როგორ დაამტკიცა 14 წლის ასაკში ფიქრია მეგრელაძე ნიკიტა მიხალკოვმა ნინო ჭავჭავაძის როლზე და რის გამო სთხოვენ მას ძვირად ღირებულ ქორწილებსა და დღესასწაულებში მონაწილეობას #5
მომღერალი ფიქრია მეგრელაძე ამჟამად ისრაელში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს. ის მანამდეც არაერთ ქვეყანაში გამოსულა წარმატებით, თუმცა დღეს ფიქრია ისრაელში განსაკუთრებულად უყვართ – ის არაერთ მნიშვნელოვან საღამოს, დაბადების დღესა და თუ ქორწილს ალამაზებს.
ფიქრია მეგრელაძე: ძალიან ლამაზი, ლაღი ბავშვობა მქონდა, რომელიც საქართველოში გავატარე. ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა მაშინ. რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი ალექსანდრე გრიბოედოვზე ფილმს იღებდა. მაშინ 14 წლის ვიყავი, ძველი კინოსტუდიის შენობაში გაიმართა ქასთინგი და 1 500 ბავშვიდან მე დამამტკიცეს ნინო ჭავჭავაძის როლზე. შემდეგ მოსკოვშიც ვიყავი „გორკის“ სახელობის კინოსტუდიაში, სადაც ასევე, ჩატარდა კინოსინჯები. საბოლოოდ, დამამტკიცეს როლზე. თუმცა, მალევე ნიკიტა მიხალკოვი იტალიაში, მარჩელო მასტროიანის გადასაღებად წავიდა და გრიბოედოვზე ფილმი ვეღარ გადაიღო. თუმცა, ფაქტი ფაქტად დარჩა.
– როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?
– ბაბუაჩემი, კვიროსი ბერსენაძე ლოტბარი გახლდათ. ბაბუაჩემია ავტორი ცნობილი გურული სიმღერის „დილა არის ცა ლაჟვარდი და...“, რომლითაც იხსნებოდა ადრე ქართული რადიო. მე 5 წლიდან ვმღერი და ვუკრავ ფორტეპიანოზე. შემდეგ ვიოლინოზე დავიწყე დაკვრა და ძალიან გამიტაცა, რესპუბლიკის ლაურეატიც ვიყავი. დავამთავრე მუსიკალური სკოლა და შემდეგ წავედი მოსკოვში, სადაც 16 წელი ვცხოვრობდი. ჩემი პირველი ვიდეორგოლი სიმღერაზე „ვედრება“, „მაესტროზე“ გავიდა ძალიან ბევრი წლის წინ. მოსკოვიდან ხშირად ჩამოვდიოდი. თბილისში ჩავწერდი სიმღერას, გადავიღებდი კლიპს, მოვაწყობდი პრეზენტაციას და შემდეგ მუსიკალურ არხებზე ტრიალებდა. მოგვიანებით, საქართველოში დავბრუნდი და ჩავატარე სოლო კონცერტი. გარდა ამისა, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი აქციისა – „ვარსკვლავები ნარკომანიის წინააღმდეგ“. ძალიან ლამაზი საღამო გავაკეთეთ. გვინდოდა, ამ ადამიანებს გვერდში დავდგომოდით, რათა ცხოვრების ჯანსაღ წესს დაბრუნებოდნენ. შემდეგ წავედი ყაზახეთში, სადაც ორი სიმღერა ჩავწერე ყაზახურ ენაზე და სამთავრობო კონცერტზე მიმიწვიეს, რამაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. კონცერტს ესწრებოდა პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი, სენატის წევრები, დეპუტატები. პრეზიდენტისგან მხურვალე აპლოდისმენტები დავიმსახურე, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი.
– რატომ გადაწყვიტეთ ყაზახურად სიმღერის ჩაწერა?
– სხვათა შორის, როდესაც ამ საღამოზე ყაზახურად ვიმღერე, ამან ძალიან დიდი დადებითი ემოციები და გაოცება გამოიწვია. სიმღერის სწავლა საკმაოდ რთული იყო – სკოლის პერიოდი მახსენდებოდა: ვიჯექი და ვმეცადინეობდი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე ყაზახურად სიმღერა და ჩაწერა, ჩემი მეგობარია ყაზახი დეპუტატი, მის მეუღლესთანაც ვმეგობრობ და მას გაუჩნდა იდეა: ფიქრია, ჩაწერე ყაზახური სიმღერა, შთამბეჭდავი იქნება და ყაზახ ხალხსაც ესიამოვნებაო. ძალიან თბილი ხალხია და უცებ შემიყვარეს, მალე გავხდი პოპულარული. რომანსის საღამოებიც მქონდა და ყაზახებმა, იუმორით, „ახალგაზრდა ნანი ბრეგვაძე“ შემარქვეს. ყაზახეთის შემდეგ ვიყავი ოდესაში, როგორც საქართველოს სახე, სადაც გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამო. შევასრულე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი და „ოდა უკრაინე“, რომელიც ნიჭიერმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კაკი ბოლქვაძემ დაწერა. ჩემს შვილს, გიორგი გოგელიას დაუწერა, მაგრამ მე ვთხოვე და შევასრულე. საოცარი ემოციები გამოიწვია, უკრაინელები ტიროდნენ, ამბობდნენ: ასე არავინ მოფერებია უკრაინასო. ამის შემდეგ, უკვე მოსკოვში გაგრძელდა ჩემი მუსიკალური კარიერა.
– წარმატებული იყო მოსკოვში თქვენი მუსიკალური კარიერა?
