კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #6

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

პერსონაჟები:
„მე“ – თეო, ანუ საყვარელი
„ის“ – ზურა, ანუ ქმარი
„უცხო” – ჯამლეტა-ჯონდო-ჯონი
ლანა – ზურას ცოლი
ეკა – ლანას მეზობელი
ლელი – მკითხავი, ეკას მეგობარი
დიტო – თეოს მეგობარი, არატრადიციული ორიენტაციის, გულთბილი
სხვა ცოლი – ირა-მირა, თეოს ბავშვობის მეგობარი
ლევანჩო – ირა-მირას ქმარი
ლაშა – ლანას ძმა
ქეთა – ლანას რძალი, ანუ ლაშას ცოლი
ნიკა – ეკას მეგობარი
სალომე – ნიკას ცოლი
ბატონი სანდრო – თეოს ბაბუა, ანუ „ბაგრატიჩი“
ლადო – „ბაგრატიჩის“ უკანონო შვილიშვილი, არატრადიციული ორიენტაციის, აგრესიული
მარინა – პროფესიონალი კახპა, ჯამლეტა-ჯონდო-ჯონის „დაქალი“
ბავშვები – ზურას და ლანას შვილები

ისტორია პირველი
მოქმედი პირები: „მე“, ანუ თეო და „ის“, ანუ ზურა (თეოს საყვარელი)

„მე“, ანუ სალამი,
სიყვარულოვიჩ!
ვერც ვიფიქრებდი, რომ ამ წერილს დავწერდი. ფაქტობრივად, არც ახლა მჯერა, რომ დავწერ და მით უფრო, წაგაკითხებ. ამიტომ, თამამად გეტყვი სათქმელს. სათქმელი კი ოხრად მაქვს. დაგროვდა. ან როგორ არ უნდა მქონდეს? რამდენი ხანია, ერთმანეთს ვხვდებით? სამი წელი. სამი წელია, რაც ერთად გვძინავს (ჰო, გეთანხმები, ხმამაღალი ნათქვამია – ერთად გვძინავსო. სულ ერთხელ გვეძინა ერთ ჭერქვეშ და ისიც, მგონი, არცერთს არ გვეძინა. უჩვეულო ღამისა და მეორე დილის ჩვეული ამბების ფიქრის გამო). მანამდე 20 წელი ვიცნობდით ერთმანეთს, წელიწად-ნახევარი ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, როცა ვერავინ დაგვინახავდა. ანუ, რამდენია ჯამში? – ბევრია! ღმერთო, ზედმეტად ბევრი დროა, გიცნობ, გემეგობრები, მიყვარხარ და სექსი მაქვს შენთან.
ვიცი, ამას რომ წაიკითხავ - თუ წაიკითხავ - ტუჩებს ჩვეული მანერით დაბრეც და მარცხენა კიდეში გამოცრი: სექსი არ მაქვს მე შენთან! მე შენ მიყვარხარ და მიყვარხარ მხოლოდ შენ!
ვიცი... და ისიც ვიცი, ამაზე რომ გიპასუხებდი: მაშინ რატომ ცხოვრობ ისევ სხვასთან?
და მერე შენი პასუხიც...
ჰოდა, აღარ მინდა, ამ ჩვეულ-დატკეპნილი გზების მიმოხილვა.
უბრალოდ მინდა, გითხრა ის, რაც აქამდე არ მითქვამს. მეტიც – აქამდე სათქმელადაც მსგავსი არაფერი მომხდარა. ამიტომ, ვერც გეტყოდი, ფაქტია.
სამაგიეროდ, ამ ახალ წელს მოხდა. რა მოხდა, ჯერ კარგად არ ვიცი ან არც მინდა, ვიცოდე, მაგრამ უნდა გითხრა. რაკი თვალებში ყურებას ვერ გავუძლებ – არადა შენ გადასარევად ახერხებ, მიყურო და მიმტკიცო, რომ ცოლთან არ წევხარ ან უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ გძინავთ და ეს არაფერს ნიშნავს. აი, მე გამიჭირდება იგივე გავიმეორო – ამიტომ გწერ.
ჰო, სულ ავირიე, სად წავედი, არადა უბრალოდ უნდა მეთქვა – ამ ახალ წელს, როცა, ჩვეულებისამებრ, ოჯახში და ერთ ჭერქვეშ მცხოვრებთან შეხვდი დღესასწაულს, ანუ ზუსტად ამ ახალ წელს - მე კი დავრჩი, ასევე, ჩვეულებისამებრ, დიდი არჩევნით: ან დაქალები, ან დედა, ან სრულიად მარტო კაქტუსთან ერთად (მართალია, მე კაქტუსი კი არა, ბენჟამენი მყავს, მაგრამ მაინც მცენარეა ბენჟამენიც. მერე რა, რომ შენზე მეტად ესმის ჩემი?!) – ავდექი და სულ სხვა პასიანსი გავშალე-დავალაგე.
