კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მრჩეველი და როგორ კბენს ნიკა კაკაბაძეს ნიკა გვარამია #7

მისი პაროდიები, ძირითადად, ყველას ხალისიან განწყობაზე აყენებს. თუმცა, თავიდან უაყოფითი შეფასებებიც იყო: „როგორ ბედავ, ბატონი ბიძინას პაროდიის გაკეთებას?“ რამდენად ჰგავს სინამდვილეში ივანიშვილს, რატომ არ ისურვებდა მასავით მილიონებს და ვინ სდებს ბრალს ყველაფერში, ამას პირადად, ნიკა კაკაბაძისგან შეიტყობთ.
ნიკა კაკაბაძე: ბავშვობაში სამხედრო კარიერაზე ვოცნებობდი. მიყვარდა ისტორიული წიგნების კითხვა. ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ამიტომაც ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ შემდეგ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ სულ სხვაგან აღმოვჩნდი. უნივერსიტეტში სწავლისას „მხიარულთა და საზრიანთა გუნდში“ ვთამაშობდი და აღმოჩნდა, რომ პაროდიის ნიჭი მქონდა. ამას, ბავშვობაშიც ვაკეთებდი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ბუნჩულა, წყნარი ბავშვი ვიყავი. სათამაშოებს ავიღებდი და ჩემთვის, მარტო ვთამაშობდი. საჭმელად რომ დამიძახებდნენ, მაშინაც არ მივდიოდი. მარტო ყოფნა მიყვარდა. ეზოში ძალიან იშვიათად ჩავდიოდი, რაც ბავშვებს უკვირდათ, მაგრამ მე განმარტოება მერჩივნა. ერთი და მყავს, ჩემზე უმცროსი. მას კი ვეთამაშებოდი, მაგრამ იშვიათად (იცინის). სკოლაშიც ასეთი ვიყავი და ყველას გაუკვირდა, ასეთი წყნარი და მშვიდი ბავშვი, თამამად რომ გამოვიდა და პაროდიების კეთება დაიწყო. ყველასთვის მოულოდნელი იყო, მეგობრებისთვისაც და მშობლებისთვისაც კი. მათ არც იცოდნენ „კომედი შოუში“ ჩემი მონაწილეობის შესახებ და ეკრანზე რომ გამოვჩნდი, ვერც მიცნეს. მეზობელმა უთხრა, ეს თქვენი შვილიაო (იცინის). ამ გუნდში უნივერსიტეტიდან მოვხვდი. „კომედის“ ბიჭები „მანსანკანის“ თამაშებს ესწრებიან ხოლმე და ერთხელ, ჩემს თამაშსაც დაესწრნენ.  მაშინაც ივანიშვილის პაროდიას ვაკეთებდი და ვფიქრობ, ამან იქონია დიდი გავლენა. შემდგომში, სხვა პაროდიებიც გავაკეთე და დღეს ამ სფეროში, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს. თუმცა, იურიდიულ განათლებაზეც არ მითქვამს უარი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ვაგრძელებ სწავლას. სამხედრო სამსახურის შესახებ ჩემი ბავშვობის ოცნება ისევ არსებობს და ვნახოთ, სამომავლოდ როგორ შევძლებ მის განხორციელებას.
– როგორ შეიცვალე ამ წლების განმავლობაში, რაც ივანიშვილის პაროდიას აკეთებ?
– პროფესიული კუთხით, ძალიან გავიზარდე. ისეთი ადამიანების გვერდით ვმუშაობ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. პიროვნულად, ვფიქრობ, ისეთივე დავრჩი, როგორიც მანამდე ვიყავი.
– ივანიშვილს პირადად თუ შეხვედრიხარ?
– ყველა მეკითხება ამის შესახებ (იცინის), მაგრამ არა, არასდროს შევხვედრივარ.
– მისი აზრი თუ გსმენია შენი პაროდიების შესახებ?
