რატომ ღირს რეგიონში ყველაზე ძვირი თამბაქო საქართველოში და რატომ იწვევს თამბაქოზე ფასის მატება მისი მოხმარების ზრდას #6
რაკი ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელის დანერგვის გამო 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტი გარდაუვალი იყო, ხელფეხშეკრულმა მთავრობამ მისი შევსება მწეველთა ხარჯზეც გადაწყვიტა (ხელფეხშეკრულმა, ვინაიდან გადასახადების გასაზრდელად რეფერენდუმით თანხმობაა საჭირო) და თამბაქოს აქციზის ღირებულება ნახტომისებურად გაზარდა (ზედაც – საწვავის აქციზიც მიაყოლა). გამომდინარე იქიდან, რომ თამბაქოს ნაწარმზე ჩვენთან და სამეზობლოში ფასთა შორის სხვაობა უკვე მეტად ხელშესახებია, ცხადია, კონტრაბანდის რისკიც იზრდება. აქვს თუ არა რესურსი და საშუალება, სრულად გამოავლინონ კონტრაბანდა და იყო თუ არა ეს ეკონომიკის სტიმულირებისთვის ერთადერთი და ეფექტიანი საშუალება, – ამ თემას აფბას ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი განგვიმარტავს.
– ხელისუფლება თამბაქოზე აქციზის ზრდას ხსნის ევროკავშირის მოთხოვნით, რომ მასთან ვჰარმონიზდეთ. ეს არგუმენტი საფუძვლიანია?
– ეს ნამდვილად ასეა, ევროკავშირი გვავალდებულებს, თუმცა არ გვაჩქარებს და არ მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ და ამ დოზით გავზარდოთ თამბაქოზე აქციზის ღირებულება. ამისთვის გაცილებით მეტი დრო გვაქვს, უბრალოდ, ჩვენ ვჩქარობთ და ეს სიჩქარე იხსნება რამდენიმე ფაქტორით. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელსაც ხელისუფლება ასახელებს, არის მწეველთა რაოდენობის შემცირება და თითქოს აქციზის გაძვირებით ზრუნავს მწეველებზე. ჩემთვის ეს ახსნა გაუგებარია, რადგან გასული წლის მიწურულს ყველასთვის ნათელი იყო, რომ ბიუჯეტის არსებული დეფიციტის ფონზე დაბალანსება უნდა მომხდარიყო აქციზების ღირებულების ზრდით. პირდაპირ რომ გვეთქვა, აქციზის გადასახადის ზრდა არსებული დეფიციტის ფონზეა გარდაუვალიო, ჩემი აზრით, ამაში მიუღებელი და ტრაგიკული არაფერი იქნებოდა. ჩვენი კონსტიტუცია არ გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ გადასახადები – აქციზის გარდა. შესაბამისად, არსებულ სიტუაციაში რატომ იყო ამის თქმა პრობლემა, ჩემთვის გაუგებარია და რა საჭიროა გადაბრალება, რომ თითქოს სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
– არსებული გამოცდილებით, რომელი ქვეყნის თამბაქოს ფასი განაპირობებს მისი მოხმარების სიხშირეს, ანუ თამბაქოს მაღალი ფასი არის მოსახლეობის ჯანმრთელობის საწინდარი?
– თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თამბაქო არაელასტიკური პროდუქტია და ფასის ზრდა მასზე მოთხოვნის შემცირებას არ იწვევს. პირიქით, ყოფილა საპირისპირო შემთხვევები, როცა თამბაქოს გაძვირების შემდეგ გაზრდილა თამბაქოს მოხმარება და ამას აქვს თავისი მიზეზი. როდესაც მოსახლეობას არ აქვს საშუალება, შეიძინოს ის თამბაქო, რომელსაც ეწეოდა, ანუ პირობითად მაღალი ხარისხის, ისინი გადადიან უფრო დაბალი ფასის თამბაქოზე, რომელსაც მოიხმარენ დიდი რაოდენობით და, შესაბამისად, გაძვირება ხშირად იძლევა ასეთ უკუეფექტს. ამდენად, მოსაზრება, რომ გაძვირება შეამცირებს მწეველთა რაოდენობას, მცდარია.
– სხვა ქვეყნების მაგალითსაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენვე გვქონდა ამ ტენდენციაზე დაკვირვების შესაძლებლობა. აქციზის ღირებულება რამდენჯერმე უკვე გაიზარდა 2017 წლამდე. არსებობს მწეველთა სტატისტიკა საქართველოში და რას ამბობს ის?
– სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი სტატისტიკა არ გვაქვს. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია, ვიხელმძღვანელოთ, არის თამბაქოს წლიური იმპორტის მაჩვენებელი. თამბაქოს იმპორტი კი არ შემცირებულება აქციზის გადასახადის ზრდის შემდეგ და ვერც შემცირდებოდა, რადგან მსოფლიო პრაქტიკა ასეთ მაგალითებს არ იცნობს.
– როდესაც პირველად გაძვირდა აქციზის გადასახადი თამბაქოზე, მაშინვე გამოითქვა მოსაზრება, რომ გაიზრდებოდა თამბაქოს კონტრაბანდა. გაიზარდა წინა გაძვირებებისას კონტრაბანდა? და უნდა ველოდოთ თუ არა მის ზრდას ამჯერად, როდესაც ნახტომისებურად გაძვირდა თამბაქო?
– ბოლო პერიოდში, ოფიციალური ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში, მინიმუმ, ორი ფაქტი აღინიშნა კონტრაბანდის, ადრე მსგავსი პრეცედენტი არ გვქონია. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური განმარტება მსგავს თემაზე არ გაკეთებულა, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მსგავსი ფაქტები არ დაიმალებოდა, რომ ყოფილიყო. შესაბამისად, მსგავს ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ თამბაქოს კონტრაბანდა გაზრდილია და შეუძლებელიცაა, მსგავსი რისკი არ დამდგარიყო ამ რეალობაში. როდესაც 2016 წლის მიწურულს დაანონსდა თამბაქოზე აქციზის ზრდა, მაშინვე ვთქვი, რომ აქციზის მსგავსი დოზით გაზრდა მნიშვნელოვანი კონტრაბანდული რისკის წინაშე დაგვაყენებდა. და, თუკი წინათ კონტრაბანდის ერთეული შემთხვევები იყო, წელიწადში რამდენიმე, წელს დღეში ორი შემთხვევაა უკვე.
აქციზის ამ დოზით ზრდის შემდეგ, მაგალითად, ერთი კოლოფი „ვინსტონი“ სომხეთში ლარით იაფი ღირს. სხვათა შორის, სწორედ სომხეთიდან დაფიქსირდა თამბაქოს კონტრაბანდის ფაქტები. როდესაც ფასთა მსგავსი სხვაობაა, რაოდენ მაღალკვალიფიციური სტრუქტურებიც არ უნდა მუშაობდეს, კონტრაბანდის რისკთან გამკლავება გაჭირდება. გასაგებია, რომ შემოსავლების სამსახური ეფექტიანად მუშაობს, მაგრამ კონტრაბანდის გამოვლენა გართულდება. ისიც რთული სათქმელია, შეძლებენ თუ არა ყველა ფაქტის გამოვლენას და გაართმევენ თუ არა კონტრაბანდასთან ეფექტიან ბრძოლას თავს.
– ცხადია, რომ კონტრაბანდა აზარალებს ეკონომიკას. ალბათ, არსებობს შესაბამისი გათვლები: თუ კონტრაბანდის სრულად აღმოფხვრა ვერ შეძლო მთავრობამ, მიიღებს ისეთსავე ეფექტს თამბაქოზე აქციზის ზრდით, რასაც გეგმავდა?
– მე ამის შესახებ 2016 წლის ბოლოს სპეციალურ პრესკონფერენციაზეც გავაფრთხილე სახელმწიფო, რომ შესაძლოა, დავდგეთ ისეთი რისკის წინაშე, რომელიც არათუ შეაფერხებდა გაძვირებით მოსალოდნელ ფისკალურ ეფექტს ბიუჯეტისთვის, არამედ შესაძლოა, ბიუჯეტმა მიიღოს დანაკლისიც, რადგან მსგავსი ტემპითა და დოზით ზრდა გაზრდის შავ ბაზარს და ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდება. რა თქმა უნდა, ამისი რისკი არსებობს. თქვენ მე სხვა ქვეყნების მაგალითი მკითხეთ, მაგრამ მე მოგიტანთ საქართველოს მაგალითს: 2005 წლისთვის ქვეყანაში თამბაქოს კონტრაბანდული, შავი ბაზარი იმდენად ჭარბობდა, რომ ჯანსაღსა და რეალურ ბაზარს ჩამოშლის საფრთხეს უქმნიდა. შემდეგ დაიხვეწა კონტროლის მექანიზმები და პრევენციული ღონისძიებები გატარდა, მაგრამ, თუ დღეს არსებულ მდგომარეობას შევხედავთ, იკვეთება იგივე რისკები.
