დედაკაცები! #6
„ომში მივდივარ, გულში სევდა შემომერია…“
მაშინ, როდესაც, ერთი, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზების მომხრე პოლიტიკური პარტია (თავი რომ „გირჩად“ მოაქვს) თავის ოფისში კანაფს ელოლიავება (სავარაუდოდ, იმიტომ რომ მახათების დეფიციტია) და ირწმუნება, რომ ჯარში გაწვევა ადამიანის უფლებების შელახვაა, საქართველოს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა.
ინიციატივის მიზანია, რომ სამხედრო სამსახური ქალებისთვისაც სავალდებულო გახდეს. ავტორის აზრით, მიუხედავად კანონით განსაზღვრული გენდერული თანასწორობისა, ქალი მაინც სუსტ არსებად განიხილება და ამის აღმოფხვრისკენ მიმავალ ერთ-ერთ ნაბიჯად ქალების ჯარში გაწვევა მიაჩნია.
აქედან გამომდინარე კი, მოითხოვს ცნება „ჯარისქალის“ დამკვიდრებას, თუმცა ეს მოთხოვნა უადგილოა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჯარის-კაცი ჯარის-ქალსაც ნიშნავს. ვინაიდან ამ დალოცვილ ქართულში გენდერული თანასწორობა იმთავითვეა მოცემული: კაცი ქალიცაა (დედაკაციც) და მამაკაციც.
ჯერჯერობით უცნობია, გაიზიარებს თუ არა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ამ ინიციატივას (დღეს არსებული წესით, ჯარში გაწვევა ქალებისთვის ნებაყოფლობითია), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალები ბავშვებსაც აჩენენ და ოჯახებსაც ფრიად წარმატებით არჩენენ, ფაქტია, რომ არც ქვეყნის დაცვა გაუჭირდებათ და იქნებ უკეთესადაც გამოგვივიდეს?! –