რას არ სთხოვს ლელა მებურიშვილი მეუღლეს გენდერული თანასწორობის გამო და რის შემდეგ გაუორმაგდა მას სანერვიულო #5
მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი 2017 წელს უმნიშვნელოვანესი სიახლით შეხვდა. გასულ წელს ის მეორე შვილის დედა გახდა. უკვე ოთხი წელია, ამ დღესასწაულს მუღლესთან, ბიზნესმენ ბაჩო საგანელიძესთან ერთად აღნიშნავს და თითქმის ყოველი ახალი წელი მნიშვნელოვან სიახლეებსა და უბედნიერეს მომენტებს უკავშირდება.
ლელა მებურიშვილი: ბოლო პერიოდში ახალ წელს სახლში ვხვდები. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც პატარები მყავს. წლევანდელი ახალი წელი განსაკუთრებული იმით იყო, რომ თოვლის ბაბუა გვყავდა. აქამდე ამისთვის ძალიან პატარა იყო ალექსანდრე, მაგრამ წელს უკვე მოუთმენლად ელოდა მის მოსვლას. ისე გაუხარდა, დღემდე ემოციებშია. თოვლის ბაბუის ქუდით დადის და ამბობს: მე თოვლის ბაბუა ვარო (იცინის). ნაძვის ხეს ყოველთვის თვითონ ვაწყობ მეუღლესთან ერთად. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ საახალწლო სუფრის სამზადისი კარგად შევითვისე. სამაგიეროდ, გოზინაყს ვამზადებ ძალიან კარგად. ყოველთვის ყველას მოსწონს. წელსაც ძალიან ბევრი გავაკეთე და ახლობლებსაც გავატანე. დანარჩენი საახალწლო კერძებიდან, ზოგი ბაჩოს დედას მოაქვს, ზოგი – დედაჩემს. ეს ჩემი და ბაჩოს მეოთხე ერთობლივი ახალი წელია. პირველ ახალ წელს ყველაფერი ახალი ვიყიდეთ. აბსოლუტურად ახალი სახლი შევქმენით, ახალი ნივთებით, ახალი საახალწლო მორთულობით. მეორე ახალ წელს უკვე ალექსანდრე გვყავდა. აი, მესამე ახალ წელს ასეთი მნიშვნელოვანი სიახლე არ გვქონია (იცინის). რაც შეეხება წლევანდელ წელს, როგორც იცით, ისევ დიდი სიახლე გვაქვს. წელს მეორე შვილი – ლილი შემოემატა ჩვენს ოჯახს.
– დღესასწაულზე, ბავშვებთან ერთად, ალბათ, ერთმანეთსაც უკეთებთ საჩუქრებს.
– რა თქმა უნდა, ბავშვებთან ერთად, ჩვენც გვიყვარს ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება. ერთი თვით ადრე, ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილი საჩუქრების ყუთები ნელ-ნელა იმატებს. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ბევრ საჩუქარს რომ აჩუქებ, ბედნიერებას განიჭებს. წელს ბაჩოს ორიგინალური და განსაკუთრებული რაღაც შევურჩიე – სამზარეულოს წინსაფარი ვაჩუქე, რომელსაც ზედ მისი ბავშვობის საყვარელი ფრაზა ეწერა: „თუ ორი ყური და ორი თვალი გვაქვს, პირი რატომ არ გვაქვს ორი?“ (იცინის). ბაჩოს რაც შეეხება, მისი საჩუქრები ყოველთვის გამორჩეულია. როგორღაც სულ ახერხებს ისეთი რამის შოვნას, რაც ძალიან მინდა, მაგრამ საქართველოში არ არსებობს.
– ორი შვილის დედობა როგორი აღმოჩნდა?
– ეს იმდენად მაგარ შეგრძნებებს უკავშირდება, მზად ვარ, ათი შვილი მყავდეს, რომ არა უამრავი სანერვიულო, რაც შვილებს უკავშირდება. გოგონას დაბადების შემდეგ, ეს სანერვიულო გამიორმაგდა და ათი შვილი რომ მყავდეს, მერე წარმომიდგენია... თითოეული დაცემინება, ფეხის ცუდად დადგმა, სამსახურში წასვლისას მათი დატოვება დიდ სირთულესთან და ემოციებთანაა დაკავშირებული. არ ვიცი, შეიძლება, მე ვარ განსაკუთრებით ემოციური დედა. გულწრფელად მშურს ქალების, რომელთაც ბევრი შვილი ჰყავთ, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, ეს რომ ძალიან დიდ ნერვიულობას უკავშირდება, თორემ უდიდესი ბედნიერებაა. მე და ბაჩოს ბავშვები ძალიან გვიყვარს და გვინდა, ბევრი შვილი გვყავდეს, მაგრამ კონკრეტულად რამდენი, ამაზე არასდროს გვისაუბრია. ცხოვრებას მივყვებით და როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება.
– პატარების დაბადების შემდეგ მეუღლეები ხშირად ეჭვიანობენ იმის გამო, რომ დედა შვილებს მეუღლეზე დიდ დროს უთმობს. ბაჩოც თუ აპროტესტებს ამას?
– სხვათა შორის, არა. მაქსიმალურად ვცდილობ, ბაჩოს ყურადღება არ მოვაკლო და ამის გამო არასდროს დაუწუწუნია. თუმცა, ალბათ, თავისთავად, იმაზე ნაკლებ დროს ვუთმობ, ვიდრე მაშინ, როცა შვილები არ გვყავდა. მე მაინც ვცდილობ, ეს ყველაფერი დავაბალანსო.
– ორმა შვილმა როგორ შეცვალა თქვენი ურთიერთობა?
– ურთიერთობა ნაკლებად, უფრო ჩვენ შეგვცვალა. ახლა მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. სულ ვიხსენებ, რომ ორივე ძალიან მხიარულები ვიყავით, სულ გართობაზე ვფიქრობდით და გამუდმებით ვკისკისებდით. ვამბობდი კიდეც, ახლა რატომ არ ვიცინით იმდენს-მეთქი. რა თქმა უნდა, ვიცინით, მაგრამ ახლა ბავშვური და უდარდელი გართობის დრო აღარაა. ახლა უფრო ბავშვებთან ერთად თამაშისა და მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნის დროა. მაქსიმალურად ვცდილობთ, მთელი თავისუფალი დრო პატარებთან ერთად გავატაროთ. მეტი სადარდებელი გვაქვს, ამიტომ საკუთარ თავზე, გართობასა და სხვა ეგოისტურ მომენტებზე, ნაკლებად ვფიქრობთ. რაღაც მომენტში, შეიძლება, იფიქრო, რატომ აღარ არის ისევ ისე, რატომ აღარ ვაკეთებთ ძველებურ სიგიჟეებს?! იმიტომ რომ, როცა შენს ცხოვრებაში შვილები ჩნდებიან, ცხოვრებაც სხვანაირი ხდება. მეტი პასუხისმგებლობა გიჩნდება და ვფიქრობ, ესაა ადამიანისთვის უმთავრესი მოვლენა.
– დღეს ძალიან აქტუალურია საუბარი გენდერულ თანასწორობაზე, მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე.
– გენდერული თანასწორობა ჩემთვის ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობას ნიშნავს. მაგრამ, ქალი და მამაკაცი რომ ერთნაირები ვერასდროს იქნებიან, ამას ლაპარაკი არ უნდა. ჩემი მეუღლე იმას აკეთებს, რისი კეთებაც მოსწონს, უნდა და შეუძლია, ანალოგიურად – მეც. არც მე მოვთხოვ მას იმის გაკეთებას, რაც არ სიამოვნებს და არც ის მომთხოვს მე, მსგავს რამეს. გენდერული თანასწორობის გამო შეიძლება, დილით აუცილებლად მოვთხოვო მეუღლეს, რომ აიღოს მტვერსასრუტი და სახლი დაასუფთაოს? რადგან ჩვენ თანასწორები ვართ და მე ამას ვაკეთებ, მანაც უნდა გააკეთოს? რა თქმა უნდა, ამას არ მოვთხოვ, იმიტომ რომ, ეს მისთვის სასიამოვნო საქმე არაა და არც უნდა გააკეთოს. მე არ მიყვარს საჭმლის კეთება და ვფიქრობ, მარტო იმიტომ, რომ ქალი ვარ, ამის კეთება არ უნდა დამაძალო. აქედან გამომდინარე, არც ჩემი მეუღლე იქცევა ასე. ორივეს ისე გვაქვს ყველაფერი გადანაწილებული, რომ ცხოვრება გვსიამოვნებდეს და ვალდებულებებმა არ დაგვრთგუნოს. მე არასდროს ვაღიარებ, რომ ქალი და მამაკაცი ერთნაირები არიან და ყველაფერი ერთნაირად უნდა მოვთხოვოთ. თუმცა, ვიმეორებ, უფლებები თანასწორი უნდა ჰქონდეთ.
