კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არისტოკრატიული დანაშაული #6

უილიამ ფრედერიკ გარსტონი-უმცროსი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მამამისი ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტი იყო და შესაბამისად, ფული მის ოჯახს ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ გაოგნებული იჯდა და უკვე მესამედ კითხულობდა დეპეშას, რომელიც მამისგან მიიღო. „ფული აღარ იქნება, სახლში ფეხით ჩამოდი“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს „სახლი“ სხვა კონტინენტზე მდებარეობდა, უილიამს კი ჯიბეში მხოლოდ სამი ფრანკი ედო და პარიზის ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში რამდენიმე დღის ქირა ჰქონდა გადასახდელი, ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. დეპეშა დადო, სამი ფრანკი მაგრად ჩაბღუჯა და ქუჩაში გამოვიდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ აღარც ეს სამი ფრანკი ჰქონდა და გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გახლდათ.
სამი თვის წინ, ნიუ-იორკიდან ბედნიერი და ჯიბესავსე, კანში ჩავიდა საზაფხულო არდადეგები რომ გაეტარებინა და ცხოვრებაც ენახა, – როგორც ბრძანა მამამისმა, უილიამ ფრედერიკ გარსტონ-უფროსმა, მაგრამ პარიზმა მასზე, ჰარვარდის უნივერსიტეტის სანიმუშო სტუდენტზე, უარყოფითად იმოქმედა. რამდენიმე დღეში ჯიბეში ერთი ფრანკიც კი არ ედო და ნიუ-იორკში დასაბრუნებელი ბილეთის ფულიც აღარ ჰქონდა. ბოლო სამი ფრანკიც წააგო. მანამდე, ანუ, ხუთი დღის წინ, მამამ ხუთასი ფრანკი გამოუგზავნა. ფული თოვლივით დადნა. მამას წერილი ისევ მისწერა. წერდა, ფული ანგარიშზე არ დამიჯდა, რამე მოიფიქრეო. უფროსმა გარსტონმა თბომავლის ბილეთი გაუგზავნა, რომელიც შერბურიდან გადიოდა. შერბურამდე მგზავრობა კი ასი ფრანკიც რომ არ დაჯდებოდა, მამიკომ სამასი ფრანკით დააფინანსა.  მაგრამ უილიამმა თბომავლის ბილეთიც გაყიდა, სამასი ფრანკი რომ წააგო, იმის მერე. ჰოდა, სწორედ მაშინ მისწერა მამიკოს: „SOS! თბომავალზე დამაგვიანდა. ეს ნამდვილად არ მინდოდა. სახლი მომენატრა. დამიფინანსე გამომგზავრება ან ფული გადმომიგზავნე. უილიამი“. პასუხი ახლა ხელში ეჭირა და ფიქრობდა: ღმერთო, მართლა ფეხით ხომ არ გავემგზავრები ნიუ-იორკშიო. მამის ხასიათი კარგად იცოდა – ჯიუტი კაცი იყო და თუკი გაბრაზდებოდა. უილიამს სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინა რაღაც, თორემ სასტუმროდანაც გამოასახლებდნენ – რაღაც ისეთი, რაც მისი, უილიამ ფრედერიკ გარსტონ-უმცროსის ღირსებას არ შებღალავდა. ოჰ, ეს „რულეტკა“ – რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ გამართლებოდა. ვიღაცეებს ხომ უმართლებთ?! გასაყიდიც აღარაფერი დარჩა. ძვირფასი საათი პარიზის ღამის კლუბებმა შეიწირა – სხვათა შორის, გარსტონ-უფროსის საჩუქარი იყო, როცა სრულწლოვანი გახდა.
ბოთლში ჩარჩენილი ვისკი ჩვეულების კარნახით, ჯერ ჭიქაში დაისხა, მერე კი დალია... გონება ერთბაშად გაუნათდა. დეპორტი! – თუ რაღაც ისეთს ჩაიდენდა, რაც საფრანგეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა, საფრანგეთის მთავრობა ქვეყნიდან გაასახლებდა. ბილეთის ყიდვა აღარ დასჭირდებოდა. პირდაპირ თვითმფრინავში ჩასვამდნენ და ნიუ-იორკში ჩააფრენდნენ. იქ პოლიციას გადააბარებდნენ. ამერიკაში კი მისი გვარი საკმაოდ ცნობილი გახლდათ. გეგმა, ფაქტობრივად, იდეალური ჩანდა, მაგრამ ერთი სუსტი რგოლი ჰქონდა – დანაშაული ისეთი ტიპის უნდა ყოფილიყო, რომელიც ფრედერიკ გარსტონ-უფროსს არ შეურაცხყოფდა. ის ხომ ჩვეულებრივი გვარის ან ჩვეულებრივი ოჯახის წარმომადგენელი არ იყო.
პარიზის კრიმინალურ ქრონიკაში ახალი „ნიუსი“ გაჩნდა – ვიღაც ახალგაზრდამ შუადღის სამ საათზე შეურაცხყოფა მიაყენა საფრანგეთის ღირსებას. აცოცდა ტრიუმფალური თაღის წინ, ხეზე და უმსგავსო საქციელი ჩაიდინა. პულვერიზატორიდან თაღზე ინგლისური ასოებით უხამსი სიტყვები დაწერა. დაკავებისას პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა. ახალგაზრდა რამდენიმე ქუჩის კამერამ დააფიქსირა. დაქირავებულ ბინაში მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ) დანაშაულის ჩადენამდე სხვა მისამართზე ცხოვრობდა. გაუგებარია მისი აგრესია საფრანგეთის ღირსების მიმართ და ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის, დაუყოვნებლად დეპორტირებული იქნება ქვეყნიდან.
ორი დღის შემდეგ მოვლენები უკვე ნიუ-იორკში განვითარდა. უილიამ ფრედერიკ გარსტონი აეროპორტიდან პირდაპირ წინასწარი დაკავების საკანში მიაბრძანეს. არ გაჭრა მისმა თხოვნამ, დაერეკათ ოჯახის ადვოკატისთვის და არც არავის მიუკითხავს, რამაც გააოცა. მისი ოჯახი საკმაოდ ცნობილი იყო და ვერ დაუშვებდა ფაქტს, რომ მამამისს არ აცნობეს.  მეორე დღეს უილიამ ფრედერიკ გარსტონ-უმცროსს სერიოზული შოკი დაეწყო. არანაირი ინფორმაცია. ხმაური რომ ატეხა, მშვიდად აუხსნეს, რომ გარკვეული პროცედურები იყო გასავლელი, სანამ მის ბედს გადაწყვეტდნენ.
მხოლოდ მეხუთე დღეს შეატყობინეს, რომ მასთან სტუმარი მივიდა. მამის სახის გამომეტყველება იმედისმომცემი იყო და უილიამმა შვებით ამოისუნთქა.
– მადლობა ღმერთს, უკვე ვფიქრობდი, უკან, საფრანგეთში გამგზავნიან-მეთქი. მამა, სხვა გამოსავალი არ მქონდა.
– მართლა? ბევრი იფიქრე, სანამ ამ სისულელეს ჩაიდენდი?
– რა თქმა უნდა. დანაშაულთა ჩამონათვალიდან ყველაზე ღირსეული შევასრულე რაც ჩვენი ოჯახის ღირსებას არ შეურაცხყოფდა.
– მართლა? მერე რა გამოგივიდა იმ სულელური სიტყვებით, რომელიც წითელი საღებავით ტრიუმფალურ თაღზე დაწერე? ჩვენს დიდებულ ქვეყანას, მის ღირსებას და ბრწყინვალებას სერიოზული ჩრდილი მიაყენე. რა გავაკეთო, რომ ოჯახს ღირსება აღვუდგინო?
– მამა, რას ლაპარაკობ?
– იმას, რომ კარგად უნდა დაფიქრებულიყავი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი შვილი სულელია. ამიტომ, გირაოს შეტანაზე უარს ვამბობ.
– მამა... აქ უნდა დამტოვო? – შეშფოთებით შეჰყვირა უილიამმა.
– თან,  სერიოზული შეცდომა დაუშვი, სანამ შენს გენიალურ ჩანაფიქრს განახორციელებდი, ბინა შეიცვალე. სწორედ ამაში არ გაგიმართლა, რადგან ჩემს ბოლო წერილს, რომელშიც გწერდი, სახლში ფეხით ჩამოდი-მეთქი, მალევე მეორეც მივაყოლე, ხუთასი დოლარის გამოგზავნის შესახებ. უილიამ, ერთმა აღმზრდელობითმა და ჭკუის სასწავლებელმა ბარათმა არ გაჭრა. ამიტომ, მეორეჯერ მივმართავ უკიდურეს ზომას – ცოტა ხნით საპატიმროში გტოვებ, ვნახოთ, სასამართლო რამდენად შეაფასებს შენს უგუნურებას.
– მე ხომ არავინ მომიკლავს, – გაცოფდა უილიამი.
– მოკალი! – მშვიდად განუმარტა გარსტონ-უფროსმა – ჩემი შენდამი რწმენა მოკალი!

скачать dle 11.3