რა სირთულეების გამოვლა მოუწია ცხოვრებაში ვახო ოქრუაშვილს #5
ვახო ოქრუაშვილი პროფესიით ეკონომისტია და წლებია, დისტრიბუციის სფეროში მუშაობს. 44 წლის ასაკში პირველად და სრულიად შემთხვევით, მსახიობობა დაიწყო და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი, საინტერესო, ტრაგიკომიკური და სახასიათო გმირი გახდა. ის ნუგოს, ლუნას მეუღლის როლს ასრულებს. სინამდვილეში კი, ის და ლუნას როლის შემსრულებელი, ქეთი ხუციშვილი ბიძაშვილები არიან.
ვახო ოქრუაშვილი: სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებამდე“ დისტრიბუციის სფეროში სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი. ახლა ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, ისევ დისტრიბუციის სფეროში. ალბათ, იცით, რომ ქეთი ხუციშვილი, სერიალში ლუნა, ჩემი ბიძაშვილია სინამდვილეში. როცა ის სერიალის სინჯებზე მივიდა, მეორე-მესამე დღეს დამირეკა და მითხრა, ქმრის ტიპაჟი სჭირდებათ და ჩვენ უნდა შევასრულოთ ცოლისა და ქმრის როლიო. მე და ქეთის მანამდე პატარა სკეტჩები გვქონდა დადგმული, ჩვენთვის ვმაიმუნობდით ხოლმე. ერთხელ, ასეთ დროს ტელეფონით გადაუღიათ ჩვენი თამაში, რაც შემდეგ სერიალის სცენარისტს, ქეთი დევდარიანს, უნახავს. როცა სერიალიდან მივიღე შემოთავაზება, დავთანხმდი, რადგან მსგავს რამეში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. თან, ქეთიც პირველად მიდიოდა მსგავს გამოწვევაზე. შეიძლება, ადამიანს გქონდეს გარკვეული მონაცემები მსახიობობისთვის, მაგრამ სულ სხვა პროფესიის იყო. მე ეკონომისტი ვარ და 44 წლის ასაკში დავთანხმდი ამას.
– რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება? არ შეგეშინდათ იმ ყველაფრის, რაც მას მოჰყვებოდა?
– არა. შიში საერთოდ არაფრის მაქვს. ცხოვრებაში ბევრი სირთულე და პრობლემა მქონია, მაგრამ არ შემშინებია. გადაღების პირველ დღეს ძალიან დაძაბული ვიყავი. მას შემდეგ კი ჩვეულებრივი, თავისუფალი გავხდი, შევეგუე სცენარს, მსახიობებს, სტაფს და მთელ ამ სიტუაციას. ამ ყველაფერს ძალიან ბუნებრივად ვაკეთებ და ასეც გამომდის, ისევე, როგორც ქეთის.
– მოგეწონათ ახალი საქმე?
– რომ არ მომწონებოდა, თავიდანვე უარს ვიტყოდი. ჩემ გარდა, სხვა ნუგოს პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ და მთვარისას აუცილებლად ეყოლებოდა მეუღლე. სხვათა შორის, ეკრანზე რომ დავინახე ჩემი გმირი, მაშინაც არ მქონია განსაკუთრებული ემოციები. ჩვეულებრივად ვუყურებდი. ხანდახან ისე ხდება, რომ საქმეების გამო, არც მინახავს ჩემი სერია. მერე ოჯახის წევრებს უთქვამთ, რომ იმ საღამოს ვიყავი. გადამიხვევია და მერე მიყურებია ხოლმე. ჩემ გარშემო ყველამ დადებითად მიიღო ეს როლი და კარგი შეფასებები მოჰყვა. საახლობლო და სამეგობრო ისედაც მიცნობს, როგორც იუმორით დაჯილდოებულს და ალბათ, ამიტომაც გამომივიდა ეს როლი.
– რამით ჰგავხართ ნუგოს?
