კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო ნოდარ ახალკაცი დაინტერესებული ჩერჩილის ცხოვრებით და როგორ აურია თავგზა მან ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს #5

პროფესიონალი არაპროფესიონალთა ქვეყანაში - ასე მოიხსენიებდნენ  ნოდარ ახალკაცს უცხოელი ჟურნალისტები, რომლებმაც ქართველი მწვრთნელი 1970-იან წლებში გაიცნეს... გავლენიანი გერმანული ჟურნალის „კიკერის” მთავარი რედაქტორი კარლ-ჰაინც ჰაიმანი დიუსელდორფის ფინალური მატჩის შეფასებისას, დინამოელთა ოსტატობასთან ერთად, განსაკუთრებით გამოყოფდა მწვრთნელის ალღოს და ერუდიციას. „კარგა ხანია, ყურადღებით ვაკვირდები ახალკაცის საქმიანობას” – წერს ჰაიმანი, – „ის ნამდვილი სტრატეგია, იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.” ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ახალკაცის დამსახურებას, კოლეგებზე მეტად, ფეხბურთის გულშემატკივრები და კულტურის მოღვაწეები აფასებდნენ… (წყარო – „რადიო თავისუფლება“)  ის ცოტას თუ უყვარდა… ხასიათს უწუნებდნენ. თუმცა, მისი ნიჭი და ერუდიცია საეჭვო არასდროს გამხდარა. ქართული ფეხბურთის უმთავრესი გამარჯვებები  სწორედ ახალკაცის სახელს უკავშირდება. ამჯერად ჩვენ ამ რუბრიკისთვის მისი ცხოვრების ორი ეპიზოდი ავირჩიეთ.      
ოთარ გაბელია:  „ერთხელ, მოსკოვში, მოგებული თამაშის შემდეგ იქ მცხოვრებმა მეგობარმა სახლში მიგვიპატიჟა მე და დავით მუჯირი – ელარჯი უნდა გაჭამოთ შუაგულ მოსკოვშიო. რა უნდა მექნა? მეგრელი რომ ელარჯზე უარს იტყვის, მე იმ მეგრელს, მაგალითად, კარგი თვალით ვერ შევხედავ. რას ვიზამდით, ვესტუმრეთ ამ კაცს. გაიშალა ზღაპრული სუფრა. მესამე ჭიქას რომ ვსვამთ, კარზე ზარმა დარეკა. მასპინძელი შემოუძღვა სტუმარს და, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა – ფარსადანოვიჩის ხმა არ გავიგონე?! თურმე ისიც დაპატიჟებული ჰყოლია ჩვენს მასპინძელს და ცოტა დაჰგვიანებია. რაღა ვქნა ახლა?! გამოგვჭერი ყელი და ესაა, – ვეცი მასპინძელს, სანამ ნოდარ ახალკაცი ხელის დასაბანად იყო გასული. არ დაგველია მაინც! თან, სიგარეტის ბოლიც დგას.
– ნუ გეშინიათ, – გვამშვიდებს მასპინძელი, – ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებულ-მომზადებული. – რა? – რა და, აგერ დაგიდგამთ ჩაის ჭიქებს, ვითომ ჩაის სვამთ, რა მოხდა მერე!
ბატონი ნოდარი დაჯდა და დაიწყო საუბარი. ჩვენ კი ვართ და აღარც ვართ. ფარსადანოვიჩი არაფერს გვეკითხება – აქ რა გინდათ, ან, რომ მოდიოდით, რატომ არ გამაფრთხილეთო. არაფერს გვეუბნება, თითქოს არც ვიყოთ იქ. კაცო, მგონი ვერც გვხედავს, – დაეჭვდა მუჯირი, – უჩინმაჩინის ქუდები ხომ არ გვახურავს? ცოტა ხანში მასპინძელმა მე და მუჯირი მეორე ოთახში გაგვიხმო, რა თქმა უნდა, ფარსადანოვიჩთან ბოდიშის მოხდით. გავედით და რას ვხედავთ – გაუშლია ჩვენთვის ცალკე, „სკუჩნი“ სუფრა. ვუთაქეთ თითო ჭიქა გულისჯავრზე, ჩავაყოლეთ და შემოვბრუნდით ახალკაცთან. აბა, სულ იქ რომ დავრჩენილიყავით, დაეჭვდებოდა. ცოტა ხანში ისევ გაგვიხმო მასპინძელმა მეორე ოთახში. ისევ ვუთაქეთ, ოღონდ, ახლა, ორ-ორი (მაინც დალეული გვაქვს და...) დავბრუნდით საერთო სუფრასთან უცოდველი კრავებივით, თუ შეიძლება, რომ კრავები ჩაის სვამდნენ. მესამედაც რომ გავედით და ისევ შემოვბრუნდით, ფარსადანოვიჩი ბოლოს და ბოლოს დაინტერესდა: – კი მაგრამ, რაშია საქმე? – რაზე გვეკითხებით, ნოდარ ფარსადანოვიჩ? – ვიკითხეთ ჩვენ ორ ხმაში. – რას გარბიხართ ყოველ ხუთ წუთში იქით ოთახში? რაშია საქმე, თუ საიდუმლო არაა? – არაფერი, ისე... – რას ჰქვია – ისე? – ისე, ჩვენთვის... – რა და, – მოულოდნელად