რატომ არის ბესო ბარათაშვილისთვის ღალატი წაბალახება და როგორ ცხოვრობს ის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ #6
ოლეგი კიდევ ერთი ბიზნესმენია, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებს“ ბოლო სეზონზე შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავს და ლუნასაც თავისი – ოჯახი, ეს ხელს არ უშლის, რომ ბიზნესპარტნიორს ეკეკლუცოს. მის როლს ყველასთვის ცნობილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბესო ბარათაშვილი ასრულებს.
ბესო ბარათაშვილი: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს ვთამაშობ, რომელმაც რაღაც სისულელეში იშოვა ფული. ჩვეულებრივი კაცია, რომელსაც მოეწონა ერთი, ასევე ჩვეულებრივი, წესიერი ქალი. ჯერ ისიც არაფერს აშავებს, მასაც თავის ბიზნესი აქვს და ფულს შოულობს. მართალია, ამ კაცს ცოლი და ხუთი შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც ეკეკლუცება ლუნას. გააჩნია, ვინ როგორ ჩაუთვლის ამ საქციელს. ჩემი აზრით, ეს არაა ამორალური ქცევა. თუმცა, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, თავად ასე არ ვიქცევი ხოლმე. მით უმეტეს, გათხოვილ ქალთან, რომელსაც ოჯახი აქვს. თუმცა, რას ვიზამთ, ასეთი პერსონაჟია. მე კი, მსახიობმა, ვალდებული ვარ, ვითამაშო, რასაც ვაკეთებ კიდეც, შეძლებისდაგვარად. არ ვიცი, მოსწონს თუ არა მაყურებელს. კი მილოცავენ ხოლმე, მაგრამ სულ მგონია, ამას ზრდილობის გამო აკეთებენ. საკუთარი თავის მიმართ ეჭვიანი ვარ. თეატრშიც, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ საკუთარი მუშაობით.
– ღალატისკენ მიდის ლუნასა და ოლეგის ურთიერთობა. შეიძლება, არც არაფერი მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი მოცემულობა გვაქვს. ქართული ოჯახების უმრავლესობაში ეს თემა ძალიან აქტუალურია, თქვენთან?
– ჩემს ოჯახში უკვე აღარ დგას ეს საკითხი, რადგან მეუღლე აღარ მყავს, გარდამეცვალა. თუმცა, არც ადრე მქონია პრობლემა. პირობა პირობაა და თუ მას ერთს მისცემ, ბოლომდე უნდა დაიცვა. გრძნობა გრძნობაა, მაგრამ რასაც თქვენ ღალატს უწოდებთ, მე მაგას წაბალახებას ვეძახი. ხანდახან ადამიანი რაღაცას იცუღლუტებს და ვფიქრობ, ეგ არ არის გამანადგურებელი ამბავი. მე, როგორც ქართველი, ვიტყვი, რომ კაცის ღალატი დიდი დამანგრეველი ამბავი არაა, მაგრამ ქალის მხრიდან – კი. კაცები, მით უმეტეს, ჩემი თაობის, მიჩვეული ვართ, ხან რუსეთში და ხან სხვა ქვეყნებში მოგზაურობას. მაგრამ, აქეთ ოჯახი მყავდეს და იქით სხვისი სიყვარული მწვავდეს, ეგეთი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა და არც იქნება. ამას ცოტა არასერიოზულად ვუყურებ – დროებითი, არაფრის მომცემი თავგადასავლებია და მეტი არაფერი. თუ ოჯახს მიატოვებ და სხვა ქალს გაეკიდები, ეს კიდევ სხვა ამბავია და სულ სხვა კონტექსტში განიხილება. თუმცა, ორ წელიწადში ერთხელ რომ კაცი გვერდზე გაიხედავს და ვინმეს თვალს გააყოლებს, ეს არაფერია. ჩვეულებრივი ადამიანურ-ცხოველური ინსტინქტებია.
– ეს კაცისთვის, მაგრამ მეუღლეს არ ჰქონდა პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით?
