კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ნეშტს მალავდა იური ბარამიძე მეგობრის სარდაფში და რა პირობებში მოუწია მას რომის პაპის გადაღება #6

ქართული დოკუმენტურის ფილმის ლეგენდას, იური ბარამიძეს მალე 86 წელი შეუსრულდება. მისი ცხოვრება ბევრ საინტერესო მომენტს მოიცავს. რეზო თაბუკაშვილის პირადი ოპერატორი და ბევრი საინტერესო კადრის ავტორი, თავისი განვლილი გზის შესახებ გვესაუბრა.
იური ბარამიძე: ბახმაროს გვერდით, სურები არის ერთი სოფელი, იქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემი სოფლის იქით გზა აღარაა – უღრანი ტყე იწყება. ადრე ყაჩაღები იყვნენ ხოლმე იქ. ობლად ვიზრდებოდი, მამა ადრე გარდამეცვალა. საშუალო სკოლა სიმწრით დავამთავრე. დედაჩემს კაცისა და ქალის საქმეც შეთავსებული ჰქონდა. მეც ვეხმარებოდი – ბავშვობიდან თოხი მეჭირა ხელში. უფროსი კაცებისთვის ხან წყალი მიმქონდა, ხან საჭმელს ვუკეთებდი. ამაში ფულს მიხდიდნენ და ამ ფულით სკოლის გადასახადს ვიხდიდი. რომ წამოვიზარდე, სოფელში წარმოდგენებს ვდგამდი. ოდა სახლი მქონდა და იქ ვთამაშობდით. თავიდან ამით ვერთობოდი, მერე ხალხს მოეწონა და სიარული დაიწყეს სპექტაკლებზე. მთავრობამ იფიქრა, შეთქმულებისთვის ამზადებს ხალხსო და დამიჭირეს. წამიყვანეს რაიონში და დამკითხეს. რომ დარწმუნდნენ ჩემს კეთილ განზრახვებში უკანვე გამომიშვეს, მაგრამ ერთი პირობით, წარმოდგენის დადგმის უფლება მხოლოდ სკოლაში მექნებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, თბილისში ჩამოვსულიყავი. დეიდაჩემი იყო აქეთ გათხოვილი და დროებით მასთან მეცხოვრა. მოზვერი შეეძინა ჩვენს ძროხას, გავზარდე, გავყიდე და იმ ფულით ჩამოვედი. არც მე ვიცოდი თბილისი და არც დედაჩემმა. სამწუხაროდ, ვერ მოვხვდი ინსტიტუტში, ნაცნობი კიდევ მე არ მყავდა, რომ მომხმარებოდა. ჩაჭრით არ ჩავჭრილვარ - ქულები არ მეყო. ერთხელაც პლეხანოვზე, გავიარე კინოსტუდიასთან და გავიფიქრე, აქ მინდა სწავლა-მეთქი. 9 თვე ვისწავლე იმ სტუდიაში, მერე გამანაწილეს კინოთეატრ „თბილისში”. არ მინდოდა იქ. კინოსტუდიაში მინდოდა მუშაობა, სადაც იღებდნენ ფილმებს, აწყობდნენ სიუჟეტეს და ასე შემდეგ. ბიძაჩემი, მწერალი კაცი იყო. ომში ცალი ხელი დაკარგა და ბოლოს, მწერლობას მიჰყო ხელი. სწორედ ის მიმყვა კინოსტუდიაში. დავიწყე გამნათებლად მუშაობა. მახსოვს, მაშინ ოტელოს იღებდნენ, მერე იყო „ჭრიჭინა” და ბევრი კარგი ფილმი. ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი ოპერატორად. პატარა სიუჟეტებიდან გადამიყვანეს დიდ საქმეზე. „დარტყმა ღრუბლებზე” ჩემი პირველი სერიოზული  გადაღება იყო. ღრუბელს ესროდნენ რაკეტას და იქიდან  წვიმა მოდიოდა.  შევძვერი ლაბორატორიაში, გამოვიტანე მიკროსკოპი და მივამაგრე კამერას. მოკლედ, დეტალებში გადავიღე რა ხდებოდა. კადრებით მოხიბლული დარჩნენ მეცნიერებიც, მსგავსი რამ ჩვენ არ გვინახავსო. ამ კადრებით ავიღე ლომონოსოვის პრემია. დირექტორმა მითხრა,  მინისტრი გიბარებს, მოსკოვში უნდა წახვიდე, კრემლშიო (იცინის). მეგონა, ჩემი ფილმით იყვნენ მოხიბლულები, თურმე რაში ყოფილა საქმე,  ფილმი კი არ აინტერესებდათ, არამედ პროცესი, რომელიც გადაღებული იყო. ამ ამბავზე დიდი ფული იხარჯებოდა, რომელიც უნდა გადმოერიცხათ საქართველოსთვის.
– ხშირად დადიოდით უცხოეთში კადრების გადასაღებად, ბევრი კარგი მოგონება გექნებათ გასახსენებელი.
