რას ფიქრობს გიორგი გასვიანი წყვილზე, ვისაც ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრება არ აქვს და რას შეეწირნენ მისი ოჯახის მამაკაცები #5
ტელეკომპანია „იბერიის“ წამყვანი გიორგი გასვიანი 18 დეკემბერს, ბორჯომში, სამართალდამცველებმა სცემეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა გაავრცელა. მომხდარში ბრალდებული პოლიციელები სამართალდამცველებმა უკვე დააპატიმრეს. რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, შეიცვალა თუ არა რამე და რას აპირებს თავად გიორგი გასვიანი, – ამ და მისი ცხოვრების სხვა საინტერესო საკითხებზე, თავად ჟურნალისტს ვესაუბრეთ.
გიორგი გასვიანი: რამდენიმე დღის წინ სამივე პირი, რომელიც ამ თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას, დააპატიმრეს. ახლა უკვე სასამართლოში გაგრძელდება პროცესი და მთავარია, მოსამართლემ სწორი განაჩენი გამოიტანოს. სანამ მოსამართლე საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს, მანამდე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვამბობ. ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნებული ვარ და ვინმესთვის ხელის დაფარებას ვცდილობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე არ დაიკარგოს. ყინულზე მოსრიალების გამო თუ ჟურნალისტს სცემენ, საერთოდ, რაზე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ, ჟურნალისტი ვარ და არ მინდა, ყველა სამართალდამცველი ამ შემთხვევის გამო ერთ კონტექსტში განვიხილო. ალბათ, რაღაც თავად უნდა გადაიტანო, რომ შენც გაიგო და სხვასაც გააგებინო ამის შესახებ. ძალიან ბევრი წერილი მომდის სხვადასხვა ადამიანისგან და შემიძლია ვთქვა, უკვე საქართველოში მომხდარ ძალიან ბევრ მსგავს ფაქტს წავაწყდი.
მე გამოვიარე შიში მაშინ, როცა მცემდნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მაგინებდნენ და მემუქრებოდნენ, რაც ახლა მოხდა, არსად თქვა თუ მართლა ჟურნალიტი აღმოჩნდიო. სანდო წყაროებიდან გავიგე, რომ ეს ადამიანები ერთ დღეს მორიგეობენ, მეორე დღეს კი მთვრალები არიან. ეს მათი ჩვეული მდგომარეობაა და იმ დღესაც, ერთი მათგანი არ მუშაობდა და ძალიან მთვრალი იყო. მათი მონათხრობი ერთმანეთს არ ემთხვევა, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან და ვნახოთ, რა იქნება სასამართლოზე.
ისეთ ადგილებში, სადაც კამერებია დამონტაჟებული, ანუ, სადაც შეიძლება გაიშიფრონ, რაც არ უნდა მთვრალები იყვნენ, თავს არ გასცემენ. მაგრამ, იმ შემთხვევის დროს მე ისეთ ზონაში მოვხვდი, სადაც ისინი მეფეებივით არიან. მანქანა რომ მომისრიალდა, ჯერ გამცდნენ, მერე უკან მობრუნდნენ და მანქანიდან გადმომიხტნენ. პირველად სამმართველოს თანამშრომელი – მიშა ხუციშვილი გადმოხტა, მერე დანარჩენი ორი. ახსნა-განმარტების საშუალებაც კი არ მომცეს. ეს იყო ჯგუფური თავდასხმა. ისინი სამართალდამცველები კი არა, ჩვეულებრივი მოძალადე და კრიმინალები იყვნენ. პირდაპირ მირტყამდნენ. ასეთი რამ შემემთხვა ქალაქში, ბორჯომში, სამართალდამცველებთან, მაშინ, როცა ომი გამოვიარე, მტრების ხელში ვიყავი და იქ არ მომხდარა მსგავსი რამ.
– იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდება. მანამდე მინდა, სხვა თემებზეც ვისაუბროთ და მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ ის ომია, რომელიც ახლა ახსენე. აფხაზეთიდან ხარ. გახსოვს ის წლები?
