როგორ დაიწყო ავტობუსის მძღოლად მუშაობა მარგალიტა ნაროუშვილმა და რატომ გაექცა მას სვანი კაცი ავტობუსიდან #6
მარგალიტა ნაროუშვილი ერთადერთი ქალი მძღოლია, რომელიც თბილისის ავტობუსზე მუშაობს და დღემდე ხალხში გაოცებას იწვევს. ქართველებისთვის უჩვეულოა ქალი ავტობუსის მძღოლი. მასზე რეჟისორმა ნინო გოგუამ ფილმიც კი გადაიღო სახელწოდებით – „მადონა“. როგორია ქალი მძღოლის ცხოვრება საქართველოში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ
მარგალიტა ნაროუშვილი: რვა წლიდან ვმართავ მანქანას. მას შემდეგ ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება საჭის გარეშე. ბაბუაჩემს ჰყავდა „პობედა“, მოვპარავდი ამ მანქანას და ვატარებდი, ყაჩაღს მეძახდა. ოჯახში ორი გოგო ვიზრდებოდით. ამის გამო მამაჩემს ხშირად ეხუმრებოდნენ. მამა ამბობდა, გაჩვენებთ, როგორ გოგოს გავზრდი, თქვენს ბიჭებს აჯობებსო და ყველაფერს მასწავლიდა, რასაც ბიჭებს ასწავლიან. ბავშვობიდან არ მიყვარდა თოჯინები და გოგოს სათამაშოები. ყოველთვის ბიჭური რაღაცეები მიტაცებდა. ვერც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება საჭის გარეშე. 16 წლის ვიყავი, მართვის მოწმობა რომ ავიღე. მაშინ მართვის მოწმობის ექვსთვიანი კურსები იყო. პირველ გამოცდაზე ჩამჭრეს, მოსახვევში ისე ვერ მოუხვიე, როგორც საჭირო იყოო. სკოლის ასაკში, ზაფხულის არდადეგებზე ტრაქტორზე ვმუშაობდი. დავსვამდი ბავშვებს და გვქონდა ჟივილ-ხივილი. ახლა ბავშვებს არაფრის ინტერესი არ აქვთ, გარდა კომპიუტერისა და ყურსასმენებისა. პროფესიით ბუღალტერი ვარ, ტექნიკური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, მაგრამ არასდროს მიმუშავია ამ პროფესიით. მთელი ცხოვრება მძღოლი ვარ.
– რატომ გადაწყვიტეთ მძღოლად მუშაობა?
– სკოლა რომ დავამთავრე, მამა გარდამეცვალა. ოჯახზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. შემდეგ დაც გარდამეცვალა, რომლის შვილიც მე გავზარდე და მისგან ახლა ორი შვილიშვილი მყავს. მძღოლს დიდი ხელფასი ჰქონდა ყოველთვის, მაგრამ მანამდე ვმუშაობდი სენაკის ხალიჩების კომბინატში, მქსოველად. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. სულ კაცები იყვნენ და მე – ერთი ქალი ვმუშაობდი უზარმაზარ დაზგაზე. მსიამოვნებდა იმ ფაბრიკაში მუშაობა, ხელფასიც კარგი მქონდა, გამომუშავებაც და სახელიც. კაცები ამას ჩვეულებრივად აღიქვამდნენ. ყველანაირად დაფასებული ვიყავი. წელიწადში ორჯერ საგზურებსაც მაძლევდნენ, იყო პრემიებიც, დახმარებებიც, ჯილდოებიც. ცოტა ხანი რომ გაგრძელებულიყო ის დრო, დღეს პარლამენტში ვიქნებოდი. სენაკში ოჯახის რჩენა რომ გამიჭირდა, თბილისში წამოვედი. აქ იყო ტრამვაის მართვის კურსები, რომლის დამთავრების მერე, ტრამვაის ვატმანად იწყებდი მუშაობას და გქონდა დიდი ხელფასი. ექვსთვიანი კურსები იყო. უსაფრთხოებიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერი გვასწავლეს. ტრამვაი ძალიან რთული შესასწავლია – სულ ელექტროობაა. 660 ვოლტზე მუშაობ და უნდა იცოდე, როგორ მოექცე ტრამვაის, როგორ განმუხტო გამოუვალი სიტუაცია. ბევრს გვთხოვდნენ. კურსის დამთავრებიდან ერთ თვეში, სამუშაოდ გაგვიშვეს და 22 წლისამ მძღოლად დავიწყე მუშაობა. ტრამვაი რომ გაუქმდა და უმუშევარი დავრჩი, ვიდრე ავტობუსზე დავჯდებოდი, მოსკოვის და ბაქოს რეისებზეც დავდიოდი ტრაილერით. ის უფრო კარგი სამართავია, ვიდრე ავტობუსი – მოგყვება, იკეცება. ავტობუსი კი შეშასავითაა. შემდეგ იყო ასეთი შემოთავაზება მერიის მხრიდან, რომ რადგან უმუშევრები დარჩით, ვისაც სურვილი გაქვთ, ერთ-ორ თვეში, ახალი ავტობუსები შემოდის, გაიარეთ კურსებიო. მაშინვე დავთანხმდი, სტაჟირებასაც გავივლი და ნორმატივებსაც ჩავაბარებ, შემოწმებასაც გავივლი და თუ ჩათვლით, რომ მე შემიძლია, ავტობუსზე მუშაობა, დიდი სიამოვნებით-მეთქი.
