მოძღვარი გვირჩევს #5
კითხვა: ვარ რამდენიმე თვის ორსული. არც მე და არც ჩემი მეუღლე არასდროს ვყოფილვართ მოძღვართან. შესაბამისად, არ ვცხოვრობთ ეკლესიურად. ხომ არ იმოქმედებს ეს ბავშვზე?
პასუხი: თქვენ უფალი დედობის სიხარულით გასაჩუქრებთ. თუკი აქამდე არ დადიოდით ტაძარში, აუცილებლად უნდა იაროთ ახლა. თუ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებით, თქვენს პატარას მისი მადლი გადაეცემა და ჯანმრთელი დაიბადება. ეკლესია ორსულებს მარხვასაც უმსუბუქებს და მათ ყოველ კვირას შეუძლიათ ზიარება.
კითხვა: უპირველესად, რა მოეთხოვება ეკლესიაში ახლად მისულ ადამიანს?
პასუხი: მას უპირველესად, მოეთხოვება წუთისოფლის საცდურებისგან განშორება – ანუ, უნდა დატოვოს ყველა ჩვევა, წესი, მოთხოვნილება, რაც ეწინააღმდეგება სახარებასა და ქრისტესმიერ სულიერებას.
კითხვა: მე თავს არ მივიჩნევ ხშირად ზიარების ღირსად და იშვიათად ვეზიარები. სწორად ვიქცევი თუ არა?
პასუხი: ვართ თუ არა ზიარების ღირსნი, ანუ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებისა – ამის განმსაზღვრელად დადგენილნი არიან მღვდელმსახურნი აღსარების საიდუმლოს პროცესში. ხოლო ის, ვინც თვითნებურად აყენებს თავს ზიარების მიღმა, არასწორად იქცევა და წარმართს ემსგავსება.
კითხვა: რას ნიშნავს მირონცხება?
პასუხი: მირონცხება მართლმადიდებლურ-ქრისტიანული საიდუმლოთაგანია. ის გაერთიანებულია წმიდა ნათლობასთან და ხდება ცხოვრებაში ერთხელ. ამ საიდუმლოს აღსრულებისას სულიწმიდის ბეჭედი ენიჭება მორწმუნეს, რაც მას ქრისტეს მცნებების განუხრელად დაცვაში ეხმარება. მირონცხებული გახლდათ ხელმწიფე – რათა მას სვიანად ემართა თავისი ქვეყანა.