– რატომ უნდა ჰქონოდა? ჯერ ერთი, არც მიქნია მსგავსი რამ. მეორეც, ის კაცი ვარ, რომელიც მეუღლეს ეტყვის, იცი გუშინ მე ესა და ეს ვქენიო? არა მგონია, სერიოზულმა ადამიანმა რამე ისე გააკეთოს, რომ ცოლს ეჭვი გაუჩნდეს. ვგულისხმობ, პატარ-პატარა გადაცდომებს. ადამიანები ვართ და შეიძლება, ყველას წაგვიცდეს ფეხი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ უნდა გადაიზარდოს დიდ სიყვარულში, იმიტომ რომ, ამას შეიძლება, ოჯახის დანგრევა მოჰყვეს, რითაც ოჯახსა და შვილებს გულს წყვეტ. ამიტომ ჯობია, მათი ერთგული იყო. ჭკუას არავის ვასწავლი, ეს პირადად, ჩემი დამოკიდებულებაა. სხვები შეიძლება, სხვანაირად ფიქრობდნენ და მყავს მეგობრები, რომლებსაც მეორე ოჯახი შეუქმნიათ. შეუყვარდათ სხვა და მათ არ ვამტყუვნებ. ასეთი რამ ხშირად ხდება.
– მეუღლე როდის გარდაგეცვალათ?
– სახლში მივედი და ასე დამხვდა. ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და მოდი, ნუ გავიხსენებთ. ახლახან მქონდა მისი წლისთავი.
– კარგი. ოლეგი ბიზნესმენია, თქვენც ხომ არ გქონიათ მსგავსი მცდელობა მსახიობობის პარალელურად?
– არცთუ ისე განათლებული კაცი, რომელსაც ალბათ, სკოლაში სამები ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, დიდი განათლებით გამოირჩეოდეს, იჯდა აივანზე და თავში ბიზნესის იდეა მოუვიდა, განახორციელა და ალღოც აუღო. მე არ მაქვს მსგავსი უნარები. ერთი-ორჯერ მქონდა მცდელობა, მინდოდა, რომ ბიზნესი ამეწყო, მაგრამ არ გამომივიდა და მივხვდი, ეს არ არის ჩემი საქმე. რაც ჩემი გასაკეთებელია, იმას ვაკეთებ კიდეც სცენაზე. თუმცა, კამერასთან რამდენად გამომდის, არ ვიცი. ისე, არაერთი მეგობარი მსახიობი მყავს, რომელსაც პარალელურად, ბიზნესიც აქვს და შეაქვს სახლში დოვლათი. მე არ გამომდის ეგეთი რამეები და არც ვცდილობ სხვისი ადგილის დაკავებას. მე ჩემი ადგილი მაქვს.
– გაიხსენეთ, როგორ მოხვედით დღემდე, ბევრი სირთულის გამოვლა მოგიხდებოდათ.
– მაშინ ყველას უჭირდა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. იმ წლებმა თითოეული ჩვენგანის ზურგზე გადაიარა. ხალხი სახლში პარკეტს ყრიდა და წვავდა, რომ შვილები გაეთბო და წყალი გაეცხელებინა. თუმცა, მსახიობი რომ გავხდი, მაშინ სხვა პერიოდი და რეალობა იყო, კომუნისტების დრო. იმ თაობის ბევრი წარმომადგენელი დღეს ცოცხალი აღარაა. ზოგი სასმელმა იმსხვერპლა, ზოგი – ნარკომანიამ და ასე შემდეგ. ძალიან ნიჭიერი ადამიანები უკვე ძალიან ცოტანი დარჩნენ და ეს სწორედ 90-იანი წლების შედეგია. სხვა რეალობაში გავჩნდით და უცბად ყველაფერი შეიცვალა. ქალები ამუშავდნენ და კაცები გაჩერდნენ, იმიტომ რომ, მათი სამუშაო აღარ არსებობდა. მე ჭიათურელი ვარ და თავიდან ჭიათურის თეატრში დავიწყე მუშაობა. მერე მეუღლე შევირთე, რომელიც ბათუმელი იყო. მინდოდა, ჭიათურაში წამომეყვანა, მაგრამ იძალა გურულმა ჯინიანობამ და ბათუმში წამიყვანა. რვა წელი გავატარე ამ ქალაქის თეატრში, მერე აქ ჩამოვედი. მე და ჭოლა მთლად აკვნის არა, მაგრამ სტუდენტობის ძმაკაცები ნამდვილად ვართ. ჩემს დასთან არ გამითევია ღამე იმდენჯერ, რამდენჯერაც მასთან. ჩემი საბანი და ლეიბი მქონდა მის სახლში და ნახევრად დედამისმა გამომზარდა ამ ქალაქში. მერე ჭოლას ვუთხარი, მგონი, ვკარგავ პროფესიას და იქნებ რამე მომიხერხო-მეთქი. ერთი-ორგან ჩამრთო და მერე წავიდა და წავიდა. მერე უკვე სხვებმაც დამაკავეს. შემდეგ „რუსთავი 2-ის“ გახმოვანებაში დავიწყე მუშაობა და იქ ძალიან ბევრი წელი გავატარე. მერე დაოწყო „სიცილის ზონა“, ახლა – სერიალიც. რა თქმა უნდა, პარალელურად, მარჯანიშვილის თეატრი და ასე ვირჩენ თავს. რაღაცაში საჭირო ვიყავი, რაღაცაში ჭოლას მეგობრობამ იმოქმედა. მეც, შეძლებისდაგვარად, ვუმართლებ იმედებს და ასე მოვდივართ წლებია.
