კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #7

რაში მდგომარეობს წრფელი გულის უპირატესობა და რა ზიანს აყენებს სულს მზაკვრობა
ვის არ გააკვირვებს ბუნებით წრფელი ადამიანის დანახვა? ან ვის არ შეუყვარდება ის, ვისშიც მზაკვრობის ნატამალიც არ არის? სხვა ვინ დაიმკვიდრებს ცხონებას? სხვა ვინ გახდება უდიდეს სიკეთეთა ღირსი? განა პირველებს მწყემსებს არ ეუწყათ ხარება ანგელოსთაგან? განა იოსები არ იქნა არჩეული, ეს წრფელი ადამიანი, რათა მრუშობის ბრალდებას არ შეეშინებინა ის და იძულებული არ გაეხადა, რაიმე ბოროტება ჩაედინა? განა უბრალო სოფლელები არ აირჩია ღმერთმა მოციქულებად? რამეთუ ითქვა: „სული კურთხეული ყოველივე წრფელ“ (იგავ. 11,25); და კიდევ „რომელი ვიდოდეს სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“ (იქვე, 10,9). მეტყვი, კი მაგრამ, კეთილგონიერებაც ხომ საჭიროაო? სხვა რაღაა სიწრფელე, თუ არა კეთილგონიერება? როდესაც ცუდს არაფერს ეჭვობ, არც ცუდის ჩაფიქრება შეგიძლია; როდესაც არაფრით გრძნობ თავს შეურაცხყოფილად, ვერც ძვირისმოხსენე (გულღრძო) იქნები. ვინმემ გაწყენინა? შენ არაფერს დარდობ. ცილი დაგწამეს? არაფერი დაგიკარგავს. შეშურდათ შენი? ვერც ეს დაგაკლებს რამეს. სიწრფელე არის ერთგვარი გზა სიბრძნისა. არავის სული არ არის ისეთი მშვენიერი, როგორიც წრფელი კაცისა. რაც არ უნდა ლამაზი იყოს გარეგნულად ადამიანი, თუ იგი მოღუშული, პირქუში და შუბლშეკრულია, თავისი მომხიბვლელობის დიდ ნაწილს კარგავს. მხიარული და მოღიმარი კი, პირიქით, უფრო ლამაზი ჩანს. იგივე ითქმის სულზეც: პირქუში კაცი, თუნდაც უამრავ სიკეთეს სჩადიოდეს, მთელ მშვენიერებას უკარგავს მას, გულღია და წრფელი კი – პირიქით. ასეთ ადამიანთან დამეგობრება უსაფრთხოა, ხოლო თუ მტრად მოგვეკიდა, შემორიგებაც არ არის ძნელი. რა მოელის ასეთ კაცს, თუ ის შემთხვევით, უკეთურთა კრებულში მოხვდაო, მკითხავ. ღმერთი, რომელმაც გვიბრძანა, იყავით წრფელნიო, გაუწვდის დახმარების ხელს. ვინ არის დავითზე უფრო წრფელი? ან ვინ არის საულზე უფრო მზაკვარი? მაგრამ ვინ დარჩა გამარჯვებული? ამგვარად, უბრალო ადამიანმა, რომც მიიღოს დარტყმა, ეს სხვისგან მიყენებული დარტყმა იქნება. მზაკვარი კი თავის თავს ვნებს და სხვას არავის – გამოდის, რომ ის საკუთარი თავის მტერი ყოფილა. ასეთი კაცის სული მუდამ წუხილს ჰყავს შეპყრობილი. მისი აზრები ერთთავად რაღაც უსიამოვნოს დასტრიალებს. თუ ვინმეს უნდა მოუსმინოს, ანდა თვითონ თქვას რამე, ამასაც ყვედრებით აკეთებს და ყველას ადანაშაულებს. თანხმობა და მეგობრობა უცხოა ასეთი ადამიანებისთვის, მუდამ ვიღაცასთან ქიშპი, შუღლი და უსიამოვნება აქვთ. მათთვის ძალაც კი უსიამოვნოა, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი. თუკი, თან ცოლიც ჰყავს, მაშინ ხომ ვაი! ყველას მტრად და მოსისხლედ ეკიდება: გაუთავებელი ეჭვიანობა, მუდმივი შიშია მისი ხვედრი. მზაკვარს იმიტომაც ჰქვია მზაკვარი, რომ ის შრომობს ბოროტის ქმნისთვის. აი, მაგალითად, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „წყევითა და სიმწრითა და ზაკვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქვეშე არს შრომაი და სალმობაი“ (ფსალმ. 9,28).

