ეშმაკის ბილიკი #7
უნიფორმიანმა სანიტარმა ¹13 პალატა-საკნის ფანჯარა გააღო, შიგნით შეიხედა და რკინის ნარზე მწოლარეს შესძახა:
– გენერალო, საუზმე გამომართვი!
პლედწამოფარებული მწოლარე არც კი განძრეულა და ზედამხედველ-სანიტარმა გაბრაზებით გაიმეორა:
– საუზმე გამომართვი, გენერალო და თავს ნუ იკატუნებ! წინააღმდეგ შემთხვევაში, სველ ტილოს არ გაკმარებ და სამი დღით მიგაბამ საწოლზე.
მწოლარეს პოზა არ შეუცვლია. სანიტარმა სალაფავით სავსე ალუმინის ჯამი და ნახევარი „ბუხანკა“ გამხმარი შავი პური იატაკზე დადო და ჩაილაპარაკა: ხომ არ ჩაძაღლდა ეს არანორმალურიო. შემდეგ პალატა-საკნის კარი უზარმაზარი გასაღებით გააღო. ხელში ებონიტისგან დამზადებული კომბალი მოიმარჯვა და ფრთხილად შევიდა საკანში. ექვსიოდე ნაბიჯი გადადგა. პლედწამოფარებულს თავზე წამოადგა და კომბლით შეანჯღრია, თან დასძახა:
– გადმობრუნდი, საუზმის დროა!
კედლისკენ მიბრუნებული პლედწამოფარებული კვლავ არ იძროდა. მაშინ სანიტარმა მას ჯერ პლედი გადააძრო და საკან-პალატის იატაკზე მოისროლა, შემდეგ კი მარცხენა მხარში ჩაავლო ხელი, გადმოაბრუნა და დააკვირდა. ორმოცდაათიოდე წლის, საშუალოზე მაღალი, გამხდარი მამაკაცი გაშეშებული, პირღია იწვა, თვალები კი გახელილი ჰქონდა. სანიტარი მიხვდა, რომ მის წინ მიცვალებული იყო. თუმცა, ჯერ პულსი გაუსინჯა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაილაპარაკა: „მომკვდარა. კიდევ ერთი გიჟი წავიდა იმქვეყნად. წავალ, დირექტორს შევატყობინებ“.
სანიტარი ¹13 საკნიდან გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით მხოლოდ მიცვალებული იყო, კარი მაინც გასაღებით ჩაკეტა და ამის მერე გაუყვა ცივ, ბეტონის იატაკს.
უნიფორმიანი სანიტარი, 34 წლის დაბალი, უზომოდ მხარბეჭიანი მამაკაცი გახლდათ, რომელიც სიჭაბუკეში ჭიდაობით იყო გატაცებული და სპორტში რომ ვერაფერს მიაღწია, 20 წლისამ, საგიჟეთში დაიწყო მუშაობა. ამ უწყებაში უკვე თოთხმეტწლიანი მსახურობის სტაჟი ჰქონდა. დაწესებულება კი, სადაც დაბალი, მხარბეჭიანი სანიტარი მსახურობდა, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სადამსჯელო-სამედიცინო ციხე-კლინიკა გახლდათ – „ქალაქ ყაზანის სპეციალური ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფო (სტაციონარი) ინტენსიური დაკვირვებებისთვის“. ამ გრძელი, საბჭოური უწყებებისთვის ტიპური სათაურის მქონე დაწესებულების კედლებში ისეთი საშინელებები ხდებოდა და ისეთი ცოდვა ტრიალებდა, შუასაუკუნებრივი ინკვიზიციაც კი რომ ვერ დაიკვეხნიდა.
„ყაზანის ფსიხუშკა“ – ასე უწოდებდნენ მას შინაურულად თანამშრომლები და პაციენტები, რომელიც საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ჯერ კიდევ 1939 წელს დაუქვემდებარეს. მოგვიანებით, ის „კაგებეს“ კუთვნილება გახდა და მას კომიტეტის მუდმივი წარმომადგენელი კურირებდა, რომელსაც „ფსიხუშკაში“ ცალკე, იზოლირებული კაბინეტი ჰქონდა და კლინიკის დირექტორიც მას ემორჩილებოდა.