– მსახიობის გარდა, სხვა პროფესიით გიმუშავიათ?
– პორტში ვმუშაობდი, მაშინ კუპონები იყო და ჩემი ხელფასით პურსაც ვერ ვყიდულობდი. ამიტომ, პორტში ჩვეულებრივი მტვირთავი ვიყავი, „მეშოკს“ დამადებდნენ ზურგზე და მიმქონდა ვაგონში. რასაც წავაწყდებოდი, სადაც კი ცოტა ფული იშოვებოდა, ყველაფერს ვაკეთებდი. მაგალითად, მეგობართან ერთად დისტრიბუციაში დავიწყე მუშაობა და ბათუმში არაყი დაგვქონდა ხოლმე. იყო წლები, როცა „ფოკუზნიკობა“ გვიწევდა, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავით.
– შვილი რა პროფესიის გყავთ?
– ერთი შვილი მყავს, იურისტია და ბანკში მუშაობს თავისი პროფესიით. ახლახან გათხოვდა. ჩემთან ცხოვრობენ, მამას მარტო არ ტოვებს. რომ წავიდეს, მარტო რა მინდა სახლში?! ხომ გავგიჟდები და ვართ ასე, ერთად. რა ვიცი, ჯერ არ მეუბნებიან, მერიდება და ვერც მე ვეკითხები, ალბათ, მეტყვიან, როცა ბაბუობის დრო მოვა.
– ისეთი როლები გაქვთ, რომ ძალიან მხიარული ჩანხართ, ასეა სინამდვილეშიც?
– სხვათა შორის, ბოლო დროს შემომეჩვია დრამატული როლები, ალბათ, ასაკში რომ შევედი, უფრო დავსევდიანდი და ასეთი როლებიც მომცეს თეატრში. ცხოვრებაში, ალბათ, ძალიან მკაცრი არ ვარ. რაც მთავარია, ძალიან ბევრის პატიება შემიძლია. თუმცა, რაღაცას მეც ვეღარ ვაპატიებ ადამიანს, მაგალითად, ღალატს.
– რეალურ ცხოვრებაში თუ ხართ მოჩხუბარი, რამდენიმე ჭიქის შემდეგ რომ მუშტებზე იყურებიან? სერიალში იყო მსგავსი სცენა, თუმცა ცოტა სხვა ბექრაუნდით.
– არა, მე ყოველთვის საქეიფოდ და დროის სატარებლად ვსვამ. ძალიან დიდი მსმელი არასდროს ვყოფილვარ. ორი ბოთლი ღვინო ჩემს დასათრობად საკმარისია. მერე მივდივარ სახლში და ვიძინებ. მუშტებზე თუა საყურებელი, სიფხიზლეში უფრო დავიხედავ, სიმთვრალეში – პირიქით. იმიტომ ვსვამ, რომ თუ რამე ცუდი მიღრღნის გულს, ყველაფერი დავივიწყო და ჩემს მეგობრებს მოვესიყვარულო. რასაც სიფხიზლეში ვერ ვამბობ, სიმთვრალეში ვიტყვი მაგალითად, კაცს ფხიზელი ვერ ვეტყვი. მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ მთვრალი – კი, ბატონო, მოვესიყვარულები. თუმცა, უკვე ორი წელიწადია, წვეთი არ დამილევია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასმელს აღარ ვეკარები. თორემ მანამდე ძალიან მსმელი ვიყავი და როცა ვსვამდი, მერე საკუთარი თავი არ მიყვარდა. დავანებე თავი და დავდივარ ახლა სულ ფხიზელი.