როგორ დავშრიტოთ მტრობის სახმილი
მტერთან ჩვენს თავმდაბალ მოპყრობას ძალუძს მგელი ცხვრად აქციოს, მისი მრისხანების სახმილი მშვიდობის ცვრით დანამოს, ქარიშხალი დააცხროს და სრულიად დაშრიტოს გულისწყრომის ალი. ჩვენი მშვიდი სიტყვები მას სულში ჩასწვდება და არათუ მრისხანებას განდევნის, კეთილგანწყობასა და თანაგრძნობასაც კი გაუღვიძებს. ამგვარად, იმაზე ნუკი ზრუნავ, როგორ მიუზღო სამაგიერო მტერს, არამედ იმაზე იფიქრე, თუ როგორ უექიმო, როგორ მისდრიკო სიმშვიდისკენ, და მანამ ნუ შეწყვეტ მცდელობას, ვიდრე შენი სიმდაბლით მის სისასტიკეს არ სძლევ. რამეთუ, არაფერია სიმდაბლეზე უფრო ძლიერი. სწორედ ამაზე მიუთითებდა მავანი, ვინც თქვა: „სულგრძელებაი გზათა მეფისათა წარმართებად, ხოლო ენამან ლბილმან მემუსრნის ძვალნი“ (იგავ. 25.15). ჭეშმარიტად, ჩვენზე და არა თვით მრისხანებით შეპყრობილებზეა დამოკიდებული მათი გულისწყრომის სახმილის უფრო მეტად აღგზნებაც და დაშრეტაც. როდესაც ხედავ შენს მტერს და გახსენდება, რამდენი რამ უთქვამს შენზე ცუდი ან რამდენი უსიამოვნება მოუყენებია, ეცადე, დაივიწყო ყოველივე. თუ მაინც ვერ ივიწყებ, ეს ეშმაკს დააბრალე. შენ თვითონ კი ეცადე, გაიხსენო ის, რაც ოდესმე კარგი უთქვამს ან გაუკეთებია შენთვის. თუ შეძლებ, ამ აზრით დააკავო შენი გონება, გულისწყრომასაც მალე მოერევი. ხოლო, თუ მტრის მხილება და მისთვის რაიმეს განმარტება გაქვს განზრახული, ჯერ ვნებისგან გათავისუფლდი და მრისხანება დაიოკე, მერე კი განუმარტე და ამხილე. მაშინ ადვილად შეძლებ მის დამარცხებას. ახსნა-განმარტებისას ნუკი ადანაშაულებ მტერს, არამედ გაამართლე, რათა აიძულო, რომ თვითონვე მიხვდეს თავის შეცდომას. ამრიგად, გავალთ თუ არა აქედან, მიმოვიხედოთ გარშემო. დაე, ყოველმა ჩვენგანმა გაიხსენოს, ვინა ჰყავს მტრად მოკიდებული და ვეცადოთ, შემოვირიგოთ, გულითად მეგობრებად გავიხადოთ ისინი. თუ ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა იქნა საჭირო, ნურც ამაზე დავიხევთ უკან, თუნდაც თვითონ ვიყოთ შეურაცხყოფილნი. ამგვარად, დიდი ჯილდოს ღირსნი გავხდებით, დიდ კადნიერებას მოვიპოვებთ და, უეჭველია, ზეცათა სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ.

скачать dle 11.3