ყაზანის კლინიკა-ციხეში რამდენიმე ბლოკი იყო. საერთო და სამუშაო კორპუსებში, მართალია, მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ შედარებით მეტი თავისუფლება გახლდათ. იქ მყოფებს დერეფანში გადაადგილებისა და მცირეხნიანი მუშაობის უფლება ჰქონდათ. პაციენტ-პატიმრებს იქ წინსაფრებს აკერინებდნენ. თანაც, იქაური პალატები მრავალადგილიანი იყო. რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გახლდათ ეგრეთ წოდებულ „დახურულ კორპუსში“. იქ მხოლოდ ერთადგილიანი, ცივი საკნები მდებარეობდა. პაციენტ-პატიმრებს საკნიდან არ უშვებდნენ. ხოლო, თუ გარეთ გაჰყავდათ, მხოლოდ იმისთვის, რომ საწამებელ საკანში გადაეყვანათ „გონზე მოსაყვანად“...
ყაზანის ციხე-კლინიკა, ძირითადად, ეგრეთ წოდებული „პოლიტიკურებისთვის“, ანუ ანტისაბჭოურად განწყობილი ადამიანებისთვის იყო და რადგან საბჭოეთში ყველა ანტისაბჭოურად განწყობილი შეშლილად ითვლებოდა, ბუნებრივია, ის „მკურნალობას ექვემდებარებოდა“ და ყველაზე „ბუინები“ სწორედ ყაზანის „ფსიხუშკაში“ ხვდებოდნენ. ასეთი ტიპის პაციენტების რიცხვი იქ 95 პროცენტს შეადგენდა. დანარჩენი ხუთი პროცენტი კი, სერიული ან არასერიული, მაგრამ ძალიან მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პატიმარი იყო და ექიმები მათზე იქ მართლაც განსაკუთრებულ დაკვირვებებსა და ექსპერიმენტებს ატარებდნენ. რადგან „საექსპერიმენტო მასალას“, ძირითადად, სიკვდილმისჯილებისგან უგზავნიდნენ ექიმ-ფსიქიატრებს, პაციენტების ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მათი ნამდვილი სახელები სპეციალურ კარტოთეკაში ეწერა. სპეცკარტოთეკასთან წვდომა კი მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა – „კაგებეს“ წარმომადგენელს და კლინიკის დირექტორს. თავად კარტოთეკა კი „კაგებეს“ წარმომადგენლის კაბინეტში იყო განთავსებული. სიკვდილმისჯილი, ანუ „საექსპერიმენტო მასალა“ ჩვეულებრივ დახვრეტილად ითვლებოდა. კლინიკაში მათ სპეციალური კოდი ჰქონდათ მინიჭებული „შიდა ხმარებისთვის“ და მათ ამ კოდირებული სახელით მიმართავდნენ. ¹13 საკნის მობინადრეს „გენერალს“ უწოდებდნენ. ის ყაზანის „ფსიხუშკის“ ყველაზე დიდი ხნის მობინადრე გახლდათ. კლინიკაში მან 19 წელიწადი დაჰყო – 1945 წლის ივლისში მოათავსეს, 1964 წლის ივლისში კი, 51 წლის ასაკში, გარდაიცვალა...
„გენერალი“, საბჭოთა არმიის ყოფილი მაიორი, ვინმე მიხეილ კაპლერი იყო. 1945 წლის ივნისში, კაპლერი მეორე უკრაინული ფრონტის სადაზვერვო განყოფილების უფროსის მოადგილე გახლდათ. ერთ დღეს, ომი უკვე დამთავრებული იყო, მისი ნაწილი კი ბავარიის მხარეში, მიუნხენის სიახლოვეს, მდინარე იზარის პირას იყო დისლოცირებული, ხშირ, დაბურულ ტყეში, მაიორმა კაპლერმა თავისი უფროსი პოდპოლკოვნიკი – ევგენი მოროზოვი და რვა რიგითი ავტომატით ჩაცხრილა. შემდეგ კი მოტორიანი ნავით მდინარეზე გაქცევა გადაწყვიტა. თუმცა, წითელი არმიის პატრულმა კაპლერს ცეცხლი გაუხსნა და მძიმედ დაჭრა. შემდეგ სულთმობრძავი მაიორი საველე ჰოსპიტალში მიიყვანეს და სასწრაფო ოპერაციის შედეგად, ის სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს. კაპლერი ერთ თვეში გამოჯანმრთელდა. ის სამხედრო-საველე სასამართლომ ცხრა ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და დახვრეტა მიუსაჯა. სამდღიანი დახურული სამხედრო ტრიბუნალის სხდომებზე მაიორი კაპლერი საკმაოდ თავშეკავებული გახლდათ და მაშინაც კი არ ჩავარდნილა ისტერიკაში, სასიკვდილო განაჩენი რომ გამოუცხადეს. მხოლოდ მაშინ დაეტყო მღელვარება, როდესაც სასამართლოზე გაირკვა, რომ პოდპოლკოვნიკ ევგენი მოროზოვის ცხედარი ვერ აღმოაჩინეს.