– ბევრ ბიჭს და გოგოსაც უთქვამს, რომ ქმრის ღალატს არა უშავს, კაცია და ეპატიებაო.
– აბსურდია, როცა ამბობენ, რომ კაცის ღალატი დასაშვებია. ამას სერიოზულად ვერც აღვიქვამ. თუმცა, ყველას თავისი აზრი აქვს და მე ვერავის შეხედულებას ვერ დავაკნინებ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, არც ერთს არ აქვს მეორე ნახევრის ღალატის უფლება. ეს არც ქალს ეპატიება და არც კაცს. თუ ერთმანეთი აღარ უყვართ, დაილაპარაკონ, დაშორდნენ და მერე ვისთანაც უნდათ, იმასთან იყვნენ. თუ ცუდად ხარ, რა თქმა უნდა, არ უნდა გაჩერდე იმ ადამიანთან.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ცოლ-ქმრის სიყვარული არ გაუფერულდეს?
– ეს ძალიან რთულია და ორივესგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რაც არ უნდა იდეალური იყოს ოჯახი, ცოლ-ქმარი უნდა აცნობიერებდეს, რომ შეიძლება, დრომ რაღაც შეცვალოს. ყოველდღიურობამ ურთიერთობა რომ არ გააუფერულოს, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, რაც ელემენტარულ წვრილმანებში გამოიხატება. მაგალითად, მე კვირაში ერთხელ მაინც რომ ვუმზადებდე მეუღლეს უგემრიელეს სადილს, ეს მის ცხოვრებას უბედნიერესს გახდიდა (იცინის). ვაკეთებ იმას, რაც ძალიან უყვარს, მაგრამ შეიძლება, ყოველ კვირაში არ გამომივიდეს, რის გამოც თავს ვსაყვედურობ. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს დამხმარე და სახლში საჭმელი ნამდვილად გვაქვს, ჩემი მომზადებული კერძი ბაჩოს მაინც განსაკუთრებულად უყვარს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ხშირად გავახარებდი (იცინის).
– მინდა, დედებსა და მეუღლეებს რამდენიმე რჩევა მისცე.
– ჩემს მეგობრებს, რომლებიც დაქორწინებულები არიან, მაგრამ შვილი ჯერ არ ჰყავთ, ვეუბნები, რომ არ დაიზარონ და მაქსიმალურად გაერთონ, იმოგზაურონ, გააკეთონ ყველაფერი, რაც სიამოვნებას ანიჭებთ, რადგან შვილის გაჩენის შემდეგ, სულ სხვანაირი, უფრო სავსე და მნიშვნელოვანი ცხოვრება იწყება. იქ კი მთავარი შენი პატარაა და ყველა საზრუნავი არა საკუთარ თავს, არამედ მას უკავშირდება. ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაზე მთავარი ესაა და ვფიქრობ, ეს ყველაზე მაგარი ეტაპია. მეუღლეებს ვურჩევდი, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედონ და მეტად დაფიქრდნენ, რა ესიამოვნებათ მათ მეორე ნახევარს. რაც მთავარია, მეტი დრო დაუთმონ ერთმანეთს. რაც შეეხება დედობას, ვფიქრობ, ახლა უფრო კარგი დედა ვარ, ვიდრე მეუღლე. პატარები ძალიან მაბედნიერებენ, ახლა ჩემს თავს საოცრება ხდება. დედებს ვეტყვი, რომ ისიამოვნონ ყოველი წამით, რომელსაც შვილების გვერდით ატარებენ.