სიყვარული რეანიმაციაში #5
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-4(839)
... გაბოროტდა – ანუ, კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ მერე ბოროტებამ ნელ-ნელა ჩაავლო თავისი მარწუხები და სიკეთე განდევნა მისგან, მთლიანად დაეპატრონა და გაბატონდა. ჩვეულებრივი, სტატისტიკური ადამიანი, რომელიც შესაძლებლობებით არ არის დაჯილდოებული, ვერ აცნობიერებს იმას, რომ ბედნიერებას შეიძლება თვითონვე მიაღწიო, ყოველგვარი ბოროტების გარეშე.
ანამ დამცინავად შეხედა ცისიას და თვალები მოჭუტა:
– გულწრფელად თანაგიგრძნობ, მაგრამ რეალობა იშვიათადაა სასიამოვნო. ამიტომაც არ გვინდა, მას თვალი გავუსწოროთ.
– წადი აქედან, წადი ჩემი სახლიდან, – გამოსცრა ცისიამ, – იცი, დავითი რომ გიყვარს, იმიტომაც ვცდილობდი შენი თავდასხმები ამეტანა, მაგრამ საკმარისია, მე დედაშენი არ ვარ, რომ ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ. წადი, წადი აქედან! შეგიძლია, მშვიდად იყო, შენსა და მამაშენს შორის არ ჩავდგები. ასეთი სულმდაბალი და ბოროტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ახლა, მართლა უნდა წახვიდე.
– იცი, შეიძლება, ჩემი არ გჯერა, შენი ნებაა, მაგრამ ჩემი სიტყვების გადამოწმება შეგიძლია. იმ გოგოს იცნობ?
– გაჩუმდი, აღარ მოგისმენ! – ხმას აუწია ცისიამ.
– ურჩხული გგონივარ? – სინამდვილეში შენი დაცვა მინდა. ნია მუდმივად მის ცხვირწინ ტრიალებს – შენი ქმრის ცხვირწინ. ეჭვიანობით მოკვდები. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა თვალები აგეხილება და აღმოაჩენ, რომ დავითს არ უყვარხარ. რომანი ნიასთანაც აქვს, შეიძლება სხვა ექთნებთანაც. მოკლედ, პატარა გოგონები უყვარს. ეს ჩემთვისაც სამწუხარო აღმოჩენა იყო.
– ანა, იცოდე, ამ ყველაფერს მამაშენს ვეტყვი.
– აი, ახლა ნამდვილი დედინაცვალივით დამემუქრე – გაიცინა ანამ.
ერთი წუთითაც არ აუღელვებია ცისიას ნათქვამს – კარგი, უთხარი. ისე, მეც მაინტერესებს, რას იტყვის, თავს რით გაიმართლებს ან იქნებ, არც გაიმართლოს. არ არსებობს აბები, რომლებიც მამაჩემს პატარა გოგონებზე ფიქრს თავიდან ამოუგდებს.
– შეწყვიტე, მეტი აღარ შემიძლია. ერთი სიტყვის მოსმენაც არ მინდა. რა გინდა ჩემგან? შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია? ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რა გამოძრავებს.
– არაფერი, არაფერი მამოძრავებს. მინდა, სიმართლე იცოდე. ამას იმსახურებ.
ცისია წამოხტა, ალბათ, ანას მუჯლუგუნებით გააგდებდა გარეთ, კარზე ვიღაცას ზარი რომ არ დაერეკა. ცისიამ ანას ავად შეხედა და კარის გასაღებად გაემართა. ანას ცნობისმოყვარეობამ სძლია. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შეეცადა, მოსული დაენახა.
ცისიას გული უსიამოვნოდ შეუქანდა და ირაკლის უსიტყვოდ მიაჩერდა.
– შვილო, ხომ კარგად ხარ? – კაცს ხმა უთრთოდა.
