კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აყვირებდნენ სამი დღის განმავლობაში ფილიპინებზე ნუკა ყარალაშვილს და რას გადაურჩა ის ფინალის დღეს #6

„მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილი ცოტა ხნის წინ „მის უნივერსზე“ იმყოფებოდა. მან საქართველო ღირსეულად წარადგინა – ძალიან ლამაზად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. საკუთარი თავისა და ქვეყნის ერთ-ერთი წარდგენისას ნუკას ყვირილი დასჭირდა, ისევე როგორც დანარჩენ მონაწილეებს, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამას თავად ნუკა მხიარულად და თვითირონიით შეხვდა – სოციალურ ქსელში დაწერა: „მომეწონა ყველა გიფი, რაც „ყარალაშვილი ჯორჯიას“ მოჰყვა. ალბათ, „მის სამყარო“ რომ გავმხდარიყავი, ასე მაინც ვერ ავალაპარაკებდი მთელ საქართველოს“.
ნუკა ყარალაშვილი: ფილიპინებზე პირველად ვიყავი, საოცარი შთაბეჭდილებით დავბრუნდი საქართველოში. რომ ჩამოვედი, იმ ღამეს ვბოდავდი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა წამოსვლა არ მინდოდა. ძალიან კარგი ქვეყანაა და თან, „მის სამყაროს“ წარმომადგენლები განსაკუთრებულ პირობებში ვიმყოფებოდით. ხალხის დამოკიდებულება იყო გასაოცარი. იქ ძალიან უყვართ კონკურსები, შეიძლება ითქვას, რომ გიჟდებიან და მთელი ფილიპინები გველოდებოდა. ფილიპინების სახელმწიფომ ძალიან დიდი თანხა გადაიხადა იმისთვის, რომ კონკურსი მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო და მოსახლეობა გაეხარებინა. ალბათ, ანჯელინა ჯოლის ჩასვლა ისე არ გაუხარდებოდათ, როგორც ჩვენი. თითოეული კონკურსანტის შესახებ ზეპირად იცოდნენ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა დეტალი. ქუჩაში დაცვის გარეშე არ დავდიოდით და დაცვა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, სიყვარულისგან მოვეკალით. ყველას ფოტოს გადაღება უნდოდა. ამ კონკურსების ფანატიკოსები არიან.
– როგორ ატარებდით კონკურსის მოსამზადებელ პერიოდს?
– რა თქმა უნდა, ჩასვლისას დიდი დახვედრა მოგვიწყვეს – თავისი კამერებით, ფოტოგრაფებით. რაც იქ ვიყავით, ყოველდღე თმის, ტანის მოვლის საშუალებებით, კაბებით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიით გვასაჩუქრებდნენ. სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთ ადგილას – არასდროს. დღის განრიგი გვქონდა ძალიან გადატვირთული, დილის 5 საათზე ვიღვიძებდით, რომ მოვწესრიგებულიყავით და შემდეგ გვესაუზმა. სხვადასხვა გადაღებაზე, შეხვედრებზე დავდიოდით. პრეზიდენტიც გავიცანით. მასთან ვივახშმეთ და შემდეგ ოფიციალურად წარვდექით მის წინაშე –  ხელის ჩამორთმევით, ფოტოთი. კონკრუსზე „ბოის თუ მენი“ ჩამოვიდა, თან, მანამდე საქართველოში ჰქონდათ კონცერტი და ვერ წავედი, რადგან ფილიპინებზე ვიყავი. ფინალამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდნენ და ვამბობდი: თბილისში რომ ვერ წავედი მათ კონცერტზე, აქ ჩამომაკითხეს-მეთქი. გავესაუბრე, მითხრეს, რომ ძალიან მოეწონათ საქართველო და კარგი დახვედრა მოუწყვეს. წამყვანი ისევ სტივ ჰარვი იყო, რომელსაც შარშან გამარჯვებულის ვინაობა შეეშალა. თანაწამყვანი ეშლი გრამი იყო, ცნობილი ტოპ-მოდელი. „მის სამყარო“ ჩემი მეგობარი გახდა – ფრანგი გოგონა, რომელმაც წელს ეს ტიტული მოიგო. საფრანგეთის, გერმანიის წარმომადგენელი და მე, განსაკუთრებულად ვმეგობრობდით, რადგან სულ ერთად გვიწევდა ყოფნა. სცენაზეც ერთად გამოვდიოდით. ვხუმრობდით: ევროპული გუნდი ვართ და ერთხელ ვინმე ევროპელი ხომ უნდა გახდეს „მის სამყაროო“ – გაიმარჯვა კიდეც „მის საფრანგეთმა“.
– მას თავიდანვე მოიაზრებდნენ გამარჯვებულად?
