წმიდა სწავლებანი #6
როგორ დავიცვათ თავი მოყვასის განკითხვისგან
რამდენი მანკიერებით ვართ სავსენი და ვერც კი ვგრძნობთ ამას? ერთმანეთს ვკბენთ და ვებრძვით, მოყვასს შეურაცხვყოფთ, ბრალს ვდებთ, ცილს ვწამებთ და გვშურს მისი. თანაც, ნახე, რა საშინელი ბოროტებაა: როდესაც ვინმეს სურს მოყვასის კარგი სახელისთვის ჩრდილის მიყენება, ამბობს: მავანმა ამ კაცზე ესა და ეს მითხრა, შემინდე, ღმერთო, და ნუ დამსჯი – მე მხოლოდ ისა ვთქვი, რასაც სხვები ამბობენო. მაშ, რისთვის ამბობ, თუკი შენ თვითონაც არ გჯერა? ჭორის გავრცელებით რად უწყობ ხელს, რომ ნათქვამი სინამდვილედ მიიღონ? რატომ გადასცემ სხვებს ამბავს, თუკი ის არასწორია? შენ თვითონ არ გჯერა შენი ნათქვამის, მაგრამ ღმერთს სთხოვ, რომ განგიკითხოს? მაშ, ნუ ლაპარაკობ, დადუმდი, და ამით საკუთარ თავს ყოველგვარი შიშისგან იხსნი.
რა ადვილად ვდებთ ბრალს კაცს, რა ადვილად განვიკითხავთ! სხვა რომ არაფერი გვქონდეს ცუდი ჩადენილი, ესეც საკმარისია ჩვენთვის წარსაწყმედად, ჯოჯოხეთში მოსახვედრად და ათასი უბედურების მიზეზად. იმისთვის, რომ ეს უკეთ გაიგო, ისმინე წინასწარმეტყველის ნათქვამი: „შჯდი რა, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი“ (ფსალმ. 49,20). იტყვი, მაგრამ ეს ხომ მე კი არა, სხვამ თქვაო. არა, სწორედ რომ შენ თქვი. შენ რომ არ გაგემეორებინა, სხვა ვერ გაიგებდა, ხოლო თუ გაიგებდა, შენ არ იქნებოდი დამნაშავე ცოდვაში. მოყვასის ნაკლოვანებები უნდა მიჩქმალო და მიაჩუმათო, შენ კიდევ კეთილმოსურნეობის საბაბით, ააშკარავებ მათ და ხდები, თუ ბრალმდებელი არა, მთხრობელი მაინც, მოლაყბე, ბრიყვი. ვაი, სირცხვილო! შენც მასთან ერთად არცხვენ შენს თავს და ვერც კი გრძნობ ამას? შეხედე, რამდენი ბოროტება იშვება აქედან: შენ განარისხებ ღმერთს, გულს სტკენ მოყვასს, საკუთარ თავს კი სასჯელის თანამდებად ხდი! რისთვის ავრცელებ ჭორს? რისთვის ამრავლებ ბოროტებას? მას შეუძლია ჩვენი დაღუპვა. ამიტომაც ამბობს ქრისტე: „ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ“ (მთ. 7,1). ყბედობას უთვალავი ბოროტება უშვია: ოჯახები დანგრეულა, მეგობრული კავშირები დარღვეულა, ათასი კიდევ სხვა უბედურება მომხდარა. მაშ, ნუ ეცდები, კაცო, შეიტყო ის, რაც შენს მოყვასს ეხება. გიჯობს, შენს საქმეებზე ესაუბრო ღმერთს – და ეს უკვე ნაკლად კი არა, ღირსებად ჩაგეთვლება. ესაუბრე შენს საქმეებზე მეგობრებს, ოღონდ ნამდვილ და სარწმუნო მეგობრებს, რომლებსაც ენდობი, რათა მათ ილოცონ შენი ცოდვების მოტევებისთვის. განკითხვა გსურს? საკუთარი თავი განიკითხე. არავინ განგიკითხავს. თუკი ვიღაც მრისხანებს, ღიზიანდება ან კიდევ რაიმე სხვა უგუნურ საქციელს სჩადის? უმალვე შენი საქმეები გაიხსენე, მაშინ ვეღარც მას განიკითხავ ისე მკაცრად და საკუთარ თავსაც იხსნი ცოდვათა სიმძიმისგან. თუ ამნაირად დავუდებთ საზღვარს საკუთარ თავს, თუ ასე კეთილად წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ, ცხადია, მრავალ ცოდვას ავიცილებთ თავიდან. მრავალ სიკეთეს ჩავიდენთ, ვიქნებით მშვიდნი და ზომიერნი და დავიმკვიდრებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარეებს.
