რატომ განიხილავენ საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოს უნივერსალურ მშობლად, რომელმაც უნდა იზრუნოს მათზე და რატომ ყრიან საქართველოდან ლიდერებს #7
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და დემოკრატიული სამყაროს ნაწილად გახდომის პრეტენზია განვაცხადეთ, სახელმწიფოს მიმართაც გავხდით პრეტენზიულები: ხანდახან საფუძვლიანად, ზოგჯერ – საკმაოდ უსაფუძვლოდაც. მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფოსგან ზრუნვა-პატრონობას მოითხოვენ, ცდილობენ, როგორმე თავი დაიძვრინონ საკუთარი პასუხისმგებლობებისგან: როგორც გადასახადების, ისე კომუნალური გადასახდელების დაფარვისგან; მეტიც, არც მცენარეებს უფრთხილდებიან (პირიქით – დიდი წარმატებითაც ანადგურებენ ხოლმე), არც ქუჩებსა და ბაღებში ნაგვის დაყრას ერიდებიან და არც ქუჩის ცხოველების დაპურებით იკლავენ თავს. სახელმწიფოსვე აკისრებენ პასუხისმგებლობას, თუკი კომპანია, რომელსაც, მაღალი საპროცენტო განაკვეთის ხიბლით, მიაბარეს ანაბარი, გაკოტრდება ან საკუთარი ნებით აღებული კრედიტების გასტუმრებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, იბადება ლოგიკური კითხვა, რატომ ჰგონიათ უპასუხისმგებლო მოქალაქეებს, რომ პასუხისმგებლობის გრძნობით უხვად იქნებიან დახუნძლულები სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ჩინოვნიკები? – ამ არცთუ სასიამოვნო, მაგრამ აქტუალურ თემას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.
– სადარბაზოს დასუფთავებაც კი არ გვინდა და ამ დროს მოვითხოვთ, რომ ვიღაც სხვამ დაალაგოს ქვეყანა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. რატომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ საკუთარ მოვალეობებს არ შევასრულებთ, მაგრამ სხვა შეასრულებს? თუ, ზოგადად, ასეთია ადამიანის ბუნება?
– ვერ ვიტყვით, რომ ზოგადად ადამიანის ბუნებაა, იმიტომ რომ, სხვადასხვანაირად ცხოვრობენ ადამიანები სახელმწიფოსთან და ერთმანეთთან მიმართებაში. ამდენად, საერთო ბუნებას ნუ გადავაბრალებთ. პრობლემა, ალბათ, ჩვენს ადამიანებს აქვთ, რომლებიც თვითონვე იქმნიან პრობლემებს – იღებენ კრედიტებს, რომლებსაც, თუ დაფიქრდებიან წინასწარ, აღებამდე, მიხვდებიან, რომ ვერ გაისტუმრებენ. თვითონაც იციან, რომ ვერ გაისტუმრებენ, მაგრამ რაღაც მისტიკურის იმედი აქვთ. სხვათა შორის, ხანდახან იმედი ცუდი რამაა: იმედი გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ გადაწყდება შენი პრობლემა. ასე რომ, ხანდახან სასოწარკვეთილება ჯობია იმედს, იმ თვალსაზრისით, რომ გამოგაფხიზლებს. თავს მიარტყამ კედელს და დაფიქრდები, როგორ გადაწყვიტო ესა თუ ის პრობლემა. არადა, ადამიანები მუდმივად რაღაცას ელიან, მოლოდინის რეჟიმი ჩვეული რამაა ჩვენთან.
ახლა ვისაუბროთ პასუხისმგებლობის გადაბარების ფენომენზე: ჩვენთან სახელმწიფო განხილულია, როგორც მშობელი, ვინც უნდა მოგიაროს. ადამიანი საკუთარ თავს აყენებს ბავშვის როლში. მართალია, ზრდასრულია, მაგრამ ინფანტილურ სიტუაციაში იყენებს თავს და სახელმწიფოს განიხილავს, როგორც უნივერსალურ მზრუნველს, მშობელს, რომელიც პრობლემებს გადაუწყვეტს. ასეთ დროს ორი რამ ამოძრავებს ადამიანს: ერთი სურვილი, რომ სახელმწიფომ გადაუწყვიტოს პრობლემა და, მეორე – ცდილობს, დაავალდებულოს და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, პასუხისმგებლობა აიღოს ადამიანის სულელურ ნაბიჯზე. თუმცა მოქალაქემ სახელმწიფოს უნდა შეხედოს პარიტეტულად, რომელთანაც უნდა ილაპარაკო თანაბარი პოზიციებიდან: მე ვაძლევ მას რაღაცას და ისიც მაძლევს მე რაღაცას. მასთან მე მაქვს გაცვლითი ურთიერთობა: რაღაცას ვაძლევ, რაღაცას ვიღებ მისგან. ჩვენთან კი სახელმწიფოსადმი ჰარიჰარალე დამოკიდებულებაა. იცით, რომ „ჰარიჰარალე“ ურარტული სიტყვაა და ნიშნავს „ღმერთო, მომეცი“. ჩვენთან სიმღერაც კი ამ დამოკიდებულებითაა გაჯერებული. ეს, ალბათ, იხსნება ინფანტილური ხასიათით. როგორც ჩანს, ჩვენთან საშუალო სტასტიტიკური ადამიანი საქართველოში საკმაოდ ინფანტილურია და ამიტომ სახელმწიფოს უყურებს, როგორც მეწველ ძროხას.
