რას ყვება „დინამოში“ გაყიდულ თამაშებზე რევაზ ჩელებაძე #6
რევაზ ჩელებაძეს თბილისის „დინამოს“ ისტორიასა და წარმატებულ ასპარეზობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ჩელებაძე-შენგელიას მრისხანე დუეტი მეტოქე გუნდების მცველებისთვის მუდმივ თავსატეხს წარმოადგენდა (ს. გაუჩო). გოლის გატანის განსაკუთრებული ნიჭის გარდა, რევაზ ჩელებაძე თერთმეტმეტრიანი საჯარიმოების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერითაც გახლდათ დაჯილდოებული. არაერთი წარმატების მიუხედავად, ქართველ გულშემატკივრებს ჩელებაძე მაინც ერევნის „რაზდანის“ სტადიონზე გამოჩენილი „გმირობისთვის“ დაამახსოვრდა, როდესაც ცარიელ კარში ბურთი ვერ გაიტანა და ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ქარს გაატანა. ეს ეპიზოდი ჩელებაძის სპორტულ კარიერას „სალაღობო მოსაგონრად“ მუდამ თან სდევდა.
***
„თბილისის „დინამოში“ რომ მივედი, იმ ხანად ფილმი გამოვიდა – „ჩერმენი“ (მ.კახიძე). რა ვიცი, ჩერმენს შემადარეს თუ არა, მასე მეძახდნენ. მეც ვიფერებდი, რა თქმა უნდა. უცოლო ბიჭები ვიყავით, გერმანიის ნაკრებიდან დავბრუნდით მოსკოვში და ერთად ვართ მე, დათო ყიფიანი და შოთა ხინჩაგაშვილი. მოკლედ, საგულაოდ წასვლა გადავწყვიტეთ. ერთმა მანდილოსანმა სახლში მიგვიპატიჟა. გამევიპრანჭეთ, შენ ხარ ჩემი ბატონი და ვესტუმრეთ. სამი სამზე ვართ. იმან, ვინც დაგვპატიჟა, დაქალები დაგვახვედრა. მარა სამი გოგოდან ერთი ნამეტანი მარწყვივით იყო და სამივე იმას მივაჩერდით. როგორ, კაცო, „ჩერმენი“ ვარ და ვაჟუჟუნებ თვალებს. მაგიდაზე ხილით სავსე ვაზა იდგა. უეცრად, დათომ, მის სულს ვენაცვალე, თითის ოდნავი მოძრაობით, კაი მოზრდილი ფორთოხალი გადმოაგდო ვაზიდან. ვერ მივხდით, რა ხდება, რას შობა ეს კაცი. დედაა, ყიფომ ის გოგოები გადარია, სიტყვით ვერც აღვწერ. დაიწყო ფეხით ფორთოხლის აკენწვლა. ხან კისერზე გეიჩერა, ხან თავზე... აუჰ, ისეთი სანახაობა იყო... მისი შემხედვარე გოგონები კი, მგონი, აღარც სუნთქავდნენ. რამდენიმე წუთს გაგარძელდა ეს საოცრება და ბოლოს, იმ მარწყვივით გოგოს მიართვა ფორთოხალი. მართლია, მე და შოთამ მარწყვი ვერ „ვჭამეთ“, სამაგიეროდ, ფორთოხლით აკენწვლის დაუვიწყარი გაკვეთილი ჩაგვიტარა ყიფომ და ეს მართლა საოცრება იყო.
***
მამაჩემის სამივე ძმა დიდ სტიმულს მაძლევდა, ბოვში ბიჭი ვიყავი და 3-4 გოლი გამქონდა. იქიდან დაწყებული გოლის გატანაზე 10-10 მანეთს მჩუქნიდნენ. ჩემზა 30 მანეთი კაი ფული იყო. მერე, თბილისის „დინამოში“ რო დავიწყე თამაში, გამოვუცხადე: 10 მანეთს ყაბულს აღარ ვარ, ამხელა დედაქალაქის, საქართველოს ღირსებას ვიცავ და საათმანეთო ბიჭი ვარ-მეთქი? – თავი გამოვიდე. მერე, ბიძაჩემი, ზია ჩელებაძე, 100 მანეთს მაძლევდა გოლის გატანაში, მარა აღარც 100 მანეთზე ვიყავი თანახმა იმის მერე, რაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიწევდა თამაში. ნაკრებში 500 მანეთზე ევიდა „ჰონორარი“ – ფეხის ჭკუას პლუს თავის ჭკუა, რავა, ცუდია? ერთხელ სამი ბურთი შევაგდე ერთ თამაშში და ბედნიერი დავქროდი მინდორზე. აბა, რა დამემართებოდა, რო წარმოვიდგინე ბიძაჩემის სახე, მარა სად გამექცეოდა?! 1 500 მანეთი „გამომიწერა“.
***
მე და მსაჯები ხომ... რავარი შესაყვარებელია მსაჯი, ა? მსაჯი და მსაჯობა უცნაური ფენომენია, უცნაური და ამოუცნობი. მსაჯის გამო ერთ დღეს ისე ამოვხტი საკუთარი სხეულიდან, რა ჩავიდინე, ახლა მოსაყოლადაა ადვილი, მაშინ? ლენინგრადის „ზენიტს“ ვეთამაშებოდით დუბლებში. პირველი ტაიმი 3:0 წავაგეთ. ვაიმე, ნოდარ ახალკაცმა სასტიკად გაგვჯორა. მეორე ტაიმში, მე-5 წუთზე ანგარიში უკვე 3:3 იყო. ერთი მე შევაგდე, კიდევ ჭილაიამ და სულაქველიძემ. ამასობაში მეოთხე ბურთიც გავიტანე და გავგიჟდი, გვერდითმა მსაჯმა არ ჩათვალა. ცოტა ხანში მეხუთე შევაგდე და ახლა – აფსაიტიო. ჰოდა, რომ გავქანდი იმ გვერდით მსაჯისკენ, ცოცხალი და მკვდარი ერთად ვაგინე. მოვარდა ცენტრალური მსაჯი: რა მოხდაო? დააბრიალა თვალები. მაგინაო, ჩაუკაკლა გვერდითმა. ჯერ ხომ ტყუილად მოგვცა აფსაიტი, ახლა წითელი ბარათი არ გააძრო?! რაღას დაველოდო-მეთქი და ცენტრალურ მსაჯსაც ვაგინე და ვაფურთხე. მერე იმ „ბაკავოის“ გამოვეკიდე. გარბის ის ლენჩი და მივდევ მამაპაპური გინებით.
ამასობაში ტრიბუნიდან ვინცხა ჯანდაბა გადმოხტა ჩემკენ. რო ვატაკე მუშტი ცხვირ-პირში, 15-20 მეტრში კაცი აღარ იყო ტრიბუნაზე. ტრიბუნაზე შევარდნილი როგორ გამკოჭეს და როგორ წამომიღეს, აღარ მახსოვს. სამუდამო დისკვალიფიკაციას მაძლევდნენ, მარა ცხონებულმა კახი ასათიანმა გადამარჩინა და მკაცრად გამაფრთხილა, აწი სულ ბოდიშებით ირბენ მინდორზე, თორემ მოგკლავო. როგორც იქნა დავისწავლე „ბოდიში“, თუმცა ჩემსას არ ვიშლიდი. რუსი მსაჯები თავიანთ ადგილას მყავდა დაყენებული. რავარც რომელიმე წეივლებდა ხელს ჯიბეზე, ვეუბნებოდი: თუ გამაგდებ, იცოდე, შენთან ერთად ვამთავრებ ფეხბურთს, რა ფერის ბარათს ამოიღებ, იმ ფერს გაგხდი-მეთქი. ეშინოდათ და მანებებდნენ თავს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 17 პენალტი მაქვს დარტყმული, გავაფუჭე სამი და ისიც მხოლოდ ტერენტიევის მსაჯობისას. გამორიცხულია, ვერ შეიყვარებ მსაჯს, რავარი შესაყვარებელია, რო?
***
ჩაწყობილი თამაშები? დასამალი რაა, იყო ასეთი შემთხვევებიც. მაგალითად, ერთხელ ბათუმის „დინამოს” ძალიან სჭირდებოდა მოგება, რომ პირველ ლიგაში გადასულიყო. ფრუნზეში გვაქვს თამაში. ფული და კიდევ 12 ყუთი მანდარინი წავიღეთ, მაგრამ არ იცოდნენ იმათ მანდარინის ფასი და კი გამოგვატანეს უკან!.. საერთოდ, თამაშს ჰქონდა „სტავკა” და ამის მიხედვით იცვლებოდა – 2 ათასიდან 40 ათას მანეთამდე. სანამ თბილისის „დინამოში” ვიყავი, ნაღდად არ გაგვიყიდია თამაში, მაგრამ ყიდვით, იცოცხლე, იყო ასეთი შემთხვევები. „დინამოში” ეს საქმე კონკრეტულ კაცს ებარა.
