როდის სწირავს ადამიანებს ლევან კვარაცხელია და რატომ სვამენ „კაპლებს“ მის კითხვებსა და საქციელზე #7
მას შემდეგ, რაც რობერტო მავანი ეკრანზე გამოჩნდა, მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და რაც მთავარია, დადებითი ემოციები გამოიწვია. თუმცა, ხშირად სხვადასხვა ღონისძიებაზე რობერტო მავანის გამოჩენა აღიზიანებთ და ეშინიათ კიდეც. რობერტო მავანი, სინამდვილეში, ლევან კვარაცხელიაა. მას საზოგადოება ადრეც იცნობდა სხვადასხვა იუმორისტული პროექტიდან, მაგრამ რობერტო მავანის როლის შემდეგ, ის უფრო მეტად პოპულარული გახდა.
ლევან კვარაცხელია: რა პროფესიის ვარ, ზუსტად არ მახსოვს, დიდი ხნის წინ დავამთავრე. ეკონომისტი გამოვდივარ – ბიზნესფაკულტეტი დავამთავრე უნივერსიტეტში. ისე მოხდა, რომ სტუდენტობის დროს ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა იუმორისტულ გადაცემებზე. თავიდან სცენარისტი ვიყავი. რაც კი არხი არსებობს საქართველოში, ყველგან მიმუშავია. კადრს მიღმა ყოფნა მერჩივნა. ახლა ეს პროექტი იმდენად მოეწონა ხალხს და შეუყვარდათ ეს პერსონაჟი, რომ ამის კეთება მიხარია.
– რობერტო მავანით უფრო კარგად გაგიცნო ხალხმა.
– ეს არ არის მოგონილი პერსონაჟი, უბრალოდ, ჩვენი სამეგობრო წრე რაზეც ძირითადად ვხუმრობთ, იგივეს აკეთებს. სახელი ჰქვია და გადაცემის ფორმატშია რაღაც სკანდალური. მაგალითად, აუცილებლად უნდა იყოს ერთი ცნობილი სახე, რომელიც უნდა გააღიზიანო კი არა, გააშარჟო – ეს არის ფორმატის ნაწილი. ზოგადად, სიუჟეტის სახე აქვს. შეიძლება, კარგი სიუჟეტი გაკეთდეს, ბევრი ყოფილა ასეთი: დადებითი და მხიარული. მაგრამ, ხალხს უფრო მოსწონს, როცა „დანას უყრი” ვინმეს, სისხლი უყვართ. მე უფრო დადებითი, მხიარული სიუჟეტები მომწონს, რაღაც ღონისძიების კარგად გამოჩენა. ანუ, თუ კარგი იქნება, კარგად წარმოვაჩენთ. შეიძლება, რეიტინგისთვის არ გვაწყობდეს, მაგრამ მე მომწონს, რადგან ბუნებით არ ვარ ბოროტი ტიპი. იქ, რომ არ იხუმრო, არ გამოვა. ხალხი იტყვის, რატომ არ იხუმრეთო. 90-იანი წლების ღონისძიება იყო ბოლო სიუჟეტი და ხალხის გამოხმაურება იყო: რატომ არავის დასცინისო. უნდათ, ვინმეს დასცინო. თუ არ არის დასაცინი, მაშინ ძალით არავის დავცინით.
– ბევრი რამეა დასაცინი?
– კი. იყო ბევრი რამ დასაცინი, მაგრამ ახლა მეორე პრობლემაა: ოღონდ ეს არ მოვიდეს. კლუბში რომ ვარ, კითხულობენ, სად არის მიკროფონი... ახლა, მგონია, რაღაცას მკითხავო, – არადა, ჩემთვის ვარ, არავის ვაწუხებ. თავიდან ცოტა დებილი ჟურნალისტივით ვარ – რა ხდება, არაფერი ვიცი. პირველი გაღიზიანება იყო, როცა ია კიწმარიშვილს ვკითხე: აქ რა ხდება-მეთქი და მან მიპასუხა: როგორ, შენ არ იცი, რა ხდებაო? ზუსტად ეგ არის, რომ ცოტა ააგდო რესპონდენტი. ჩვეულებრივი ჟურნალისტივით რომ მოიქცე, არ არის საინტერესო, რადგან იუმორისტული გადაცემაა. უფრო კომფორტულად ვიყავი, როცა არ იცოდნენ, ვინ ვიყავი.
– როგორ გაჩნდა რობერტო მავანი?
