ყირამალა საყვარლები #7
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6(841)
ისტორია მეორე
(მოქმედი პირი: „ის“, ანუ ზურა – თეოს საყვარელი)
„ის“, ანუ ფიქრები „მეზე“
ნეტავ, რას აკეთებს ახლა ჩემი გოგო?! ალბათ, ზის და რაღაცას ხატავს თავისი ლამაზი თითებით და შიგადაშიგ, წარბებს აზიდავს ხოლმე გაოცებული, თუ რამე ისე არ გამოუვა, როგორც უნდოდა. როგორ მენატრება მისი სუნი, მისი პრიალა კანი, მისი ხმა და რბილი ტუჩები, მისი მოძრაობა…
– ვახშამი მზადაა, მოდი, – შორიდან ჩამესმა ჩემი ცოლის ხმა...
...ეწყინებოდა, რომ ვერ მოვიცალე დღეს, თორემ ჩვენს ბარში წავიდოდით. არა, ჭკვიანი ქალი მაინც ჯობია შტერს. იმ ბარში მანამდეც დავდიოდით, ყველამ იცის, რომ ვმეგობრობთ... ჯანდაბა, მაინც დამრჩა ის საქაღალდე მანქანაში. მოგვიანებით ჩავალ და ჩემს გოგოსაც დავურეკავ. გვიან იძინებს მაინც.
კინაღამ დამავიწყდა, ბუღალტერს უნდა დავურეკო!
– ჩვენი პროექტი მიიღეს, მგონი. ბევრი საქმე გვექნება. ამაღამ გადავუგზავნი საბუთებს. შენ ხელშეკრულება მოამზადე… რა ვერ გაიგე? გუშინ რომ გადმოგიგზავნე, ის გაასწორე, რამე არ გამომპარვოდა, რომ დაცულები ვიყოთ. კაი, კაი, წავედი, ბევრი საქმე მაქვს და ვერ ვასწრებ ვერაფერს, – რა კარგი ბუღალტერია და რამდენი ლაპარაკი იცის ამ ქალმა…
– ზურა, შენი ტელეფონი რეკავს, – ისევ მესმის ჩემი ცოლის ხმა. ვინ უნდა რეკავდეს ასე გვიან?
მართლაც, ვინ უნდა რეკავდეს? ისევ ვერ გაარკვია, ეტყობა, რომელ ხელშეკრულებაზე ველაპარაკებოდი! ქალი მაინც უტვინო არსებაა.
ტელეფონს დავხედე. წარმოუდგენელია: ხომ ველაპარაკე და ვთხოვე, რეკვა არ აეტეხა?! თუ არ ავიღე, არ გაჩერდება.
– გისმენთ, – თან, იცის, რომ სახეზე მეტყობა, როდესაც მას ველაპარაკები. რატომ არ უნდა მცემდეს ასე პატივს და ფეხებზე ვეკიდო?! ვცდილობ, საქმიანი, მშრალი ინტონაცია გავურიო ხმაში.
– დიახ, მე გახლავართ, რით დაგეხმაროთ? – არა, ეს არ გაჩერდება. ზარს გამოვრთავ, როგორც კი დავკიდებ, მაგრამ ბუღალტერმა რომ დამირეკოს ხელშეკრულებაზე?! აღარ მახსოვს, ბოლოს რა ვუთხარი, გავთიშე და უკმაყოფილო სახით მოვისროლე ტელეფონი, ოღონდ ისე, რომ ამასობაში ხმის ჩაწევა მოვასწარი და ისიც მოვახერხე, ტახტზე ეკრანით დაბლა დაცემულიყო, რომ არ გამოჩნდეს, ვინ მირეკავს, თუ ისევ რეკვას ატეხს, როგორც იცის ხოლმე.
– რას ბოდიალობდა, ვისთან ერთად ვარო?! სულ გააფრინა, არადა როგორი დალაგებული ჩანდა მთელი 20 წელი!
აღარ დავურეკავ დღეს. იჯდეს და იტიროს! ისე ვარ გაბრაზებული, მაგის ხმის გაგონებაც აღარ მინდა! უნდა მიხვდეს, რომ ასე გარისკვა არ შეიძლება. პატარა ხომ არ არის?! მაგის ისტერიკებზე ხომ არ ვივლი, მაგრამ ჩემი ბრალია, ყველაფერს რომ ვაპატიებ ხოლმე. ჩათვალა, რომ ყველაფერი ეპატიება. დაბრუცავს მერე ტუჩებს და დაიწყებს ტირილს. მომედება თავისი სრიალა სხეულით, თითქოს ზედ მომერგება, ჩემი სხეულივით. ისევ დამბანგავს და მეც, როგორც სრული იდიოტი, ვაპატიებ.
