კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ქრისტიანები ემსახურებიან დღეს უფალს მოჩვენებით და როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარ თავში ფარისეველი #7

„თავიდან სიტყვა „ფარისეველი“ იმ გაგებით არ იხმარებოდა, როგორც დღეს. ანუ‚ სიტყვა „ფარისეველი“ ნიშნავდა „მართალს“. ქრისტეს შობამდე 200 წლით ადრე ებრაელებში ჩამოყალიბდა გარკვეული პარტია, ეროვნული მოძრაობა, რომელიც იცავდა საღმრთო რჯულს, მოსეს კანონებს. მათ იმდენად უყვარდათ საკუთარი ქვეყანა, იუდეველობა, რომ თავიანთ სწავლებებს ელინიზმისგან იცავდნენ. მაგრამ, ისინი საბოლოოდ, ამ ყველაფერს იმდენად გადაჭარბებულად აკეთებდნენ, რომ გადავიდნენ მოჩვენებითობაში – ვითომ რჯულისა და ეროვნების დამცველები იყვნენ. მაგრამ‚ როდესაც მოვიდა განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე, ის ვერ იცნეს და დაუწყეს წინააღმდეგობის გაწევა, მხილება“.  ფარისევლებისა და ასევე დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდის შესახებ, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვლი).

