როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #5
დიხამინჯია
დიხა მეგრულად მიწას ნიშნავს, მინჯ კი – პატრონს, მიწის მეპატრონეს, ანუ, კაცი, რომელიც მიწას ფლობს. სავარაუდოდ, სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ გვართან უნდა გვქონდეს საქმე. თუმცა, წყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ისინი გლეხებად არიან მოხსენიებულნი.
„დიხამინჯია თამაზა, ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).
1888 წლის მონაცემებით, დიხამინჯიების რამდენიმე ოჯახი სამეგრელოდან სოჭში გადასულა. ვიქტორ დიხამინჯიასა და სხვათა ინიციატივით, 1921-1922 წლებში სოჭში გაიხსნა ქართული სკოლა.
საქართველოში 711 დიხამინჯია ცხოვრობს: თბილისში – 171, მარტვილში – 146, სენაკში – 90. არიან სხვაგანაც.
კობიაშვილი
კობიაშვილის გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კობა, რომელიც ქართული სახელია და იაკობის შემოკლებითი ფორმაა. კობიაშვილები ძირძველი საგვარეულოა.
„კობიაშვილი მოიაზრება კახთა უფროსად, გამოჩენილი გმირობისთვის ყუბილახანის მეფეთა მიიღეს აზნაურად 1253 წელს და იწოდებიან კობიაშვილებად“.
1714 წელს, ორდისუბანში მოიხსენიება იოსებ კობიაშვილი მოწმედ.
1714 წელს ზაზა საგინაშვილის მიერ ასლამაზ ჩაჩიკაშვილისადმი გაცემული ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე კობიაშვილი.
საქართველოში 1 875 კობიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 630, თელავში – 366, გურჯაანში – 330. არიან სხვაგანაც.
კრაწაშვილი-ხუციშვილი
მეტსახელი კრაწა გვხვდება გვარ კრაწაშვილის ფუძედ.
გვარში არსებული გადმოცემით, ადრე გვარად ხუციშვილები ყოფილან, უცხოვრიათ სოფელ მარტყოფში, შემდეგ კი, სხვაგან გადასვლისას, კრაწაშვილები გამხდარან.
საქართველოში 418 კრაწაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 229, თბილისში – 88, რუსთავში – 46. არიან სხვაგანაც.
ქავთარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქავთარა. ქავთარ სპარსული სიტყვაა და მტრედს ნიშნავს.
ქავთარაშვილების ერთი შტო ბარათაშვილებიდან მომდინარეობს.
„ქავთარაშვილის მანუჩარის ქალი მარიამი, 1721 წელს, აღწერით, ნაქურდევში ყიდის ერთ საკომლოს.”
საქართველოში 600 ქავთარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 478, ყაზბეგში – 50, თბილისში – 32. არიან სხვაგანაც.
ნარეკლიშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ნარეკალი.
„მარაბდაში მცხოვრებმა აბრამა ნარეკლიშვილმა იქორწინა იქვე მცხოვრებ სეხნია იმერლიშვილის ქალზე, მაიაზე, გვირგვინი აკურთხა მღვდელმა აბრამ ხუროშვილმა.”
საქართველოში 378 ნარეკლიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 88, საგარეჯოში – 77, თბილისში – 74. არიან სხვაგანაც.
ჩადუნაშვილი
გვარი ჩადუნაშვილი სავარაუდოა, მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. ასევე, ჩადუნა საკუთარ სახელადაც გვხვდება.
1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.
1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.
საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით