დაიწყო თუ არა დღეს ბოლო ჟამი და გადაეცა თუ არა მსოფლიო სამმართველოდ ეშმაკს #6
დღეს ყველას საკმაოდ რთულ და მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება. გარს უამრავი პრობლემა და განსცადელი გვავხვევია. ქრისტიანისთვის ასეთ დროს ყველაზე დიდი იმედი უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, რომელიც მათ, ვისაც მისი სწამს, ნუგეშსა და სიყვარულს ჰპირდება. ნუგეშის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ყველაზე მეტად ბიბლიაში, ძველ და ახალ აღთქმაში, გამოყენებულია სიტყვა „ნუ გეშინიათ“. დღეს, როცა შედიხარ ინტერნეტში, სადაც ძალიან ბევრი ფილმია აპოკალიფსზე, არცერთი ფილმი არ გადმოგვცემს იმას, რომ ქრისტიანი სიხარულით უნდა ეგებებოდეს მაცხოვრის მეორედ მოსვლას. პავლე მოციქულის სწავლებით: ეკლესია არის სძალი ქრისტესი, ანუ საპატარძლო და ქრისტე არის ნეფე. ის პატარძალი, რომელიც ევედრება ღმერთს, რომ ნეფე არ მოვიდეს სახლში, ნორმალური პატარძალი იქნება? თუ კარგი პატარძალი ხარ – სულიერად და ფიზიკურად სუფთა, ხომ უნდა გიხაროდეს, მალე მოვიდეს შენთან ქრისტე, რომ დაქორწინდე მასზე და იყო ბედნიერი. ერთი ღვთისმეტყველი ამბობს: თუ თქვენ მოინანიებთ, აპოკალიფსი არ მოვა. ანუ, თუ პატარძალი გამოსწორდება, სიძე აღარ მოვაო. რის პატარძალი ხარ, რისთვის გინდა შენი სიწმინდე, თუ არ ჩააბარე ნეფეს. მაგრამ, ჩვენ გვეშინია: რა იქნება, როგორ იქნება, ექვსიანები, აიდი ბარათები, ბევრი მოძღვრის საშინელი ქადაგებები. ბიბლია ცნობს ორ აპოკალიფსს. ერთი არის მცირე, რომელიც მათეს სახარების 24-ე თავში წერია, რასაც თავად იესო ქრისტე გადმოსცემს და რის ნახევარიც უკვე აღსრულდა. მეორე კი, ეს არის დიდი აპოკალიფსი – იოანეს გამოცხადება. ჩვენ ღმერთმა გამოგვიცხადა: რა როგორ უნდა იყოს და რატომ გვეშიანია. რატომ დავდივართ სულ დაღონებულები, თავჩაღუნულები? იესო ქრისტე ხომ გვეუბნება: თუ არ მოინანიებთ, თქვენს ცოდვებში დაიხოცებითო. პავლე მოციქული კი გვეუბნება: თუ ღმერთი ჩვენთან არის რას მიზამს მე კაცი. რის გეშინიათ, თუ ღმერთი არის თქვენთან? წარმოიდგინეთ, სამოთხეში ხართ, ყველაფერი კარგად არის, არაფერია საზრუნავი, მაგრამ მოინდომე ის, რაზეც ღმერთმა გითხრა, არ შეიძლებაო. ჩავარდი ცოდვაში, ღმერთი კი გეძახის: სად ხარ, ადამ და ადამი იმალება. ამ დროს შემოდის სირცხვილი და მორიდება. მაგრამ, ღმერთი ეუბნება: ნუ გეშინია, ახლა თუ არ გესმის, მე მოვავლენ ქალწულისგან მესიას, რომელსაც დღეს ელოდებიან ებრაელები, მუსლიმანები. მაგრამ, ჩვენთვის ხომ მოვიდა მესია? კარგი, სამოთხეში ვერ გავიგეთ მისი ხმა, იესო ქრისტე ხომ მოგვივლინა, რის გეშინიათ მაინც?
