რას წარმოადგენდა საიდუმლო ოპერაცია „თხუნელა“, რომელიც ბერიას მითითებით ჩატარდა #6
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია ბავშვობიდანვე მხატვრობაზე ოცნებობდა და არანაირ ინტერესს არ იჩენდა საიდუმლო, სპეციალური სამსახურების მიმართ, მისი თავბრუდამხვევი კარიერა სწორედ ამ სფეროში განვითარდა, არნახულ მასშტაბებს მიაღწია და საბჭოთა უშიშროების მარშალი გახდა... პროფესორი გენადი ვასილკოვსკი წერს: „უშიშროების სფეროში მარშლის ჩინი უიშვიათესია. ალბათ, თითებზეა ჩამოსათვლელი ასეთი ადამიანების რიცხვი. მარშალი ლავრენტი ბერია კი საუკეთესოა თანასწორთა შორის და მას ეს ჩინი სტალინმა განსაკუთრებული დამსახურებებისთვის მიანიჭა. უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი ვსევოლოდ კოპილოვი წერდა: „მარშლობა ბერიამ სრულიად დამსახურებულად მიიღო. მეტსად ვიტყვი, ის (ბერია) უშიშროების გენერალისიმუსი იყო და არამც თუ სტრატეგიულად არ დამარცხებულა ამ ფრონტზე, არამედ უმნიშვნელო საბრძოლო ეპიზოდიც კი არ წაუგია. ლავრენტი პავლოვიჩი, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო და ბელადი სტალინი სწორედ ამიტომ ანდობდა მას საბჭოეთის ხერხემალს, ანუ სტრატეგიულ პროექტებს, რაზეც დამოკიდებული იყო საბჭოთა კავშირის სიცოცხლისუნარიანობა და განვითარება...“
ზოგადი სტრატეგიული პროექტების განხორციელების პარალელურად, ბერია თავადვე ნერგავდა მრავალ ინოვაციას ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი უშიშროებაში, რასაც უდიდესი სარგებლობა მოჰქონდა სახელმწიფოსთვის. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროექტი იყო ოპერაცია „თხუნელა“, რომელსაც ბერიამ შეასხა ხორცი და მისი გარდაცვალების შემდეგ, კვლავ თორმეტი წელი მოჰქონდა სარგებლობა. გენერალ ვსევოლოდ კოპილოვის მოგონებებიდან: „მიუხედავად იმისა, რომ 1947 წელს ბერია უკვე აღარ იყო საბჭოთა უშიშროების უშუალო ხელმძღვანელი, ის მაინც ინარჩუნებდა თავის გავლენას იქ. მაისის ერთ დილას მან ცეკაში თავის კაბინეტში, დამიძახა და მითხრა:
– ვსევოლოდ მატვეევიჩ, როგორც შევიტყვე, თქვენს განყოფილებაში ეგრეთ წოდებული ვერტიკალური შეღწევის ელექტრომოსასმენი სისტემა გამოუგონებიათ, რომელსაც ძლიერი წინაღობების გადალახვა შეუძლია და ბგერა სუფთად გამოაქვს, ასეა?
მე იმ პერიოდში, საბჭოთა უშიშროების ელექტროტექნიკური განყოფილების უფროსი ვიყავი და მსგავსი სისტემა შევქმენით. ამიტომ, ბერიას მივუგე:
– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ. ამ სისტემას თოთხმეტი თვე ვქმნიდით.
როგორც ბერიას საუბრიდან მივხვდი, მან უკვე კარგად უწყოდა ჩვენი სისტემის ყველა პარამეტრი. ის შესანიშნავად ერკვეოდა ტექნიკაში, რადგან ტექნიკური განათლება ჰქონდა მიღებული. და, საერთოდ, ბერია ძალიან საზრიანი, ნიჭიერი ადამიანი იყო და ბუნებით თავად ინოვატორს, არ უჭირდა სხვის ინოვაციებში გარკვევა. მან გამომცდელად შემომხედა და მითხრა:
– თქვენი სისტემის გამოცდა ნოვინსკის ბულვარზე, ერთი სახლის ქვეშ გვინდა და როგორ ფიქრობთ, ქმედით შედეგს მივიღებთ?
– კონკრეტული მიზანი რაში მდგომარეობს, ლავრენტი პავლოვიჩ? – მოკრძალებულად შევუბრუნე კითხვა ბერიას.
– მოსმენა, – მოკლედ და მკაფიოდ მითხრა ბერიამ.
წამით დავფიქრდი და როდესაც გავიაზრე, რომ ბულვარზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობა მდებარეობდა, ბერიას ვუთხარი:
– ალბათ, ამერიკის საელჩოს შენობის მოსმენას გულისხმობთ.