– მოსკოვში თავის დამკვიდრება არ გამჭირვებია. იქ ძალიან ბევრი წელი გავატარე და უამრავი მეგობარი მყავდა. ერთ-ერთი იყო წარმატებული ბიზნესლედი – სვეტლანა ბენ შლომო, რომელმაც მოწვევა გამომიგზავნა და გვერდში დამიდგა. მოსკოვში ვმღეროდი რესტორან „ხინკალი ჰაუსში“, შემდეგ უკვე „ოჯახურში“. რა თქმა უნდა, რეპერტუარშიც შევიტანე ცვლილებები – აკადემიურ სიმღერებთან ერთად, საცეკვაო სიმღერებიც დავამატე. მოსკოვში ეკონომიკური კრიზისი რომ დაიწყო, კარლოვი-ვარში ვაპირებდი წასვლას მეგობართან, ასმათ შანავასთან. მას იქ ორი რესტორანი აქვს და ძალიან წარმატებული ქალბატონია. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ისრაელში აღმოვჩნდებოდი. მაგრამ სვეტლანა ბენ შლომოს, სესილი ბინიაშვილისა და მალხაზ ხუნდიაშვილის დახმარებით, გადაწყდა, ისრაელში წამოვსულიყავი.
– ისრაელში დღეს ძალიან პოპულარული ხართ.
– თავიდან სამი თვით ვიყავი ჩამოსული, ორი კვირა აკლდა ვიზის დამთავრებას, ჩემი მეუღლე რომ გავიცანი, შევუყვარდი და დავქორწინდით. ის ქართველი ებრაელია. თბილისში გვქონდა ქორწილი, რომელზეც მთელი თბილისი ლაპარაკობდა: ვარსკვლავთცვენა იყო ფიქრიას ქორწილშიო. რაც შეეხება ჩემს კარიერას ისრაელში, ძალიან წარმატებულად განვითარდა. წელიწადი და ორი თვეა, აქ ვარ და ეს საკმაოდ მცირე დროა იმისთვის, ამ ხალხის ასეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა რომ დამემსახურებინა. „ეკა ხოფერიას შოუ“ რომ იყო აქ ჩამოსული, თაკო მელიქიშვილმა გამომაცხადა: ჩვენი მონატრებული ფიქრია მეგრელაძე, ისრაელმა წაგვართვა, ისრაელის რძალიაო და დღემდე „ისრაელის რძალს“ მეძახიან. ამჟამად ვმღერი თელავივში, მაღალი დონის, პრესტიჟულ ქართულ რესტორანში – „სუფრა“, რომელიც როტშილდის ქუჩაზეა და აქ, ძირითადად, შემოდიან ფრანგები, რუსები, უკრაინელები, ბუხარელი ებრაელები, ადგილობრივები. ძალიან კარგი სიტუაციაა. ასევე, ვმღერი მორის ჯანაშვილის რესტორანში – „კინტო“, რომელიც ახალი გახსნილია. გარდა ამისა, მიწვევენ დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში, მნიშვნელოვან საღამოებზე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ისრაელში ჩემ გარდა ქართველი მომღერალი ქალი არ არის. ცოტა ხნის წინ ბუხარელ ებრაელს შეეძინა ვაჟიშვილი. მეშვიდე დღეს ნათლავენ ბავშვს და ძალიან გამიკვირდა, რომ მე მიმიწვიეს, როგორც წამყვანი და მომღერალი. ხშირია დახურული ივენთები, სადაც ჟურნალისტებს არ უშვებენ. ერთხელ იყო ასეთი დახურული ნიშნობა. ბევრი ჟურნალისტი მოვიდა, მაგრამ არავის უშვებდნენ. ეს იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის შვილი, რომელიც დაინიშნა ქართველ ებრაელ გოგონაზე. აქაური ვარსკლავიც მღეროდა და მეც მომიწია სიმღერა. რამდენიმე ასეთ დახურულ საღამოზე გამოვედი.
– რომელი ტრადიცია იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
– ზოგადად, ძვირად ღირებულ ქორწილებში ვმღერი. „ინტერკონტინენტალ დავითი“ ძალიან პრესტიჟული ადგილია, სადაც ყველა ვერ ახერხებს ქორწილის გადახდას, რადგან ძალიან ძვირია. გაფორმებაში ხარჯავენ ძალიან დიდ ფულს. ისეთი სილამაზეა, თან, 6-7 კამერა მუშაობს და ისეთი სცენაა, „ევროვიზიაზე“ გეგონება თავი. პირველი, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, იყო დარბაზის გაფორმება. ასევე, ყველაზე მეტად გამაოცა მათმა ოფიციალურმა სადღესასწაულო წარდგენამ. როგორ წარადგენენ სტუმრების წინაშე მშობლებს, და-ძმას, ბებია-ბაბუას. მთელი სანათესაო გამოდის საზოგადოების წინაშე ულამაზესი კაბებით, ჩაცმულობით, მერე – უკვე ნეფე-პატარძალი. პირველად რომ ვნახე, ცრემლი მომადგა, იმდენად შთამბეჭდავი და ლამაზი იყო. „ულამი“ საბანკეტო დარბაზია, სადაც იმართება სხვადასხვა ღონისძიება. „ფაბერჟეს ულამი“ ერთ-ერთი ულამაზესია და იქ ვიმღერე შარშან ახალ წელს, აქაურ ვარსკვლავებთან ერთად. სცენა იყო ენით აუწერელი სილამაზის. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა.
– ძალიან მცირე დროში მიიღეთ საბუთი. ეს, ალბათ, თქვენი წარმატებისა და ისრაელის კულტურის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის მოგცეს?
– პირადობის მოწმობა ავიღე, ამისთვის წელიწადი და ორი თვე დამჭირდა. საკმაოდ ბევრი, დამღლელი პროცესი გავიარე, მაგრამ ახლა, უკვე ამ ქვეყნის წევრი გავხდი.