კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვეღარ გაუძლო დათუნიკა სხირტლაძის გულმა და როგორ შეეძლო მას საკუთარი სიცოცხლის დათმობა, სხვის დასახმარებლად #6

ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად ყველასთვის საყვარელი ქართველი ხელოვანი, დათუნიკა სხირტლაძე გარდაიცვალა. თუ არსებობს დიდებული სიკვდილი, ეს დიდი ხელოვანისთვის, ალბათ, სწორედ სცენაზე აღსასრული, მაყურებლისგან მიღებული უდიდესი სიყვარულისა და ოვაციის ფონზე, შეიძლება იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძის შემთხვევაში, ეს უდროოდ და თან, სწორედ მაშინ მოხდა, როცა ის ოცი წლის ნანატრი შვილის დაბადებას ელოდა. პატარა დავით-თევდორე მამის დაკრძალვის დღეს მოევლინა ქვეყანას.
მზია ჯინჭარაძე (დათუნიკა სხირტლაძის მეუღლე): დავითი ოცი წელი ელოდა შვილის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებას. მე ეს სიხარული მისთვის მინდოდა. რომ გაიგო, ბიჭი უნდა დაბადებულიყო, შიშმა შეიპყრო: ნეტავ, ჩემი გული თუ გაუძლებს ამ სიხარულსო?! ბედნიერებისგან დაფრინავდა და მეც ამით ვიყავი ბედნიერი. შემდეგ სასწაული მოხდა – მამა-შვილმა ადგილები გაცვალა. მამა წავიდა, პატარა კი ამქვეყანას მოევლინა. მისი დაბადების სიხარული და ბედნიერება თავიდან ვერ აღვიქვი, მაგრამ დღეს უკვე მთლიანად მისით ვცხოვრობ და უპირველესად, მინდა, რაჭას ვაჩუქო მეორე დავითი. პატარა ძალიან ჭკვიანია. თითქოს გრძნობს, რომ მამა არ დახვდა ამქვეყნად. ხვდება, რომ დიდი მისია დამეკისრა და თვითონ არ მაწუხებს.
– ასეთ დროს გარდაცვლილის ახლობლები ხშირად საუბრობენ მოვლენებზე, რომლის ახსნაც ადამიანებს გვიჭირს.
– მე არც მანამდე მქონია წინათგრძნობა, რომ დავითი ამქვეყნიდან უნდა წასულიყო. სასწაულია, მიკვირს, რომ ვერაფერი ვიგრძენი და არც გარდაცვალების შემდეგ ვგრძნობ რამე ზებუნებრივს. ალბათ, იმიტომ რომ, გონებაში დღემდე არ შევუშვი დავითის გარდაცვალების ამბავი. ის ძალიან ხშირად დადიოდა მივლინებებში და ჩემი ცნობიერება თითქოს დღემდე ასე ხსნის მის არყოფნას. რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი იყო სტუმრად და ღამე დარჩა, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი. ღამეები თითქმის არ მძინავს, თან ბავშვს ვაჭმევ ყოველ სამ საათში. იმ ღამითაც ფეხზე ვიყავი და დავდიოდი. შუაღამით ჩემმა მეგობარმა კივილით გაიღვიძა – ვაიმე, დავით სხირტლაძე აქ არის, რომ დადიხარ უკან დაგდევსო. უფრო ადრე, სიზმარშიც უნახავს. უთქვამს: მზიას მიხედეო. მაგრამ პირადად მე მსგავსი არაფერი მინახავს. ალბათ, რცხვენია ჩემთან მოსვლის, შუა გზაზე რომ მიღალატა და მიმატოვა.
– თქვით, მიკვირს, რომ გარდაცვალების შესახებ წინათგრძნობა არ მქონიაო. რას გულისხმობთ, აქამდე გქონიათ მსგავსი წინათგრძნობა?
– ბოლო დროს, საქმეების გამო, მე ხშირად თბილისში ყოფნა მიწევდა. ის რაჭაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან შორს ვიყავით, რამე თუ დაემართებოდა, მაშინვე ვგრძნობდი. გაკვირვებული იყო ხოლმე, ღამე რომ გაჭირვებია და არ უთქვამს, მე დილით, მოულოდნელად, ჩავსულვარ. მე ბოლო დღეებშიც აქ ვიყავი, ბავშვს ცხრა იანვარს ველოდებოდით. დავითი იქ კულტურის ცენტრის დირექტორი იყო, 28-ში კონცერტი ჰქონდა და შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ, სთხოვეს, რომ 30-ში სამთავრობო კონცერტიც ჩაეტარებინა. ვეუბნებოდი: უთხარი, შვილს რომ ელოდები და წამოდი-მეთქი, მაგრამ უარის თქმა არ შეეძლო და დარჩა. ამიტომ, გადავწყვიტე, მე ჩამეკითხა მისთვის მოულოდნელად. ძალიან უყვარდა, ახალ წელს ბუხარში ცეცხლი რომ გიზგიზებდა და ვიფიქრე, ბუხარში ცეცხლს დავახვედრებდი და ოცწლიანი ლოდინის შემდეგ, პირველად დავლევდით სადღეგრძელოს, როგორც დედა და მამა. რაჭაში რომ ჩავედი, უკვე გვიანი იყო და კონცერტზე მისვლა ვეღარ მოვასწარი. რვის ნახევარზე დამირეკა: მზიკო, ახლა კონცერტს დავამთავრებ და მალე მოვალო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. ერთ საათში დამირეკეს, დავითი ცუდადაოო. ვიფიქრე, უბრალოდ, წნევამ აუწია-მეთქი, მაგრამ საავადმყოფოში რომ მივედი, იქ ტრაგედია დამხვდა. მეუბნებიან, რომ სცენაზე გარდაიცვალაო. თუმცა, მე იმ კადრების ნახვა არ შემიძლია. განსაკუთრებით უყვარდა თავისი კუთხე. ნაქერალას რომ გადმოლახავდა, მანქანას გააჩერებდა, მიწას ჰკოცნიდა და ამბობდა: ეჰეჰეი, ჩემო რაჭა, შენ ხარ ჩემი შვეიცარია და საფრანგეთიო. სოფელში დაბრუნდა და მისი შემხედვარე ბევრი აკეთებდა იგივეს. დილით ვენახს საკუთარი ხელით წამლავდა, მერე დაიბანდა და საღამოს გერმანიასა და საფრანგეთში მიფრინავდა. ამბობდა: თევდორიკას შვილიშვილო, ახლა გერმანიაში უნდა გაიტანო საქართველოს სახელიო. აფრიკაში ჰქონდა კონცერტი. ვფიქრობდი, რით გავაკვირვებ აფრიკელებს, მაგრამ გავგიჟდი, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ყველა აფრიკელი ცეკვავდა და ქართველი ჯეკსონი დამარქვესო.
ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მე გადაწყვეტილი მქონდა, მონასტერში წავსულიყავი მონაზვნად, მაგრამ ახლა უფლება არ მაქვს ეს გზა ავირჩიო, რადგან პატარა უნდა გავზარდო. დავითის ნაკვალევს, მის სახლ-კარს, ვენახებს, ვერ გავანადგურებ. ამიტომაც მოვითხოვე მისი სამსახური, რომელიც დღეს ვაკანტურია. აქამდე დათუნიკასთან ვიყავი შეუღლებული და დღეს უკვე – რაჭასთან ვარ. ახლა მე უნდა გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მას უნდოდა.
– გარდაცვალების მიზეზი გული გახდა?
– ის ძალიან ემოციური იყო. ოცი წლის ნანატრ ვაჟს ელოდებოდა და ეტყობა, მისმა გულმა ამდენს ვერ გაუძლო. მაყურებელს თავი დაუკრა, მადლობა გადაუხადა, მაგრამ თავი ვეღარ აწია. რაჭველებს ვუთხარი: მან არა მარტო რაჭული ცეკვა, გულიც გაჩუქათ სცენაზე-მეთქი. ნამდვილი ხელოვანის ნატვრაა, რომ სული სცენაზე დალიოს, მაგრამ მისთვის ეს ნაადრევი იყო. ამიტომ, უსამართლობაა. ზუსტად იმ დროს, როცა მისი ცხედარი სახლის ზღურბლთან იყო და საკუთარ ოჯახს ემშვიდობებოდა, დაიბადა მისი ბიჭი და ეზოში პატარა ბავშვის ტირილის ხმა გაისმა (სამშობიაროდან დაგვირეკეს და მიკროფონით ვუსმენდით პატარას ხმას). ეს სასწაული სცენა იყო, სიკვდილ-სიცოცხლე ერთმანეთს შეეჯახა და მე გამახსენდა დათუნიკას ლექსი: „სიკვდილო, ახლა ხომ ვართ მე და შენ ბარიბარსაო“. თითქოს კერია ქრებოდა, მაგრამ ამ პატარა ბიჭის დაბადებით ნაპერწკალი გაჩნდა.
– როგორ გადაწყვიტეთ სუროგაციისთვის მიგემართათ?
– პირველი ხუთი წელი ვცდილობდით, ბიოლოგიური გზით გაგვეჩინა შვილი. მკურნალობის კურსები გავიარეთ, მაგრამ უშედეგოდ. დათუნიკას საყვედური არასდროს უთქვამს. ძალიან ღვთისმოშიში იყო და უფალს არ შევეწინააღმდეგოთო, სულ ამას მეუბნებოდა. მეც ღვთისმოშიში ვარ, ჩემი მოძღვარი მყავს. წლების წინ მოვინდომე ხელოვნური ჩასახვისთვის მიმემართა, მაგრამ ეკლესია წინააღმდეგი წავიდა და ამიტომ თავი შევიკავე. შემდეგ ასაკის გამო ვეღარ გავბედე ამის გაკეთება და საბოლოოდ, სუროგაციის გზას მივმართე. მაგრამ, ჩემს მამაოს არ ვუთხარი, რადგან ვიცოდი, ამიკრძალავდა. მე კი არ მინდოდა, რომ დათუნიკას ჯიში ნაშიერის გარეშე დარჩენილიყო. რაჭიდან ამ საქმისთვის რომ წამოვედი, ღმერთს შევთხოვე: უფალო, თუ ინებებ, ამ კაცის ნაშიერი გაჩნდეს, ხელი შემიწყვე, თუ ვცოდავ, ან ფეხი მომტეხე, ან ხელი-მეთქი. უფალი ყველაფერში დამეხმარა და ბიჭი გვაჩუქა, საუბედუროდ, ამას მამამისი ვერ მოესწრო.
– რამდენადაც ვიცი, პატრიარქსაც შეხვდით.
– პატრიარქი ჩვენ გვსტუმრობდა რაჭაში და მისი სატრაპეზოს თამადა ყოველთვის დავითი იყო. დათუნიკას უთხრა, ბედნიერი ვარ ასეთი ქართველი რომ გავიცანიო და კისერზე მოეფერა. დათუნიკას პატრიარქის იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა, რომ ამის შემდეგ, ერთი თვე არ დაუბანია. ვეუბნებოდი, უთხარი პატრიარქს ჩვენი გაჭირვების შესახებ და იქნებ დაგვეხმაროს-მეთქი. ამხელა კაცს ამით ვერ შევაწუხებო, ამბობდა. მაგრამ მე, ნახევრად კოლხს, რა მომათმენინებდა. თბილისში რომ ჩამოვედი, საპატრიარქოში შევედი, პატრიარქს შევხვდი და ბავშვის შვილად აყვანის საქმეში დახმარება ვთხოვე. მიყურა და მითხრა: მე როგორც ვხედავ, ორივე ცოლ-ქმარი უფალს უყვარხართ, ამიტომ მას მიენდეთო და დამლოცა. იმ დღიდან ერთ თვეში მივიღე ეს გადაწყვეტილება. ბავშვს რომ ველოდით, დაახლოებით ოცი დღით, ადრე რაჭის მეუფესთან მივედით ორივე ცოლ-ქმარი და აღსარება ვუთხარით. მეუფემ გვითხრა, რომ გველოცა. მაშინ პირველად თქვა დავითმა, რომ სიბერეში ბერად აღკვეცა ჰქონდა გადაწყვეტილი. მისი წინაპრებიც ბერები იყვნენ და მე შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დავითის სახით, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დიდი ბერი დადიოდა.
– მისი მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ საოცრად გულიანი ადამიანი იყო.
– მამის გარდაცვალების შემდეგ მეორმოცე დღეს ნერვიულობისგან გულის შეტევა მოუვიდა. მისი ფეხზე ადგომა და საავადმყოფოდან გასვლა არ შეიძლებოდა. ამ დღეს ოპერაში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვისთვის ანსამბლი „შინი“ ატარებდა კონცერტს. მაშინ დათუნიკა ამ ანსამბლის სოლისტი იყო, თუმცა, ექიმმა ფეხზე ადგომა აუკრძალა და კონცერტში მონაწილეობაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. როგორც კი ექიმი წავიდა, ის მაშინვე ადგა ჩაიცვა და განაცხადა, აუცილებლად უნდა წავიდეო. რეკლამაში ერთი ბავშვის სახე ტრიალებდა, ამბობდა, მეც მჭირდება დახმარეობაო და აი, ამ ბავშვის დასახმარებლად უნდა წავიდე, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდესო. წავედით წამლებით ხელში, ყველა გაგიჟდა მის დანახვაზე. ასეთი იყო, შეეძლო საკუთარი სოცოცხლე უყოყმანოდ დაეთმო სხვის გადასარჩენად.

скачать dle 11.3