– რა არის ამ შიშის მიზეზი?
– შიშის მიზეზი ის არის, რომ ნელთბილი სარწმუნოება გვაქვს. ჩვენს ეკლესიაში ყველა ლოცვა დაწყებითი ლოცვებით იწყება და წინ შემდეგი სიტყვები ითქმის: მეუფეო, ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო. ანუ, ყველა მსახურებისას ვიწვევთ სულიწმიდას ჩვენზე, რომ ნუგეში შემოვიდეს ჩვენთან. რატომ ვიკრიბებით ტაძარში? რომ ვილოცოთ? სახლში არ შეიძლება ლოცვა? რომ ვეზიაროთ? სახლში არ შეიძლება ზიარება? ტაძარში მეოთხე საუკუნიდან იკრიბებიან ქრისტიანები, რომლებიც მანამდე კატაკომბებში იკრიბებოდნენ შეშინებულები და დაღონებულები, რომ ვინმეს არ მოეკლა. იმიტომ ვიკრიბებით ეკლესიაში, რომ წირვა-ლოცვით, აღსარებით, სინანულით, ზიარებით მივიღოთ ნუგეშინისცემა. სახლში საკმარისი ნუგეში არ არის, რადგან იქ ჩვენზე სუსტი ადამიანები ცხოვრობენ. ხან ცოლია დასამშვიდებელი, ხან ქმარი, ხან ორივე ერთად. იშვიათია ოჯახი, რომ ქმარი დაბრკოლდეს ცოლმა დაამშვიდოს ან ცოლი დაბრკოლდეს და ქმარმა დაამშვიდოს. ამიტომ უნდა წამოხვიდე ეკლესიაში, რომ წირვის, ქადაგების მერე, ნუგეში მიიღო. თუ ილოცე, აღსარება თქვი, ეზიარე და შენში ნუგეში არ შემოსულა, ესე იგი, შენ არ გილოცია, აღსარება არ გითქვამს და არც ზიარებულხარ. რადგან შენ ზიარების დროს ეზიარები ქრისტეს სისხლსა და ხორცს, სულიწმიდის მადლი მოვიდა შენზე და ამ დროს იმაზე ფიქრობ: ხვალ ვინ იქნება პრეზიდენტი, მმართველი პარტია, რა იქნება, როგორ იქნება. ასეთი ფიქრებით ვართ მთელი ცხოვრების განმავლობაში. პავლე მოციქული ამბობს: 5 სიტყვა თქვი გონებით და გააზრებით, ვიდრე 5 ათასი და უაზროდ. ყოველ წირვაზე, იმაზე კი არ უნდა იფიქროთ ხატიდან მირონი მოდის, ხატს მივაბრძანებ და სახლი გაიყიდება ან ჩემს ქმარს ხელფასი მოემატებაო. ეს არ იფიქროთ. ჯერ სულიერზე, სასუფეველზე იფიქრეთ და დანარჩენს თვითონ იესო ქრისტე მოგცემთ, რადგან მან იცის, რომ ეს ყველაფერი გჭირდებათ.
– დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბოლო ჟამია და ეს კიდევ უფრო მეტად აშინებს ქრისტიანებს.
– დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მასონური ხელისუფლებაა, მასონებმა შექმნეს ევროკავშირი, მსოფლიო პარლამენტი. 50-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, შეიქმნა გაერო, ახლა უკვე შექმნილია, მაგრამ ჯერ არ გამოცხადებულა „გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაცია“ ანუ „პანეკუმენიზმი“, რომელშიც ბევრი მართლმადიდებელი, კათოლიკე ქრისტიანი და სხვა რელიგიის წარმომადგენელი გაწევრიანდა. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ არ უნდა შევიდეთ, რაც არ უნდა გვითხრან. როდესაც ანტიქრისტე გამეფდება, ის იქნება პოლიტიკური ლიდერი და ცრუ წინასწარმეტყველი, რომელიც მართავს ამ რელიგიებს. ერთმა სასულიერო პირმა თქვა: რა უგუნურები არიან მასონებიო და მერე გააგრძელა: სამწელიწად-ნახევარზე მეტხანს ვერ გააგრძელებენ მეფობასო. სწორედ ასე წერია იოანეს გამოცხადებაში: ანტიქრისტე და მისი დამქაშები სამწელიწად-ნახევარზე მეტ ხანს ვერ იბოგინებენ. თქვენ სახლში არც პური შემოგაკლდებათ, არც რძე და არც თაფლი, თუ ამის რწმენა გექნებათ. ნუ გაბოროტდებით და ნუ განიკითხავთ. მთავარია, ნუგეში ეძებოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დროებით, რამდენიმე ხნით არის გადაცემული სამყარო არაწმიდა სულისთვის. ოღონდ მას ღმერთმა კი არ გადასცა, არამედ ჩვენ გადავეცით. მან, უბრალოდ, დაუშვა, რომ დროებით ყოფილიყო მის ხელში. სამაგიეროდ, ჩვენ გადმოგვცა სულიწმიდა, სისხლი და ხორცი თავისი, ცხონება, ცოდვები კი გვაპატია. როგორც პეტრე მოციქული ამბობს: თქვენ ოქროთი კი არ ხართ გამოსყიდული, არამედ იესო ქრისტეს ძვირფასი, დაღვრილი სისხლითო. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, რადგან შეიძლება, უფრო გაუსაძლისი ცხოვრება მოვიდეს, მაგრამ თუ გამოვსწორდებით ჩვენი მომავალი ცხოვრებაც გამოსწორდება. ყოველი დღე დაიწყეთ ლოცვით, ეძიეთ ნუგეში და ის აუცილებლად მოვა. დიდი მამა სერაფიმ საროველი ამბობს: ქრისტიანისთვის მთავარია არა მარხვა, ლოცვა-ზიარება, ეს ყველაფერი საშუალებაა იმის, რომ ადამიანმა მოიპოვოს სულიწმიდის მადლი. ვინც მოიპოვებს სულიწმიდის მადლს, ის ცხონდება, იცხოვრებს ნორმალურად და ის იქნება უფალთან. პროტესტანტებს ასეთი დოქტრინა აქვთ: თუ მე ვაღიარებ იესო ქრისტეს ჩემს მხსნელად, მე უკვე ნაშველი მაქვს, გადავრჩები და აღარაფერი აღარ მჭირდება: არც აღსარება, არც ზიარება. კათოლიკეები როგორ ამბობენ: მე დავიმსახურებ ცხონებას თუ ამას გავაკეთებ, იქ ვიღაცას დავეხმარები და მე შემიძლია, ვცხონდე ჩემი დამსახურებით. როგორია მართლმადიდებლური სწავლება: უნდა ვაღიარო, რომ იესო ქრისტე ჩემი მხსნელია, მე უნდა ვემსახურო მას, მაგრამ მე მჭირდება სულიწმიდის მადლი, უფლის დახმარება. კათოლიკეები ფიქრობენ, რომ ღმერთმა ჩვენზე გამოსცა ამნისტია. შეიძლება, ადამიანი ციხიდან ამნისტიით გამოუშვა და ის ისევ ისეთი დარჩეს, ძველი საქმიანობა გააგრძელოს. ამნისტია საჭიროა, მაგრამ მე უნდა განვიკურნო. მე მჭირდება სულიწმიდის მადლი იმისთვის, რომ განვიკურნო, რადგან თუ არ განვიკურნები, ისევ დამიჭერენ. ასე რომ, ჩვენ გაგვათავისუფლა ქრისტემ და ნუ ვიქნებით მონები მრავალი ცრუ სწავლების.