– მე ჩვეულებრივი ქართველი მამაკაცი ვარ, რომელიც დილით სამსახურში მიდის. საღამოს კი შეიძლება, მეგობრებთან ერთად სახინკლეში მოილხინოს და ოჯახში დაბრუნდეს. ზოგჯერ პრობლემებით არის ეს ცხოვრება სავსე, ზოგჯერ კი არაფერი ხდება. მთლიანად არა, მაგრამ ცოტათი ვგავარ ჩემს პერსონაჟს. სინამდვილეში, წარმოშობით მართლა ქართლიდან ვარ: ივანე ჯავახიშვილის სოფლიდან, ხოვლედან – მეც და ქეთიც. ანუ ხაშურელები არა, მაგრამ ქართლელები ნამდვილად ვართ. მაგრამ, ნუგოს და ლუნას ურთიერთობაში ბევრი ჩხუბი, შერიგება და ეჭვიანობაა... მერე ოლეგისთან ჩხუბი და გაწევ-გამოწევა (იცინის).
– თქვენ არ ხართ ეჭვიანი მეუღლე?
– არა, მე და ჩემი მეუღლე უკვე 25 წელია, ერთად ვართ. სხვათა შორის, უკვე შვილიშვილიც გვყავს. 19 წლის ვიყავი, რომ დავქორწინდი, მეუღლე ნინო რუსიშვილია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ბევრ წელს ითვლის და ალბათ, ასეც გაგრძელდება, სანამ ცოცხლები ვიქნებით. ნინო პედაგოგია, სკოლაში ისტორიას ასწავლის. ორი შვილი გვყავს: ქალიშვილი თიკო და ვაჟი – საბა. საბას ორი წლის პატარა ჰყავს.
– თქვენი გმირი ცოტა სუსტი კაცია, მეუღლე ჩაგრავს...
– რეალურ ცხოვრებაში არ ვარ ისეთი კაცი, მეუღლეს თავი რომ დავაჩაგვრინო. სინამდვილეში, ისე არ ხდება, როგორც სერიალში.
– რადგან თქვენ და ქეთი ბიძაშვილები ხართ, ნათესაობაში, ალბათ, ახლა დიდი ამბები იქნება თქვენი წარმატების გამო.
– ნამდვილად ასეა. თუმცა, ჩვენი ძალიან ბევრი ახლობელი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ვეკონტაქტებით და გვეუბნებიან, მოუთმენლად ველით სერიალში ჩვენ გამოჩენასო. თქვენ თუ არ ჩანხართ, იმ სერიას ვეღარ ვუყურებთო.
– ხაშურელები რას ამბობენ თქვენს გმირებზე თუ იცით?
– ცოტა ხნის წინ მეგობრის მამა გარდაიცვალა და მე და ქეთი ერთად წავედით სოფელში. ბევრი ხალხი იყო იქ შეკრებილი და ყველამ ძალიან თბილად მიგვიღო. რამე უარყოფითი არავისგან მსმენია. ერთხელ, მე, ქეთი, თამუნები და ბაქარი ერთად მოვხვდით ქალაქში და საოცარი რეაქცია ჰქონდა ხალხს, ერთად რომ გვხედავდნენ. მოდიოდნენ, ფოტოებს იღებდნენ, თბილ სიტყვებს გვეუბნებოდნენ და ვგრძნობდით, რომ მაყურებელმა ძალიან შეიყვარა ეს გმირები.
– უარყოფითი შეფასება არავისგან მოგისმენიათ?
– კი, რა თქმა უნდა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დადებითთან ერთად, უარყოფითი შემფასებელიც არ ჰყავდეს. მაგრამ, უარყოფით კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ. ქეთიც იგივე აზრზეა. თუ ყველაფერს ყურადღება მიაქციე, შეიძლება, ნერვებმა გიმტყუნოს და რაღაც არასასიამოვნო მოხდეს. მაგალითად, ჩხუბში გადაიზარდოს ეს ყველაფერი. ამიტომ, ჯობია, საერთოდ არ მიაქციო მას ყურადღება.
– ძირითადად რას უკავშირდება უარყოფითი შეფასებები?
– ამდენს არ უნდა ვიგინებოდე (იცინის). თუმცა, ალბათ, ის გინებაც ცოტა სხვანაირად აღიქმება. ვერ ვიტყვი, რომ მაყურებელს გინება შეუყვარდა. ეს როგორ უნდა შეგიყვარდეს, მაგრამ ყველაფერი იმ მოცემულობასა და ურთიერთობებში ჯდება, რაც სერიალშია.
– თავად მოგწონთ ნუგო?
– მგონი, არ არის ცუდი ადამიანი. თავიდან ცოტა ჩაგრავდნენ, ჩმორი ტიპი იყო. მე არ დავდიოდი იმ კურსებზე, რომელზეც მთვარისა და ამიტომ, ისევ სოფლელი ტიპი ვარ. მაგრამ, ნელ-ნელა მაინც ვვითარდები. ვნახოთ, ჯერჯერობით, ნამდვილად არ ვიცი, რა იქნება მომდევნო სეზონში.
– ერთ სერიაში ნუგო ჩხუბობს ეჭვიანობის გამო, რეალურად თუ ხართ მოჩხუბარი?
– ამ თვალსაზრისით ვგავარ. შეიძლება, მსგავსი რამ მეც გავაკეთო, თუ ოჯახის წევრის მიმართ არასასურველი დამოკიდებულება ვიგრძენი. არავის ვერჩი, მაგრამ, კაცი რომ ხარ და ხედავ, როგორია სიმართლე, შეიძლება, მსგავსი რამ მოხდეს.
– როგორი მამა ხართ?
– ჩემი ქალიშვილი 16 წლისაა და მოგეხსენებათ, „თინეიჯერობის“ პერიოდი. ალბათ, უფრო მკაცრი მამა ვარ. შვილს მეგობართან და კლასელთან გავლას ნამდვილად არ ვუშლი, მაგრამ იცის, რა დროს რა უნდა გააკეთოს. როდის უნდა მოვიდეს სახლში, როგორი პატივი უნდა სცეს მშობლებს და ასე შემდეგ. თან, აბიტურიენტია და მასწავლებლებთან ემზადება. თუ სადმე წასვლა უნდა, მე, ან დედას გვეკითხება და მერე მიდის. განსაკუთრებულად შეზღუდული არასდროს გვყოლია. სხვათა შორის, ჩემ მსგავსად, მსახიობობის ნიჭი მასაც აქვს. მაგრამ, ჯერჯერობით სპეციალობა არ აურჩევია, ხან სამედიცინო უნდა, ხან იურიდიული. უფროს შვილს – საბას ახლა აკადემიური აქვს აღებული და შეიძლება, შეიცვალოს კიდეც პროფესია. აქამდე ჟურნალისტიკაზე სწავლობდა.
– საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გამოგივლიათ, მაგრამ შიში არასდროს გქონიათ. რა სირთულეებს გულისხმობდით?
– ძალიან ბევრი სირთულე მაქვს გამოვლილი. მე და ჩემი მეუღლე 1992 წელს დავქორწინდით. მაშინ ძალიან რთული წლები იყო, ყველას უჭირდა. ერთი წლის შემდეგ საბა შეგვეძინა. თან, მე სტუდენტი ვიყავი და დიდი გაჭირვების გამოვლა მოგვიწია – ომი, უშუქობა, უგაზობა და საშინელი გაჭირვება. ისევე, როგორც ყველა მამაკაცი, ვცდილობდი, ყველგან მემუშავნა. ყველაფრისგან რაღაც შემექმნა, რომ საღამოს სახლში საჭმელი მიმეტანა. არანაირი სამუშაო არ მითაკილია, ფიზიკურად მიმუშავია. უნივერსიტეტის შემდეგ წავსულვარ და ორი-სამი საათი მიმუშავია, ასეთი იყო მაშინ ცხოვრება. მერე, წლებთან ერთად, შედარებით გამარტივდა, რადგან სტაბილური სამსახური მქონდა და ფინანსურად ცოტა მოვძლიერდით.