– რა რეაქცია ჰქონდა ხალხს, ქალ მძღოლს რომ ხედავდნენ?
– ტრამვაიზე სულ ოთხი ქალი ვიყავით. ქალების მიმართ ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ: ეს ჩემზე ძალინ ცუდად მოქმედებდა. მე ვიცოდი, რომ პატიოსნად ვმუშაობდი, საქმეს პატიოსნად ვაკეთებდი და ვიყავი საკუთარი თავის ერთგული – არ ვიპარავდი, არაფერს ვაფუჭებდი, სხვას არ ვერჩოდი და ამ დროს ასეთ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ერთმა ქალმა მგზავრმა მითხრა: პატრონი არ გყავს, ასეთი შეხედული ქალი აქ რომ მუშაობ? მე ჩემს გოგოს აქ სამუშაოდ არ გამოვუშვებდიო. ძალიან ახალგაზრდა იყავი, 22 წლის. მე ვუთხარი, რა მნიშვნელობა აქვს, სად მუშაობ, მთავარია, კარგად აკეთებდე საქმეს-მეთქი. ვაი, შენს პატრონოსო, – მომაძახა, – ალბათ სახლიდან გამოგაგდესო. არადა, ყველაზე დიდი ხელფასი იყო და ძალიან კარგი კოლექტივი, ხელისგულზე მატარებდნენ და პატივს მცემდნენ. გინება იქ არ იყო და ჩხუბი. ერთმა კაცმა იჩხუბა, ავტობუსი რატომ არ არის თბილიო. მე ვუთხარი, ჩემი სახლია თბილი, წამობრძანდით და იქ დაჯექით და იყავით თბილად-მეთქი. ხალხს გაეცინა. ბავშვებს ვეხუმრები ხოლმე, ყურს აგიწევ ახლა-მეთქი და აი, მე თვითონ ავიწევო და იცინიან. ჩემი ასაკის კაცებს, ვერ ვეხუმრები, ყველაფერი სხვანაირად ესმით. თითქოს ღიმილიც გადამავიწყდა, ისე მივეჩვიე, რომ სერიოზული გამომეტყველება უნდა მქონდეს, ქართველის ფსიქოლოგია სხვანაირია, ქალ მძღოლს რომ დაგინახავენ და იქ კიდევ თუ გაუღიმე, სხვანაირად გიყურებენ. მუშაობას ისე ვარ მიჩვეული, სახლში უფრო ვიღლები. სახლში ვერ ვგრძნობ თავს ისე თავისუფლად, როგორც ავტობუსების გარაჟში. დილით ექვსის ნახევარზე რომ გავდივარ სახლიდან, ზოგჯერ ღამის ორის ან სამის ნახევარზე ვბრუნდები სახლში. სახლში რომ შევდივარ, ავტობუსში რა მოხდა ყველაფერი მავიწყდება. მე ყველა მიცნობს, მე არავის ვიცნობ. უცხო ადამიანი სახელით რომ მომმართავს, მიჩვეული ვარ უკვე.
– ქალი მძღოლების მიმართ საქართველში ყოველთვის პრეტენზია აქვთ. უნდობლობას არ გამოხატავენ, როცა ავტობუსის მძღოლად ქალს ხედავენ?
