რატომ წვებოდა ცოლის მაგივრად ექოსკოპიის მაგიდაზე გოგა მესხი და რას ატყუებდა ის ორსულ მეუღლეს ერთი კვირის განმავლობაში #5
გოგა მესხი და მარიამ ივარდავა ცოტა ხნის წინ პატარა გოგონას მშობლები გახდნენ. ელენამ მათი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა. გოგა საკუთარი შვილის დაბადებას დაესწრო და ექიმებს დახმარებაც კი აღმოუჩინა. 3 თებერვალს კი, გოგა მესხი კახიძის მუსიკალურ ცენტრში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და სხვა სოლისტებთან ერთად, მაყურებელს ულამაზეს საღამოზე უმღერებს.
გოგა მესხი: ნელ-ნელა ვსწავლობ მამობას. ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ხელოვანისთვის, ჩემს შემთხვევაში კი, მომღერლისთვის ახალ სიმღერაზე, ალბომზე მუშაობა პირველ ადგილზეა. მაგრამ, არ ყოფილა ასე, ბავშვია უპირველესი. ხელში რომ დავიჭირე, კიდევ უფრო გამიათმაგდა პასუხისმგებლობის გრძნობა. სანამ ცოლს მოვიყვანდი, საერთოდ სხვანაირად ვცხოვრობდი – გინდა ხარჯვაში, გინდა „გულაობაში.” მერე, ცოლი რომ მოვიყვანე, რამეს კი არ მიშლის მარიამი: იქ არ წახვიდე ან აქო, თვითონვე აღარ მივდივარ. ახლა, რაც ბავშვი დაიბადა, უფრო მეტად მინდა სახლში. რამე მოაკლდეს კი არა, რამე რომ დასჭირდეს, შევჭამ, ამოვაბრუნებ დედამიწას. არარეალური გრძნობაა.
– ალბათ, ბავშვის სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა.
– არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, თან, თუ მხოლოდ ერთი შვილი არ გინდა. ერთი სული მაქვს, როდის ჩავაცმევ მოკლე კაბას, პამპერსი რომ გამოუჩნდეს.
– ჩართული ხარ ბავშვის აღზრდაში?
– რომ ამბობენ ხოლმე: შვილი დედამ უნდა გაზარდოსო, ბავშვის ტირილზე ეგრევე ფეხზე ვარ. ერთად ვუვლით და ვზრდით ბავშვს. მამამ უნდა გამოუცვალოს პამპერსი და ბაღშიც უნდა წაიყვანოს, ასადილოს და მიხედოს. შეიძლება, ახლა ეიფორიაში ვარ, მაგრამ მჯერა, შვილი ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებს და დიდი დოზით ვიქნები მის გაზრდაზე გადართული. უკეთესი რა უნდა გავაკეთო?!
– ერთზე, ალბათ, არ გაჩერდებით?
– დედისერთა ვარ და დედას მინდა, ვუთხრა საყვედური კი არა, ჩემი გულისტკივილი იმის გამო, რომ დედისერთა ვარ. რა კარგი იქნებოდა ახლა და ან ძმა რომ მყავდეს. ეგოისტი ნამდვილად არ ვარ, ნეტავ, მყოლოდა და ან ძმა. არ მგონია, მივაყოლოთ. ჯერ ამან თავისი წილი სითბო მიიღოს და მერე გაჩნდეს მეორე, მესამე.
– დაჰყვებოდი მარიამს გამოკვლევებზე?
– ყოველთვის ვახლდი – მიმყავდა, მომყავდა. ჰო, აბა, ტაქსით გამეშვა ექოსკოპიაზე? უნდა წაიყვანო, ნახო, ბავშვი რას შვრება, როგორ იმატებს წონაში – იქ თითი გამოჩნდა, იქ ენა გამოყო. მშობიარობასაც დავესწარი. ეს თავიდანვე ჩემი სურვილი იყო. მინდოდა, მარიამს გვერდით ვყოლოდი. ჯერ უარი მითხრა, რადგან, სამწუხაროდ, პირველი ორსულობა ტყუპებზე მოეშალა და ახსოვდა ჩემი მაშინდელი ემოციები. ძალიან განვიცადეთ, მარიამი აქეთ მამშვიდებდა. მოკლედ, თავიდან ბოლომდე ვედექი გვერდში, თავისი ჭიპლარის გადაჭრით. მე გადავჭერი ჭიპლარი. შუბლზე ცივ საფენებს ვადებდი და მოკლედ, რაშიც შემეძლო, ყველაფერში ვეხმარებოდი. მეორე დღეს, თურმე, მთელი ჩაჩავა ჩემზე ლაპარაკობდა. მერე მითხრა მარიამმა: ძალიან გამიჭირდებოდა, შენ რომ არ ყოფილიყავიო. თან, ისედაც ძალიან გაუჭირდა. ბავშვი რომ დავინახე, მივხვდი: იმ წუთამდე არ მიცხოვრია. მარიამს, იცი, როგორი სახე ჰქონდა? 12 საათი მშენებლობაზე რომ გამუშაონ – გასავათებული, მაგრამ ბედნიერი, ხმაც არ ამოუღია. ჩემს სამეგობროსა და სანათესაოში 8-10 ბავშვი დაიბადა იმ პერიოდში. ყველას ვულოცავ და არცერთი არ დასწრებია მეუღლის მშობიარობას. მერე ღადაობდნენ: მშობიარობას დაესწრო, რა, გოგა ხარო.
– ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, უფრო მეტად დააფასე მეუღლე.
– უფრო მეტად აფასებ. ხედავ, ოჯახისთვის, შვილის კეთილდღეობისთვის როგორ წვალობს, როგორ გააჩინა. ეს უნდა ნახო, ვერავინ მოგიყვება. პირველივე წუთიდან გვერდით უნდა ედგე. უფრო მეტად გიყვარდება ცოლიც, შვილიც, უფრო მეტად მზრუნველი ხარ.
– ოჯახში იცავთ გენდერულ თანასწორობას?
– საერთოდ, კაცს თავის ადგილი უნდა ჰქონდეს, ქალს – თავისი. მაგრამ, მე ვარ უფროსი, მომისმინეთ – რომელი საუკუნეა? შუშანიკის დროა? მარიამს რომ ხელი დავარტყა, რაღად მინდა ასეთი ოჯახი! ან ისე როგორ უნდა მოიქცეს, რომ მე ეს გავაკეთო. რომც მოიქცეს, როგორ დავარტყამ ხელს! ქალს თუ ხელით შეეხები, იქ დამთავრდება ყველაფერი. თუ პატივისცემა არ არის ოჯახში, მაშინ აღარაფერი აღარ არის. სადაც სიყვარულია, გვერდში დგომაა, ნებისმიერ პრობლემას გადაჭრი. მეც ვფეთქდებოდი ადრე, მაგრამ ახლა, შეიძლება, ისეთ რამეზე შევიკავო თავი, რაზეც ადრე არ შევიკავებდი. ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი. რაღაცეებზე უნდა დახუჭო თვალები და გადაყლაპო. შეიძლება, სულ არ იყოს გადასაყლაპი, მაგრამ ოჯახის გამო, მაინც მოგიწიოს ამის გაკეთება. ეს ხშირად არ ხდება, ანუ კონფლიქტებს ვგულისხმობ. ბავშვის სახელზე დავჭამეთ ერთმანეთი.
– რატომ?
– მე დავარქვი ელენა, რადგან ძალიან მომწონს. მარიამს კი უფრო უცხო სახელი უნდოდა და მოვატყუე. მანანა ქოჩიაშვილს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით, ჩემი მეჯვარის დედიკოა, მარიამის გინეკოლოგი. მან მიხედა მარიამს თავიდან ბოლომდე. ექოსკოპიაზე რომ მივდიოდი, არაადეკვატური ვიყავი. მე წამოვწვებოდი ხოლმე და მოდი, გამსინჯეთ-მეთქი, ვამბობდი. რითაც სინჯავდნენ, იმას მიკროფონად ვიყენებდი. მოკლედ, კარგად ვხალისობდით, რადგან ყველანი ძალიან კარგები არიან. შოთი ტატიშვილის დედაც, ეკა არჩვაძეც გადაჰყვა მარიამს. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მარიამმა აიჩემა: ბავშვს იოანა ან ალექსანდრა უნდა დავარქვაო. ერთხელ საფუძვლიანად ვიჩხუბეთ და ასე არ გინდა-მეთქი – მანანასთან მივედით, 6 თვეა გასული და გავართხილე: უთხარი, რომ ბიჭია. მოკლედ, სინჯავს მარიამს და მეუბნება, მამაშენის სახელს არქმევო. დაიწყო მარიამმა ნერვიულობა: ამდენი ტანსაცმელი მაქვს ნაყიდიო, დაურეკა ყველას. ერთი კვირა ვატყუებდით. მერე ვუთხარი: როგორ მინდოდა გოგო ყოფილიყო, ელენა დაგვერქმია-მეთქი. რა პრობლემაა, მეორე გოგო გვეყოლება და იმას დავარქვათ ელენაო. ჰოდა, მეც ასე გადავჭერი პრობლემა და დავარქვი ელენა.
– ჰგავხართ ერთმანეთს?
– ასაკში სხვაობა საერთოდ არ იგრძნობა ჩვენში, ერთი ჭკუის ვართ. რაც მას მოსწონს, მეც ის მომწონს. ერთი, ფეხბურთი ვერ შევაყვარე. რას დარბიან, ან ამას რა უნდა წითელი ბარათითო. სპორტის აზრზე არ არის. მე ვგიჟდები ფეხბურთზე, კალათბურთზე.
– შენ რა მხრივ გადაგიყვანა თავის ჭკუაზე?
– კვების მხრივ: „მაკდონალდსის“, „ვენდისის“ საჭმელებზე გიჟდება. ვეუბნები: გოგო, მწვადი ჭამე, მაგრამ მას უნდა ჩიზბურგერი, ამის ბურგერი, იმის ბურგერი – ვერ ვიმახსოვრებ და ვერც შემაყვარა.
– როგორ აფასებ მარიამის მუსიკალურ მონაცემებს?
– ძალიან მკაცრი ვარ, რადგან მაგარი მონაცემები აქვს. ორსულობის დროსაც სულ მღეროდა. კარაოკე გვქონდა მთელი 9 თვე ჩართული.
– რაზე იჩენ მის მიმართ სიმკაცრეს?
– ჩაცმაზე: მინდა, თბილად ჩაიცვას, რომ არ გაცივდეს. ერთი პროფესიის რომ ვართ, უფრო მეტად ვეხმარებით ერთმანეთს. თორემ, ხომ არის, რომ გაინაღდებენ და მერე არ იმღეროო და ასე შემდეგ... რაშიც არის მაგარი, ის უნდა აკეთოს, თორემ სახლს შენც დაალაგებ.