№5 ჩემი შეყვარებული მამაჩემის ცოლის შვილია
ინტიმური საუბრები
ნიკუშა ორი წლის წინ, დასასვენებლად ყოფნის დროს, ქობულეთში გავიცანი. შემთხვევით შევხვდით ბარში და იმდენად მოგვეწონა ერთმანეთი, იმ დღიდან, სულ ერთად ვართ. სამწუხაროდ, დედ-მამა ადრე გაშორდნენ ერთმანეთს და მამას ახლა სხვა ცოლი ჰყავს. მასთან ურთიერთობა არ მაქვს და შესაბამისად, არც ის ვიცი, როგორ ცხოვრობს. თუმცა, ის რომ ნიკუშა, მამაჩემის ცოლის შვილი იქნებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ეს ამბავი, სრულიად შემთხვევით გავიგე, როცა მის მობილურ ტელეფონში სურათებს ვათვალიერებდი. რომ ვკითხე, ეს კაცი შენი ვინ არის-მეთქი და მიპასუხა – მამასავით მყავს, მისი გაზრდილი ვარო. მაშინ მივხვდი, რა შარში მქონდა თავი გაყოფილი. არადა, ნიკუშა იმდენად მიყვარდა, მამაჩემის გამო მისი დაკარგვა არ მინდოდა. რომ ავუხსენი, ის კაცი მამაჩემიც იყო, ნიკუშას დიდად არ მიუტანია გულთან ეს ამბავი. მითხრა, მერე რა, მე მისი ბიოლოგიური შვილი ხომ არ ვარ, თან არც მის გვარს ვატარებო. სიმართლე გითხრათ, მამად იმ კაცს არც მე ვაღიარებ. იმდენი სიმწარე ანახა დედაჩემს, რომ მის გვარსაც არ ვატარებ, ბებიის გვარზე ვარ. მოკლედ, მე და ნიკუშამ, ეს ამბავი არაფრად ჩავთვალეთ, მაგრამ დედას რომ ვუთხარი და მამაჩემსაც გაუგია, იქ ატყდა მთელი ამბავი და ვიშვიში. დედა კატეგორიული წინააღმდეგია ჩვენი ერთად ყოფნის და როგორც გავიგე, არც მამას უნდა ეს. თუმცა, მე ჩემი ცხოვრება გადაწყვეტილი მაქვს და დედ-მამის საქციელის გამო, არ ვაპირებ, საყვარელი მამაკაცის დაკარგვას. თუ მათ ვერ გაუგეს ერთმანეთს, ჩვენ რა შუაში ვართ? მართალია, დედას დიდ პატივს ვცემ და მიყვარს, მაგრამ მინდა, მეც გამიგოს. თავიდან რომ მცოდნოდა, ნიკუშა მამაჩემის ცოლის შვილი იყო, მასთან ნამდვილად არ დავიწყებდი სასიყვარულო შეხვედრებს და არც სხვა თვალით შევხედავდი, მაგრამ მოხდა ასე. მამას ჩემთან წლებია, არ დაურეკავს და ეს ამბავი რომ გაიგო, დამირეკა. მითხრა: შვილო, ვიცი, შენთან შერცხვენილი ვარ, მაგრამ გთხოვ, თუ ოდნავ პატივს მცემ, ნიკუშას აღარ შეხვდეო. მე კი ვუპასუხე: თავის დროზე რომ არ გაგეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა და ხანდახან მაინც მოგეკითხე, ნიკუშასაც გამაცნობდი და ძმასავით მეყოლებოდა, ახლა გვიანია-მეთქი და ყურმილი დავუკიდე. მეგობრებს რომ ავუხსენი სიტუაცია, მითხრეს – რა ძმა, რის ძმა, ნათესავადაც არ გეკუთვნისო. ვიცი, ჩვენს ერთად ყოფნას, წინ დიდი გამოცდა ელის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის. კიდევ ვამბობ, ადრე რომ მცოდნოდა, ნამდვილად არ დავიწყებდი მასთან მსგავს ურთიერთობას, მაგრამ ამაში არც მე ვარ დანაშავე და არც ნიკუშა. ხომ ამბობენ, შეყვარებულების ბედი ზეცაში წყდებაო? ჰოდა, ვფიქრობ, უბრალოდ, არც ჩვენ შევხვედრივართ და შეგვყვარებია ერთმანეთი და ამიტომ, წინ ვერავინ დაგვიდგება.
ნია, 24 წლის.