– აფხაზეთში ძალიან ლამაზი და ფერადი ბავშვობა მქონდა. თვითონ ის გარემოც იძლეოდა ამის საშუალებას და თან, გამიმართლა, რადგან ძალიან ბედნიერ ოჯახში დავიბადე. 6 წლამდე ვიყავი იქ და ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მახსოვს ომის დაწყება, სიტყვა ევაკუაციის მნიშვნელობა. სოხუმის დატოვება პირველად თვითმფრინავით მომიწია. მშობლები იქ დარჩნენ, მე დეიდებთან ვიყავი. როცა მირეკავდნენ, ვბღაოდი, რადგან „მოამბეში“ ვუყურებდი, რა ხდებოდა იქ. გადმოსცემდნენ, როგორ აფეთქებდნენ ქალაქს. ჩვენთან ახლა და მით უმეტეს, ოთხმოცდაათიანებში, არ იყო კულტურა, რომ პატარა ბავშვისთვის ტელევიზორში მსგავსი სიმძიმის კადრები არ ეყურებინათ. მართალია, იქაურობას თავიდანვე გამარიდეს, მაგრამ საინფორმაციოში ვუყურებდი ომს იქ, სადაც ჩემი მშობლები იყვნენ. ღმერთს ვთხოვდი, ჩემს სახლს არ დასცემოდა ჭურვი და მშობლები არ დახოცილიყვნენ. მერე მშობლებიც ჩამოვიდნენ, დაიდო ზავი და ყველა ერთად დავბრუნდით უკან. მაგრამ, დაიწყო ისევ ინტენსიური დაბომბვა, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა. მახსოვს, როგორ ვიმალებოდით სარდაფში. ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ ის შეგრძნება, რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ. 13 ივნისი და გორის ამბები რომ ხდებოდა, ყველას გვახსოვს, როგორი შეგრძნება სუფევდა ჩვენს გარშემო. წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა ბუნკერში ხარ ჩაკეტილი, ახლობლებთან ერთად და გარეთ, ქალაქს ბომბავენ. ინფორმაციაც კი არ გვქონდა, უკვე აიღეს თუ არა სოხუმი. 6 წლის ასაკში დავამთავრე ბავშვობა და ჩვეულებრივი, ზრდასრული ადამიანი გავხდი. მახსოვს, იმ მომენტში მეზობელს ვეუბნებოდი, ვნერვიულობ-მეთქი. მამაჩემის მხრიდან თითქმის ყველა დაიხოცა. ჩემი ოჯახის ყველა მამაკაცი ამ ომს ემსხვერპლა. ერთი ბიძა გზაში გაიყინა და იქვე დაასაფლავეს. მამაჩემს აეროპორტში, თავში კონდახი ჩაარტყეს, მერე ინსულტი მიიღო და ექვს წელიწადში გარდაიცვალა.
მოკლედ, იყო ბედნიერი ბავშვობა, ომის რთული დღეები, 90-იანების რთული წლები დევნილობაში, მაგრამ ყოველთვის იყო ღირსება და თანადგომა. მამა გარდამეცვალა, მაგრამ დედა ყოველთვის გვერდით მედგა. ეს ქმნის პიროვნებას, სხვანაირად რომ გავზრდილიყავი, სხვანაირი ვიქნებოდი. მახსოვს, ბავშვობაში სამეზობლოში ვიჯექი და ვყვებოდი ომის ამბებს. ოღონდ, იცით, როგორ? – დიდი ადამიანივით: ვსაუბრობდი არძინბას განცხადებაზე, შევარდნაძის მიერ დადებულ ზავზე, ელცინის ხელმოწერაზე და ასე შემდეგ. თოქ-შოუ მქონდა გამართული სამეზობლოსთან. მერე ვხუმრობდი, ალბათ, ბავშვობიდანვე პოლიტიზებული ვიყავი და ამან გამოიწვია ჩემი დღევანდელი მდგომარეობა-მეთქი. მართალია, პროფესიით მსახიობი ვარ და დღესაც ვაქტიურობ ამ კუთხით, მაგრამ ჩემში ბავშვობიდანვე იყო პოლიტიზებული ელემენტი, რომელიც ჩემმა პროდიუსერმა დაიჭირა. იმიტომ კი არა, რომ პოლიტიზებული ბავშვი ვიყავი, იმიტომ რომ, ეს ცხოვრებამ მოიტანა.
