კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ამერიკელი სენატორი ერეკლე წულაძის ნამუშევრის მფლობელი და რატომ ირჩევენ მილიონერები მის ქანდაკებებს #6

მოქანდაკე ერეკლე წულაძე ხელოვანების ოჯახში დაიბადა და მხატვრობისადმი, ქანდაკებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. დღეს ის ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც როგორც თბილისში, ასევე ბაქოში, პრესტიჟულ სასტუმროებშია გამოფენილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ყიდულობენ. ნიჭიერ მოქანდაკეს საინტერესო ხელწერით, სამომავლოდ ბევრი  გეგმა აქვს, რაც ძირითადად უცხოეთს უკავშირდება.
ერეკლე წულაძე: ბაბუა არქიტექტორი იყო, მამა – მოქანდაკე. დედა სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა კერამიკის ფაკულტეტზე და სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი. ბიძაც მოქანდაკეა. მოკლედ, ასეთ გარემოში ვიზრდებოდი და ხელოვნებაც ჩემს ცხოვრებაში თავისით შემოვიდა. სამი წლის ასაკში ვძერწავდი, ვერთობოდი. თუმცა უფრო მეტად ხატვა მომწონდა. ბაბუა მკაცრი კაცი იყო. ვიცოდი, სადაც ინახავდა საღებავებს, ჩუმად ვიღებდი და მერე ჩემს დას ბრალდებოდა. შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმიყვანა ბებიამ, სადაც ქანდაკების წრეზე დავდიოდი. ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერიაში გვქონდა გამოფენები. მეც ვმონაწილეობდი, დიპლომებს ვიღებდი. ძალიან კარგი სიტუაცია იყო. პარალელურად, ბაბუას და მამას მხატვრებთან დავყავდი სახელოსნოებში. ფერთა პალიტრა, გარემო ჩემზე ძალიან მოქმედებდა. ნელ-ნელა ხატვისკენ გადავიხარე. 12 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩატარდა ფესტივალი, სადაც გავიმარჯვე. ფესტივალში ბავშვები 70 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ყველა ქვეყნიდან საუკეთესო ნამუშევარს ირჩევდნენ და საბოლოოდ, ყველა ნამუშევარი იგზავნებოდა იაპონიაში, ბავშვთა მუზეუმში. ზაფხულის პერიოდში ფარეხის საღებავებითა და კბილის ჯაგრისით დავხატე ძაღლი. შემდეგ ეს ნახატი აღმოჩნდა ეროვნულ მუზეუმში, გავხდი ჯილდოს მფლობელი და გაიგზავნა იაპონიაში, სადაც დღესაც ინახება. ამის შემდეგ გავხდი პრეზიდენტის სტიპენდიანტი, იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალი, სადაც გავიმარჯვე და წარმატებას მივაღწიე. თან, ეს ხდებოდა დაახლოებით 15 წლამდე. პარალელურად, ფეხბურთზე დავდიოდი – ფეხბურთელობასაც ვაპირებდი, მაგრამ საბოლოოდ, მოქანდაკის პროფესია ავირჩიე. მამაჩემმა მითხრა: მინდა, ჩვენი საგვარეულო საქმიანობა გააგრძელოო. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ საბოლოოდ, დავუჯერე. სწავლის პერიოდში ლექტორმა მითხრა: არაფერს აკეთებ, მამაშენს მაინც გამოაძერწინე, რომ ნიშანი დაგიწეროთო. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, სახლში მოვედი გამოვძერწე და ყველაზე მაღალი ქულა დამიწერეს. ამის მერე საბოლოოდ დავინტერესდი ამ პროფესიით. გარდა ამისა, გამიჩნდა ინტერესები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების მიმართ. სანათების, ჭაღების კეთება დავიწყე. თბილისში ყველაზე საუკეთესო შოურუმები რაც არის, თითქმის ყველგან იყო ჩემი ნამუშევრები გამოფენილი. სანათებს ვაკეთებდი და თავი მაგნატი მეგონა: ჩემი წარმოება მაქვს-მეთქი. თან, ბევრი დამკვეთი მყავდა.
– ვინ იყვნენ ისინი?
– ძირითადად, ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარი სახლის ინტერიერისთვის მიკვეთავდნენ. მახსოვს, სამმეტრიანი მინის სანათი გავაკეთეთ, რომელიც პულტის დახმარებით ფერებს იცვლიდა. რომ მოვიდა შემკვეთი, ისე მოეწონა: მაილს დევისი ჩართო, ვისკი დაასხა, ჩამოჯდა და უყურებდა. შემდეგ ლიტვაში ტარდებოდა ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მივიღე. საქმეს ქალები მოჰყვა და ბოლოს მოვიხიბლე ამ ქვეყნით, ხალხით. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, მეორე წელსაც ვიყავი. 2010 წლიდან გადავწყვიტე, სერიოზულად მეკეთებინა ის, რაც ჩემთვის ძალიან ახლობელია. გავაკეთე ერთი სერია, შეიქმნა დაახლოებით 30 ნამუშევარი. 2012 წელს ბათუმში ტარდებოდა ტენდერი, სადაც წარვადგინე ჩემი ნამუშევარი. მოეწონათ. გადაწყდა მისი გაკეთება. მე თვითონ შევარჩიე ადგილი. ქანდაკება დგას საოცრებათა სკვერში, ანბანის კოშკთან, დავარქვი: „მე, შენ და ბათუმი”. ერთ თვეში შესრულდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სკამიც იმიტომ გავაკეთე, რომ იქნებ, ვინმე ჩამოუჯდეს-მეთქი, დაღლილი. ამის შემდეგ დაიგეგმა ჩემი პერსონალური გამოფენა ფოლკლორის ცენტრში.
– დაკვეთებზე მუშაობ?
– დაკვეთებზე იშვიათად ვმუშაობ, ვერიდები ხოლმე. გამიკეთებია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში, უარს ვამბობ. საკუთარი შესაძლებლობებით ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მერე ვთავაზობ კომპანიებს. კარგად იყიდება. ბათუმის ნამუშევარში რა ჰონორარიც ავიღე, მაგაზე ორჯერ მეტი ამიღია უფრო პატარა ნამუშევარში, რომელიც ჩემი „მუღამით“ გამიკეთებია. ჩემი იდეებით შექმნილი ნამუშევრები უფრო მეტად ფასობს. დღეს ჩვენი სტუდია-სახელოსნო გვაქვს, სადაც ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ზოგიერთი თბილისშიც არ არის და მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ვემზადები გამოფენისთვის, სადაც ჩემი შემოქმედების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.
– როგორც ვიცი, პრესტიჟულ სასტუმროებშია გამოფენილი შენი ნამუშევრები.
– კი. 5 წელია, „რედისონშია“ ექსკლუზიურად ჩვენი ექსპოზიცია, იქ ჩვენი გალერეაც გვაქვს. ჩემი ნამუშევრების მუდმივი გამოფენაა და იყიდება კიდეც. „ბილთმორშიც“ შევდივარ კვირის ბოლოს. ასევე ბაქოში, სასტუმრო „ფორ სეზონში“, რომელიც ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროა მთელ ამიერკავკასიაში, წარმოდგენილია ჩემი ნამუშევრები. პერიოდულად ვაწვდი ნამუშევრებს, მუდმივი გამოფენა-გაყიდვაა. მუსიკოსების სერიიდან იქ არის ორი მუსიკოსის ქანდაკება: ლუი არმსტრონგისა და რეი ჩალზის. კიდევ მიდის 12 ქანდაკება სხვადასხვა თემაზე. „ბულვარ ჰოტელში“, რომელიც ბაქოს სიამაყეა, ასევე იქნება წარმოდგენილი ჩემი ქანდაკებები, ოღონდ თბილისში ჩატარებული გამოფენის შემდეგ. ნახევარზე მეტი ამ სასტუმროში წავა, გამოიფინება და გაიყიდება. ჩანაფიქრში მაქვს სხვა ქვეყნებიც: დუბაი, მოსკოვი, ბრიტანეთი, ამერიკა.
– ვინ ყიდულობს ბაქოში შენს ნამუშევრებს?
– მილიონერები, ვისაც ფული აქვს, იქაური ბიზნესმენები. რადგან თვითონ ნამუშევრის თვითღირებულება საკმაოდ დიდია. მაგალითად, ერთი ქანდაკება, რომელიც ახლა მზადების პროცესშია, 12-13 ათასი ლარი მიჯდება. მასალები ძირითადად უცხოეთიდან ჩამოდის, უმაღლესი ხარისხისაა, ექსკლუზიური. მინდა, ჩემი ლეიბლი გავაკეთო. ერთი ნამუშევარი ყაზახმა ბიზნესმენმა იყიდა, რომელიც ერთ-ერთი ბანკის პრეზიდენტია. 4 ნამუშევარი განჯაში აქვს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენს, რომელსაც თავისი სასტუმროების ქსელი აქვს. „სოკარში“ დგას ელა ფიცჯერალდის ქანდაკება. ერთ-ერთ ამერიკელ სენატორს აჩუქეს ქანდაკება, რომელსაც „ახალი წელი“ ჰქვია. ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი დაკავებულია სექსით. ჩემი ცხოვრებიდან ტკბილი ახალი წლის მოგონებაა.
– ანუ, შენს მოგონებებს საკმაოდ ძვირად და სარფიანად მილიონერებზე ყიდი.
– ასე გამოდის. ქალბატონმა იყიდა და აჩუქა სენატორს. როგორც ვიცი, სიდნეიში ერთ-ერთ მუსიკოსს აჩუქეს ბიბი კინგის ქანდაკება. იქაური „მერიოტის“, სასტუმროების მფლობელმა შეიძინა და აჩუქა. ასევე, ცხენის ქანდაკება აქვს  საფრანგეთში ერთ ადამიანს, რომელიც საკუთარი იპოდრომის პატრონია და ცხენები ჰყავს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა რაღაცას ფიქრობ და შემდეგ მას რეალობად აქცევ. ყველაფერს ჩვენი გუნდი აკეთებს, ერთად ვმუშაობთ. მინდა, სამომავლოდ, გამოფენები გავაკეთო სხვადასხვა ქვეყანაში. ზაფხულში უკვე დაიწყება გასვლა. რაც მთავარია, მომავალში ვაპირებ ახალი კოლექციის გაკეთებას, რომელიც ინოვაციური იქნება, უფრო მეტად განვითარებული და აქტიურად შემოვა ბროლის, განათების მექანიზმები. რაღაცეებს ჩინეთში ვუკვეთავთ, ბროლის დეტალები ჩეხეთიდან ჩამოდის, ხსნარები – ამერიკიდან, ძირები – გერმანიიდან და საბოლოოდ, იქმნება ქართული ნაწარმი ერეკლე წულაძის ხელწერით.

скачать dle 11.3