრაფული კვლევის დროს დამცავი კორსეტი აცვია პაციენტს და არ არსებობს იმის რისკი, რომ გამოსხივებამ ნაყოფზე ცუდად იმოქმედოს. თუ სტომატოლოგთან ვიზიტი არ მოითხოვს აუცილებლობას, ჯობია, მეორე ტრიმესტრისთვის გადავდოთ. მაგრამ პირველ ტრიმესტრში შეიძლება, ისეთი მანიპულაციების ჩატარება, როგორიცაა: კბილის დაბჟენა, ჰიგიენური წმენდა, ეს უარყოფით გავლენას არ ახდენს ორსულზე. პირველ ტრიმესტრში ორსულებს ხშირად უნდებათ ტკბილეული. მომავალი დედაც აქტიურად მიირთმევს ნახშირწყლებით სავსე საკვებს. ასეთი საკვების თუნდაც მცირე დოზის პირის ღრუში დიდხანს გაჩერება ხელს უწყობს კარიესის გაჩენას და მის სწრაფ პროგრესირებას. ამიტომ, სასურველია, ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების, ასევე პირღებინების შემდეგ, გამოიხეხონ კბილები. ამით ბევრ გართულებას აიცილებს თავიდან. სასურველია, ორსულმა მიიღოს დიდი რაოდენობით ვიტამინიზებული და ეკოლოგიურად ჯანსაღი საკვები. მაგალითად: კალციუმით მდიდარი რძის პროდუქტები, კომბოსტო, ისპანახი, თევზი, ბოლოკი. ორსულობის დროს ჯობია, გამოვიყენოთ კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისთვის. ასევე, ანტიბაქტერიული კბილის პასტები, ფლოსები, სწორად შევარჩიოთ ჯაგრისები. თუ ორსული სწორად იცავს ჰიგიენურ წესს, სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ დადის ვიზიტზე, მას შედარებით ნაკლები პრობლემები ექნება, ვიდრე სხვა პაციენტებს. ბოლო ტრიმესტრშიც შესაძლებელია სტომატოლოგთან ვიზიტი, უბრალოდ, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ მხრივ, რომ შეიძლება, საანესთეზიო საშუალებებმა ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. ამიტომ, თუ შესაძლებელია, პრობლემა გადაიჭრას მანამდე ან მშობიარობის შემდეგ, ჯობია, გადავდოთ და ეს არ მოხდეს ორსულობის მერვე-მეცხრე თვეში. არსებობს ტკვილგამაყუჩებლების გარკვეული ჯგუფი, ანტიბიოტიკები, რომლების გამოიყენება ორსულებში, უსაფრთხოა. მაგრამ, ის აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს პირად ექიმთან და ალერგოლოგთან.
– არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ კბილის ამოღება ნაადრევ მშობიარობას უწყობს ხელს.
– პირის ღრუში არსებული ანთებითი პროცესი ორსულისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისეთ ურყოფით გავლენას ახდენს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ჯობია, ჩატარდეს კბილის ექსტრაქცია, რათა თავიდან ავირიდოთ ანთებითი კერის გავრცელება დედის ორგანიზმში ან ნაყოფზე. მცდარია ის მოსაზრება, რომ კბილის ექსტრაქცია იწვევს ნაყოფის დაღუპვას, ნაადრევ მშობიარობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, რიგი წესებია გასათვალისწინებელი. როდესაც ვიღებ ორსულ პაციენტს, უპირველეს ყოვლისა, მას ვუშვებ ალერგოლოგთან. ასევე, მის გინეკოლოგთან შეთანხმებით ვარჩევ ანესთეტიკის ჯგუფს. შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას. არის შემთხვევები, როცა დროებით გადავდებთ ექსტრაქციას და თერაპიულ მანიპულციებს მივმართავთ. მაგრამ, თუ პროცესი იმდენად გართულებულია, რომ შესაძლოა, მან ნაყოფი დააზიანოს, ჯობია, ექსტრაქცია ჩატარდეს. დღეს თერაპიული მკურნალობა იმ დონეზეა მისული, რომ შესაძლებელია, ყველა კბილის შენარჩუნება, მაგრამ არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რის გამოც ვერ ვინარჩუნებთ კბილს.

скачать dle 11.3