დავთანხმდი საკუთარ და ძველ მეგობარს დიდი ხნის წინ შემოთავაზებულ პაემანზე. დიახ, მან დიდი ხნის წინ გამოთქვა სურვილი, ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. აი, ზედმეტად ახლოს. ჰოდა, ასეც მოვიქეცი: ახლოს, ზედმეტად ახლოს გავიცანი. რატომ გეუბნები? იმიტომ რომ, შენგან განსხვავებით, ტყუილებს ვერ ვიტან. მეორეც – მინდა, იგრძნო იგივე, რასაც მე ვგრძნობ, როცა ვიცი, რამდენად ახლოს ემეგობრები შენს ცოლს ყოველ საღამოს ჩემგან წასული და მესამეც - მე მომეწონა ეს ნაცნობობა. წერტილი!
ახლა შენ იდარდე და იფიქრე, რა მოხდა, რა იყო და რა იქნება. მე გითხარი. თუ ეს წერილი შენამდე მოვიდა, ესე იგი, გადავწყვიტე, საახალწლო საჩუქარი გაგიკეთო. დაგაწევ, ანუ ძველით ახალს ასე მოგილოცავ, სიხარულო!
ამბავი, მართლაც, სულ ცინცხალია და ჯერ მისი ოდეკოლონის სურნელიც არ გაფერმკრთალებულა ჩემი თექის კაშნედან. დიახ, ზუსტად იმ კაშნედან, შენ რომ მაჩუქე საახალწლოდ. ძვირფასო, კიდევ ერთხელ გმადლობ, მართლაც მიხდებოდა და ჩემმა მეგობარმა ძალიან ახლოს იმეგობრა მასთან. მოგიწონა გემოვნებაც. მეც დავეთანხმე, რომ ვინც მაჩუქა, ნამდვილად დახვეწილი გემოვნების პატრონია-მეთქი. ჰოდა, ასე. ახლა მე ისევ სამეგობროდ გავალ და შენ როცა ამ წერილს წაიკითხავ, შეეცადე, ერთი კოლოფი არ მოწიო სრულად. ოჯახის ბიუჯეტს გაუფრთხილდი. არ დაგავიწყდეს, შენი საყვარელი „პარლამენტი“ ერთობ გაძვირდა. ისევე, როგორც ჩემი ნახვა გახდება ამიერიდან საკმაოდ ძვირი სიამოვნება.
გკოცნი, მარად შენი მე...

პასუხი, ანუ „ის“
სხვა ქალებს არ ჰგავდა. ამიტომ მომეწონა: კოჭებში ეტყობოდა (კოჭები კი ლამაზი აქვს, წვრილი, მოვარაყებულივით), რომ კაცს არც ისტერიკებს მოუწყობდა, არც ცოლთან გაყრას მოსთხოვდა, არც თავს არჩენინებდა. მოკლედ, პრეტენზიული არ იქნებოდა, პრობლემებს არ შეუქმნიდა. ვიტყუები – პირველად რომ დავინახე, არც ამდენი მიფიქრია და არც ეს. კარგი სამეგობრო იყო. უშუალო, ჭკვიანი, თბილი, მზრუნველი, მხარში დგომა იცოდა და ხანდახან კაციც მეგონა, ვძმაკაცობდისავით. არა – რა სავით, ძმაკაცები ვიყავით.
ერთ დღესაც აი, ეს აზრები გამიჩნდა: რა ჭკვიანი და კარგია, როგორი კეთილი, განათლებული, რა ლამაზია, რატომ უნდა იყოს მარტო?! ამას ვფიქრობდი და ვუყურებდი. მაგიდასთან იჯდა და რაღაცას კრეფდა. გამომხედა და გამიღიმა – როგორც ყოველთვის, თბილად, შინაურულად. უცებ მის გამოზნექილ თეძოზე მომინდა ხელის ასმა. თავი ძლივს შევიკავე. მარტო არ ვიყავით, თორემ ვერ შევიკავებდი.
