როგორ დაკარგა საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების 10 წელი გერმანიაში ნოდიკო ტატიშვილმა და რა საშინელი სტრესის გადატანა მოუწია მას #6
ნოდიკო ტატიშვილი ცოტა ხნის წინ გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ემიგრანტებისთვის კონცერტები ჩაატარა და მათ დაუვიწყარი საღამოები აჩუქა. თუმცა, გერმანიაში ყოფნისას ნოდიკოს ვიღაცამ ჩემოდანი მოჰპარა, სადაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები ეწყო. ამ თემაზე საუბარი ნოდიკოს დღესაც ცუდ ხასიათზე აყენებს და განსაკუთრებულად ნერვიულობს.
ნოდიკო ტატიშვილი: ემიგრანტებისთვის კონცერტი ჩემში გაორმაგებულ ემოციებს იწვევს. გელოდებიან, როგორც ქართველს, მათთვის საყვარელ მომღერალს; ელოდებიან ქართულ სიმღერებს, სითბოს. იმდენად თბილად გხვდებიან, რომ ცოტა ეიფორიაში ხარ. მაგიჟებს, როგორ დეტალურად იციან ყველაფერი ჩემ შესახებ. ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები ხომ სულ მაოცებენ, მაგრამ ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა საერთოდ გამაოცეს. იციან: რომელ გადაცემაში რა ვიმღერე, ვისთან ერთად ვიმღერე, რა მეცვა, ვის რა ვაჩუქე, ვისთან ერთად ვიყავი. ერთი იმასაც მეკითხებოდა: შენ და შენი და ხომ ლონდონში ცხოვრობდით, დედაშენი მასწავლებელი არ არისო. ამით კიდევ უფრო მეტად რწმუნდები, რომ მათთვის საყვარელი მომღერალი ხარ – გაფასებენ და შენს შესახებ ყველაფერი აინტერესებთ.
– ერთ-ერთ რკინიგზის სადგურში ჩემოდანი მოგპარეს, რაზეც ძალიან ინერვიულე...
– კარლსრუეში გაერთიანდა კარლსრუეს და შტუტგარტის კონცერტები. შტუტგარტიდან და ბადენ-ბადენიდანაც ჩამოვიდა მსმენელი. მეორე დღეს მიუნხენში მქონდა კონცერტი. 27 იანვარს დავკარგე ჩემოდანი. შტუტგარტიდან წავედი კარლსრუეში. რკინიგზის სადგურში ბანკომატიდან თანხა რომ გამომქონდა, ახლოსვე მედო ჩემი ორი ჩემოდანი. პატარა ჩემოდანში იყო ლეპტოპი და კიდევ ტანსაცმელი, სხვადასხვა ნივთი. ლეპტოპში მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ბანკომატის ოთახიდან რომ გავხედე ჩემოდანს, ადგილზე იდო. როგორც კი ავიღე ფული, გამოვედი მინებიანი შენობიდან, პატარა ჩემოდანი აღარ დამხვდა. არ ვიცოდი, რა მექნა. გავიქეცი გარეთ, ბაქნებზე ავვარდი, არავინ არაფერი იცოდა. თან, აღმოჩნდა, რომ კარლსრუეში ვიდეოკამერებიც არ დგას, რომ დაეფიქსირებინა, ვის შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია, რაც კომპიუტერში მქონდა, რომ ვამბობდი: ერთი საათით მომცენ, გადმოვწერ ყველაფერს და მერე ვაჩუქებ ლეპტოპს-მეთქი. ვერავინ ვიპოვეთ.
– სამწუხაროდ, შენი სტატუსის შემდეგ, სადაც წერდი ჩემოდნის მოპარვის შესახებ, ვიღაცეებმა დაწერეს: ამას ქართველი იზამდაო.
– ხომ იცი, მქნელმა ერთი ქნა, დამბრალებელმა მეორეო. არასდროს არავისთვის არაფერი დამიბრალებია. რაც ჩემი თვალით არ დამინახავს, იმაზე არასდროს მილაპარაკია. ეს ქართველმა წაიღო თუ სირიელმა, ვერ გავარკვიეთ. ქართველები ძალიან შეწუხდნენ. კარლსრუედან, შტუტგარტიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩაერთნენ. ქართველებში ყველგან ეძებდნენ. ქართველების ამანათებს ვინც აგზავნის, იმ კომპანიიდანაც მომწერეს: თუ ასეთ ლეპტოპს ვნახავთ, მაშინვე გავაჩერებთ ამანათსო. ერთი ამბავი ატყდა, ბევრი ხალხი ჩაერია, უცებ გავრცელდა ხმა. საკონსულოს კომისარმაც დამირეკა: რით გიშველოო. ცუდი ფაქტია, რომ კამერები არ არის და ვიღაცას დააბრალო, ძალიან უხერხულია. რომ ვიკითხე, რატომ არ არის კამერები-მეთქი, ასე მიპასუხეს: მოსახლეობამ მოითხოვა, არ გვინდა, კამერებით გადაგვიღოს ვინმემ, ეს ჩვენი პირადი ცხოვრებააო და არ დააყენეს. კამერები რომ ყოფილიყო, რაღაცას ვიზამდით, რამეს მაინც ვნახავდით. ვიღაც კაცი დავინახე, რომელსაც ჩემნაირი ჩემოდანი ეჭირა, თან ისე ჰქონდა შეკრული როგორც მე. მივედი და ვკითხე: ეს თქვენი ჩემოდანია-მეთქი. გერმანელი იყო, ისე