– მაგრამ ელემენტარული ლოგიკაა, თუ გადასახადებს არ გადაიხდი, სახელმწიფოს როგორ იზრუნებს შენზე? არსებობს მოსაზრება, რომ სახელმწიფოსთვის მოპარვის ჩვევა მოდის საბჭოთა წარსულიდან, რადგან საბჭოთა კავშირს ქართველი არ აღიქვამდა, როგორც საკუთარ ქვეყანას.
– ახლაც ასეა.
– ეს გავლენაა ძველი გამოცდილების? თუ ინფანტილური ვარ და ბავშვის როლში ვარ, მაინცდამაინც, ცუდი ბავშვი უნდა ვიყო, ქურდი და ავარდნილი?
– ეს მენტალობა, რომ სახელმწიფო უნდა გაფცქვნა და ყველაფერი მოჰპარო, იმიტომ რომ სახელმწიფო ჩვენი არ არის, კომუნისტური გადმონაშთია, მაგრამ იგივე მენტალობაა დღესაც. ადამიანი არ შეცვლილა. საჯარო მოხელე, რომელიც მილიონს მისცემს თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოქალაქეს, ანუ მოსამართლეს, ის სახელმწიფოს ძარცვავს და ამგვარი შემთხვევა ხომ აურაცხელია?! მოსახლეობას ფული შეაქვს ბიუჯეტში, ჩინოვნიკები კი თავიანთთვის პრემიებს იზრდიან და მოქალაქეების ჯიბეებში აფათურებენ ხელს. როდესაც სახელმწიფოსადმი ასეთი დამოკიდებულება აქვთ სახელმწიფო აპარატის მუშაკებს, რომლის ჭანჭიკებიც თვითონ არიან, მაშინ ჩვეულებრივი მოქალაქეც მათ ჰბაძავს და თუ მისი ბიზნესი გაუფუჭდა, მიიჩნევს, მასაც უნდა მისცენ ხაზინიდან ფული. ანუ შეჯიბრია, ვინ უფრო დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს სახელმწიფოს ხარჯზე. ამ მხრივ, სახელმწიფო მოხელე და უბრალო მოქალაქე თანაბარ მდგომარეობაში არიან. უბრალოდ, საჯარო მოხელეს უფრო შეიძლება, გაუვიდეს, ჩვეულებრივი მოქალაქე კი სიტყვიერად იმუქრება: გზას გადავკეტავ, აქციას მოვაწყობ.
– ახალ თაობას გადავცემთ ამ ჩვევას? ჩვენს საზოგადოებაში არის კრიტიკული რაოდენობა ისეთი ადამიანების, რომლებიც არ იქცევიან ასე ინფანტილურად? ხომ უნდა გადავეჩვიოთ ამას?
– ასე იოლად ვერ გადავეჩვევით, იმიტომ რომ, ნებისმიერი ახალდაბადებული ბავშვი უკვე შემოდის იმ სამყაროში, სადაც სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება ასეთია ოჯახში, ქუჩაში, ყველგან… ის შემოსწრებული სტუმარივითაა, სუფრა გაშლილი იყო მის მოსვლამდე და ამიტომ უნდა შეეგუოს იმ ვითარებას, რაც იქ ხვდება. ამიტომ ის შემოდის ამ ცხოვრებაში და მიჰყვება დინებას. მისგან მოითხოვენ, რომ მოერგოს სიტუაციას და არა – ცვლილებებს. საერთოდ, ადამიანები ცვლილებებისადმი რეზისტენტულები არიან. მეტიც, ცვლილებებს უპირისპირდებიან. ეს ინფანტილური და ღარიბი ადამიანების მახასიათებელია. სიღარიბე ექვემდებარება რამდენიმე მექანიზმს. ერთია ცვლილებებისადმი მდგრადობა: ღარიბ ადამიანს უყვარს კაფსულაში ყოფნა, ურჩევნია, დაცული იყოს, რისკის გაწვა არ შეუძლია; მეორეა – დაბალი თვითშეფასება. მიაჩნია, რომ, მაინცდამაინც, დიდი შესაძლებლობები არ აქვს და მესამე – წამხედურობა, ანუ იმ წრეში, სადაც ტრიალებს, წამხედურობით მოქმედებს და არა საკუთარი აზრით. ანუ სხვა როგორც ლაპარაკობს, ისე უნდა ილაპარაკოს. მათი დევიზია, იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობენ სხვები. ასეთ საზოგადოებაში, თუ გადაწყვეტ, იცხოვრო ისე, როგორც შენ წარმოგიდგენია, დაგიპირისპირდებიან, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, ჩვენთან ასე არ იქცევიანო. თითქოს ამ ცხოვრებაში იყოს რაღაც პოსტულატები, რომლებიც უყოყმანოდ უნდა შესრულდეს. პირიქით, ცხოვრება სარბიელია, სადაც თავი უნდა დაიმკვიდრო შენი მიზანადასახულობით და არა – ვიღაცის კარნახით. მაგრამ ყველა ელტვის, რომ რაღაცას მოერგოს და წამხედურობით იმოქმედოს: ის თუ არ აკეთებს, არც მე გავაკეთებ.