– კონტრაბანდასთან ბრძოლა ხომ გარკვეული თანხა უჯდება სახელმწიფოს. თუ პრევენცია ძვირი დაჯდა, რაღა აზრი აქვს თამბაქოს გაძვირებას? თუ დამატებითი ხარჯი არ იქნება გაძლიერებულ კონტრაბანდასთან ბრძოლა?
– ვერ ვიტყვით, რომ კონტრაბანდასთან ბრძოლით სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს, რადგან შემოსავლების სამსახური თავის მოვალეობას ასრულებს, მებაჟე-კონტროლიორებიც პირნათლად მუშაობენ და ვიღებთ კიდეც ამის შედეგს კონტრაბანდის გამოვლინებების სახით, მაგრამ შეუძლებელია ყველა ფაქტის გამოვლენა.
– როგორ ამოწმებენ, ანუ გამოვლენის ალბათობა როგორია?
– ამოწმებენ გონივრული ეჭვის ან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ საბაჟოზე ყველა შემომსვლელი მანქანა მოწმდება და იჩხრიკება. ამდენად, არსებობს კონტრაბანდის რისკი. რაკი ეს ხდება გონივრული ეჭვის, მძღოლის საეჭვო ქმედებისა და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რა თქმა უნდა, არსებობს ალბათობა, რომ მებაჟე-ოპერატორებს გამოეპაროთ და ქვეყანაში მოხვდეს კონტრაბანდული თამბაქო.
– როგორია რეგიონში, ჩვენ გარშემო თამბაქოს ფასები და კონტრაბანდის ყველაზე მეტი რისკი რომელი მიმართულებიდანაა?
– რეგიონში ყველაზე ძვირი ჩვენთან ღირს თამბაქო. ამდენად, კონტრაბანდული რისკი ყველა მიმართულებიდანაა. სომხეთზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ თამბაქოს ფასების ყველაზე შესამჩნევი სხვაობა სომხეთთანაა და, ალბათ, ამან შეასრულა მთავარი როლი, რომ სწორედ ამ მიმართულებიდან აღინიშნა კონტრაბანდის გამოვლენის მთავარი ფაქტები.
– თამბაქოს გაძვირება ყველაზე მეტად აზარალებს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ფენებს. უღირდა ხელისუფლებას ბიუჯეტის შევსებად სოციალური უკმაყოფილება: თუ სხვას ვერაფერს აკეთებს, სიგარეტს მაინც მოწევს იმდენს და ისეთს, როგორიც უნდა. თუ თამბაქოზე ფასის ზრდა ვერ იქცევა სოციალური უკმაყოფილების საფუძვლად?
– მოდი, ვაღიაროთ, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი ნებისმიერი პროდუქტის გაძვირება, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ჯიბეს ურტყამს, და როდესაც საწვავზე აქციზის გადასახადი ორმაგ-სამმაგდება, საწვავის კომპონენტი კი სამომხმარებლო კალათაში შემავალ ყველა პროდუქტშია ასახული, ძვირდება ყველა პროდუქტი. როდესაც ვლაპარაკოთ სოციალურ დატვირთვაზე, თამბაქოს ფასი მნიშვნელოვანი აღარაა, მაგრამ საწვავისა და თამბაქოს ფასების ზრდა მნიშვნელოვანი დარტყმაა და ამის შესახებ მისაუბრია კიდეც. თუ ჩვენ გვინდა, დავნერგოთ, ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელი, გვინდა ეკონომიკის უფრო სწრაფი ზრდა, აქციზები კი არ უნდა გაზრდილიყო ასეთი დოზით, არამედ ხარჯები უნდა შემცირებულიყო. აქციზის გადასახადის ზრდით უნდა დახმარებოდნენ ხარჯების შემცირების პოლიტიკას და არა ისე, რომ მცირედით შეემცირებინათ ხარჯები და რეალურად, აქციზის გადასახადების ზრდით დაეკომპენსირებინათ ის დეფიციტი, რომელიც არსებობდა ბიუჯეტში.