– მინდა, პირად ამბებსაც შევეხოთ – აქ რა ხდება?
– რაღაც ყოველთვის ხდება, მაგრამ სახალხოდ გამოსაცხადებელი – არა. რამდენიმე მეგობარმა შეიძლება იცოდეს, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ვაცხადებ, თუმცა არც ვმალავ. მაშინ გამოვაცხადებ, როცა საქმე სერიოზულად იქნება და დაოჯახებას გადავწყვეტ.
– შენთვის რას ნიშნავს სიყვარული?
– სიყვარულზე რამდენიმე განმარტება მაქვს წაკითხული და ვეთანხმები. ესაა ადამიანის დამოკიდებულება მეორე ადამიანისადმი, რომელიც აბსოლუტურად სუბიექტურია. სიყვარულია, როცა შენ მასში მხოლოდ კარგს ხედავ. ხდები მესაკუთრეც, დამპყრობელიც და ბოლოს და ბოლოს, სიყვარულის გამო ომიც კი იწყება. მაგრამ, ეს გრძნობა ორმხრივი უნდა იყოს. მე ცალმხრივი და მიუწვდომელი სიყვარულის არ მწამს. არიან ადამიანები, ვისთვისაც მიუწვდომელი სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია. ჩემთვის ასე არაა. ცალმხრივად არასდროს არავინ მყვარებია.
– როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი წყვილის ურთიერთობაში?
– ნდობა, პატივისცემა და მეგობრობა. წყვილი ვერ შედგება, თუ მათ შორის სექსი და სექსუალური იმპულსები არაა. გინდა, „ნაშები“ იყვნენ და გინდაც სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეთ, თუ ჯანსაღი სექსი, სიყვარული და ნდობა არ აქვთ, ვერ შედგებიან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინება. ასე, ორივე ვითარდება და მაგარ წყვილად დგება. საოცარ რამეებს ვაწყდები ჩვენს ქვეყანაში. ერთმანეთს უკრძალავენ: სამსახურს, გართობას, მეგობრებთან სიარულს და ასე შემდეგ. ვითომ საზოგადოება შეიცვალა და ხალხმა „აიშვა“, მაგრამ ამ დროს ძალიან ბევრი იჩაგრება. პირდაპირ ვიტყვი, საქართველოში წყვილები ერთმანეთს ჭამენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ზოგი მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე სექსი არ უნდა ჰქონდეთ და სწორედ ასეთები ჭამენ ერთმანეთს. ბევრს ვიცნობ, ვისაც ქორწინებამდე სექსი არ ჰქონია, არადა, საკმაოდ თანამედროვე ახალგაზრდაა – კლუბებშიც დადის და ასე შემდეგ, მაგრამ სექსი არ აქვს. მატერიალურად ისეც ვერ რეალიზდებიან, რომ 30 წლამდე იქორწინონ, ამიტომ დადიან ასე. ამას შედეგად კი მოჰყვება, ერთმანეთის მიმართაც აგრესია და გარშემო მყოფებისადმიც, რაც საშინელებაა.
– ბევრს უთქვამს, კაცის ღალატს არა უშავსო.
– ღალატი არავის ეპატიება, მაგრამ თუ მაინც მოხდა, შესაძლოა, აპატიო როგორც ქალს, ისე კაცს. მიდგომა: კაცს – კი და ქალს – არა, არასწორია. ცხოვრებისეული ფაქტები ვიცი, ისეთები უპატიებიათ ერთმანეთისთვის, რომ არაფერი მიკვირს. მე თვითონაც პატიების მომხრე ვარ.
– შენ გიპატიებია ან აპატიებდი?
– ჩემთვის არ უღალატიათ, მაგრამ ასეთი ფაქტის წინაშე რომ დავდგე, არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი.