რატომ არის აფხაზებისთვის ქრისტიანობასა და მუსლიმანობაზე მნიშვნელოვანი წარმართობა და ეკლესიასა და მეჩეთზე წმიდა – მუხის ხე #5
„იუჟნაია ოსეტიას“ „პრ-მა” თიბილოვმა ახალი ინიციატივა შემოგვთავაზა, სამხრეთ ალანია დავირქვათ, რათა უფრო ორგანულად შევერწყათ ჩრდილოეთ ოსეთ – ალანიასო (თითქოს „სამხრეთ ოსეთი“ „სამხრეთ ალანიისგან“ თვისებრივად განსხვავდებოდეს). ამის პარალელურად, სეპარატისტულ აფხაზეთში ეკლესიაც კი დაანგრიეს და ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსში უძველესი ბერძნული ფრაგმენტიც კი დააზიანეს. რატომ გააქტიურდნენ ჩვენებური სეპარატისტები და რის მიღწევას ცდილობენ ზემონახსენები აქტივობებით, – ამ თემაზე ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– ვიცით, რომ თიბილოვი პერიოდულად აცხადებს, რომ დღეს თუ არა ხვალ შევლენ რუსეთის შემადგენლობაში. ახლა განაცხადა, „სამხრეთ ალანია“ უნდა დავირქვათო. ეს საკუთრივ მისი აქტივობებია თუ დავალებებს ასრულებს და ეს აქტივობა, ადრე თუ გვიან, ლოგიკურ დასარულამდეც მივა?
– საქმე ის არის, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლებას დამატებითი ნაბიჯის გადადგმა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი შეიცვალოს, ხელს არ აძლევს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რუსეთის რეალური პოლიტიკა, კრემლში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფორსირებას. მათ შორის, ასეთები არიან რუსეთის პრეზიდენტის გუნდშიც. ამ ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა თიბილოვისნაირებს. რასაკვირველია, ის სიგნალი, რომ თიბილოვმა იაქტიუროს, ნაწილობრივ მოსკოვიდანაც მოდის, მაგრამ არა – უმაღლესი ეშელონებიდან და ნაწილობრივ – თვითონ მისი ინიციატივებია, რომ დამკვიდრდეს პოლიტიკურ სივრცეში. იმიტომ რომ, ეკონომიკური აღმშენებლობის, „ქვეყნის“ მართვის მხრივ, ბევრი არაფერია საკეთებელი „სამხრეთ ოსეთში.“ თუ პოლიტიკური ინიციატივები არ გამოიჩინა, ვერ დამკვიდრდება იმ პოლიტიკურ სივრცეში, თან, არჩევნებიც ახლოვდება. პოლიტიკური ინიციატივების საშუალებას კი პატარა ცხინვალი, მაინცდამაინც, არ იძლევა, ამიტომ ამ ტიპის აქტივობებს ეწევა.
– ამ კონტექსტშია ქართველი დამპყრობლების წინააღმდეგ მემორიალის აღმართვა ახალგორში, ახალგორია აქ სწორედ ცინიზმი.
– ახალგორში აღმართა ძეგლი მიძღვნილი ოსებისა და ალანების ჰეროიზმისადმი, რადგან ვითომ ახალგორი განსაკუთრებულადაა დაზარალებული ქართული გავლენისგან. ოღონდ ისიც ვერ გაბედა, რომ მთლად ქართული აგრესიისთვის მიეძღვნა ეს ძეგლი.
– ასე მოვისმინე, რომ ეს დატვირთვა აქვს ამ ძეგლს.
– შინაარსობრივად ასეა, მაგრამ შუა საუკუნის კოსტიუმებში გამოწყობილი მეომრები დგანან. რასაკვირველია, ასოციაციურად საზოგადოებას უბიძგებს, რომ ქართული აგრესიის წინააღმდეგ დადგმული ძეგლია, მაგრამ კომპოზიციურად ვერ გაბედა ამის გაკეთება.
– ასეთი წარწერა ხომ აქვს?