– საქართველოში ქალმა თუ მანქანის მართვა ისწავლა, კაცებზე უკეთ ატარებს. მე თვალდახუჭული შემიძლია, ვიარო ავტობუსით თბილისის ქუჩებში. ქალებს უფრო ახალი ნასწავლი აქვთ და რომ შეხედავ, მანქანას ეტყობა, ქალი ატარებს თუ არა. მაგრამ, არა უშავს, ისწავლიან ნელ-ნელა. ერთი სვანი კაცი ამოდიოდა ავტობუსში. მე ჩასული ვიყავი და რომ ამოვედი, ალბათ, მგზავრი ვეგონე და არ მომაქცია ყურადღება, მაგრამ მძღოლის ადგილას რომ დავჯექი, იკითხა – მძღოლია? კი, მძღოლიაო უპასუხეს. ქალი მძღოლი? – კიდევ იკითხა. – დიახ, ქალი მძღოლი, ასეთი მძღოლი, ნეტა ყველა იყოსო. არა, ქალს როგორ ვენდობიო, ახტა და გაიქცა ავტობუსიდან. ერთხელ ბავშვი ამოვიდა, წინ დაჯდა, შემომხედა და მითხრა: ნეტავ, შენ იყო ბებიაჩემიო. სულ ვხვდებოდი გაჩერებაზე და კოცნებს მიგზავნიდა. სულ ჩემს ავტობუსს ელოდებოდა და დამყვებოდა. ერთხელ კონტროლიორმა ღამის თერთმეტ საათზე ბავშვი ჩამაგდებინა ავტობუსიდან. მოსწავლის ბარათი არ ჰქონდა, რა მოხდა მერე, ხშირად დიდებსაც შეიძლება, არ ჰქონდეთ ბილეთის ასაღები ფული. ვთხოვე, არ ჩაუშვა ბავშვი, ღამე რომ უშვებ, ბავშვს რა შეემთხვევა, რა იცი-მეთქი. არ დამიჯერა, ძალიან ვინერვიულე, ის ბავშვიც შეწუხდა, მოუარა ავტობუსს, მოვიდა ჩემს ფანჯარასთნ და მითხრა: არ ინერვიულოთ, დედას დავურეკე და მომაკითხავსო. სამუშაო დღის ბოლოს, სანამ გარაჟში მივიდოდი, ამ კონტროლიორს უნდოდა, მის სახლთან ახლოს გამეჩერებინა. არ გავუჩერე: მეც სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ და გარაჟში უნდა მივიდე-მეთქი. მივედი გარაჟში და იქიდან მოუწია სახლში წასვლა. დღემდე არ ველაპარაკები, ბავშვს რომ ასე ცუდად მოექცა.
– ქალისთვის კაცური საქმე რთული არ არის? თუ იპრანჭებით ხოლმე ქალურად?
– არცერთი თანამშრომელი კაცისგან არ მიგრძნია, რომ მე ქალი ვარ და ამას ვერ შევძლებდი. ყველანი მეგობრულად და ძმაკაცურად ვიყავით. თავად ვიყავი ისეთი ტიპაჟი, რომ ვერგებოდი ასეთ სამსახურს, როგორც დღეს ვერგები ავტობუსის მძღოლობას. „ეს ხომ ჩვენი ძმა არის“ – ასე ამბობდნენ ხოლმე ჩემზე. ქალური რაღაც რომ გავაკეთო და ვინმეს არ მოეწონოს, ძალიან მეწყინება. მირჩევნია, მითხრან, ვაჟკაცური ხარო. მიუხედავად იმისა, რომ კაცური სამსახური მაქვს, პრანჭვა, სარკე ძალიან მიყვარს. სულ ვიხედები სარკეში, არ აქვს მნიშვნელობა, საჭესთან ვზივარ თუ არა, სუნამო და ქალური ნივთები ძალიან მიყვარს.
– მძღოლი სარძლო, ალბათ, ბევრისთვის მიუღებელი იქნებოდა. გათხოვილი არ ყოფილხართ?
– როცა ტრამვაის მძღოლად ვმუშაობდი, მაშინ ხალხი სხვანაირად უყურებდა ქალს, რომელიც კაცურ საქმეს აკეთებს და ათას რაღაცას ფიქრობდნენ ჩემზე. ახლა კი შეიცვალა დამოკიდებულება, მაგრამ რა აზრი აქვს – უკვე სამოცი წლის ვარ და სიყვარულმაც ჩაიარა. ბიჭებისგან სულ ვგრძნობდი ყურადღებას, ლამაზი გოგო ვიყავი. ტრამვაიზე რომ ვმუშაობდი, ერთი ძმაკაცი მყავდა, ისიც ტრამვაიზე მუშაობდა. ძალიან ვგავდით ერთმანეთს და ახლაც ძალიან ვგავართ. ის როგორც იჭრიდა თმას, დაველოდებოდი და ისე ვიჭრიდი მეც. მაშინ ცოტა მოზრდილი თმა იყო ბიჭებზე მოდაში და ისე ატარებდა. ერთხელ ზურა იჯდა ტრამვაიზე და ვიღაც მანქანით აეკიდა. იყურება ზურა გვერდზე, უნდა დაინახონ, რომ კაცია, მაგრამ არ ეშვება ის ბიჭი. ბოლოს, თემქის გადასახვევთან გაუჩერებია ტრამვაი. გადმოსულა, რომ დაენახათ ქალი კი არა, კაცი იყო და რომ დაუნახავთ, ისე გაქცეულან, უკან არც მოუხედავთ.