– სავარაუდოდ, მოკლული პოდპოლკოვნიკი ევგენი მოროზოვი მდინარე იზარმა გაიტაცა და მისი ცხედრის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, – თქვა დასკვნით სხდომაზე სამხედრო ბრალმდებელმა.
მანამდე მშვიდად მჯდომ კაპლერს თვალები გაუფართოვდა. ის სკამიდან სწრაფად წამოდგა და ბრალმდებელს სიტყვა გააწყვეტინა:
– ასე გამოდის, მოროზოვი თუ ვერ აღმოაჩინეს, ის შეიძლება, ცოცხალი იყოს, – კაპლერი თითქოს გამოერკვაო და დაამატა, – ასე რომ, ჩემს ანგარიშზეა რვა და არა ცხრა მოკლული, რადგან ერთი გაქრა.
მოსამართლემ ბრალდებული კაპლერი გააჩუმა. ბრალმდებელმა კი მაიორს ცინიკურად უპასუხა:
– რვა ადამიანი მოკალით თუ ცხრა, ეს თქვენს განაჩენს არ შეცვლის. მოროზოვი კი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ვიპოვიდით. ის, სავარაუდოდ, მდინარემ გაიტაცა.
კაპლერს მეტი აღარაფერი უთქვამს, სკამს დაუბრუნდა. თავის საქციელს მაიორი გადაღლილობით ხსნიდა და თქვა:
– ჩემს უფროსსა და ხელქვეითებს ავტომატიდან ცეცხლი იმიტომ გავუხსენი, რომ ეშმაკის მოციქულები მეგონენ. ხოლო, როდესაც მივხვდი, თუ რა ჩავიდინე, გაქცევა ვცადე, რომ სასიკვდილო სასჯელი თავიდან ამეცილებინა.
ტრიბუნალის სხდომას ყაზანის ფსიქიატრიული კლინიკის პროფესორი, მოისეი შირვინდტიც ესწრებოდა. სწორედ მან შეათვალიერა მომავალი საექსპერიმენტო მასალა. მას შემდეგ, რაც კაპლერი „დახვრიტეს“, ყოფილ მაიორს ძლიერი გასათიში პრეპარატი გაუკეთეს და პროფესორმა შირვინდტმა ის ყაზანში წაიყვანა. სპეცბლოკის ¹13 საკან-პალატაში გაამწესა და სამუშაო კოდი – „გენერალი“ მიანიჭა.
სამოცდაათი წლის პროფესორი მოისეი შირვინდტი უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი-ფსიქიატრი გახლდათ და უშიშროების დავალებით მუშაობდა. კაპლერი მას საინტერესო საექსპერიმენტო ეგზემპლარადაც მოეჩვენა და თანაც, ებრაელი იყო და ამიტომ გადაარჩინა სიკვდილს. სანამ შირვინდტი ცოცხალი იყო, კაპლერს კლინიკაში არაფერი უჭირდა. პროფესორმა მას ფარულად სქელი ბლოკნოტი და ფანქარიც კი მიუტანა და უთხრა:
– ისარგებლე. ეს ნივთები ჩემი და შენი ფიქრების გარდა, ერთადერთი რამაა, რაც გარე სამყაროსთან გაკავშირებს. დღიურები წერე და მდგომარეობა შეგიმსუბუქდება. სიმართლე გათხარა, აქედან გასვლის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს – სიკვდილი. ამიტომ, გამაგრდი და ეცადე, მართლა არ შეიშალო.
შირვინდტისა და კაპლერის ურთიერთობა ხუთი წელი გაგრძელდა. 1950 წლის აგვისტოში, 75 წლის პროფესორი ინსულტით გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შირვინდტი კაპლერს საკანში შეხვდა, ესაუბრა და უთხრა:
– ხუთი წელია, გიცნობ, გაკვირდები და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ცხრა ადამიანის მკვლელობა შენი ნერვიული აშლილობის ბრალი არ იყო და სულ სხვა რაღაცაშია საქმე.
– რატომ ფიქრობთ მასე, პროფესორო, – უთხრა შირვინდტს კაპლერმა.
– ამ დასკვნამდე შენზე დაკვირვებებით მივედი. მენდე, საკმაოდ გამოცდილი ვარ საიმისოდ, რომ შევცდე, – ჩაეცინა პროფესორს.