– ჩვენ გვყავს ლიდერები, რომელზეც ვსწორდებით თუ ჩვენთვის ლიდერები არიან ისინი, რომლებიც კარგად ერგებიან არსებულ წესებს?
– დაახლოებით, ასეა. მე რომ მკითხო, ლიდერების დეფიციტიცაა საქართველოში. მაგალითად, ავიღოთ სტალინი. ცუდი იყო თუ კარგი, ფაქტია, ლიდერი იყო და აქედან წავიდა, იმიტომ რომ, აქ ვერ გახდებოდა ლიდერი. ავიღოთ, თუნდაც, შევარდნაძე. ის საქართველოში იყო ოფიციალური ლიდერი, მაგრამ შემდეგ უფრო დიდი ლიდერი გახდა. სააკაშვილიც უკრაინაში ლიდერობს, რადგან აქ აღარ დაედგომებოდა. ასე რომ, ლიდერი განიდევნება საქართველოდან, თუ განსხვავდება სხვებისგან. არადა ლიდერი უნდა განსხვავდებოდეს სხვებისგან, სხვანაირად ლიდერი ვერ გახდება. ყველა ზემოჩამოთვლილი ლიდერი გაგდებულია საქართველოდან. საკუთარი საწყისის ასეთი თვითლიკვიდაცია დამახასიათებელია ჩვენთვის. ჯერ კომუნისტების ლიკვიდაცია მოახდინა გამსახურდიამ, შემდეგ გამსახურდიას ლიკვიდაცია – შევარდნაძემ, შემდეგ შევარდნაძის ლიკვიდაცია – სააკაშვილმა, სააკაშვილის ლიკვიდაცია – ივანიშვილმა და ალბათ, ივანიშვილის ჯერიც დადგება. სულ ასეთი თვილიკვიდაციებია.
საერთოდ, საქართველოში ნეკროფილური ტენდენციებია. ავიღოთ თამბაქოს მოწევა. თამბაქოს მოხმარება არის ნელი სუიციდი, ასე განიხილავენ მას. გადახედეთ, ყველა ეწევა და ქალები უფრო მეტს ეწევიან, ვიდრე მამაკაცები. ამ დროს კი, ქალი არსებაა, რომლის სხეულშიც უნდა დაიბადოს ცოცხალი არსება. ის კი სუიციდურ კოდს დებს იმთავითვე თამბაქოს მოწევით თავისსავე ორგანიზმში, რომელშიც ნაყოფი უნდა ჩაისახოს ან უკვე ჩასახულია: ბევრი ორსული ქალიც ეწევა სიგარეტს.
თვითლიკვიდაციისკენ სწრაფვის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომ სოციუმი ისეა აგებული, ინდივიდი უნდა დასუსტდეს, ხოლო სუსტი ინდივიდი ვერ იქნება ლიდერი. ლიდერს ძლიერი თვისებები სჭირდება. მე არ ვგულისხმობ ძველ ბიჭებს, ქუჩაში რომ დგანან და ვინმეს თავში ხელს წამოარტყამენ: ისინი ლიდერებად ვერ ჩაითვლებიან, რადგან ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. მე ვლაპარაკობ ლიდერებზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც მოაქვთ გარდაქმნები, ცვლილებები. ლიდერის ფუნქცია ცვლილებებია. ამით ქართული მენტალიტეტი, მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. ჩვენი უსახური მასა რომ ავიღოთ: ადამიანების უმეტესობა კომფორმისტია და რა ლიდერებზეა ლაპარაკი?!
– დრო გამოასწორებს ამ ვითარებას და გავიზრდებით, რადგან მივხვდებით, რომ, თუ ჩვენც არ ვიზრუნებთ სახელმწიფოზე, არც ის იზრუნებს ჩვენზე?