– არც ეგ ვიცი (იცინის). მე იუმორისტის საქმეს ვაკეთებ, ის – თავისას და იმედია, წინააღმდეგობაში არ მოვდივართ.
– ეკრანზე ძალიან ჰგავხარ მას და ცხოვრებაში თუ ხედავ მსგავსებას, გარდა იმისა, რომ მილიარდერი არ ხარ.
– მგონი, არაფრით ვგავარ. მე ჩვეულებრივი, 26 წლის ბიჭი ვარ, ის სამოცი წლის ადამიანია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გარეგნულად წავაგავარ. თავიდან მის მიმიკებსა და ჟესტიკულაციაზე მიწევდა მუშაობა. მაგრამ, უკვე ოთხი წელია, მის პაროდიას ვაკეთებ და ახლა მხოლოდ იმის სწავლა მიწევს, რამე ახალს თუ გააკეთებს.
– ისე, რთული სამუშაოა ივანიშვილი?
– რთული სამუშაოა იმ კუთხით, რომ სახის მიმიკის დასაყენებლად, მთელი სახე უნდა დაჭიმო. ასეთ მდგომარეობაში მეტყველება კი საკმაოდ რთულია, სხვა მხრივ, განსაკუთრებული არაფერი.
– მსახიობებს უთქვამთ, რომ საკუთარი გმირის გულშემატკივრები ხდებიან. შენ თუ ხარ ივანიშვილის გულშემატკივარი?
– გულშემატკივარს ვერ ვიტყოდი, უბრალოდ, ეს ადამიანი მაინტერესებს და იუმორისტის თვალით ვაკვირდები, რას აკეთებს. პოლიტიკასთან სხვა, არანაირი კავშირი არ მაქვს.
– მისი პაროდიის გამო, რაიმე პრობლემა თუ შეგქმნია?
– თავიდან, რეიტინგის პიკზე, შეიძლება ითქვას, გამოჩენისთანავე, უარყოფითი შეფასებები იყო. ადამიანი რომ მოგწონს და ვინმე მის პაროდიას აკეთებს, ეტყობა, არაა სასიამოვნო ასატანი. ქუჩაში არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი კომენტარებს: როგორ გაბედე ბატონი ბიძინას პაროდიის გაკეთებაო? თუმცა, დროსთან ერთად, სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდა.
– გაინტერესებს, თავად რას ფიქრობს შენს პაროდიაზე?
– მაინტერესებს, მისი აზრით, რას ვერ ვაკეთებ მე და რისი გაკეთება შეიძლება, უკეთ. ამიტომაც ვაკვირდები მის ყოველ გამოსვლას. რაღაც პერიოდის შემდეგ, შევამჩნიე, რომ გარკვეულ სიტყვებს „სთ“-ს უმატებდა. ახლაც, რაც მეტი დრო გადის, მასში ახალ-ახალ დეტალებს ვამჩნევ.
– ალბათ, შენც დიდი სიამოვნებით იქნებოდი მილიარდერი.
– ალბათ, ბევრს უოცნებია მილიარდერობაზე, მილიარდერს კი – უკან, ძველებურ მდგომარეობაში დაბრუნებაზე. საერთოდ ასეა, ადამიანი მიუწვდომელზე ოცნებობ. როცა ის უკვე გაქვს, სხვა მოთხოვნა გიჩნდება. ჭკვიანი უკან დაბრუნებაზე ოცნებობს.
– ანუ, შენ არ გინდა, მილიარდერი იყო?
– არა, მილიარდერობა არ მინდა. მირჩევნია, მქონდეს ჩემი საქმე და შესაბამისი ანაზღაურება თავის სარჩენად და იმდენი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურო. სულ ესაა, მილიონერობა სულაც არაა ჩემი იდეაფიქსი. ივანიშვილის ადგილას ყოფნას, ნამდვილად არ ვისურვებდი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მტერი ეყოლება. მათი რაოდენობა მილიარდების პროპორციულად იზრდება (იცინის).
– სინამდვილეში, შენ როგორი ხასიათი გაქვს?