– რა მოხდა, აქ რატომ მოხვედი? მამა, წვეულება უკვე დამთავრდა? ჰო, ვიცი, ცუდად მოვიქეცი, დავითი, ალბათ, ძალიან ბრაზობს ჩემზე და აქ შენ გამოგაგზავნა. დაველაპარაკები და ყველაფერს გაიგებს, იმიტომ რომ, ვუყვარვარ, ძალიან ვუყვარვარ. თუნდაც ეს მის შვილს არ მოსწონდეს. დედაჩემსაც ხომ არ მოსწონს, მაგრამ არავის აზრი არ მაინტერესებს. ასე რატომ მიყურებ?
– ცისია, კაბა გამოიცვალე და გამომყევი.
– ესე იგი, არ შევმცდარვარ, დავითმა შენ გამოგგზავნა. მაგრამ, მე რომ იქ წამოსვლა და იმ ხალხის დანახვა არ მინდა? შეიძლება, დავითს უთხრა, რომ ძალიან მრცხვენია და აქ მოვიდეს?
– იქ არ მიმყავხარ ცისია, არც კი ვიცი, როგორ გითხრა, დედაშენს ვთხოვე, მაგრამ... მოკლედ, შეეცადე, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.
– მამა, რა მოხდა? – ცისიას მღელვარებისგან ხმა ჩაუწყდა.
მისაღები ოთახიდან ანა გამოვიდა, ირაკლის არ გაკვირვებია მისი დანახვა, უბრალოდ, ემოცია აღარ ეყო, რომ გაკვირვებოდა. ნელ-ნელა სახე გაუფითრდა და ტუჩები აუკანკალდა.
– რა მოუვიდა მამაჩემს?
– საავადმყოფოშია. გულის შეტევა ჰქონდა, წავიდეთ.
– ცოცხალია? – დამარცვლით იკითხა ცისიამ.
– ჰო...
ანა ცისიას მიუბრუნდა:
– ხედავ? ხედავ რა გააკეთე? თუ მამაჩემი მოკვდება, ეს შენი ბრალი იქნება, მხოლოდ შენი.
ცისია ატირდა და მამას მოეხვია.
ნიამ საორდინატოროში შესვლისთანავე იგრძნო მისკენ მიმართული მტრული მზერა.
– აბა, რა გაქვთ სათქმელი? მე მზად ვარ. აი, აქ ვარ და გელოდებით, თავს როდის დამესხმებით.
თიკომ რაღაც ჩაიბურტყუნა და გოგოს ზურგი შეაქცია. ანდრომ კი შეუბღვირა.
– შენს ადგილას, ხმას არ ამოვიღებდი – უთხრა და ყავა მოსვა, – გაჩუმდი და ისედაც მძიმე სიტუაციას, უფრო ნუ ამძიმებ.
– რა აზრი აქვს? – მხრები აიჩეჩა ნიამ, – ჩემზე შეხედულებას მაინც ვერ შეგაცვლევინებ. რა გავაკეთო, თუკი გლოვის სურვილი არ მაქვს?!
– ბატონი დავითი ჯერ ცოცხალია და იმედია, ასეც იქნება – თქვა სოსომ და რატომღაც თიკოს დაადო მხარზე ხელი. ქალმაც მადლიერების ნიშნად გაუღიმა.
– მოდი, ყველაფერი ახლავე გავარკვიოთ – ვეღარ მოითმინა ნიამ და შუა ოთახში, გამომწვევ პოზაში დადგა, წელზე დოინჯით – ჰო, ბატონი დავითის მიმართ სიმპათიას არ ვგრძნობ, მისი არც თანაგრძნობა შემიძლია და სხვათა შორის, საამისო მიზეზიც მაქვს.
სოსომ გაოცებით შეხედა თავხედურად მოღიმარ ნიას. მერე თიკოსკენ გადაიტანა მზერა.
– რამე გამომრჩა? არ მეტყვით?
– განსაკუთრებული არაფერი, – ხელი ჩაიქნია ანდრომ, – ჩვეულებრივი ქალური შურია.
ნიამ ხმამაღლა გაიცინა.
– საინტერესოა, რა შეიძლება, მშურდეს დავითის ცოლის, ნახევრად ინვალიდი ქმარი?
– გეყოფა, იფეთქა თიკომ, – ნია, გთხოვ, გადი აქედან და სადაც ვიქნები, შენ იქ ნუ გამოჩნდები.