ისევ ხელს მიშლის მუშაობაში. თითქოს სპეციალურად.
მოვატყუე რამე?! არა!!!
დავპირდი რამეს?! არა!!!
მომთხოვა რამე?! არა!!!
რატომ აფუჭებს ყველაფერს?! იმიტომ რომ, საშინელი ეგოისტია! ასეთი ეგოისტი არაფერი მინახავს – თვითონ ასე უნდა და დამთავრდა! სულ არ აინტერესებს, რას ფიქრობს სხვა, რა პრობლემები აქვს! აღარ ვაპატიებ! რაც უნდა ქნას – თავიც რომ ურტყას იატაკს, აღარ ვაპატიებ!
ხვალ დილით გავუვლი და დაველაპარაკები! ასე გაგრძელება შეუძლებელია. ხელს მიშლის მუშაობაში, მიფუჭებს საქმეს და საცაა დამაავადებს! არა – ეს ისტერიკები მაინც როდის ისწავლა ან სად მალავდა ამდენ აგრესიას?! თამაშობდა?! ამის დედა... მაგის დანახვაც არ მინდა! აღარ მინდა! მე დავამთავრე!
ისტორია მესამე
(მოქმედი პირები: ისევ „მე“, ანუ თეო და „ის“, ანუ ზურა)
„მე“, ანუ ამბავი ყირამალისა
რა თქმა უნდა, ვერაფერი დავამთავრეთ...
არადა, დილაუთენია, როგორც ვივარაუდე, თავს დამატყდა. თან, ისეთი გაცეცხლებული ჩანდა. ჯერ იყო და, კარი ვერაფრით გააღო საკუთარი გასაღებით – სპეციალურად ჩავტოვე შიგნიდან ჩემი გასაღები. ისიც ვიცოდი, რომ მოსვლამდე რეკვით აიკლებდა ტელეფონს, მაგრამ გუშინდელის მერე დაშლილს რას დააკლებდა, ან გამაგონებდა?! მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საკმაოდ ბევრი რამ დაუგროვდა ჩემ წინააღმდეგ, როგორც კი კარი გავუღე – ცოტა კი ვაწრუწუნე და ვაცადე, სანამ გავუღებდი – ეგრევე ლოგინში ჩავხტი. საბანი წავიფარე და გავყუჩდი.
– რას აკეთებ, მთლად გადაირიე და ჩემი გადარევაც გადაწყვიტე?! შენ გელაპარაკები და შემომხედე, ნუ იქცევი ბავშვივით. რა იბოდიალე გუშინ? ან რატომ დამირეკე ისე გვიან? სპეციალურად, ხომ? გოგო, ამოყავი თავი, სანამ სულ გადავრეულვარ! და საერთოდ, დროა, ამას ყველაფერს ბოლო მოვუღოთ!
– დედა, როგორ მეშინია... გადაირიე და იყავი! მე მეძინება, წუხელ გვიან დავბრუნდი. ვერ დარჩი საყვარელ ცოლუკასთან, რას გამოქანდი უთენია, რავა, გამოგაბუნძულა თუ?
– მოდი–მეთქი აქ, მე გაჩვენებ შენ, ვინ ვის გააბუნძულებს ახლა, – საბანი გადამხადა და ფეხებში მწვდა. მერე ზურგზე გადამიკიდა და სამზარეულოს რბილ კუთხეზე დამაყუდა თავდაყირა. ყირამალას გაჭიმვა სულაც არ მიჭირს და ასე ხშირად ვთამაშობთ, მაგრამ ახლა თითქოს გაბრაზებულმა დამახეთქა და არ მომეწონა. ამიტომ, როგორც კი ხელი მიშვა, ფეხებით კისერზე ვწვდი და დავიჭირე. თავი ისევ დაბლა მიდევს, ფეხებით ვგუდავ და სიცილისგან ორივე ვიგუდებით...
– არა, რა, ამხელა ქალი ხარ და როგორ ახერხებ ასეთი ელასტიკური იყო, როგორ მაგიჟებ ამ შენი ყირამალებით... სარგებლობ, ხომ, ჩემი სისუსტით, აი, ახლა გავითავისუფლებ თავს და შენი ფეხი არ იქნება ჩემს მკერდზე...
არც კისერზე?
– გოგო, ჩამომეხსენი ნებით, თორემ გამომტყუებ რამეს.