– საბჭოთა კავშირის დროს რთული იყო სადმე წასვლა, არსად არ გვიშვებდნენ. ამიტომ, ანსამბლებს დავყვებოდით ხოლმე. ერთხელ ასათიანთან ერთად ვიყავი აფრიკაში გადაღებებზე, კერძოდ უგანდაში. 16 დღე არ გავსულვარ სასტუმროდან, სახლში ჯდომა მქონდა მისჯილი (იცინის). მაგრამ, მიზეზი მქონდა. შიდა ომი იყო გაჩაღებული და როგორ გავიდოდი. მერე ვხუმრობდი, გაიგეს გურული რომ ჩავედი და ომი დაიწყეს-მეთქი (იცინის).
– რეზო თაბუკაშვილი თქვენი უახლოესი მეგობარი იყო. ალბათ, ბევრი ისტორია გაკავშირებთ ერთმანეთთან.
– რეზო უდიდესი ადამიანი იყო. დიახ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ერთად. უცხოეთშიც ხშირად დავდიოდით ქართული საქმის გამო. რთულია ამდენი რამის მოგონება და ერთმანეთისგან გამიჯვნა. რეზოს დედა მეუბნებოდა ხოლმე, შენ რომ დადიხარ რეზოსთან ერთად, იმედი მაქვსო. გაგიკვირდებათ და ყველაფერს ვაკეთებდით უფულოდ. ყველაზე რთული იყო მიხეილ თამარაშვილის ნეშტის პოვნა. ქართველი მეცნიერი, რომელმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა, იტალიის ერთ-ერთ სოფელში იყო დაკრძალული.  მე და რეზომ სულ სოფელ-სოფელ ვიარეთ, რომ გვეპოვა. თან, ფულიც არ გვქონდა. ხან ებრაელებისგან ვსესხულობდით, ხან რას ვშვრებოდით, ხან რას. ერთხელ, ვალების გამო რეზომ მანქანაც კი გაყიდა. ბოლოს სოფელ სანტა-მარინელას ერთ-ერთ ეკლესიაში აღმოვაჩინეთ. დიდი წვალების შედეგად, წამოვიღეთ ნეშტი პატარა კუბოთი, გავაფორმეთ საბუთები და გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება. უფულობის გამო, რომელიღაც პანსიონატში შევედით ღამის გასათევად. დერეფანივით ოთახში მოგცეს დაძინების უფლება. შუაღამეს მასპინძელმა წამოგვყარა და წვიმაში გარეთ გამოგვყარა ჩვენი კუბოიანად. იქვე, რაღაც ბაღი ვნახეთ და ხეს შევეფარეთ. იცით, რატომ გამოგვაგდეს? თურმე, ღამე რომელიღაც სტუმარს კუბოსთვის წამოუკრავს ფეხი და კივილი აუტეხია, მიცვალებული ჰყავთო. ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ აეროპორტს. პრობლემა იქაც შეგვექმნა – საზღვარზე ვერ გადმოგვქონდა, მაგრამ იტალიელები დაგვეხმარნენ. საქართველოში რომ ჩამოვედით, რეზომ მითხრა: შენ მიხედე მაგას, ოღონდ არც შენ იცი, სად არის და არც მე. თუ ვინმემ რამე გკითხოს, თქვი, რომ გზაში წაგვართვესო. ვერ გამოვაჩენდით, დაგვიჭერდნენ. ნეშტი მივიტანე ამხანაგის ბინის სარდაფში და ჩავკეტე. ეძებდა პოლიცია, მაკითხავდნენ მეც. ბოლოს რეზომ, როგორც იქნა, დაასაბუთა ამ კაცის ღვაწლი და შემდეგ, დიდი პატივით დაკრძალეს.
– ბევრი ცნობილი ადამიანი გყავთ გადაღებული. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელი იყო, ვინც გადაგიღიათ?
– ისე იყო, რომ ყველას გადაღებას მე მავალებდნენ. რომის პაპი მყავს გადაღებული. მაშინაც რეზოსთან ერთად ვიყავი. ბევრი ვიწვალეთ, საშვი რომ გაგვეკეთებინა. შევედით, როგორც იქნა და დავიწყეთ გადაღება. მოაჯირი სულ ხალხით იყო სავსე. ოპერატორები მოაჯირში იყვნენ თავისი აპარატით გამძვრალები და იღებდნენ. ჩემი აპარატი იმხელა იყო, რა მოაჯირში გაეტეოდა - ძველი მოდელი მქონდა სხვებთან შედარებით. ამიტომ, ავედი მოაჯირზე. რეზოს შეეშინდა და ხელი მომკიდა, თან მითხრა: შენზე კი არ ვნერვიულობ, იქ რომ პრინცესები არიან, იმათ არ დაეცეო (იცინის). ზუსტად 5 წუთი გვქონდა ყველა ოპერატორს, ინდივიდუალურად რომ გადაგვეღო. მოვიდა ჩემი ჯერი და ჩავრთე ჩემი აპარატიც, რომელსაც ბურღივით ხმა ჰქონდა. ყველა გაოცებული მიყურებდა, რითი იღებს ეს კაციო, ზოგს აპარატიც კი გაუვარდა ამ ხმაზე ხელიდან (იცინის).

скачать dle 11.3