იმ საღამოს სახლში წავიყვანე. ასე მიმყავდა ხოლმე, თუ სახლში მივდიოდი და სადმე არ უნდა შემევლო. მთელი გზა გაუჩერებლად ლაპარაკობდა (რაც მართალი, მართალია, საუკეთესო ქალებმაც კი ბევრი ლაპარაკი იციან და ტვინს ბურღავენ). მე ხმა არ ამომიღია. ვფიქრობდი, როგორ მეცადა. ვცადე და გამოვიდა. შევეხე თუ არა, გაითიშა. შევეხე რა – მანქანიდან გადასვლის წინ, ვითომ დამშვიდობების ნიშნად, ვაკოცე... და ცოტა სხვანაირად: ოდნავი სისველე შევურიე. ისე, დიდხანს ვაწყვე გეგმა. ვიგრძენი, რომ გაითიშა. მეც…
ხანგრძლივი ურთიერთობები არ მიყვარს, ერთჯერადი მირჩევნია. ჰა და ჰა, ორჯერადი ან სამჯერადი: დავწექით, ავდექით, წავედ-წამოვედით სახლებში. უფრო კარგი, თუ ქმრიანია, ადვილად დაამთავრებ და ადვილადვე დაიწყებ. ტვინს არ წაგიღებს, რომ შენთან ერთად დაძინება უნდა, ან სადმე გასეირნება. არც შენზე გათხოვების პრობლემა აქვთ. არც უთავბოლოდ გირეკავენ და არც იმას მოითხოვენ, რომ დაურეკო ან მესიჯები უგზავნო შინაარსით – როგორ მომენატრე, ჩემო საყვარელოო. ყველაფერი მარტივადაა – სექსი და დავიშალეთ.
მაგრამ, სექსიცაა და სექსიც… ქმარი არ ჰყავდა. კარგად ვიცნობდი. მასთან ყოფნა მსიამოვნებდა. სექსიც რაღაც სხვანაირი იყო. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ფანტაზია ექნებოდა. თავიდანვე ვიგრძენი, რომ მისი ფანტაზიები ნელ-ნელა დაბინძურდებოდა. ვგიჟდები გარყვნილ ქალებზე. ცოტა ტეხავს, თუ სხვასთანაც გარყვნილობდა, მაგრამ 20 წელია, ვიცნობდი და რამე რომ ყოფილიყო, გავიგებდი. ბოლოს და ბოლოს, მეტყოდა.
რამდენადაც აღვირახსნილი იყო, როცა იწვა – იმდენად კორექტული იყო, როდესაც იდგა. ერთი ზედმეტი არაფრი უთქვამს, საყვედურიც კი არ დასცდენია, არაფერი მოუთხოვია. თუმცა, მეც არაფერს დაპირებივარ და არც მომიტყუებია. იცოდა, რომ ცოლ-შვილი მყავდა და ოჯახს არ დავანგრევდი. მარტო მე ხომ არ ვიცნობდი მას 20 წელი, ისიც ხომ მიცნობდა?! იცოდა, რომ ჩემი ოჯახის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ბავშვებს უმამოდ არ დავტოვებდი.
მასთან სექსი კი ზღაპარს ჰყავდა – ასეთზე ვერც ვიოცნებებდი. მოკლედ, ჩემი ოცნების ქალი იყო ნამდვილად. აი, თანდათან ხასიათი რომ არ შეცვლოდა და ჩემ წინ ეს ჩემი ოცნების ქალი თვალსა და ხელს შუა ჩვეულებრივ კაპასად არ ჩამოყალიბებულიყო – პრეტენზიებით, სცენებით და იქამდეც კი მივიდა, მკითხა: ცოლს როდის გაეყრებიო!
მისგან ამას არ მოველოდი! სახტად დავრჩი – ჩემი ოცნების ქალი სადღაც გაქრა. არა – მთლად არ გამქრალა, მხოლოდ ლოგინში დარჩა. დარჩა კი არადა – სუპეროცნების ქალად იქცა, მაგრამ მასთან ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, ურთიერთობა ჯოჯოხეთს დაემსგავსა.
ვერც ვშორდები, ვერც ვეგუები. იქ შევტოპე, საიდანაც ვერ გამოვდივარ. ამ სიგარეტს კიდევ თავი უნდა დავანებო – ბევრი მომდის.

