რამდენი საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი და აგარაკი აქვთ ელენე ხოშტარიასა და მის მეუღლეს #6
საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, მაგრამ 2017 წლის 13 იანვრიდან „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია 1979 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების ხელოვნებას დაეუფლა. სწავლის წლები მითითებული არ არის (სავარაუდოდ, 2000-იანი წლების დასაწყისი). მისი შრომითი ბიოგრაფია 2002 წელს დაიწყო ადამიანის უფლებების „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის“ სტაჟიორად და, ასევე, რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში. 2004 წელს მუშაობა დაიწყო შსს-ში ჯერ – საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორად, მოგვიანებით – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილედ, ბოლოს კი – საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსადაც. 2004-2006 წლებში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2007 წლიდან 2012 წლამდე – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. 2012 წლიდან არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა, კერძოდ, „საქართველოს რეფორმების ასოციაციაში“, 2016 წლის ოქტომბრიდან კი ხალხის რჩეულია, ოღონდ აწ უკვე არა „ნაციონალური“ ფლანგიდან.
რაკი 2004 წლიდანაა სახელმწიფო მოხელე, მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2008 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა შვილი, 2002 წელს მოსკოვში დაბადებული გიორგი გაფრინდაშვილი და ბებია. იმხანად მის ოჯახს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნდა, ხოლო 2007 წლის განმავლობაში, როგორც სახმინისტრის მოადგილემ, 27 064 ლარი მიიღო, მივლინების თანხად კი – 10 271 ლარი.
ელენე ხოშტარიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა ოთხი შვილი: გიორგი გაფრინდაშვილი; 2012 წელს დაბადებული ნატალია ბერიძე; 2014 წელს დაბადებული კონსტანტინე და რატი და 1974 წელს დაბადებული მეუღლე ირაკლი ბერიძე.
ელენე ხოშტარიას საკუთრებაა მიწის ნაკვეთი (5 179 კვ. მ.) და აგარაკი თელავში (180,6 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი (1 502 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი (423 კვ. მ.) ტაბახმელაში; ხოლო ირაკლი ბერიძის საკუთრებაა ბინის მეოთხედი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე (66,43 კვ. მ.), ორი ბინა საბურთალოს ქუჩაზე (185-185 კვ.მ.) და კიდევ ორი ბინა ცინცაძის 12-ში (60-60 კვ. მ.).
ასევე, ირაკლი ბერიძე ფლობს BGEO Group PLC-ის 30 ფუნტის ღირებულების 480 აქციას და JSC Medical Corporation EVEX-ის 1 068 აშშ დოლარის ღირებულების 8 ობლიგაციას.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში ირაკლი ბერიძემ, როგორც სამშენებლო კომპანია „M2-ს” დეველოპმენტის დირექტორმა, 102 000 ლარი მიიღო, ელენე ხოშტარიამ, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა, 40 000 ლარი; ხოლო, როგორც საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა, 24 000 ლარი.
2016 წლის მაისში ელენე ხოშტარიამ იპოთეკური სესხიც აიღო – 126 000 აშშ დოლარის ოდენობის და იმავე წელს მისი მომსახურება 126 000 ლარიც დაუჯდა; იპოთეკური სეხი აიღო მისმა მეუღლემაც – 52 000 ლარის ოდენობის, ამას გარდა, 10 000 ლარის ოდენობის ორი სამომხმარებლო სესხიც.