 – მამაო, დღევანდელი გაგებით‚ რას ნიშნავს ფარისეველი, როგორ პიროვნებას?
– ფარისეველი ნიშნავს ადამიანს, რომელიც მატყუარა, ცრუპენტელაა და მოჩვენებითად ემსახურება ღმერთს, ქვეყანას, ადამიანებს. ფარისეველი, რომელიც წარდგება უფლის წინაშე, დგება იქ, სადაც მართლები დგებიან და იწყებს დიდებით მეტყველებას უფლის წინაშე. მეზვერეები იმ დროს იყვნენ მოღალატე ადამიანები, რომლებსაც ერთი შეხედვით, არ უყვართ თავიანთი სამშობლო. ებრაელებში სიტყვები: „მეზვერე“ და „ცოდვილი“ სინონიმები იყო. ფარისეველი ერთი შეხედვით მართალია: იცავს რჯულს, კვირაში ორჯერ მარხულობს. აქვე შეგახსენებთ, რომ ებრაელების მარხვა წელიწადში ერთხელ იყო და ეს პიროვნება კვირაში ორჯერ მარხულობდა. თავისი მონაგებიდან, ასევე‚ შემოსავლებიდან, მეათედს სწირავდა უფალს. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამას ფარისეველი თავმდაბლობით, ტაძრისა და ერის სიყვარულით კი არ აკეთებს, არამედ, პატივმოყვარეობით; თავს იწონებს და განიკითხავს სხვას. მისი მთავარი დანაშაული სწორედ ის არის, რომ სხვას განიკითხავს.  სამწუხაროდ‚ ჩვენც ხშირად ვიმყოფებით ასეთ მდგომარეობაში. როცა ეკლესიაში მოვდივართ და ვხედავთ პიროვნებას, რომელიც არ გამოირჩევა ზნეობრივი ცხოვრებით, ვაცხადებთ: „რა უნდა მას ეკლესიაში, როგორი ცოდვილია“... ჩვენ არც მეზვერეები ვართ და არც ფარისევლები. ფარისევლისგან განსხვავებით, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ კვირაში ორი დღე მარხვაა; რომ მეათედი უნდა შევწიროთ ეკლესიას და არ ვართ ისეთი ეროვნულები, როგორებიც ფარისევლები იყვნენ თავიდან. ასე რომ‚ ამ უარყოფითი პერსონაჟისგანაც შორს ვართ უკვე.
– დღეს საკუთარ თავში ფარისევლის დანახვა არავის უნდა და ალბათ, არც შეუძლია.
– პირველი ნიშანი ფარისევლობისა არის დაბრკოლებისკენ მიდრეკილება. ბევრ ადამიანს არაფერი მოსწონს: მივა ერთ ეკლესიაში, მერე – მეორეში; ეს მღვდელი მაღალია, ეს – დაბალია, ეს – მსუქანია, იქ ასე გალობენ, აქ – ისე... როცა უკმაყოფილო ხარ ყველაფრით, ყველათი: ცოლით, შვილით, მეზობლით, მეგობრით – აი, ეს არის უკმაყოფილების განცდა. მეორე ნიშანი, რომელიც პირველის გაგრძელებაა, ანუ საიდან მოდის დაბრკოლება ფარისეველში – ეს ყველაფერი კი არის თავმოყვარეობის მიერ ნაშობი და ის მომდინარეობს კაცის სულში მოყვასისა და ღმერთის სიყვარულის ნაკლებობიდან. ფარისევლებს რომ ჰყვარებოდათ უფალი, მოყვასი, მიხვდებოდნენ‚ ვინ იყო იესო ქრისტე და არ იქნებოდნენ მის მიმართ მუდმივად უთანხმოებაში. ჩვენი მდგომარეობაც ასეთია – იმიტომ ვართ განკითხვაში, რომ არ გვიყვარს უფალი და მოყვასი ისე‚ როგორც საჭიროა. მესამე მდგომარეობა – ეს არის ყოველივე კანონის წვრილმანებამდე, მოჩვენებითი დაცვა. დიდი მართლმადიდებელი ხარ; არ უყურებ არაფერს; არ იცვამ ვულგარულად; არ შეიძლება, წახვიდე თეატრში; არ შეიძლება, გაიღიმო, თმა დაივარცხნო და ასე შემდეგ. არადა, ამ დროს, ეს ადამიანი ძალიან შორს არის ქრისტიანობისგან, თუმცა ყველაფერს უწვრილმანდება, ყველაფერს აქცევს ყურადღებას, მაგრამ, სინამდვილეში, შორსაა ჭეშმარიტებისგან და ფარისევლურ მდგომარეობაშია. მეოთხე – ფარისეველი პიროვნება გამოირჩევა ცუდმედიდობით, როცა ადამიანს არაფერი გააჩნია კარგი, ამას არ აღირებს და ცუდად მედიდობს – სხვას მიუთითებს და განიკითხავს. მეხუთე – ფარისეველი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებისგან მიიღოს დიდება, რომ შეაქონ, ადიდონ. მეექვსე – ფარისევლისთვის ქრისტეს ჯვარი სასაცილოა. მას უნდა, მესიად ჰყავდეს ისეთი პიროვნება, როგორებიც იყვნენ: მაკედონელი, სტალინი, ნაპოლეონი... ამიტომაც, ქრისტე, რომელიც უბრალო ადამიანის სახით მოვიდა, არ მიიღეს. მათ უნდათ ისეთი მესია, რომელიც მთელ მსოფლიოში გააბატონებთ. მეშვიდე – ფარისევლის გულში აღმართულია კერპი, რომელსაც ჰქვია „მე“, ანუ – ეგოიზმი.
– დიდმარხვას მოსამზადებელი პერიოდი უძღვის, რაც ბევრს აბრკოლებს. ამბობენ: რისთვის არის საჭირო ამხელა მზადება მარხვისთვის, ასეთი მკაცრი მარხვა, ამდენი მეტანია, აღსარება, ზიარება?
– მათ კონტრშეკითხვას დავუსვამ: რამდენჯერ შეიძლება, ადამიანმა წყალი დალიოს, საჭმელი ჭამოს? მიპასუხებენ – სანამ ცოცხალიაო. ასე რომ, სანამ ადამიანის სული ცოცხალია, ცისქვეშეთში მყოფს, მანამდე უნდა ევედროს ღმერთს. უნდა თქვას აღსარება, მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი სული არ გარდაიცვალოს, არ განეშოროს უფალს. ადამიანი ჯერ სულიერად კვდება (რა თქმა უნდა, ბრჭყალებში), განეშორება ღმერთს, დაეცემა და მერე, შედარებით მოგვიანებით, უფლისგან განშორების შემდეგ, კვდება უკვე ხორციელად. ანუ, ყოველივეს წინ მაინც სულიერი გარდაცვალება უძღვის. ამიტომ, რომ არ ვიყოთ ცოცხალი, მოსიარულე გვამები – სულის გარეშე, კარგად უნდა მოვემზადოთ და დავიცვათ დიდი მარხვა. მარხვაში აუცილებელია საეკლესიო ლიტერატურის კითხვა, სადაც გადმოცემულია სწავლება სინანულის შესახებ. იოანე კრონშტადტელის სიტყვებს შევახსენებ ყველას: „საბრალოა ის ადამიანი, რომელსაც ჰქვია ქრისტიანი და არ იცის, რა არის ქრისტიანობა“. მოძღვართან შეთანხმებით უნდა წაიკითხოთ საეკლესიო ლიტერატურა, ეფრემ ასურის ცხოვრება, რომლის ლოცვის წაკითხვის გარეშე, დიდმარხვა წარმოუდგენელია. ასევე, უნდა წაიკითხოთ ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც იკითხება მარხვის პირველ კვირაში ხუთშაბათამდე. ამ ყველაფრის კითხვის გარეშე ადამიანებისთვის ძნელია ეკლესიური ცხოვრება. მინდა ყველას, სახელად მართლმადიდებელს, შევახსენო: ჩვენ ხანდახან მართლმადიდებლობის ნიღბით დავდივართ, ვიწერთ პირჯვარს, დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ, როგორც კი ეშმაკი ჩვენს ნაყროვანებაზე, გემოთმოყვარეობაზე იმოქმედებს, მაშინვე ვიძრობთ ნიღაბს და ნამდვილ სახეს ვაჩენთ. როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, ქრისტიანობა არის მიბაძვა საღვთო ბუნების. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიეცა საღვთო ბუნება, მასში თავისუფალი ნება – ბუნების ნაყოფია, ხოლო არჩევანი – მისი პიროვნების. თუ შენ ხარ ადამიანი, უფალმა მოგცა თავისუფალი ნება, ამ თავისუფალი ნებით უნდა შეინახო მარხვა და გამოამჟღავნო პიროვნული არჩევანი – გინდა თუ არა, რომ იყო ქრისტიანი. თუ გინდა, რომ იყო ქრისტიანი, უნდა შეინახო მარხვა. რადგან, იყო ქრისტიანი, მართლმადიდებელი და არ შეინახო მარხვა, ეს ნიშნავს იმას, რომ  გაქვს ნიღაბი ჩამოცმული. ჩვენი ნიღაბი და თავის მოტყუება კი არავის სჭირდება. ვიყოთ ქრისტიანები, დავიწყოთ მზადება დიდი მარხვისთვის, რის გარეშეც ჩვენი ცხოვრება, ცხონება, უფალთან ურთიერთობა, წარმოუდგენელია.

скачать dle 11.3