– ცდებით, ექიმო. სამწუხაროდ, ამჯერად ნამდვილად ცდებით, – თავი გააქნია კაპლერმა.
– არა. არ ვცდები. ამაზე შენი გამომეტყველება, ხმა, ინტონაცია მეტყველებს, – უთხრა პროფესორმა კაპლერს. თვალი თვალში გაუყარა და დააყოლა, – მე ყურადღებით გაკვირდებოდი ტრიბუნალის სხდომებზე და შენი სიმშვიდით, მართლაც, გაოცებული ვიყავი. შენ მხოლოდ მაშინ აღელდი, როცა შეიტყვე, რომ პოდპოლკოვნიკ ევგენი მოროზოვის ცხედარი ვერ აღმოაჩინეს. ვფიქრობ, რომ მოროზოვშია საქმე. ძაღლის თავიც სწორედ იქაა დამარხული და შენი დანაშაულის მოტივიც მასში იმალება. რა, ტყუილს ვამბობ?
– გეშლებათ, – მიუგო პროფესორს თავჩაღუნულმა კაპლერმა.
– მოდი, ასე ვქნათ. შენ მე სრულ სიმართლეს მეტყვი. მე კი ვეცდები, აქედან თავი დაგაღწევინო, – უთხრა შირვინდტმა კაპლერს და დააყოლა, – შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – დაეთანხმა პაციენტი პროფესორს.
– თუ შევთანხმდით, მაშინ მოყოლა დაიწყე, მაგრამ იცოდე, თვალებში უნდა მიყურო თხრობისას. თუ რამეს მომატყუებ, მაშინვე მივხვდები და აქედან გასვლის ოცნებასაც კი დაემშვიდობე, – უთხრა პროფესორმა „გენერალს“.
– მასე იყოს, – თქვა კაპლერმა. შირვინდტს თვალი თვალში გაუყარა და განაგრძო, – ომის დამთავრებიდან ოთხი დღის შემდეგ, მე და ჩემმა ხელქვეითებმა „ესესის“ გრუპენფიურერი – ვალტერ შარმერი შევიპყარით მიუნხენში. ის სამოქალაქო სამოსში იყო გამოწყობილი, მაგრამ ძებნილი გახლდათ, მისი სურათები გვქონდა და ვიცანით. ჩავავლეთ და შტაბში წავიყვანეთ. პირველივე დაკითხვაზე გამოტყდა, რომ მიუნხენში, ფაშისტური განძისთვის იყო ჩამოსული და ეს განძი არგენტინაში უნდა წაეყო არალეგალურად. ფაშისტური განძი კი ესესელების მიერ ნაძარცვი ძვირფასეულობის ნაწილი გახლდათ, რასაც ფაშისტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოიპოვებდნენ. ეს განძი ბავარიის ალპებში იყო გადამალული და გრუპენფიურერი, ანუ „ესესის გენერალი“ ვალტერ შარმერი სწორედ მის წამოსაღებად ჩამოვიდა. მან თავისი ხელქვეითებიც გათქვა, რომლებიც განძის გატანაში უნდა მიხმარებოდნენ. ერთი სიტყვით, მთელი მათი „შაიკა“, სულ რვა ადამიანი, სუფთად ავიყვანეთ და ალპებიდან ფაშისტების განძიც ჩამოვიტანეთ, რომელიც ოთხი უზარმაზარი ყუთისგან შედგებოდა. ფრონტის შტაბის ხელმძღვანელობამ განძის მოსკოვში ტრანსპორტირება გადაწყვიტა და სათანადო აქტი შეადგინა. აღწერილობის შედეგად, მას „ტვირთია ¹39-ის“ რიგითობა მიანიჭა. ეს მისია კი, ანუ „ტვირთი ¹39-ის“ მოსკოვში გადატანა, ჩვენი ფრონტის საავიაციო ნაწილის უფროსს, პოლკოვნიკ ანტონ ელისეევს დაეკისრა. ელისეევი ჩვენი, ანუ ჩემი და ჟენია მოროზოვის ახლო მეგობარი გახლდათ. განძი 2 ივნისს უნდა წაეღოთ თვითმფრინავით. წინა ღამით ჟენია მოროზოვმა გვერდით გამიხმო და მითხრა:
– მიშა, ერთი აზრი მომივიდა თავში. გაგანდობ და შენ რას იტყვი?
– რა აზრი, ჟენია, აბა, თქვი, გისმენ, – მივუგე მოროზოვს.