გააქტიურდა მუჯირი, – ჩვენი მასპინძლის სამზარეულოს პროექტი მოგვეწონა მე და აგერ, გაბელიასაც, გვინდა, თბილისშიც ასე გადავაკეთოთ სამზარეულოები. – ვთქვათ, დავიჯერე, მაგრამ, ყოველ ხუთ წუთში რომ გარბიხართ, ერთი გასვლით ვერ დაათვალიერეთ? – რა ვქნათ, ძალიან მოგვწონს და... – ავლუღლუღდი... – თან, გამეორება ცოდნის დედაა. – აბა, მე გეტყვით ახლა! – დაიწყო ახალკაცმა თავისებური, დამაჯერებელი ხმით, – რომ დაგიღიათ პირი და მამა აბრამის ბატკნებივით შემოდიხართ აქ, გგონიათ,  მე ვერაფერს ვხვდები,  მაგას რა ჯობია, იცით? – რა? – სასტიკად დავინტერესდით. – რა და, აქ დალიოთ, ვაჟკაცურად, ჩემთან ერთად და მერე გახვიდეთ იმ სამზარეულოს დასათვალიერებლად, ასე თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა. „გაშიფრულები“ ვიყავით! ასეთი იყო ცხონებული ფარსადანოვიჩი, ვერაფერს გამოაპარებდი“.
კარგად გვახსოვს, თავის დროზე თბილისის „დინამოში“ მოხვედრა ბევრისთვის ოცნება იყო. კომუნისტების დროა და ცეკაში გადაწყდა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე თბილისში ჩამოეყვანათ. ბათუმი ვერ ელეოდა იქაურ ამომავალ ვარსკვლავს და თბილისს ეუბნებოდა, ჩელებაძე ჩვენ გვჭირდება და ნუ წაგვართმევთო. ნოდარ ახალკაცმა პრინციპულად მოითხოვა ჩელებაძის „დინამოში“ გადმოყვანა. მან საოლქო კომიტეტს წერილიც კი მისწერა, ჩელებაძის „დინამოში“ თამაში მარტო თქვენი გადასაწყვეტი არაა, ფეხბურთელსაც ჰკითხეთ, რას იტყვისო. დაიბარეს ქალაქკომში ჩელებაძე და ეკითხებიან, სად უფრო გირჩევნია თამაში – თბილისში თუ ბათუმშიო. ბათუმის „დინამოშიც“ კარგია, მაგრამ თბილისში უფრო თავისუფლად ვითამაშებდიო, – იყო ფეხბურთელის პასუხი. რატომო, – დაინტერესდა ბათუმის ქალაქკომის მდივანი ანდერკინ კოპლატაძე. იმიტომ რომ, ბათუმში ფეხბურთის გულშემატკივრები დედას მე მაგინებენ, თბილისში კი ჩემს ჩამომყვანსო, – თქვა ჩელებაძემ“.
თენგიზ პაჭკორია: „ბატონი ნოდარი არა მარტო დიდი მწვრთნელი და რთული პიროვნება, თანაც, ენციკლოპედიურად განათლებული კაცი იყო, მისი მოღვაწეობა - წარმატებები და ჩავარდნები, გარკვეულწილად, ჰგავდა უინსტონ ჩერჩილის კარიერას. პირველად ამაზე ყურადღება გავამახვილე 1996 წლის ნოემბერში, როცა თბილისი ემზადებოდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩისთვის საქართველოსა და ინგლისის ნაკრებ გუნდებს შორის. ეს შეხვედრა 1996 წლის 9 ნოემბერს გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. მატჩამდე ერთი კვირით ადრე, თბილისში ჩამოვიდა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ბრიუს კლარკი...  (ის 1991-1992 წლებში რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში - თბილისსა და სოხუმში, სადაც ჩემი ოჯახის პირადი სტუმარიც იყო. მან თავის დროზე, წამყვან ბრიტანულ გამოცემებში ბევრი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს  შესახებ.) ბრიუს კლარკი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში, რათა ინგლისის ნაკრებთან მატჩის წინ, „ფაინეშნლ ტაიმსისთვის” მიეწოდებინა მასალები...  კლარკმა მითხრა, რომ ინტერვიუს მომზადება უნდოდა ნოდარ ახალკაცთან...  კლარკს ვუთხარი, რომ შევარდნაძესთან შეხვედრა უფრო იოლია, ვიდრე ინტერვიუ ახალკაცთან. მას გაუკვირდა და გაეცინა... ასეც მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტის იმდროინდელი პრესმდივნის, ბატონ ვახტანგ აბაშიძის დახმარებით, მეტ-ნაკლებად სწრაფად მოხერხდა კლარკის შეხვედრა შევარდნაძესთან, ნოდარ ახალკაცთან კი, ეს პროცესი გაჭიანურდა: მან შემოგვითვალა, რომ ძალიან დაკავებული იყო.