– ზუსტად მაგას ვცდილობ!
– არა, სანამ წუხანდელ სისულელეს არ ამიხსნი, არ გეღირსება–მეთქი.
– აუფ, არ მეღირსება, რა, ევროლიბერალიზაციაა, თუ „ნატოში“ შეყვანას გთხოვ?!
– არ გინდა, ნუ გინდა, – ფეხები უფრო მჭიდროდ შემოვაჭდე კისერზე. ხელებით კედელს დავეყრდენი და ამოვტრიალდი. ახლა კისერზე აღმოვჩნდი დასკუპებული და შიშველი სხეულით ზედ მკერდსა და ყელზე მივეკარი. ალმური წაეკიდა. ვიცი მე მაგის ეროგენულ–სუსტი წერტილები... სად წამივა. დავიხარე და ყურის ბიბილოს დავწვდი, მერე ენის წვერი კისერს ჩამოვუსვი და ყელზე ვაკოცე, ცოტა კბილებით მივწიწკნე კანი და, როცა ხელით სახე დამიჭირა და ტუჩებში დამეკონა, მზად იყო მორიგი სასიყვარულო ამბისთვის. იქვე, სამზარეულოს მაგიდას დავეყრდენით, როგორც არაერთხელ და, მართალია, წუხანდელი „ნაბეღლავით“ დატოვებული ჩემი საყვარელი ჭიქა გადავაგდეთ და გრანიტზე სამწუხარო წკარუნით მიიფშხვნა, მაგრამ ახალს მიყიდის, ახლა ჭიქაზე ვერ ვიდარდებ...
როცა ჭიქის ლურჯი ნატეხები სანაგვეში მივაბრძანე, ჩემი ვაჟბატონი კმაყოფილი იჯდა და მათვალიერებდა. ისევ შიშველი დავდიოდი და ცოცხს სასაცილოდ დავატარებდი. სულ „კუდიან მარგოს“ მიძახის და მოსწონს, ცოცხთან რომ ვთამაშობ. ხომ არ ვაწყენინებ?! ბავშვივით უხარია და მეც ვყვები ამ სისულელეში. თან, არ მინდა, წუხანდელი ამბები გაახსენდეს. პასუხზე არ მიფიქრია და არც ვიცი, რა უნდა ვუპასუხო.
„ის“, ანუ ცოცხით თუ უცოცხოდ?!
ყველამ რომ დაიძინა, ტელეფონი გადმოვატრიალე. ჩემდა გასაოცრად, არც ერთხელ არ ჰქონდა დარეკილი. რატომ, ნეტავ?! მისი ნატურიდან გამომდინარე, ეს გამორიცხული იყო. პირიქით – რომ გააბამს ხოლმე რეკვას, როდესაც წამოუვლის მორიგი სიგიჟე, თითქოს ეშმაკი შეუჩნდაო, ვეღარ თუ აღარ ჩერდება. ცუდად ხომ არ გახდა?! არა, მაგას ცუდად რა გახდის, ვამპირივით მწოვს ენერგიას და სისხლსაც გამომწოვს, რომ შეეძლოს! ან რა ჩემი საქმეა, რა მოუვიდა?! პატივს საერთოდ არ მცემს, არ მაინტერესებს, სამკურნალო „ისტერიჩკა”! თავს უნდა მიხედოს, სულ გააფრენს მალე! მაგრამ ეს უკვე აღარ არის ჩემი საქმე!
თუმცა, შვებით ამოვისუნთქე, რომ მეტჯერ აღარ დაურეკავს და მტკიცედ გადავწყვიტე, დამემთავრებინა ეს ტანჯვა-ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილების მიღმა უსიამოვნოდ მაწუხებდა ფიქრი, რამე ხომ არ მოუვიდა, ოღონდ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი.
ღამის, თუ უკვე დილის, 4 საათი იყო.
– ცოტას მაინც დავიძინებ და 8 საათზე მივალ. არა, მისვლა არ მინდა, ისევ ჩაატარებს თავის კუდიანობებს. გავუგზავნი გასაღებს, ამის დედაც... ეს რა ხათაბალაში გავები?! არ მივალ, არა, კი არ მეშინია?! კაცი რომ იყოს, ხელიდან ვერ გამომართმევდა ვერავინ, ისე მივჟეჟავდი.
… გასაღები ვერაფრით მოვარგე კარს, ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ გამოცვალა–მეთქი. არა – გასაღები სპეციალურად დატოვა. არა, რა – თავი რომ ჩემზე ჭკვიანი ჰგონია?! სულელი ქალი!