– მოდი, ეს განძი, მე, შენ და ტოშკამ (ანტონ ელისეევმა) გავიყოთ. იქ ხომ ნახე, რამდენი ოქრო და სხვა სიმდიდრეა. ჩვენ და ჩვენს შთამომავლობას ათასი წელი ეყოფა. რას იტყვი, ცუდი აზრია?
მოროზოვის სიტყვები ხუმრობა მეგონა და ვუთხარი:
– გეყოფა სისულელე. არავინ გაიგოს, თორემ ხომ იცი, ათას ბრალდებას წაგვიყენებენ, მერე მიდი და თავი იმართლე.
– რას ვხუმრობ, სერიოზულად გეუბნები, – მითხრა ჟენიამ, – ამდენი წელი ვიომეთ, ყოველდღე სიკვდილს ვუყურებდით თვალებში და რა გვიჭირავს ხელში? რა და არაფერი, ისევ ავტომატი. ხიფათი და ბრმა ტყვიაც თუ სადმე წამოგვეწია, კარგად მეყოლე. ჰა, თანახმა ხარ?
– რას სულელობ? თანახმაც რომ ვიყო, განძს როგორ ჩავიგდებთ ხელში? – მხრები ავიჩეჩე მე, – რომ გავიტაცოთ კიდეც, ჩვენზე ტოტალურ ძებნას გამოაცხადებენ და არ მოგვასვენებენ.
– დარდი ნუ გაქვს. შენ დამთანხმდი და მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ, – მითხრა ჟენიამ.
– კარგი, თანახმა ვარ. ახლა რა ვქნათ? – ვუთხარი მოროზოვს.
– ახლა, ჩემო კარგო, ტოშკა ელისეევი უნდა დავკეროთ და ყველაფერი რიგზე იქნება, – მითხრა მოროზოვმა და პოლკოვნიკ ანტონ ელისეევისკენ გავემართეთ.
ჩვენი მეგობარი მფრინავი, საიმედო ადგილზე გავიხმეთ. ჟენიამ მას განძის შესახებ უთხრა და ჰკითხა:
– თანახმა ხარ?
– კი. თანახმა ვარ, მაგრამ ეს როგორ უნდა განვახორციელოთ? ჩემ გარდა, თვითმფრინავში კიდევ ხუთი ადამიანი იქნება და განძიანი თვითმფრინავი რომ გავიტაცო კიდეც, ვერსად დავსვამ, რადგან ამის საშუალებას არ მომცემენ, – თქვა ელისეევმა.
– თვითმფრინავის გატაცება რა საჭიროა. ისე უნდა ვქნათ, რომ განძი ჰაერში არ აიწიოს. მას ჩვენ ხმელეთზე შევცვლით და სხვაგან გადავმალავთ. შენ კი პარაშუტით გადმოხტები შუა ფრენისას. თვითმფრინავი კი აფეთქდება და ვერავინ მიხვდება, რომ განძი შევცვალეთ. მართალია, შემდეგ ვეღარ გამოჩნდები შენი ვინაობით, მაგრამ იმდენი ფული გექნება, ახალ, უზრუნველყოფილ ცხოვრებას დაიწყებ.
– როგორ, ბიჭები უნდა დავხოცო? – თვალები გაუფართოვდა ელისეევს.
– შენ რატომ? მათ საათის მექანიზმიანი ნაღმი დახოცავს, რომელსაც მე დავამონტაჟებ. რას იზამ, ძმაო. ზოგჯერ, კარგად რომ იყო, ვიღაცის გვამებზე უნდა გადაიარო. დარწმუნებული ვარ, მსგავს წინადადებაზე შენი ეკიპაჟის წევრები უარს არ იტყოდნენ და გაგწირავდნენ, – უთხრა მოროზოვმა ტოშკა ელისეევს.
ერთი სიტყვით, პოლკოვნიკი დაეთანხმა მოროზოვს და ჩვენმა ხელქვეითებმა, ანუ იმ რვამ, ვინც მე მოგვიანებით დავხოცე, „ტვირთი ¹39“ შეცვალეს. ის საიმედოდ გადავმალეთ და მეორე დღეს ელისეევის თვითმფრინავი მოსკოვისკენ გაფრინდა. თუმცა ის დათქმულ დროზე ადრე, ბალტიის ზღვის თავზე აფეთქდა და პოლკოვნიკი ელისეევიც დაიღუპა, რომელმაც პარაშუტით გადმოხტომა ვერ მოასწრო. ეს ამბავი რომ შევიტყვე, ჟენია მოროზოვი გვერდით გავიხმე და ვუთხარი:
გაგრძელება შემდეგ ნომერში