– სწორედ ამას, – დამიდასტურა ბერიამ.
– დიახ. შესაძლებელია. მხოლოდ მის ქვეშ გვირაბი უნდა გაითხაროს ამ სისტემის დასამონტაჟებლად, – ვთქვი მე.
– ეგ უკვე გავითვალისწინე და ოპერაცია „თხუნელაც“ შემუშავებულია, – მითხრა ბერიამ და დაამატა, – მთავარ „თხუნელასაც“ ველაპარაკე.
მთავარ „თხუნელას“, ლავრენტი ბერია ლეგენდარულ ქართველ ინჟინერ-მეტრომშენ ვიქტორ გოცირიძეს უწოდებდა, რომელსაც დიდ პატივს სცემდა.“
ლავრენტი ბერიას უახლოესი თანამშრომელი, გენერალი ბოგდან ქობულოვი იხსენებდა: „37 წლის უნიჭიერესი ქართველი ინჟინერი, გვირაბმშენებელი ვიქტორ გოცირიძე პირადად მე ჩავუყვანე ლავრენტი ბერიას მოსკოვში. იმ პერიოდში, გოცირიძე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიდან ახალი წამოსული იყო, ახალ სამსახურს ელოდებოდა და როდესაც წარვუდექი და ვუთხარი, რომ მოსკოვში, ბერიასთან მიმყავდა, არაფერი უკითხავს... ბერიას კაბინეტში მათ საუბარს მეც ვესწრებოდი, რადგან ოპერაცია „თხუნელას“ უშუალოდ ვკურატორობდი. ლავრენტი პავლოვიჩმა მოკლედ მითხრა, ძირითადი თემის შესახებ და გოცირიძეს ჰკითხა:
– ვიქტორ დავიდოვიჩ, შეძლებთ, ამერიკის საელჩოს ქვეშ უმოკლეს დროში ხარისხიანად და ჩუმად გათხაროთ გვირაბი?
– დიახ. შევძლებთ, – მტკიცედ და დამაჯერებლად უპასუხა ბერიას გენიალურმა ინჟინერმა.
– მაგრამ, მხოლოდ ეს არ კმარა, – ბერიამ პაუზა გააკეთა და ღიმილიანი, გამომცდელი მზერა შეავლო გოცირიძეს, ეს საქმე უაღრესად საიდუმლო ვითარებაში უნდა გაკეთდეს. ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ?
– დიახ. მესმის, ლავრენტი პავლოვიჩ, – მიუგო გოცირიძემ ბერიას.
ვიქტორ გოცირიძემ და მისმა პროფესიონალმა ხელქვეითებმა ამერიკის საელჩოს ქვეშ სულ რაღაც ორ თვეში, გათხარეს ოთხმოცი მეტრის სიღრმის გვირაბი (სულ 195 მეტრის სიგრძის) და ვსევოლოდ კოპილოვმა იქ უახლესი მოსასმენი მოწყობილობა დააყენა...“
ოპერაცია „თხუნელა“ 1947 წლის აგვისტოში წარმატებით დასრულდა და საბჭოთა დაზვერვა თორმეტი წლის განმავლობაში (1947-1959 წლებში) წარმატებით უსმენდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობას. ყველაფრის საქმის კურსში იყო, რაც იქ ხდებოდა და იქიდან სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას იღებდა. ეს ამბავი მხოლოდ მას მერე გახდა ცნობილი „ცეერუსთვის“, როდესაც შტატებში პოლკოვნიკი პეტრე კომაროვი გაიქცა და მტერს ყველაფერი ჩაუკაკლა. არადა, კომაროვი ბერიას ბრძანებით, არაკეთილსაიმედოობის ბრალდებით, 1953 წლის 30 მაისს დააპატიმრეს. მოღალატე ოფიცერს კი იმან უშველა, რომ ერთ თვეში თავად ბერია ვერაგულად მოკლეს შეთქმულებმა.
საგულისხმო და საინტერესო ფაქტი ისაა, რომ როგორც ცნობილმა ეკონომისტ-პოლიტოლოგმა იანა კატაევამ გამოიანგარიშა, ლავრენტი ბერიას მიერ დანერგილმა მეთოდებმა და საიდუმლო პროექტებმა საბჭოეთს ტრილიონი მანეთი დააზოგინა. მისი (ბერიას) სიკვდილის შემდეგაც ეს სისტემები დიდ შემოსავალს იძლეოდა. მათი ნაწილი დღესაც ფუნქციონირებს და ყველაზე მცირე, მათმა შემოსავალმა 50 წლის განმავლობაში 11 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა“.