სიმამრის გასვენების შემდეგ სიძე გაშიფრეს და მას 14 წელი მიუსაჯეს #6
ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით, 42 წლის ფრიდონ ხ. ციხეში 14 წელს გაატარებს. მან არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი სიმამრი, 67 წლის ბიზნესმენი ხვიჩა ს. გაიტაცა, რაშიც გატაცებულის ცოლს, ანუ სიდედრს 10 ათასი დოლარი გამოსძალა. თავდაპირველი ვერსიით, ბრალდებულის ხელისშემწყობი მისი ცოლი, ნანა ს-ც იყო, მაგრამ გამოძიების მიერ არაოფიციალური ვერსია კატეგორიულად გამოირიცხა.
42 წლის ბრალდებული ციხეში მესამედ მოხვდა. თავდაპირველად, მანქანის გატაცებისთვის, შემდეგ კი, ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის იხდიდა სასჯელს. პირველად მას ორი, მეორედ – 5 წელი მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მან ცოლი შეირთო. როგორც ბრალდებულის დამ ჩვენებაში განაცხადა, მისი კრიმინალი ძმა ციხიდან „ქერის ორმოში” აღმოჩნდა – არაჩვეულებრივი ცოლი შეხვდა, რომლის ოჯახიც ყველანაირად უწყობდა ხელს. მაგრამ, არაფერმა უშველმა, დანაშაულისკენ მიდრეკილებამ ისევ ციხის კარამდე მიიყვანა. საქმროზე 11 წლით უმცროსი ნანა ს, მშობლების უკითხავად ციხიდან ახლადგამოსულს ზღვაზე გაჰყვა. ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, ნანას მშობლებმა შვილი ზღვაზე აღმოაჩინეს. უნდოდათ, ყოფილი პატირმისთვის დაეცილებინათ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ქალი ქმართან დარჩა, რის გამოც, მშობლები იძულებულები გახდნენ, სიძე არა მხოლოდ მიეღოთ, უმუშევარი და არაფრისმქონე, საკუთარ სახლშიც ჩაესახლებინათ.
როგორ გაიტაცა სიძემ სიმამრი
მიუხედავად უსაქმურობისა, ნანა ს-ის შეძლებული ოჯახი სიძეს ყველაფერს უკეთებდა. ბიზნების დასაწყებად ფული მისცეს, სწავლაც შესთავაზეს, მაგრამ ფრიდონ ხ-მ თავი ვერაფერს მოაბა. როგორც დაზარალებულთა ჩვენებებიდან ირკვევა, მათ სიძისთვის არაფერი ენანებოდათ. მაგრამ, იმას ვერ ეგუებოდნენ, რომ ციხის ძმაკაცები აკითხავდნენ და ის კი, სიდედრ-სიმამრს იძულებულს ხდიდა, სათანადოდ დახვედროდნენ. საბოლოოდ, უმუშევრობისა და მრავალი სხვა მსგავსი მიზეზების გამო სიძე-სიმამრს გაუთავებელი კონფლიქტი ჰქონდათ. ყველაფრის მიუხედავად, სიძე დარწმუნებული იყო, რომ სიმამრს ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ მისთვის არ ემეტებოდა – ამცირებდა, მის პირად ცხოვრებაში უხეშად ერეოდა, პატარა ბიჭივით კაპიკებს აძლევდა და მის მიმართ შურისძიების გრძნობა გაუჩნდა.
საბოლოოდ, ნანას მშობლები ისე შეწუხდნენ, გადაწყვიტეს, სამოთახიანი ბინა გაეყიდათ და გარეუბანში ორი ბინა ეყიდათ. მათ უნდოდათ, ერთ ბინაში საცხოვრებლად შვილი და სიძე შეეშვათ, მეორე კი გაექირავებინათ, რაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის შემოსავლის წყარო იქნებოდა, რადგან სიძე არ მუშაობდა, მათ შვილს კი მიზერული ხელფასი ჰქონდა.
სწორედ გაყიდული ბინის თანხა გამოსძალა სიძემ სიდედრს ისე, რომ ერთი თეთრიც არ დაუტოვა. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ცოლ-ქმარმა ბინა მართლაც გაყიდა, ორი ბინაც იყიდა, მაგრამ შვილმა და სიძემ ეს ამბავი მაშინ გაიგეს, როცა ყველაფერი დასრულებული იყო და საქმე რემონტზე მიდგა. ბრალდებულის სიდედრ-სიმამრს გაყიდული ბინიდან 10 ათასი დოლარი დარჩათ, რაც სიძე-ქალიშვილის ბინის და გასაქირავებელი ბინის რემონტისთვის გადადეს. სიძემ მათ სწორედ ეს არ აპატია და გეგმა შეიმუშავა. გადაწყვიტა, სიდედრ-სიმამრისთვის ფული გამოეძალა და უცხოეთში წასულიყო, რადგან გრძნობდა, რომ უსაქმურობისა და ლოთობის გამო, ცოლს აღარ უყვარდა და ადრე თუ გვიან, ის სახლიდან აუცილებლად გააგდებდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ფრიდონ ხ-მ სიმამრისთვის ფულის გამოძალვა დაგეგმა და საქმეში თანასაკნელი, კახა ე. ჩართო. გეგმის სისრულეში მოყვანამდე კი, ხერხს მიმართა. სიმამრს მოაჩვენა, რომ მისადმი კარგად განეწყო, ახალი ბინისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა, რადგან ახალ ბინაში მას და მის ცოლს უნდა ეცხოვრა, ერთად გაერემონტებინათ, ამ საქმის მცოდნე კი მისი მეგობარი იყო. სიმამრმა ჩათვალა, რომ სიძე გამოსწორდა და მის ნებას დაჰყვა. კერძოდ, დაუჯერა და იმ ბინის სანახავად წავიდა, რომელიც ფრიდონ ხ-ს თქმით, მისმა მეგობარმა გაარემონტა.