გვიან საღამოს, ცოტა გაბრაზებულმა დავურეკე ბატონ ნოდარს ბინის ნომერზე და მოკითხვა-მობოდიშების შემდეგ, ვუთხარი, რომ ბრიტანელ ჟურნალისტს, ბრიუს კლარკს სჭირდებოდა ერთი საბუთი: „ცნობა, რომ თქვენ, ბატონო ნოდარ, მოუცლელობის გამო უარს ეუბნებით მას ინტერვიუზე“. ავუხსენი, რომ კლარკი  საქართველოს დიდი მეგობარია და თავის გაზეთის რედაქტორებთან პრობლემა შეექმნება, თუ არც ინტერვიუ ექნება და არც ეს ხელწერილი. ინტერვიუსთვის თუ არ გცალიათ, დაუწერეთ, რომ უარს ეუბნებით-მეთქი. პაუზის შემდეგ მითხრა: „თენგიზ, ხუმრობ, თუ რა ხდება?“ ვუპასუხე: „როგორ გეკადრებათ, დიდ პატივს გცემთ“. მან კი შემომიბრუნა: „ეხ, ტი, „ჩერნომორსკი პარენ.“ ჯერ ერთი, ეს საბუთი შენს კლარკს არაფერში დაეხმარება, მეორეც, მე არ მითქვამს უარი ინტერვიუზე, უბრალოდ, არ მცალია. რადგანაც ასეა, კარგი, მოდით  ხვალ ფედერაციაში და ერთ-ორ სიტყვას ვეტყვი შენს სტუმარს”. მეორე დღეს ფედერაციაში მისულს მკითხა: „ინტერვიუზე დათანხმების ეს ხერხი, ვინ გასწავლაო? ვუპასუხე: ბატონო ნოდარ, ბაბუაჩემი სარდიონ ქაჯაია 1942 წელს რამდენიმე კვირა ლავრენტი ბერიას დაცვის წევრი იყო და ბევრი ხერხი მასწავლა ცხოვრებაში-მეთქი. ახალკაცმა მკითხა: შემთხვევით, ბაბუაშენი ჩერჩილის დაცვაშიც ხომ არ იყოო. ჩერჩილის ხსენებაზე ჩვენთან მყოფი ბრიუსიც გააქტიურდა. ბატონმა ნოდარმა და ბრიუსმა დაიწყეს საუბარი (ბრიუსი კარგად ფლობს რუსულს), მე კი ოთახიდან გავედი და გარეთ ველოდებოდი. ეს უნდა ყოფილიყო ექსკლუზივი და არ იყო საჭირო ჩემი დასწრება. საათ-ნახევრის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვიდა კლარკი. ვკითხე: ამდენი ხანი  რაზე  საუბრობდით-მეთქი. კლარკმა მითხრა: „დაახლოებით ერთი საათი  ვისაუბრეთ  ჩერჩილზე, ბრიტანეთისა და მსოფლიო ისტორიაში მის ღვაწლზე და ასევე, როგორ უყვარდა მას ფეხბურთი, ხოლო ბოლო ნახევარი საათი – საქართველო-ინგლისის მატჩზე”. ბრიუსმა თქვა, რომ „სერ  ახალკაცი კარგად ერკვევა არა მარტო ფეხბურთში, არამედ პოლიტიკასა და ისტორიაში”. ეს ჩემთვის სიახლე არ იყო. ლეგენდარული კომენტატორი ნიკოლოზ ოზეროვი, 1988 წელს სოხუმსა და ქუთაისში ყოფნისას მიყვებოდა, რომ ევროპული ტურნეების დროს, ბატონი ნოდარი თვითონ და ხანდახან ფეხბურთელებთან ერთად, ხშირად დადიოდა მუზეუმებსა და ისტორიულ ადგილებში. ამით, ოზეროვი მიუთითებდა, რომ ნოდარ ახალკაცი იყო არა მარტო ფეხბურთის დიდი მცოდნე და ძლიერი მწვრთნელი, არამედ ძალიან განათლებული და მოაზროვნე პიროვნება.“

скачать dle 11.3