***
თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშების სტარტზე კი ვეხმარებოდი გუნდს, მაგრამ ბოლო ეტაპზე – აღარ. ეგ კი არა, „ფეიენოორდთან“ შემადგენლობაში რომ ვერ მოვხვდი, ლამის ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი. დღემდე მწარედ მახსოვს ის დღე, როცა ცხონებული გივი ნოდია შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა, დიუსელდორფში, თასების თასის ფინალზე არ მოდიხარო. იმ დროისთვის ჩემი და ნოდარ ახალკაცის ურთიერთობას თბილი ნამდვილად არ ეთქმოდა. რაში იყო საქმე და შელაპარაკება მოგვივიდა. ერთ დღეს „დინამოში” ავტომანქანები დაარიგეს, მე კი არ შემხვდა, არადა იმ დროს უკვე ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ვიყავი. ძალიან გავბრაზდი, შევედი მასთან კაბინეტში და მიზეზი ვკითხე. ჯერ მითხრა, არ გეკუთვნისო, მერე კი „დინამოს” რესპუბლიკურ საბჭოსთან გადამამისამართა. მე არაფერ შუაში ვარ, ეგენი წყვეტენ ყველაფერსო. მივედი იქ, მაგრამ გაკვირვებულებმა მიპასუხეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, გუნდი ანაწილებს მანქანებსო. ბაზაზე რომ დავბრუნდი, უფრო მაგრად ვიჩხუბე. უკვე საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი გუნდიდან წასვლა, თან, იმ დროს კონსტანტინ ბესკოვი მიწვევდა მოსკოვის „სპარტაკში”. ბინასა და მანქანაზე არც იყო საუბარი, მხოლოდ თამაში მაინტერესებდა. „სპარტაკი” კარგი ვარიანტი კი იყო, მაგრამ ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი... რამდენიმე დღეში ახალკაცი შემხვდა ბაზაზე: სად ხარ, გეძებენ, წადი, მანქანა გამოიყვანეო. ვითომც არაფერი მომხდარა...
1982 წელს „დინამოდან” წასვლა გადავწყვიტე. მწვრთნელი აღარ მენდობოდა, მე კი თამაში მსურდა. ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია. 25 წლის ასაკში ძნელია, ქვეყნის საუკეთესო კლუბიდან რომ მიდიხარ, მაგრამ ასე ჩავთვალე საჭიროდ. იმ პერიოდში ევგრაფი შევარდნაძე ძალიან დამეხმარა – ლანჩხუთის „გურიაში“ თამაში შემომთავაზა. ცხადია, უარი არ მითქვამს, მაგრამ „გურიაში“ გადასვლამდე მცირე ხნით უქმად ვიყავი – სმოლენსკში მსაჯი შემომელახა და დისკვალიფიკაციით დამსაჯეს. მურთაზ ხურცილავა რომ არა, ფეხბურთს სამუდამოდ ჩამომაშორებდნენ. სწორედ ხურცილავა ჩავიდა საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე პავლოვთან და სამუდამოს ნაცვლად, ათმატჩიანი სასჯელი „გამომიწერეს”.
„გურიის“ შემდეგ ბათუმის „დინამოს” ჯერი დადგა. აჭარლებს უარს როგორ ვეტყოდი?! ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე, კლუბი კი ისტორიაში პირველად, პირველ ლიგაში აღზევდა! თუ სწორად მახსოვს, ჩვენ 70 გოლი გავიტანეთ. აქედან 21 ჩემი იყო, 39 კი ჩემი პასის შემდეგ გავიდა. ავთო გორგილაძე იყო თავდასხმაში ჩემი მეწყვილე, ძალიან ძლიერი დუეტი შევქმენით მე და ავთომ.
რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის „დინამოს“ დავუბრუნდი. ნოდარ ახალკაცი ჩამოვიდა ბათუმში – ის ახალი მიბრუნებული იყო გუნდში – მოვიდა და მთხოვა: ბევრი პატარა ბიჭია, გამოცდილი ხალხი მჭირდება, წამოდი, მომეხმარეო. კი, ნაწყენი ვიყავი მასზე, მაგრამ იმ დროს საჭიროდ ჩავთვალე თბილისში გადასვლა და დავბრუნდი.“