რატომ არ უნდა გაჰყვეს ცოლად გოგო „მახინჯ ბენძოყ „ქართველ ვაჟკაცს“ – თამუნა მუსერიძის აზრით #6
ტელერადიო წამყვანი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ აქტიურ თემას, ანგარებით ოჯახის შექმნას გამოეხმაურა და 10 მიზეზი დაწერა, თუ რატომ არ უნდა გაჰყვეს ცოლად ქალი „მახინჯ ბენძოყ „ქართველ ვაჟკაცს“. (ციტირება ჩანაწერიდან-ავტორი):
1. ძალიან დიდი შანსია, რომ ბავშვი მამას დაემსგავსოს და არა შენ.
2. ყოველთვის შეგშურდება იმ გოგოების, რომლებსაც ახალგაზრდა და სიმპათიური ქმრები ჰყავთ.
3. აქტიურად ვერ დადებ მის ფოტოს სოციალურ ქსელში, ვერ დააწერ გულებს და ვერ მოგვიყვები, თუ როგორ გიყვარს, ვერც (დუბაიში, გოაზე, ეგვიპტეში) „პლავკებში” გადაღებულ სურათებს გამოაჭენებ. გაგიტყდება.
4. ყოველთვის გეცოდინება, რომ ერთადერთი არ ხარ – როგორც შენ დახამდი, ანალოგიურად არიან სხვებიც. შენს „დათუნიას” კიდევ ჰგონია, რომ: აი, ჯაან საყუარელია და ამიტომ ესევიან გოგოები. შესაბამისად „ნაშები” ყოველთვის ეყოლება.
5. სულ ფორმაში უნდა იყო – სულ, სულ, სუულ. 2 კილოს მომატება ტრაგედია იქნება და ჯანსაღი კონკურენცია მუდმივად დაგანევროზებს
6. რომც არ გინდოდეს, მოგიწევს ცხვირის, ტუჩის, მკერდის, თვალის, შუბლის, ყვრიმალების და ასე შემდეგ, გაკეთება. ასეთ კაცებს, როგორც წესი, „ბარბიაბრაზნი” გოგოები მოწონთ.
7. რა თქმა უნდა, სიმპათიური ბიჭები მოგეწონება და თუ ზედმეტად შენძრეული ხარ, საყვარელს გაიჩენ, თუ არადა, ქმართან სექსის დროს თვალებს დახუჭავ და მას წარმოიდგენ.
8. გიყიდიან დიიიდ „ჯიპს,” მაგრამ შეგიზღუდავენ თავისუფლებას.
9. დაივიწყე სიმპატიური მეგობარი ბიჭები. სულ, რომ ბავშვობის „ძმაკაცი” იყოს, შენი ქმარი მაინც იეჭვიანებს.
10. და ბოლოს ... ქმარი მაშინ მოვა სახლში, როცა მას მოუნდება, მაშინ წავა, როდესაც მას მოუნდება. გააკეთებ იმას, რაც მას ენდომება და მუდმივად იცხოვრებ იმის შიშით, რომ სიმწრით მოპოვებული საზოგადოებრივი სტატუსი, შენზე 10-15 წლით პატარა, შენძრეულმა ნაშამ, თვალსა და ხელს შუა არ აგცინცლოს”.
თამუნას, ამ და კიდევ სხვა, აქტუალურ თემებზე ვესაუბრეთ.
თამუნა მუსერიძე: აქ საუბარია იმ მამაკაცებზე, რომლებსაც გოგონები ფულის გამო მიჰყვებიან. ყველას თავისი არჩევანი აქვს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მსგავსი ცხოვრება. ვერავის მიუთითებ, ვისზე გათხოვდეს და ვისზე არა. ეს იმდენად ინდივიდუალურია, რომ ვერ ჩაერევი. უბრალოდ, ჩამოვწერე მიზეზები, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს მსგავს ქორწინებას. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ფინანსურად კარგი მდგომარეობა არ აქვთ, არც მუშაობა შეუძლიათ და არც ოჯახის შენახვა. ამიტომ, ირჩევენ შედარებით მარტივ გზას. თუმცა, ამ მარტივი გზის უკან ბევრი რამე დგას.
– როგორ ფიქრობ, ამ მხრივ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა?