ცუდად შემომხედა, ვიფიქრე: ახლა ამ ჩემოდანს გამომიქანებს-მეთქი. ჩემი კონცერტის ორგანიზატორმა, სოფომ უთხრა: ახლა დაკარგა ჩემოდანი, ზუსტად თქვენნარი და ხომ არ შეგეშალათ, იქნებ გაგვიხსნათ და გვაჩვენოთო. რა უნდა განახო, ეს ჩემი ჩემოდანია, რას მიბედავთო. პოლიციამ რომ დაინახა, ერთი ამბავი ხდებოდა, მოვიდა: რა ხდებაო. სოფომ აუხსნა, რაც ხდებოდა და პოლიციელმაც: უნდა გაუხსნათო. გახსნა, უკაცრავად, ჩემი არ არის-მეთქი და ბოდიში კი არა, შორს დავდექით, რომ რამე არ ჩაერტყა ჩვენთვის. ისე ცუდად ვიყავი, ვერსად ვიპოვეთ. მერე ამბობდნენ: შეიძლება, სირიელები, ან ალბანელების აღებულიაო. პოლიციას რომ ვუთხარით, ჩემოდანი დაიკარგაო, ისე მშვიდად შეხვდნენ, მათთვის ეს ჩვეულებრივი მომენტია. ყველაფერს რომ ქართველებს აბრალებენ, მასეც არ არის საქმე და მეც არანაირი საფუძველი არ მაქვს, ქართველებს დავაბრალო. ყველაფერი რომ დამთავრდა, მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, კიდევ კარგი, პასპორტი ჯიბეში მედო და კიდევ ფლეშკა, სადაც ის სიმღერები მეწერა, რაც უნდა მემღერა, თორემ კონცერტი ვერ ჩატარდებოდა. საქართველოდანაც ვერავინ ვერაფერს გამომიგზავნიდა, რადგან ყველაფერი ლეპტოპში მქონდა. ასეთი დასტრესილი გასტროლი არასდროს მქონია. ახლაც ისეთი დასტრესილი ვარ, წამლებს ვსვამ. არ ვიცი, საიდან მოვიძიო ეს ყველაფერი. ლეპტოპში მქონდა უახლესი 10 წლის მასალა – ჩემი სიმღერები, ვიდეოები, ტექსტები, ფოტოების არქივი, ყველაფერი, დოკუმენტები, ჩემი პირადი რაღაცეები. პირადში არ ვგულისხმობ იმას, რომ ლეპტოპში რაიმე დასამალი მქონდა. „ფეისბუქიც“ რომ გაეტეხათ, არც იქ მაქვს რამე დასამალი. უბრალოდ, შენი პირადი ნივთია, შენი შემოქმედებითი არქივია და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დაკარგე.
– მიუხედავად ამისა, კონცერტმა მაინც შესანიშნავად ჩაიარა.
– მთელი დღე სტრესში, ფიქრებში ვიყავი, მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა, ისეთი თბილები არიან. საათ-ნახევრის ნაცვლად, 2 საათი ვიმღერე. სცენიდან არ მიშვებდნენ. ისიც კი ვუთხარი: თქვენ ხომ იცით, რაც შემემთხვა, ამის გამო ცუდად ვიყავი, მაგრამ ისეთი მუხტი მოდის თქვენგან, ამ 2 საათში ყველაფერი გადამავიწყდა-მეთქი. ისეთი კარგი, აქტიური, თბილი მსმენელი იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ, ცოტა შემიმსუბუქეს მდგომარეობა. კონცერტის შემდეგ ვახშამზე დამპატიჟეს და იქაც ვიგრძენი მათი გვერდში დგომა. მეორე დღეს მიუნხენში ვიმღერე. იმ კონცერტმაც ძალიან კარგად ჩაიარა. მეც სულ ვცდილობ, რომ იმ ორ საათში ემიგრანტები საქართველოში დავაბრუნო, რეალობას მოვწყვიტო. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს გერმანიაში და ზოგადად, უცხოეთში. აპრილის დასაწყისში მე და ნინი ბადურაშვილი ათენში მივდივართ, იქ გვაქვს კონცერტი. მერე მე, თიკა მახალდიანი და სალომე ბაკურაძე მივდივართ იტალიაში, იქაც გვაქვს კონცერტები. ივნისში კი ამერიკაში ვაპირებ წასვლას. ფილადელფიელები მელოდებიან. პირობა მივეცი, რომ ჩავიდოდი და ჩავალ. კარგია ეს ყველაფერი, ლეპტოპი რომ არ დაკარგულიყო. ახალი ვიყიდე, მაგრამ დავხურე ისევ. ოჯახის წევრებიც ნანერვიულები დამხვდნენ. ცუდია, როცა შენს საკუთრებას ვიღაც ეხება, იგივეა, რომ ხელი მოგაჭრან ან ფეხი.
– პირველად აღმოჩნდი ასეთ სიტუაციაში?
– ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ არასდროს არაფერი დამიკარგავს – არც ფული, არც დოკუმენტაცია, არც ტექნიკა. მაინცდამაინც ახლა მოხდა. ზოგადად, ფრთხილი ვარ ასეთ რაღაცეებში. ისე ახლოს მედო ჩემოდნები, თან ბანკომატის შესასვლელში მინიანი კარი იყო და ყველაფერს ვხედავდი. ყველაფერი 20-30 წამში მოხდა. ნელ-ნელა უნდა მოვიძიო მასალები, მაგრამ ყველაფერს ვერ მოვიძიებ. ლეპტოპს არასდროს არსად წავიღებ. ჯობია, სახლში იყოს და მეც უფრო დაზღვეული ვიქნები მსგავსი ინციდენტებისგან.