– გადავწყვიტეთ, ივენთები გაგვეშუქებინა და იქ რაც მოხდებოდა, ექსპრომტი ყოფილიყო. რობერტო მავანის სახელი რობერტო კავალის გაშარჟებული ვარიანტია. პირველი სიუჟეტი მოდის კვირეულზე იყო, ვითომ „ფეშენ” სახელი უნდა მქონოდა და ბოლოს დავტოვეთ. არ მიყვარს, როცა დიდი ხნის ნაცნობები რობერტო მავანით მკითხულობენ, მაგრამ რა ვქნათ.
– მახსოვს, როგორ ჭამდი შაურმას მოდის კვირეულზე, ერთ-ერთი ჩვენების დროს.
– შაურმა? ალბათ, პროტესტი იყო. ჩემი აზრით, ცალკე საზოგადოებაა, რომელიც კოსმოსშია გასული, ძალიან ზევით და კონტრასტი იყო კარგი – ყველანი ვართ ჩვეულებრივი ადამიანები. ძალიან გაღიზიანდნენ, წნევამ აუწიათ, „კაპლები“, მაგრამ მერე, ალბათ, გადაუარათ. შიგნით იცინეს ამ თემაზე, შეიძლება, დავაშავესავით, მაგრამ ღირდა. ჩემი აზრით, ყველანაირი ხუმრობა უნდა მიიღოს ადამიანმა. დამცირება არ ყოფილა – ის გავაკეთეთ, რაც რეალურია.
– ერთმა გოგონამ, მახსოვს, ოპერატორი სცემა.
– კი, ერთმა გოგომ ოპერატორს ჩაარტყა. თვითონ წამოაგო საკუთარი თავი, მე არაფერი მითქვამს მისთვის. ზოგი ვერ იგებს იუმორს, ღიზიანდება და ეს კიდევ უფრო უარესია მისთვის. რაღაც ცენზურას ჩვენც ვიცავთ. ზოგჯერ ხდება, რომ ძალიან კარგი იუმორის გამო გავწიროთ ადამიანი.
– ზურა შევარდნაძეზე მომიყევი.
– შევარდნაძე ცალკე თემაა, მერე მოდით და ვისაუბროთ. ბევრი გვქონდა გადაღებული, ვამთავრებდით მუშაობას და რომ გავიარეთ, „გაიჩითა“ ყვავილები, შევარდნაძე. მასზე ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ იუმორთან ახლოს არის და კარგად ხუმრობს. წინასწარ არაფერი იყო მოფიქრებული. რომ დავინახე, პირველი ეს კითხვა მომივიდა თავში. ამაზე გაღიზიანდა, პლუს ამას, „ჯიდიესის“ მიკროფონზე და შეიძლება, მის თავში რაღაც აზრები წავიდა, ავარდა და აიჭრა. ძალიან ცუდი მისთვის. ვინც არ იცნობდა, მათ შორის, მეც, ცოტა წარმოდგენა შეეცვალათ ამ ადამიანზე – როგორი ჯაჯღანა ყოფილა, როგორი ხასიათი ჰქონიაო. ალბათ, ბოლომდე მაინც ვერ დამალავ იმას, რაც ხარ. ჯობია, თქვას, რომ ასეთი ვარ და არ დაწვას „გარდენია“. მაგის დაწვას ჯობდა, ეღიარებინა ასეთი ვარო.
– რობი უილიამსის კონცერტზე მოსახვედრად რა არ სცადა რობერტო მავანმა.
– სიუჟეტი არ შედგებოდა, რადგან არ დაგვიშვეს. ყველა ტელევიზია დაუშვეს, ჩვენ – არა. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო, არ გიშვებენ და მაინც გამოგდის სიუჟეტი. საბოლოოდ, ძალიან კარგი გამოვიდა. ჩემი სურვილია, ასეთ ივენთებზე დაგვიშვან, როგორს გააკეთებენ – ეს იმათზეა დამოკიდებული. ძალით მართლა არაფერს ვიგონებ. იმას ვაშუქებთ, რაც ხდება და ზოგჯერ ძალიან კარგი პიარია – კარგად გაკეთებულს კარგად გავაშუქებთ, სხვას ვეღადავებით: საღადაო ბევრია. 90 პროცენტი უარს გვეუბნება, რისი შიში აქვთ, არ ვიცი?
– ბევრია განაწყენებული და უკმაყოფილო?
– რომ გაერთიანდნენ და წამოვიდნენ ჩემ წინააღმდეგ? ჩვენ უფრო ბევრნი დავხვდებით, არავის მეშინია.