– ყველაზე ვიფიქრებდით, საფრანგეთის გარდა. გვირგვინი რომ დაადგეს, შოკში იყო: რა ხდება, ვერაფერი გავიგეო. გვეგონა, ლათინური ამერიკის ქვეყნიდან გაიმარჯვებდა ვინმე. ძალიან მომწონს ეს გადაწყვეტილება და ზოგადად, ბევრი გოგო იმსახურებდა ამ გამარჯვებას. თუმცა, ბევრი ლამაზი გოგო დარჩა ტოპ-თორმეტის მიღმა. პირადად მე, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად წარვადგინე ჩვენი ქვეყანა, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიე, რაც მინდოდა. თუმცა, მე ყველაფერი გავაკეთე.
– შენი ყვირილით ყველას დაამახსოვრე თავი და სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიე. თუმცა, შენზე არანაკლებ ყვიროდნენ სხვა მონაწილეები. მათ ფონზე შენი წარდგენა არაფერი იყო.
– 20 ათასი მაყურებელი ჰყავდა კონკურსს, ძალიან დიდი დარბაზი იყო და ყველას უნდა გაეგო, ვინ ვიყავით. პირველად ყველა  გამოვედით, წყნარად, ჩავიბუტბუტეთ სახელები. მაგრამ მერე, რეპეტიციებზე სამი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება, ხმამაღლა უნდა გვეყვირა და გვეღრიალა. გვავარჯიშებდნენ ყვირილში. ისე, მე კიდევ კარგად ვყვირი სხვებთან შედარებით. გადაცემის ფორმატია ასეთი. გადავრჩით, ფინალზეც რომ არ გვაყვირეს. მთავარია, რომ ლამაზად და კარგად გამოვედი, ყველას მოეწონა. უნდა მეყვირა და მგონი, კარგად ვიყვირე. მერე მეც ვხალისობდი ამაზე. გოგონებსაც დავუძახე, ოთახში შემოვიყვანე:  მოემზადეთ, თქვენი ყვირილი უნდა მოგასმენინოთ-მეთქი. ყველანი ვიცინოდით, თუმცა ვიღაცეები ცდილობდნენ, დაემალათ. ახლაც, სახლში რომ ჩამოვედი, ჩემებთან ერთად ვუყურებდი და ვიცინოდი. ფაქტია, რომ ძალიან სასაცილოა.
– როგორ ჩაიარა საფინალო შოუმ?
– გრანდიოზულად და ლამაზად. ბევრ კონკურსზე ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი ორგანიზებული არსად მინახავს. „მის საქართველოს“ კონკურსში მხოლოდ იმიტომ უნდა მიიღო მონაწილეობა, რომ მერე „მის სამყაროზე“ წახვიდე. ყველა საოცრად პროფესიონალია და შენც ამ პროფესიონალიზმს ეჩვევი. ხვდები, სად იყავი და სად მოხვდი. როგორც ყველა კონკურსი, ესეც სტრესულია, მაგრამ ძალიან არა. ყოველი დღით სიამოვნებას ვიღებდი, ვტკბებოდი, რადგან ვიცოდი, ეს დღეები აღარ განმეორდებოდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საქართველოში წამოსვლა აღარ მინდოდა – ჩემი კარგი ცხოვრების მიტოვება და დათმობა. ახლაც აგონიაში ვარ. რა თქმა უნდა, მეგობრები, ოჯახი მენატრებოდა, მაგრამ მაინც დამწყდა გული. მომავალში, ალბათ, „მის უნივერსზე“ წავალ სტუმრის სტატუსით და საქართველოს კონკურსანტს ვუგულშემატკივრებ.
– როგორი იყო შენ მიმართ დამოკიდებულება – ერთ-ერთ ფავორიტად თუ მოიაზრებოდი?
–  ყველა აღნიშნავდა, რომ განსხვავებული და გამორჩეული ვიყავი – როგორც პროფესიონალ მოდელს, ისე აღმიქვამდნენ. ყველას მხრიდან ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი, რაც დღემდე მახარებს.
– რომ ჩამოხვედი, მეგობრებმა სიურპრიზი მოგიწყვეს?
– აეროპორტში ჩემი ძმა დამხვდა და სახლში რომ მოვედი, ჩემი მეგობრები დამხვდნენ, ძალიან გამახარეს.
– კიდევ აპირებ სხვა კონკურსში მონაწილეობას?
– არა. მორჩა ჩემი კონკურსები. თან, ამაზე კარგ კონკურსზე ვერსად წავალ. ვფიქრობ, კარგად დავამთავრე კონკურსებში მონაწილეობა. გული არაფერზე მწყდება, რადგან ყველაფერი კარგად გავაკეთე.

скачать dle 11.3