რატომ მიიჩნევა ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობად და რითაა ის საშიში
საშინელია, ჭეშმარიტად საშინელი ვერცხლისმოყვარეობა. ის თვალის ჩინსაც გვართმევს და სმენასაც გვიხშობს, გარეულ მხეცზე უარესად აქცევს ადამიანს: არ აძლევს უფლებას, იფიქროს სინდისზე, მეგობრებზე, ურთიერთობებზე, საკუთარი სულის ცხონებაზე და ერთბაშად ავიწყებს ყველაფერს. თუ ვინმეს ხელში ჩაიგდებს, როგორც რამ ტირანი, თავის მონად აქცევს და ამ მწარე მონობაში ყველაზე საშინელი ის არის, რომ ვერცხლისმოყვარეობა საკუთარი თავით ტკბობას იწვევს. ასე რომ, რაც უფრო მეტად ეძლევიან ამ ვნებას, მით უფრო მატულობს სიამოვნება. ამის გამოა სწორედ ეს სნეულება უკურნებელი. ამის გამოა ეს მხეცი მოუთოკავი. ვერცხლისმოყვარეობამ აქცია გეეზი წინასწარმეტყველის მოწაფიდან კეთროვნად. ვერცხლისმოყვარეობამ დაღუპა ანანია, ვერცხლისმოყვარეობამ ჰყო იუდა მოღალატედ, მანვე გახრწნა იუდეველი მეთაურები, რომლებიც საჩუქრებს იღებდნენ და ამით მტრებს გაუხდნენ თანაზიარად. ვერცხლისმოყვარეობამ აღმოაცენა უთვალავი ომი, გზები სისხლით მორწყო, ქალები კი – გლოვითა და ცრემლებით. მან მეგობრული საღამოებიც არაწმინდად ჰყო. ტრაპეზებიც შებღალა და თვით სანოვაგეც უსჯულოებით სავსედ აქცია. ამიტომაც უწოდა პავლემ ვერცხლისმოყვარეობას კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ამითაც ვერ შეგვაშინა. მაინც, რატომ დაარქვა მას მოციქულმა ეს სახელი? ბევრი, ვინც სიმდიდრეს ფლობს, კი არ სარგებლობს მისით, არამედ რაღაც სიწმიდედ მიიჩნევს და უკლებლივ გადასცემს შვილებსა და შვილიშვილებს, ისე რომ, ვერც ბედავს, შეეხოს მას, გეგონება, რაღაც ღმერთისთვის შეწირული იყოს. შეხედე, როგორც წარმართი უფრთხილდება თავის კერპს, შენც ისე იცავ ოქროს კარებითა და ურდულებით. ეკლესიის ნაცვლად, კიდობანს აგებ მისთვის და ვერცხლის ჭურჭელში ათავსებ. მერე რა, რომ ისე არ ეთაყვანები ოქროს, როგორც წარმართი – თავის კერპს? და მაინც, ყოველნაირად გამოხატავ მის მიმართ პატივისცემას. ვერცხლისმოყვარეობის ვნება დემონზე უარესია. მას ბევრი უფრო მეტად ემონება, ვიდრე ზოგიერთი – კერპებს. „ანგაჰრთა... სასუფეველი ღმრთისაი არა დაიმკვიდრონ“ (I კორ. 6.10), ამბობს პავლე მოციქული. მაგრამ, მათ ესეც არ აშინებთ. თუმცა, ახლა იმაზე როდი ვლაპარაკობთ, რომ თქვენი ქონება დაარიგოთ. მე კი ვისურვებდი ამას, მაგრამ რაკიღა ეს თქვენს ძალებს აღემატება, არ გაიძულებთ. მე მხოლოდ ვცდილობ, დაგარწმუნოთ, რომ სხვისი არ ისურვოთ და თქვენი საკუთრებიდანაც გაიმეტოთ სხვებისთვის რამე. ხომ ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც თავისი კუთვნილით კმაყოფილდება, ახლობლებზე ზრუნავს და პატიოსანი შრომით ცხოვრობს. რატომ არ გვიპყრობს მათ მიმართ შური და არ ვცდილობთ მიბაძვას?