– კლინიკიდანაც ხომ არ წავიდე?
– ჩემი ნება არ არის, სამწუხაროდ, თორემ აუცილებლად გაგიშვებდი. დავითი კი ცუდად არის, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
– იმედს ნუ დაკარგავ, თიკო, ბატონი დავითი შეიძლება გამოჯანმრთელდეს.
– ღმერთო, რა ბოროტი ხარ – აღმოხდა თიკოს, – ახლაც კი, როცა იმ კაცის სიცოცხლე ბეწვზე კიდია, ბედნიერი გამომეტყველებით ხუმრობ.
– არ ვხუმრობ, მართლა შეიძლება, გამოჯანმრთელდეს, – თიკომ ამოიოხრა, წამოხტა, ოთახიდან გავარდა და კარი მიიჯახუნა. სოსო მაშინვე წამოხტა და უკან გაჰყვა. დერეფანში დაეწია და მკლავზე მოჰკიდა ხელი.
– მოიცადე, დამშვიდდი. გამაგებინე, რა ხდება. ნიას დავითის ცუდად ყოფნასთან რამე კავშირი აქვს?
– ჰო, – ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ უპასუხა თიკომ – ყველაფერს ნუ მომაყოლებ. არ არის ეს ჩემი საქმე.
– თუ ჩვენი კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორი მოკვდება, ეს ყველას, თითოეული ჩვენგანის საქმე იქნება.
თიკომ შიშით შეხედა.
– არა, ბატონი დავითი არ უნდა მოკვდეს.
– მეც არ მინდა მოკვდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ. ვნახოთ, ოპერაცია როგორ ჩაივლის.
თიკომ თვალები დახუჭა.
– ჩვენ რატომ არ ვართ საოპერაციოში. რამდენ ასეთ ოპერაციაზე ვყოფილვართ და არ გვენდნენ...
– ასე ნუ ფიქრობ. ჯერ ერთი, ემოციური ფაქტორი მნიშვნელოვანია და შენ ეს ჩემზე კარგად იცი, მეორეც – ყველა ქირურგს საკუთარ გუნდთან ერთად ურჩევნია მუშაობა. იცი, როგორ მოვიქცეთ? – აქ ლოდინი დამთრგუნველი რომ არ იყოს, ჩავიცვათ და სადმე ახლოს, კაფეში გავიდეთ. რას იტყვი?
თიკომ თავი დაუქნია.
– კარგი აზრია. ძალიან დაძაბული ვარ, ვნერვიულობ, ბატონი დავითი ძალიან მიყვარს.
– ჰო, ვიცი, მაინც არ მეუბნები, რა მოხდა ნიასა და დავითს შორის?
– წავიდეთ კაფეში – უხერხულად შეიშმუშნა თიკო და კაცს გაუღიმა – ისე, რამდენი ხანია, აქ ვმუშაობთ და კაფეში, ერთად არასდროს ვყოფილვართ. ყავაც კი არ დაგვილევია მშვიდ გარემოში.
– ამას გამოვასწორებ – კაცმა ხელზე მოჰკიდა ხელი და მკერდთან ახლოს მიიტანა, – ძალიან კარგი ხარ, თიკო. ხომ შეიძლება, გულახდილი ვიყო?
თიკო გაწითლდა, მაგრამ ხელი არ წაურთმევია.
***
ანდრომ ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა.
– შენც ურჩხულად მიგაჩნივარ? – ჩაიცინა ნიამ.
– არა, სხვებისგან განსხვავებით, მე ზუსტად ვიცი, რაც ხარ და როგორიც ხარ. პრინციპში, განსაკუთრებულიც არაფერი ჩაგიდენია, რასაც შენგან არ მოველოდი.
– მაგრამ ურჩხული მაინც ვარ, ხო? თითქოს ერთად არ დავგეგმეთ ეს ყველაფერი.
ანდრო გაფითრდა და ამოიოხრა.
– მართალი ხარ, მაგრამ ვერ წარმოვიდგინე, რომ შედეგი ასეთი მძიმე იქნებოდა. ცისიას ვაკოცე.