ისტორია მეორე
ისევ „მე“
ეს ბარი მიყვარს. აქ ხშირი სტუმრები ვართ და ყველა გვცნობს. დღეს აქ სხვასთან ერთად მოვედი და  გვიანობამდე ვწრუპე მარტინი. „ბიანკოც“ მიყვარს, აი, როგორც ბენჟამენი. მაგრამ, ბენჟამენისგან განსხვავებით, ბოლოს თავს მატკიებს, ტარაბუას მახვევს და ცოტა უმართავს მხდის. უფრო ზუსტად, ჩემს გრძნობებს ხდის უმართავს და ზუსტად ამ დროს მინდება იმის გაკეთება, რაც ყველაზე მეტად არ მარგებს და რაც ავუკრძალე საკუთარ თავს – ზუსტად ამ „ბიანკოსთან“ შემეგობრების წინ. ამჯერადაც იგივე განმეორდა. მეორე ყელწვრილა ბოთლის ამოყირავების შემდეგ, გაუაზრებლად და უყოყმანოდ დავწვდი ტელეფონს, კოდური სიტყვა „ჩემი“ ამოვაგდე და დავაჭირე ღილაკს თითი. სავარძელს მჭიდროდ ჩავეხუტე, სიგარეტი მოვიმარჯვე და ... მესამე ზარზე მიპასუხა:
– გისმენთ! - ეს ისე მითხრა, რომ ტარაბუადასხმულიც მივხვდი, რომ გვერდით „სამეგობრო“ ჰყავს მისკუპებული, ანუ ის ტურფა, რომელიც ყველა მის ზარს აკონტროლებს და თუ სადმე საეჭვო ინტონაცია დაიჭირა, მერე ტვინს გაბურღავს.
– მისმენ, ხომ? აბა, ვინ ვიქნები ამჯერად, სიყვარულოვიჩ? ძმაკაცი ვარ, კლიენტი თუ საგადასახადოდან გაწუხებ?
– დიახ, მე გახლავართ. რით დაგეხმაროთ, – ხმა არ ასტოკებია, ისე გააგრძელა „ჩემმა“.
– აი, რომ ზუსტად უნდა დამეხმარო! და, რაც შეიძლება, სწრაფად. ახლავე ან მოხვალ ნიკოლაძის დასაწყისში, იცი, სადაც, ან საკუთარ თავს დააბრალე. ხომ არ დაგავიწყდა, აქ ვისთან ერთად ვარ? – მეორე მხარეს ისეთი პაუზა დაეკიდა, უცბად გამოვფხიზლდი. გამახსენდა, რომ გუშინდელი წერილი არ გადამიგზავნია, არც ის იცის, სად ვიყავი ახალ წელს და არც ის, ახლა სად შეიძლება, ვიყო. ვარ კი ახლა იქ, სადაც შეიძლება, ვიყო? – ბარის კუთხეში დაბალ მაგიდაზე ჩემი მეორე, თითქმის დაცლილი ბოთლი დგას და მის პირდაპირ კი ის ზის... ვისაც, როგორც ბუას ისე ვუყურებ და არც ვიცი ზუსტად, რატომ ვუყურებ ასე ან საერთოდ რატომ ზის იქ...
– დიახ, გასაგებია. მესმის თქვენი. მაგრამ, ეს საკითხი შესათანხმებელია და ხვალ დილით გავიაროთ ყველამ ერთად. მაპატიეთ, ახლა დაკავებული ვარ და ხვალ ოფისში გელოდებით... – ტელეფონში მისი ხმა დასრულდა და ჩემი სიმთვრალეც მოიგუდა და გასკდა.
ცრემლები ისე წამსკდა, ვეღარ ვაჩერებდი. მოწმენდასაც აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ავღრიალდი და ავკივლდი. ტელეფონი გავაქანე და კედელს ვხეთქე (არა, მგონი, სიმთვრალე არსად წასულა, თორემ რას ვერჩოდი ამ ახალ „ანდროიდს“?) მერე ოფიციანტს ისეთი დავუკივლე: მარტინი მომიტანე, ჩქარა! – გაოცებულმა შემომხედა. არადა, დავიჯერო, ამ ბარში არავის მოუწყვია ისტერიკა და პირველი ვარ, ვისაც საყვარელი მამაკაცი „აბოლებს“ და ცოლის გვერდით მჯდომი ისე ელაპარაკება, როგორც უცხოსა და უინტერესო არსებას?!