– მე ხანდახან მხიარული, ხშირად კი ჩაფიქრებული, უფრო განმარტოების მოყვარული ადამიანი ვარ. სამსახურში შეუძლებელია, სერიოზული იყო. აქ ისეთი ხალხი მუშაობს, ძალიან ბევრს ვიცინი. დღის ბოლოს, როცა გავდივარ, იქ ბევრ რამეზე აღარ გეცინება, ამასთან შედარებით, აღარ მომწონს სხვების იუმორი და ზოგს ჰგონია, რომ ძალიან მოწყენილი ვარ. ძალიან სევდიანი ხარო, უთქვამთ. იშვიათად, ვინმემ ჩემი სახელით მომმართოს. თითქმის ყველა ბიძინას მეძახის. ხშირად უთხოვიათ მისი პაროდიის გაკეთება და მეც ხათრს ვერ ვუტეხ.
– საყვედურებს არ გეუბნებიან მის ნაცვლად?
– „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. 45-50 წლის ქალბატონების საუბარს მოვკარი ყური: აი, ბიძინაც აქ ყოფილაო, – თქვა ერთმა. უი, როგორ მიყვარს ვასო, ნიკა, მაგრამ ესოო? მეორემ უთხრა: რა ქნას, ბიძინას პაროდიას აკეთებს, თორემ თვითონ კაი ბიჭიაო (იცინის). გაგებით მოეკიდნენ ჩემს პაროდიას.
– არ გისარგებლია მისი როლით?
– ჩემი ხმა იმდენად არ ჰგავს მისას, ამიტომ ტელეფონით ვერ ვსარგებლობ. რთულია, ვინმეს დააჯერო, რომ ბიძინა ხარ. თუმცა, ხშირად მისი პაროდიის დახმარებით, განმიმუხტავს დაძაბულობა.
– „რუსთავი 2-ისა“ და ბიძინას დამოკიდებულება ცნობილია და გამოდის, შენ „მტრის ბანაკში“ ხარ.
– ჰო, ცოტა კურიოზული მომენტია. აქ შემოგზავნილი აგენტი ვარ (იცინის). ეს აქაც სულ ხუმრობის თემაა. რამე ცუდი რომ ხდება, ამბობენ: აი, ამის ბრალია ყველაფერი, აი ვინაა, ხალხო, ყველაფრის თავი და თავიო.
– პირადი ცხოვრების შესახებაც მომიყევი. რამდენადაც ვიცი, დაქორწინებული ხარ.
– კი, დაოჯახებული ვარ. მეუღლე არის თამარ ლომსაძე, ფარმაცევტი. ერთმანეთი სამი წლის წინ გავიცანით მეგობართან და აღმოჩნდა, რომ ერთნაირები ვიყავით. ექვსი თვის შემდეგ, გადავწყვიტეთ დაქორწინება, მაგრამ ქორწილი არ გადაგვიხდია. გვინდოდა, სამოგზაუროდ წავსულიყავით და მერე ესეც გადაოდო. ახლო მომავალში ვგეგმავთ ჯვრის დაწერას და იმედია, სამოგზაუროდაც წავალთ.
– მეუღლე რას ამბობს ბიძინას პაროდიაზე, მოსწონს თუ არა?
– ძირითადად, თავის პროფესიითაა დაკავებული და ჩემსაში მაინცდამაინც არ ერევა. მაგრამ ხანდახან რაღაც შენიშვნებს და რჩევებს მაძლევს, როგორ შეიძლებოდა, რამის უკეთ გაკეთება.
– ესე იგი, ბიძინა ივანიშვილის პირადი მრჩეველია.
– ასე გამოდის (იცინის).
– ნიკა გვარამიასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? არ გკბენს ხოლმე?
– (იცინის) გადასარევი, ხუმრობის დონეზე, როგორც კომედი გარემოში, ნიკაც მეუბნება ხოლმე: შენ ხარ ყველაფრის მიზეზიო.

скачать dle 11.3