– რაკი მთავრობა ჯიუტად ამტკიცებს, რომ თამბაქო ძვირდება, რათა მოსახლეობამ ნაკლები მოწიოს და ჯანს გაუფრხილდეს, სხვა ღონისძიებები არ უნდა იყოს გათვალისწინებული ანტინიკოტინური კამპანიისას? ევროკავშირი მხოლოდ გაძვირებას მოითხოვს? მაგრამ ასე ხომ, ანუ დისკომფორტით ვირთხებს ასწავლიან ლაბირინთიდან გასვლას?
– მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თამბაქოს მოხმარების შესამცირებელი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა კარგად დაგეგმილი პიარ-სარეკლამო კამპანია. ქვეყნებმა, რომლებმაც დიდი მატერიალური რესურსი ჩადეს კამპანიაში, რომ თამბაქოს მოწევა ცუდია, ყველაზე კარგი შედეგი მიიღეს. იმ ქვეყნებს კი, რომლემაც პრიორიტეტი მიანიჭეს თამბაქოს ფასების ზრდას, მოხმარების შემცირების პოზიტიური შედეგი არ მიუღიათ.
– ესტონური მოდელი გულისხმობს, რომ ბიზნესმენებმა, ანუ მაღალი შემოსავლების მქონე ფენამ, თუ მოგებას ჩააბრუნებს ისევ წარმოებაში, არ გადაიხადოს გადასახადი, რაც შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს, საკომპენსაციო ხარკი გააღებინეს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ფენებს. გააკონტროლებს კი მთავრობა, მეწარმე დამალავს მოგებას თუ ჩააბრუნებს წარმოებაში? თუ გამოვა, რომ მაღალშემოსავლიანები კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა ფენების ხარჯზე?
– აუცილებელი იყო მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება ეკონომიკური ზრდის ტემპის მოსამატებლად. თუ გვინდა, რომ ევროკავშირის დაბალგანვითარებულ ქვეყნებს მაინც დავეწიოთ, ამას ვერ შევძლებთ 2,5-3-პროცენტიანი ზრდით. მათ შორის, ასეთივე რეფორმაა ესტონური მოდელის დანერგვაც, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მისი გაცილებით ეფექტიანად ამუშავება. თუ ბიზნესს თანხას ვუტოვებთ იმისთვის, რომ ისევ ბიზნესში დაატრიალოს და რეალურად, საშუალო ფენას ვუძვირებთ ცხოვრებას, გამოდის, რომ თანხას ერთი ჯიბიდან მეორეში ვდებთ. ამდენად, ჩემი აზრით, უპრიანი იქნებოდა ხარჯების შემცირება და ვერ ვხვდები, რატომ განიხილავენ ხარჯების შემცირებას საჯარო სექტორიდან თანამშრომლების დათხოვნით. ხარჯების შემცირების სხვა მექანიზმებიც არსებობს. უფრო სწორი და ეფექტიანი იქნებოდა ხარჯების შემცირება და აქციზის გადასახადის მცირედით ზრდა, რომ დავხმარებოდით ბიუჯეტის დეფიციტს და არა ისე, რომ მთელი დეფიციტი აქციზების გაძვირებით შეგვევსო. ასე გაცილებით მნიშვნელოვან შედეგს მივიღებდით.
– კიდევ იგეგმება თამბაქოზე აქციზის ზრდა, სადამდე შეიძლება, ეს გადასახადი გაიზარდოს?
– არსებული მიდგომა ძალიან უხეშია. მით უმეტეს, რომ თამბაქოს გაძვირება მის მოხმარებას არ ამცირებს. სადამდე გაიზრდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ აქციზის გადასახადის ზრდა კიდევაა დაგეგმილი.
– არ შეუძლია ხელისუფლებას, შეცვალოს კონსტიტუცია და გადასახადების ზრდა გაყაროს რეფერენდუმს?
– ეს შესაძლებელია, მაგრამ მეორე საკითხია, იქნება თუ არა ეს მიდგომა პოლიტიკურად მომგებიანი ხელისუფლებისთვის, რადგან ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მთავრობა ემზადება სხვა გადასახადების გასაზრდელად, რაც არ არის ხელსაყრელი არცერთი ხელისუფლების პოლიტიკური რეპუტაციისთვის.
– რაკი ხელისუფლება ასე ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არ იქნება ურიგო, თუ მოსახლეობა დაუფასებს ზრუნვას და უარს იტყვის მოწევაზე.
– ვერ დაგეთანხმებით, ეს შემდეგ უკვე ბიზნესსექტორს დაარტყამს.