ახია ჩემზე! აბა, რა მეგონა? ამდენი ხნის ერთად ყოფნის ფონზე, მხოლოდ ერთხელ და ისიც ნახევრად ხუმრობით ვიკითხე, როდის დაასრულებდა ამ გაორებულ ცხოვრებას. არ დამავიწყდება მისი სახე. ისეთი გაოგნებული დარჩა, თითქოს ვკითხე, ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარებას როდის ითავებდა. და, საერთოდ, მართალია, გადასარევია ლოგინშიც და სუფრაზეც, მაგრამ ამ ორი ადგილის გარეშე ვეღარ ვურთიერთობთ. სულ ვჩხუბობთ და სულ იმ ტურფაზე ვკამათობთ, რომელიც, რომ ჰკითხო, არ უყვარს, მაგრამ ვერ მიატოვებს, იმიტომ რომ... ეს „იმიტომ, რომ“ სულ სხვადასხვაგვარია ხოლმე, მაგრამ შედეგი ერთია – ბოლოს ისევ საწოლში აღმოვჩნდებით და დროებით გვავიწყდება, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვომობთ. არადა, როგორი თბილი და ნაზი იყო ყველაფერი დასაწყისში. როგორი განუმეორებელი სიხარული დაგვატყდა თავს, როცა ამდენი ხნის მეგობრობის შედეგად, სიყვარული გავბედეთ. იქნებ ზუსტად აქ შევცდი და მართალი ვიყავი, როცა ვამტკიცებდი, რომ მეგობრობა გაცილებით მეტია, ვიდრე სიყვარული და მისი გაფუჭება ლოგინით არ ღირდა. ეტყობა, მართალი ვიყავი და არ უნდა დამეკარგა ამდენი წლის მეგობარი, არ უნდა მექცია ის სხვის ქმრად და საკუთარ საყვარლად... ღმერთო, როგორი გამწარებული ვარ! როგორ ვერ ვიტან მის დამნაშავე მზერას, როცა ემზადება, რომ ადგეს და მითხრას:
– წავედი, აბა, დროებით, ჩემო კარგო. მიყვარხარ და მომენატრები...
ამას ყოველთვის რამდენიმე წამით ადრე ვგრძნობ და ჭკუიდან გადავდივარ! არაფრით არ შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ ცოლთან უნდა დაბრუნდეს, უნდა დაჯდეს და ივახშმოს. იმ დედაკაცმა უნდა მოუმზადოს და გაუშალოს ეს ვახშამი. მერე მისი პერანგი, რომელიც მე ვუყიდე! გარეცხოს და გააუთოოს... და გვერდით მიუწვეს! ეს საშინელი, აუტანელი, ჯოჯოხეთური განცდაა! ის ხომ ჩემია, მხოლოდ ჩემიანია და მარტო მე ვუყვარვარ?! მე ვერ ვეგუები მის გვერდით სხვას და უცხოს! ეს უნდა დასრულდეს... აი, ახლაც, ზუსტად ვხედავ, როგორ გაიღიმა და დახარა მზერა, დადო ტელეფონი და ვითომც არაფერი, ტელევიზორს მიაშტერდა... რა სიამოვნებით გავუქანებდი ამ ტელეფონს პირდაპირ უტიფარ სახეში... მართლა და, სად გავაქანე ჩემი ტელეფონი? დაიმსხვრა ვითომ?!. ჯანდაბა, არადა ხვალ დილით უთენია დარეკავს, შეიძლება პირდაპირ სახლში დამადგეს. წარმომიდგენია, როგორ გაოგნდა ჩემი ნათქვამის გამო. რა ვიბოდიალე? ახლა რა ვუთხრა, ვისთან ვიყავი და რატომ უნდა იცოდე-მეთქი?.. კაი, წავალ ახლა, მესამე „ბიანკოსაც“ მივხედავ და მერე ვიფიქრებ, რა გავაკეთო. ან ამას რა ვუყო, ან იმას რა ვუთხრა... აი, ასე, ფეხი არ აგერიოს, თავი არ მოიჭრა. თუმცა, მეტი რაღა... რაც წეღან იბღავლე, მერე ტელეფონი მოისროლე, თუ ჯერ მოისროლე და მერე იბღავლე?! მოკლედ, როგორც იყო, თანმიმდევრობა არ მახსოვს.
არადა, ზუსტად ახლა მინდა მასთან ჩახუტება. ახლა ისე მენატრება და მინდა, აქ იყოს და მერე თვალებით ისეთი თავბრუსხვევა დამმართოს, აქვე, ბარის ბნელ კუთხეში ტუჩებით სრული სიგიჟე და სიხელე დამატაკოს... მაგრამ ამ სიბნელეში სულ სხვა ზის ახლა და მისი კოცნა ვერაფრით წარმომიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მარტინი თავისას შვრება და სურვილი სადღაც მუცლის არეში მიღიტინებს, მტარვალივით მიიწევს იქით, საიდანაც მისი განდევნა უკვე ძალიან გამიჭირდება...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3