– თუ მაგალითად, დავეყრდნობით სოციალურ დარვინიზმს – გახსოვთ, დარვინი ამბობდა, რომ არსებობისთვის ბრძოლაში იმარჯვებს ძლიერი და სუსტი ქრება, იგივე ხდება სოციალურ სამყაროშიც – ნელ-ნელა ქცევის ის მოდელები, რომლებიც დღესაა დამახასიათებელი, განიდევნება და მოკვდება, ანუ გადაშენდება, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება თანდათან და არა – რევოლუციურად. არც ღირს რევოლუციურად, იმიტომ რომ, სწრაფი ცვლილებები დამანგრეველია. მაგალითად, ჩემი აზრით, დადებითი მოვლენა იყო დამოუკიდებლობა და ეროვნულ მოძრაობაშიც უამრავი კარგი და პატრიოტი ადამიანი გახლდათ. მაგრამ, ალბათ, ნელ-ნელა უნდა წავსულიყავით დამოუკიდებლობისკენ, რომ ქვეყანა შეგვენარჩუნებინა. არადა მთელი სპილენძი, მანქანა-დანადგარები გაიტანეს ქვეყნიდან და დაანგრიეს საკუთარი ქვეყანა. ეს იყო თვითნგრევის პერიოდი. მართალია, ცვლილებებიც იყო, მაგრამ თვითნგრევის ხარჯზე. ამდენად, ეს ეროვნულ-გამათავისუფლებელი კი არა, ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობა იყო. დღესაც ასეა ჩვენთან ადამიანი: ბორკილებსა და მარწუხებში. ამიტომ არც ღირს სწრაფი ცვლილებები, მით უმეტეს, საქართველოში. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი ნეგატივი ახლავს. ასე რომ, ჯობია, თანდათან, ევოლუციურად მოხდეს, რომ ცხოვრება ნელ-ნელა გარდაიქმნას.
– ამას ისევ და ისევ ლიდერი სჭირდება თუ მაინც ცხოვრება მოიტანს?
– ლიდერმა კი არა, ეს ცალკეული ადამიანების მიერ განხორციელებული ცვლილებების ჯამმა, ასეთი ადამიანების კრიტიკული რაოდენობის დაგროვებამ უნდა მოიტანოს. ჩვენთან სულ იმას ამბობენ: აბა, სად არის ლიდერი?! არადა – რად გინდა ლიდერი?! საკუთარ თავს თავად უნდა მოუარო. ჩვენთან არ არის ინდივიდუალიზმი. საერთოდ, ქართველი ინდივიდუალისტი არ არის, ძალიან ჯოგურია. იმდენადაც კი, რომ ინდივიდუალიზმი არც ახასიათებს. მაშინ, როდესაც პროტესტანტული ეთიკის საზღვრებში აღმოცენებულ საზოგადოებებში, როგორიცაა გერმანია, ინგლისი და სხვები, ადამიანი თავისი თავის უფალია და, ამ გაგებითაა სწორედ თავისუფალი: თავადაა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.
– თუმცა ჩვენი ენა სწორედ ამას გვეუბნება: თავისუფლება ისაა, როდესაც შენი თავის უფალი ხარო.
– ბევრმა ენამ შეიძლება, ვერ დაიკვეხნოს იმით, რაც აქვს ქართულს, მაგრამ ენა ენად რჩება და ცხოვრება – ცხოვრებად. ჩვენი საზოგადოება კოლექტივისტურია, რომელშიც ინდივიდი არ ხარობს. ინდივიდს, როგორც წესი, განდევნის ჩვენთან სოციუმი. უფრო სწორად, იმთავითვე ვერ ყალიბდება ადამიანი ინდივიდად. იმიტომ რომ, სიტუაციაა ისეთი და აღზრდის წესი, რომ ადამიანს არ გაახარებს, თუ ის არ არის ისეთი, როგორებიც არიან სხვები. ამიტომ ადამიანსაც ურჩევნია, იყოს ისეთი, როგორებიც არიან სხვები. ასეთია ჩვენი საზოგადოების მოდელი. ამდენად, ცოტა პესიმისტურად ვუყურებ იმას, რომ ცვლილებები ამ მიმართულებით, მოკლე ხანში მოხდება. არსებული ვითარება უნდა მივიღოთ მოცემულობად. ასეთია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ვიღებთ იმ ხელფასს, როგორსაც გვიხდიან; ვიღებთ იმ სიღარიბეს, როგორშიც ვცხოვრობთ და ეს ასახავს ჩვენს არსს. რანიც ვართ, იმას ვიღებთ. სხვა რამ რომ მიიღო, უფრო კარგი და დიდი, მაშინ უნდა შეიცვალო. ჩვენთან კი ცვლილებები არ უნდათ.