– რა? – ნიამ გადაიხარხარა, – არ მითხრა, რომ შეგიყვარდა კიდეც.
– არ ვიცი, თუმცა ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება. ცისია ისეთია, როგორ გითხრა, ძალიან სუფთა, ბავშვური.
– კარგი, კარგი, არ გინდა ცისიასთვის შარავანდედის დადგმა. ზედმეტი არ მოგივიდეს.
– იეჭვიანებ?
– რა? ვისზე, ცისიაზე? მე? ანუ, თუ შეგიყვარდება? ან, იქნებ უკვე გიყვარს? გამოტყდი, ჩემთან შეიძლება. თანაც, აღსარება გიშველის, გულზე მოგეშვება, საკუთარი სინდისის წინაშე გამართლდები.
– მხოლოდ ვაკოცე, ნია, ერთი კოცნა იყო.
– ერთი კოცნა, რომელმაც შენი რეალობა შეცვალა, – დასცინა გოგომ.
– მაინც ეჭვიანობ. ნუ გეშინია, სერიოზული მასთან ვერაფერი მექნება.
– და, გული გწყდება, ხო?
– ნია, შენი საქმე არ არის, გული მწყდება თუ არა. ახლა მთავარი ეს არ არის. ბატონი დავითი უნდა გადარჩეს. ამ რეალობას ვერ შევეგუები. სინდისი მაწუხებს. თუ ეს არ გესმის?
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– შენ წარმოიდგინე, არა. ზოგჯერ მეც ვგრძნობ, რომ სინდისი მაქვს, მაგრამ ცისიას ხომ შენ აკოცე?
– ასეა, ვაკოცე, მაგრამ ეს წინასწარგანზრახვით არ მიქნია.
– ანდრო, რა გინდა? გითხრა, რომ ჩვენ ეს ერთად არ დავგეგმეთ? თუ გინდა, გეტყვი და მოგატყუებ, არ არის პრობლემა.
– არა, – თავი გააქნია ანდრომ, – ეს არ მინდა, მაგრამ ახლა ცისია მოვა. მე კი, მასთან შეხვედრის მეშინია.
– რატომ? სწორედ ახლა სჭირდები. შესანიშნავად გამოგივა მანუგეშებლის როლი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ცისიას მამა საკმაოდ გავლენიანია და ხანდაზმული, არცთუ სასურველი სიძის შემდეგ, შენში სერიოზულ პერსპექტივას დაინახავს, მომავალი გარანტირებული გაქვს.
– გეყოფა, ნია.
– რატომაც არა, შეგიძლია, ჩემთან არ აღიარო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ფიქრობ ამაზე.
ანდრომ საყვედურით შეხედა დამცინავად მოღიმარ გოგოს და მზერა მოარიდა. საკუთარ თავს არ უტყდებოდა იმაში, რომ ნიას სიტყვები სიმართლე იყო.
ცისიამ ტირილისგან დასიებული თვალები ხელისგულებით მოისრისა და ვახოს მიწოდებული ჭიქიდან წყალი მოსვა. დალიმ დააპირა, ხელი მოეხვია მისთვის და მოფერებოდა, მაგრამ ცისიამ მოიშორა.
– არ გინდათ, ნუ შემიცოდებთ. არაფერი მიჭირს. სიმართლე მითხარით, დავითის ცუდად ყოფნის მიზეზი მე ვარ? ის რომ ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის, ჩემი ბრალია? ვახო, შენ მითხარი, – მიუბრუნდა ვახოს, – თქვენ ხმა არ ამოიღოთ, – გააფრთხილა მშობლები.
– ცისია, მომისმინე. ჰო, დავითმა ინერვიულა, მაგრამ ვერ ვიტყვით დანამდვილებით, რომ შეტევა ამან გამოიწვია. დავითს ძნელი და სტრესებით სავსე ცხოვრება ჰქონდა. ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. ახლა ამაზე ნუ ვიფიქრებთ. დავითი გონს მოვა და შენი თანადგომა დასჭირდება. ცისია, ახლავე უნდა მოემზადო იმისთვის, რომ შეიძლება, ძველი დავითი აღარ დაგვიბრუნდეს.