კარი უცებ გაიღო და სილუეტი ლანდივით გასხლტა ოთახში. მაინც დამაყენა კართან, რომ მეზობლებმა კარგად შემათვალიერონ! უხხხ, გავპუტავ ქათამივით!!!
წევს ლოგინში და იყურება უცოდველი თვალებით. მაგრამ აღებს პირს და ისევ იფრქვევა ეს საზიზღარი სიტყვები… შენი ცოლი… შენი ცოლი… შენი ცოლი…
ცოლიანი არ ვიყავი, რომ გამიცნო?!
ცოლიანი არ ვიყავი, როდესაც დაწვა ჩემთან?!
ერთი ხმა არ გაუღია, ანგელოზივით იღიმებოდა, ისეთი ნაზი და გამგები, ლამისაა დავიჯერე, რომ ფრთებს გამოაჩენდა და შხუილით გადამიფრენდა!!! როგორ მომატყუა! იმან რა მომატყუა – მე გამოვქლიავდი! ქალის უნახავივით ვიქცევი.
ისე – ქალის უნახავივით გამხადა! არასდროს იცი, რას გამოაგდებს, რატომ იცინის ან რატომ ტირის, რატომ დგება ცუდ ხასიათზე ან რატომ უხარია. ავაზასავით მოქნილია – ისეთ ყირამალებს ჭიმავს, გეგონება, ბავშვობიდან სატრენაჟოროდან არ გამოსულაო. ჰოდა, ამოაყირავა ჩემი ცხოვრება!!!
...მისი ფეხები ჩემს თავთანაა, წვრილი კოჭები – ჩემი ნიკაპის გასწვრივ. რა უსირცხვილოა, აი, ასე შიშველი დგას თავდაყირა და უტიფრად მიყურებს. უცებ თავზე დამასკუპდა და მე უკვე ჭკუა აღარ მომეკითხება. მისი ცხელი სუნთქვა ჩემს ყურთანაა, ენამ თითქოს დამმდუღრა კისერთან. მის სხეულთან გათქვეფა მაგიჟებს, ვეღარაფერს ვხედავ, არადა – თვალები სულ ღია მაქვს, მხოლოდ ვგრძნობ, როგორ ვფლობ… ვგრძნობ მისი სხეულის ფართხალს ჩემში თუ ჩემ გარეთ, უკვე აღარ ვიცი… ან რა დროს ცოდნაა. აი, ამას ვერ ვეშვები. მიზიდავს და მაშინებს. რამ დამადედლა. ფუ, ჩემი…
დაბრძანდება კმაყოფილი სახით ცოცხით ხელში. ვუყურებ და ვხედავ, როგორ ჯდება ამ ცოცხზე და მიფრინავს. გაფრინდეს. წავიდეს… ჰგონია, მომწონს ეს ცოცხი და უხარია. მე კიდევ იმიტომ მომწონს, რომ იქნებ გაფრინდეს და გაქრეს ამ ცოცხთან ერთად.
ისტორია მეოთხე
(მოქმედი პირები: „სხვა კაცი“, ანუ ჯამლეთა-ჯონდო-ჯონი)
„სხვა კაცი“, ანუ სასიყვარულო ოთხკუთხედი
ეს ქალი ჩემთვის მინდა! – ზუსტად ეს მჭირს. დავინახე თუ არა, იმ დღიდან ასე ვფიქრობ. არადა, როდის დავინახე?! მაშინ პირველ კურსზე ვიყავი, ეს – მეორეზე. ჩემზე ორი წლით უფროსია, მაგრამ მაშინ ჩემზე უმცროსიც კი მეგონა. სტუდენტურ კაფეში ლიზიკოს ცხელი ყავა გადავასხი. შემთხვევით, რა თქმა უნდა. ისეთი ამომხედა, ჯობდა, მეორეც მჭეროდა ხელში და იქვე, უხმოდ გადამესხა თავზე. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ეს მზერა მახსოვს.
მერე იმდენ ხანს დავყვებოდი უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მეორეში, მეორიდან – მეექვსეში, მეექვსიდან – კაფეში და მერე სამხედრო კორპუსშიც, რომ ერთხელაც გაჩერდა, მოტრიალდა, გოგონებს გამოეყო და დამცინავი ღიმილით დოინჯი შემოიყარა:
– მეტი ყავა არ გაქვს, რომ გადამავლო?! რას დამყვები კუდში, მოდი და გამეცანი, კი არ ვიკბინები, ადამიანო.
– ვიცი.