– რობერტოსგან განსხვავდები აშკარად.
– კი, ძალიან განვსხვავდებით. მონტაჟიც თავისას შვრება, გადაღებაც, დრაივიანი სიუჟეტია. რობერტო მავანი სიტუაციას ერგება. გადაღებაზე რომ მივდივართ, თავიდან არ ვიღებთ, ვაკვირდებით, იქაურ სიტუაციას რომ მოვერგოთ – მოიფიქრო, როგორ მიუდგე, რა გადაიღო. სადაც მიდის, იქაურ ქუდს იხურავს. ლევანი ნელი, წყნარი, მშვიდი, დინჯია. ამ ბოლო დროს მისი წყობიდან გამოყვანაც არ არის პრობლემა. მხიარული ვარ-მეთქი – არა, უფრო ბევრს ვფიქრობ, ვიდრე ვლაპარაკობ. მოსმენა უფრო მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი.
– ლევანი აღიზიანებს ვინმეს თავისი იუმორით, ქმნის უხერხულ სიტუაციებს?
– არა, არ დევს ეს ჩემში. მაგრამ, თუ გამაღიზიანა ვინმემ, შევხედე და არ არის ისე საქმე, თუ დავირაზმე მის წინააღმდეგ, ჯობია, ჩამოეწეროს. ძირითადად, „ვატარებ“ ხოლმე.
– რამე ჰობი გაქვს? მაგალითად, მოტოციკლის ტარება.
– მოტოციკლი ჰობია და დიდი ხანია, მყავს. 12 წელია, დავდივარ.
– რამე ხიფათი ხომ არ შეგმთხვევია?
– ისეთი არაფერი ყოფილა. კაცი გავიტანე ერთხელ – არ ვხუმრობ, გადარჩა. ნასვამი რომ იყო, იმიტომ გადარჩა, თორემ ისე, ვერ გადარჩებოდა. გადაირბინა და ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა: უგონო მდგომარეობაში. ანუ, აქეთ მე დამეჯახა. მაგის მერე ისეთი არაფერი ყოფილა. სპორტიც მიყვარს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ვიცავ.
– რობერტოს და ლევანს ერთნაირი გოგონები მოსწონთ?
– იმას რომელი მოსწონს, არ ვიცი, პირადი თემა ცოტა გადადებული აქვს, სხვა რამეზე ფიქრობს.
– ლევანსაც პირადი გადაწეული აქვს?
– რაღაც მიზეზების გამო და საქმის ამბავშიც გადაწეულია. იყო პერიოდი, როცა მეუღლეც მყავდა და მერე – აღარ. ადრე რომ ყველა ქორწინდებოდა, მეც მოვყევი მაგ ამბავში. ხომ უნდა გამევლო ეგ პერიოდი და გავიარე.
– ყურებამდე შეყვარებული და ცოლის მოყვანის ამბავი იყო?
– ყურებამდე? არა, მთლიანად ვიყავი შეყვარებული. კარგად იყო ყველაფერი, მაგრამ არც ის იყო ისეთი და არც – მე. მარტივად, ცივილიზებულად დავშორდით.
– ჯერჯერობით არ ფიქრობ სერიოზულ ურთიერთობაზე?
– კი, ვფიქრობ, დრო გადის, მაგრამ ეტყობა, რაღაცეები რომ მაქვს გავლილი, ცოტა რთულად ვუყურებ სერიოზულ ამბებს. კი, არ მეშინია, უბრალოდ, არ გიყვარდება 30, 31 წლის ადამიანს ისე, როგორც, როცა პატარა ხარ. სხვა რაღაცეებს აფასებ. ასაკი მოვიდა და ცოლი მოვიყვანო, თან მოიყვანო ისეთი ადამიანი, ვინც საერთოდ არ არის შენი... ეს წინასწარ მაქვს გათვალისწინებული და ასე არ მოვიქცევი. როცა ოჯახს შექმნი, მაქსიმალურად უნდა გქონდეს კომფორტი. თუ არ ხარ ბოლომდე ჩამოყალიბებული, ჯობია, შენთვის იყო და სხვასაც არ მოუშალო ნერვები.
– რამე მოთხოვნები გაქვს?
– არანაირი მოთხოვნები – ქალიშვილი უნდა იყოს ან არა? მე და ჩემს ძმაკაცებს გვაქვს ერთი იდეა, სოფლები დავიაროთ და სამი და მოვიყვანოთ ცოლად, დავნათესავდეთ. ჰა, როდის წავიდეთ – ვხუმრობთ ამაზე.