ბინის სანახავად ხვიჩა ს. 25 მაისს, დილის 10 საათზე წავიდა. ცოლს, გულიკო ს-ს დაუბარა სადაც მიდიოდა და დაჰპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ, კაცი დაიკარგა. ბინაში რემონტის დაწყების გამო, გატაცებულის ქალიშვილი დასასვენებლად იყო წასული. ნასამართლეობის გამო კი, სიდედრს სიძისთვის ქმრის დაკარგვის შესახებ თქმა მოერიდა. გულიკო ს. ადგილს ვერ პოულობდა, აღარ იცოდა რა ეფიქრა. გვიან ღამით უცნობმა დაურეკა და განუცხადა, რომ მისი ქმარი გატაცებული იყო და მის გამოსასყიდად 10 ათას დოლარი უნდა გადაეხადა. თან, გააფრთხილეს, რომ ჭკუით ყოფილიყო, რადგან აკონტროლებდნენ და პოლიციაში დარეკვა არ გაებედა.
ამ ამბის გამო ქალი შოკში ჩავარდა, მაგრამ გონზე ისევ ტელეფონის ზარმა მოიყვანა. მოსაკითხად სიძე რეკავდა, რომელსაც, რადგან სხვა გზა არ იყო, მომხდარის შესახებ უამბო. სიძე დაჰპირდა, რომ მალე მივიდოდა, მაგრამ საუბრის დასრულებისთანავე ისევ ტელეფონმა დარეკა. კვლავ გამტაცებლები რეკავდნენ. ქალს დავალება მისცეს – ფული თქვენი ჭიშკრის გვერდზე მდებარე სათავსოში დადეთ და ისევ სასწარაფოდ სახლში შედით, ზარებს კი აღარ უპასუხოთ, არც ვინმე მიიყვანოთ სახლშიო – გააფრთხილეს გატაცებულის მეუღლე. თუმცა, შიშის მიუხედავად, სიდედრმა სიძეს მაინც დაურეკა და კატეგორიულად გააფრთხილა, მასთან აღარ მისულიყო, რაზეც „ძლივს დაიყოლია”.
რეალურად, გატაცებულის ცოლს ფრიდონ ხ-ს დავალებით, დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე ურეკავდა, რადგან სიძეს სიდედრისთვის ჯერ არ ეცალა და მასთან მისვლა უგვიანდებოდა. თუმცა, მოვლენები ისევ შეიცვალა. ის იყო ქალმა ფული წასაღებად გაამზადა, კვლავ ტელეფონმა დარეკა. გულიკო ს. დიდხანს არ პასუხობდა, მაგრამ რომ არ გაჩერდა, იძულებული გახდა, ეპასუხა. კვლავ გამტაცებლები რეკავდნენ, რომელთაც ქალს ახალი დავალება მისცეს – ფული თქვენმა სიძემ გადმოგვცესო...
საბოლოოდ, გამტაცებლებთან ფული სიძემ წაიღო, რის შემდეგაც, მისი სიმამრი გაათავისუფლეს, მაგრამ 67 წლის კაცმა ინფარქტი მიიღო და ერთ კვირაში გარდაიცვალა.
გატაცებულის სიძე პოლიციამ გასვენების შემდეგ აიყვანა, რომელიც სატელეფონო „ზარებით” გაშიფრეს. მან თავი იმით იმართლა, თითქოს აშანტაჟებდნენ, ფულის შოვნის სხვა გზა კი არ ჰქონდა და ამიტომ წავიდა ასეთ რისკზე. მოგვიანებით, ფრიდონ ხ-მ ჩვენება შეცვალა. განაცხადა, თითქოს ეს გეგმა მან და მისმა ცოლმა მოიფიქრეს, მაგრამ ბრალდებულის ეს ვერსია არ დადასტურდა.
საბოლოოდ, გაირკვა ისიც, რომ გატაცებული ხვიჩა ს. სიძის მეგობრებმა ტყეში აიყვანეს, სადაც არა მხოლოდ სასტიკად სცემდნენ, „დახვრეტის სცენებს” უწყობდნენ – იარაღს შუბლზე ადებდნენ, თითქოს მის მოკვლას აპირებდნენ, მაგრამ იარაღში ტყვია არ იყო. გათავისუფლებულის თქმით, ის მუდმივად სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და გამუდმებით დასცინოდნენ...
საბოლოოდ, დამტკიცდა, რომ სიძემ სიმამრი ორ მეგობარს გაატაცებინა, რის გამოც ფრიდონ ხ-ს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება მის მეგობრებს, გამოძიებამ მხოლოდ ერთის ვინაობის დადგენა შეძლო და რადგან ის მოგვიანებით დააკავეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.