– რა იცი, რომ დამყვები, თუ ის, რომ არ ვიკბინები? – მერე აკისკისდა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
მეგობრობას ეგ უძახდა და დღემდე აგრძელებს, თორემ აკი ვთქვი – პირველი დღიდან და იმ მდუღარე ყავის გადავლებიდან მოყოლებული, დავიჩემე. ხოლო მე რასაც დავიჩემებ... მაინც ამოვთხრი. რა აღარ ვცადე ამ წლების განმავლობაში, არაფერმა გაჭრა. ცოლიც კი მოვიყვანე ამის ჯინაზე – ისე გაიხარა! სულელია, თუ მე მასულელებს, ხანდახან მართლა ვერ ვხვდები. ქორწილში გამოცხადდა, საჩუქარი მოგვართვა და მერე, როგორც იცის, ყირამალა დადგა! იცეკვა და იკისკისა, გადარია ჩემი ბიჭები და ჩემი ცოლიც ზედ მიაყოლა. მას მერე, სანამ არ გავშორდი, მის ხსენებაზე სულ ცხვირს იბზუებდა – ეგ არ გამაგონო და მით უფრო, არ დამანახვოო!
ქალებს, ისე, მაგარი ინტუიცია კი აქვთ. ხომ არც არაფერი იცოდა ჩემმა კნეინამ ან რა უნდა სცოდნოდა, სეირნობისა და ცეკვის გარდა, ხელზე ხელიც არ წამიტანებია არასდროს, მაინც უცბად ამოიჩემა და აიკვიატა – არ მომწონს მე ეს შენი „დაქალოჩკა“ და ქალის და კაცის მეგობრობა არ გამიგია მეო.
ამაში კი მართალი იყო! მაგრამ საქმეს სჭირდება და ახლაც განვაგრძობ ამ სულელურ თამაშს. რამდენჯერმე კი ვცადე, ხან მთვრალმა და ხან ფხიზელმა, მაგრამ გზა ეგრევე გადამიკეტა: ან მეგობრებად დავრჩებით, ან „დავაი, დასვიდანიაო“. ჰოდა, უკვე მეც პრინციპულად უნდა გავჟიმო. მორჩა და გათავდა. ამდენი წელია, მაწვალა და მერე ადგა, ამ ზურიკელას არ მისცა. ისე ინაზება, ვითომ არაფერიო და რას გამომაპარებდა?! ყველა ქალი ბოზია, მთავარია, ეს არავინ გაიგოს და ისეთ ყირამალას გაჭიმავენ?!.. სამაგიეროდ, შენთან უმწიკვლოსა და უკარებას ითამაშებს. ითამაშოს, სადამდე ეყოფა, ვნახავ ერთი. მაგრამ, სანამ თვითონ არ შემეხვეწება და კისერზე არ დამეკიდება, მანამ ვაცდი. ცოტაღა დამრჩა. მერე ვნახოთ. ზურიკელას „სექონდ ჰენდს“ რაც ეკუთვნის, ზუსტად იმას მივართმევ! არ უნდოდა, რასაც ვთავაზობდი – ახლა მიყუროს, რასაც გამოჰკრავს ხელს. მეგობრობა, არა, ორში გრძელი...
ისე, ეს ზურაბას ცოლიც კაი შტერი დედაკაცია. ამდენი ხანია, მის ცხვირწინ ჟიმაობენ და ვერაფერს ხედავს. ისე იქცევა, თითქოს მის მეუღლეს მასზე ამოსდის მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც. ისე, ხომ არ „დავუზვანოკო“ ერთი? სახლში ერთი ხარისხიანი სკანდალი რომ გამოუცხოს ამ პიჟონს.
არა, მაინც რა მოეწონა? რატომ ამჯობინა ვითომ ეს ქლესა ესა. დადის და ვითომ კაი ტიპია. ძმაო, და ჭირიმე შენით, მხვდება. რა ჩემი ძმა შენ ხარ, შენი დედაც...
ყველა ქალს ერთი და იგივე ხიბლავს: მანქანა, „პაეზდკები“, ჭინჭები. ასეა. ამ პიჟონს კიდევ გაუმართლა. ამხელა ბიზნესი აუწყო ცოლის ძმამ. ჰოდა, ამ ცოლს ახლა თბილი ნიავი უბეროს უნდა. ეს ჩემი ტუტუცი ქალბატონი კიდევ ფიქრობს, ცოლს მიატოვებს და მასთან გამოიქცევა... არა, რა, ქალის ჭკუა თხამ შეჭამა, ზუსტი ნათქვამია!
გაგრძელება შემდეგ ნომერში