– რატომ? ოპერაციამ ხომ კარგად ჩაიარა? – ტირილნარევი მუდარის ტონით იკითხა ცისიამ.
– ქირურგი კმაყოფილია, მაგრამ ისეთი პაციენტი, როგორიც დავითია, არაპროგნოზირებადია.
– ვერ დავუშვებ, რომ ჩემმა შვილმა თავისი საუკეთესო წლები ინვალიდი ქმრის მოვლაში გაატაროს, – იფეთქა დალიმ. ქმარს, რომელსაც მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული, ხელიდან გაუსხლტა და ცისიას მივარდა.
– ახლავე წამოხვალ ჩემთან ერთად. საკმარისია, შენს ტანჯვას ვერ ვუყურებ. არ მინდა, მაგ კაცს მსხვერპლად შეეწირო, არ მინდა.
ცისიამ მშვიდად შეხედა დედას.
– მამა, შენს ცოლს მიხედე. ზედმეტად აღელვებულია. მოკიდე ხელი და წაიყვანე. მე დავითთან უნდა შევიდე. მინდა, თვალს რომ გაახელს, მის გვერდით ვიყო და მისი ხელი მეჭიროს. ირაკლიმ უსიტყვოდ დაუქნია შვილს თავი. დალისთან მივიდა, ხელი მოხვია და მისი მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, განყოფილებიდან გაიყვანა.
ცისიამ ვახოს შეხედა.
– მზად ვარ, წამიყვანე მასთან.
მირიანმა ცოლს მხარზე მოჰკიდა ხელი და შეაჩერა.
– ერთი ნაბიჯიც არ გადადგა, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. რისი გაფუჭებაც შეგეძლო, ყველაფერი გააფუჭე და გეყოფა. მამაშენს არ სჭირდები. ყოველ შემთხვევაში, ახლა, გესმის? ანა, მივემგზავრებით. ვახო დაგვირეკავს, თუ დავითის მდგომარეობაში რამე შეიცვლება.
ანამ პირველად ნახა ქმარი ასეთ მდგომარეობაში და მის ხმაში ისეთი სახიფათო „ნოტები” შენიშნა, წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. მორჩილად დაუქნია თავი და გაჰყვა.
ანდრომ ფრთხილად შეაღო პალატის კარი და სასთუმალთან მჯდარ ცისიას უხმაუროდ მიუახლოვდა.
– გონს არ მოსულა, – ამოისლუკუნა ცისიამ ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს.
– სტაბილურია. მის მდგომარეობაში, ეს იმედის მომცემია.
მეშინია.
ანდრომ მხარზე დაადო ხელი, ცისიამ ამოხედა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, – მითხარი, რომ ჩემს გვერდით იქნები.
– ვიქნები, თავი დაუქნია ანდრომ.
– ყველაფრის მიუხედავად?
– ჰო, ყველაფრის მიუხედავად, ცისია.
– ჩუმად, ახლა არ მითხრა, გთხოვ. უბრალოდ, ჩემს გვერდით იყავი და არ დამტოვო.
ანდრო დაიხარა და გოგოს თავზე აკოცა. პალატის კარმა გაიჭრიალა. ნიამ ამოიოხრა, კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მერე უხმაუროდ შევიდა პერსონალის ოთახში, თავისი ნივთები მოკრიფა და ქვემოთ ჩავიდა. კოტემ შორიდანვე შენიშნა გოგო და მისკენ გაქანდა.
– სახლში მიდიხარ?
– ა, კოტე? ჰო, აქ აღარაფერი მესაქმება.
– შემიძლია, გაგაცილო? მანქანა ვიყიდე, გინდა გაჩვენო?
ნიამ გაიცინა.
– კარგი, მაჩვენე.
ბიჭი გაიბადრა, სითამამე მოემატა.
– ყავაზეც რომ დაგპატიჟო?
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– კარგი, ოღონდ კაფეს მე ავარჩევ და მერეც, გადაწყვეტილებებს ყოველთვის მე მივიღებ.
დასასრული