– მარტო გოგონებისთვის არ არის ეს საკითხი აქტუალური. ამას წინათ, მე და ჩემი მეგობრები ვლაპარაკობდით ზუსტად ამ თემაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ბოლო დროს ბიჭებიც თხოვდებიან, მარტო გოგონებს ნუ დავწამებთ ცილს. ნამდვილად არსებობენ ბიჭები, რომლებიც თხოვდებიან. დიახ, საგანგაშო მდგომარეობაა ის, რომ ბიჭები თხოვდებიან. რაც შეეხება ქალის გათხოვებას ფინანსური დაინტერესების გამო, ეს არც ახალი ამბავია, არც ახლა დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება. მთელ მსოფლიოში ასეა – ქალბატონები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, სტატუსი, მდგომარეობა და ფინანსური უზრუნველყოფა მოიპოვონ ცხოვრებაში.
– თამუნა, „ერთხელ გაიგულავა და მორჩა“ – ამ საკითხის მიმართ, როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც მსგავს რაღაცეებზე თვალს ხუჭავს. სამწუხაროა თუ საბედნიერო, ეს ჯერ არ ვიცი. ნამდვილად ვერ ვაპატიებ საყვარელ ადამიანს გაგულავებას ვერც ერთხელ, ვერც ორჯერ და ასე შემდეგ. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა სქესობრივი აქტი შედგება თუ არა. მეც ვყოფილვარ ღალატის მსხვერპლი, ამაზეც ბევრი დაწერილა და ასევე, ბევრი უსაუბრიათ. ამიტომ, აღარ განვიხილავ. უბრალოდ, საყვარელ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს მეგობარი იქნება, ქმარი, თუ – ვინ, ღალატის გარდა, ყველაფერს ვაპატიებ.
– როგორ ფიქრობ, რატომ ღალატობენ?
– არ ვიცი, რატომ ღალატობენ, ყველას თავისი მიზეზი აქვს. ის, რომ ცოლები ან ქმრები არ უყვართ, ასე არ მგონია. თუმცა, თუ, ოჯახში ნამდვილი სიყვარულია, ალბათ, იქ ღალატიც არ იქნება. არის მამაკაცების კატეგორია, რომლებსაც უყვართ და მაინც ღალატობენ, იმიტომ რომ, სხვაგვარად არ შეუძლიათ. გააჩნია კაცს როგორია. თუმცა, ფაქტია, რომ კაცები მაშინ ღალატობენ, როცა უნდათ. ის, რომ ამაში ქალმა თავი დაიდანაშაულოს, ქმარმა იმიტომ მიღალატა, ეს ჩემი ბრალი იყოო, აბსოლუტურ მარაზმად მიმაჩნია.
– ეჭვიანი და პანიკიორი ცოლი ხარ?
– როგორც ასეთი, ეჭვიანი არ ვარ, უფრო მესაკუთრე ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც მიიჩნევს, რომ, რაც მისია – მისია. მაგრამ, თუ ერთხელ ეჭვი შევიტანე ადამიანში, მერე მთელი ცხოვრება მექნება მის მიმართ ეჭვები. საერთოდ, არ ვარ პანიკიორი. არ შემიძლია, ეს ჩხუბები და ისტერიკები. ბავშვსაც კი ვერ ვეჩხუბები – არასდროს მიყვირია და არ დამირტყამს მისთვის ხელი. ბოლომდე უნდა გამომიყვანოს ადამიანმა მდგომარეობიდან, რომ ვიყვირო ან რაიმე მსგავსი გავაკეთო. თუ, ჩემი ქმარი ღამის 2 საათზე არაა სახლში, ვიცი, სადაც არის. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მექმნება.
– სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ სტატუსი დაწერე: „გაშვილება თუ აბორტი“. რატომ დაწერე და შენ რომელს ემხრობი?
– (იცინის) იმიტომ დავწერე, რომ სერიალია: „ახალგაზრდა რომის პაპი“, სადაც მთავარი გმირი მთელი ერთი სეზონი ეძებს მშობლებს, რომლებმაც გააშვილეს. იმდენად იტანჯება ეს ადამიანი, რომ ამბობს: მე ღმერთის არ მწამს, იმიტომ რომ, ჩემს მშობლებს ვერ ვხედავო. ძალიან ჩამითრია ამ სერიალმა და ძალაუნებურად, გამიჩნდა ეს კითხვა: როგორც მშობლებისთვის, ასევე ამ ბიჭისთვისაც, რომელი ჯობდა – თავის დროზე, ვიდრე ნაყოფი ჩამოყალიბდებოდა გაეკეთებინათ აბორტი, თუ მსგავსი სატანჯველისთვის გაემეტებინათ? ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავწერე საჯაროდ, რომელია უმჯობესი-მეთქი. პირადად პასუხი არ მაქვს, რადგან ძალიან რთული თემაა. ან მაქვს ისეთი პასუხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, კარგ ემოციას არ გამოიწვევს, ამიტომ თავს შევიკავებ.
– ზოგადად, აბორტის წინააღმდეგი ხარ?
– აბორტის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ვარ. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი საშიშროებას უქმნის დედის ჯანმრთელობას ან შეიძლება, მერე პრობლემაში გადაიზარდოს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, გამართლებულია. თუმცა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. ძალიან ბევრი ოჯახია, შვილი არ უჩნდებათ და იტანჯებიან. ასევე, არსებობენ ისეთები, აბორტს რომ იკეთებენ და ახალ სიცოცხლეს კლავენ.
– როდის იწყება ოჯახურ თანაცხოვრებაში პრობლემები? ყოფილ მეუღლეებთან, როგორი ურთიერთობა გაქვს?
– არ ვიცი, ესეც ინდივიდუალურია. მთავარია, მე არ მაქვს პრობლემები (იცინის). წარსულში ცოტა ხანი ვიყავი გათხოვილი და იმის მიხედვით ვერ ვილაპარაკებ. თან, ორივე შემთხვევა სხვადასხვა იყო. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეებს, მათზე არ ვლაპარაკობ. ახლანდელ მეუღლეს არ ესიამოვნება, რომ დავდგე და მათზე ვისაუბრო. შესაბამისად, ვითვალისწინებ რაღაცეებს და რატომ უნდა ვაწყენინო ადამიანს, რომელიც მიყვარს და რატომ შევიქმნა ამით პრობლემები.
– უნდა ეხმარებოდეს თუ არა ქმარი ცოლს ჭურჭლის გარეცხვაში, ბავშვის მოვლასა და ასე შემდეგ?
– გენდერული თანასწორობა არის და უნდა იყოს ყოველთვის ყველა ოჯახში. თუმცა, კაცი მაინც კაცია, კაცს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი. ქმარი უნდა იყოს ქმარი და ცოლი – ცოლი. მოვალეობები, როგორც ასეთი, განაწილებული არ უნდა ჰქონდეთ: მოდი, ახლა მე ჭურჭელს გავრეცხავ და შენ წადი, ნაგავი გადაყარე. ისეთ ოჯახში გავიზადე, რომ მამა იყო მამა, დედა – დედა. ვერ ავხსნი, ახლა რა არის კაცის ფუნქცია ოჯახში და რა – არა. იმისთვის არსებობს მამრობითი სქესი, რომ იყოს ოჯახის უფროსი. ქალი არ უნდა შეიჭრას ზედმეტად კაცურ საქმეებში. მე არ ვამბობ იმას, რომ კაცმა მუშტები აბრახუნოს მაგიდაზე, იგინებოდეს და ასე შემდეგ. ვგულისხმობ, როგორც ადრე იყო – კაცს ჰქონდა თავისი როლი და თავისი ადგილი, ანალოგიურად, ქალსაც, ისე უნდა იყოს დღესაც.
– როგორც შენ, ასევე სანდროსაც დატვირთული რეჟიმი აქვს. ეს დისკომფორტს ხომ არ იწვევს თქვენ ურთიერთობაში? როგორც ვიცით, საკმაოდ რომანტიკული წყვილი ხართ...
– როცა სანდროს სპექტაკლები და რეპეტიციები აქვს, დღის განმავლობაში არ არის სახლში. ორივე დაკავებულები ვართ, ვმუშაობთ და ამან დისკომფორტი რატომ უნდა გამოიწვიოს?! რომანტიკოსები, როგორც ასეთი, არ ვართ. ეს ტყუილია (იცინის). უბრალოდ, გვიყვარს ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება. რომანტიკულია, რომელიც ღამე მიდის და ვარსკვლავებს უყურებს, მზის ჩასვლა უხარია და ასე შემდეგ. ერთმანეთისთვის საჩუქრის ჩუქება რომანტიზმი კი არა, ჩვეულებრივი ცხოვრებაა. თუმცა, ჩვენც გვქონია მსგავსი მომენტები. დასასვენებლად რომ ვიყავით, გავსულვართ გარეთ და გვიყურებია ვარსვლავებით მოჭედილი ცისთვის.