– წარწერაში ხაზგასმულია, რომ ეს არის ოსებისა და ალანების გმირული წარსულის უკვდავსაყოფი ძეგლი. აი, ასეთ ინიციატივებს ახორციელებს, თუმცა რამდენიც უნდა ილაპარაკოს, „სამხრეთ ალანიაო“, ის გადაწყვეტილება იქნება, რაც რუსეთს უნდა. გარდა ამისა, ალანიის თემა თავის დროზე ჩრდილო ოსებმა გააპარეს. პოსტსაბჭოთა პერიოდი, არეულობა და დაირქვეს. ძალიან ბევრი უკმაყოფილოა – ოსების გარშემო მცხოვრები ტომები, რომ ჩრდილო ოსეთს ალანია ჰქვია. არადა უამრავი დოკუმენტი არსებობს, რომ, სულ მცირე, საკამათოა ოსებისა და ალანების იდენტურობა, ანუ ოსები სხვაა, ალანები – სხვა. არიან კავკასიური ტომები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი არიან ალანების შთამომავლები. შესაბამისად, „სამხრეთ ოსეთის“ მიერ „სამხრეთ ალანიის“ დარქმევა კიდევ ერთი უკმაყოფილების მიზეზი გახდება ჩრდილო კავკასიაში და ეს კარგად იციან მოსკოვში. ამიტომ თიბილოვს შეუძლია, გადაარქვას ეს სახელი, მაგრამ ეს არ იქნება მოსკოვის ღია გადაწყვეტილება.
– თვითონ სამხრეთელ ოსებს რას მისცემს, ალანიას დაირქმევენ თუ ეთიოპიას? მომავალი თაობების მენტალიტეტზე ზრუნავენ, რომ თავში ჩაუჭედონ, როგორ წაართვეს ქართველებმა ყველაფერი?
– ცხინვალში მუდმივად ცხოვრობს 23 000-25 000 ადამიანი. მათგან რაღაც რაოდენობა ახალგაზრდები არიან. მაგრამ, ვისაც საშუალება აქვს, ყველა ცდილობს, თავი შეაფაროს ვლადიკავკაზს მაინც და შემდგომში გზა გაიკვალოს დანარჩენი რუსეთისკენ. დენადობა ძალიან მაღალია და ობიექტურად რომ შეხედო ვითარებას, მაინც „სამხრეთ ოსეთი“ ჰქვია. იქითაა ჩრდილოეთ ოსეთი და თუ ცნობიერებაში ამის დამაგრება და ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება უნდათ, ამისთვის სამხრეთ ალანიის დარქმევა რაღა საჭიროა?! ისედაც გამაგრებულია ეს. ანუ თამაშია, ერთობიან.
– ჩვენს ნერვებზეც ერთობიან ოღონდ.
– პოლიტიკურ აქტივობას იჩენს ადამიანი, რომ რაღაცნაირად დაამახსოვროს თავისი მმართველობის პერიოდი საზოგადოებას.
– აფხაზეთში რატომ შეუტიეს ეკლესიებს? ერთი დაანგრიეს სასაფლაოსთან ერთად, ახალი ათონის კომპლექსში კი დააზიანეს ბერძნული ფრაგმენტი. რა მიზანს ისახავენ ამგვარი ქმედებით?
– ობიექტურად რომ ითქვას, აფხაზ საზოგადოებაში ძალიან გამწვავდა დამოკიდებულება ისეთი თემისადმი, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობა. მართალია, აფხაზ ისტორიკოსებს უჭირთ, მიუსადაგონ იქ არსებული არქიტექტურული თუ საეკლესიო ნაგებობები აფხაზურ კულტურასა და ისტორიას, მაგრამ რაღაც ფორმით ახერხებენ ამას. ციდილობენ, ფაქტები ერთმანეთს ხელოვნურად მიაწებონ და ასე შემდეგ. მაგრამ აი, ამ „ისტორიული წარსულის“ შენების პროცესში ძალიან უხეშად ჩაერივნენ რუსები.
– აქვე ვიტყვი, როდესაც აფხაზებს ვეკითხები, თუ იქ ქართველები არ ცხოვრობდნენ, რასაც ისინი აქტიურად ამტკიცებენ, საიდან ქართული წარწერები ეკლესია-მონასტრებზე-მეთქი, მპასუხობენ, რომ „პრარაბები“ იყვნენ ქართველები და ისინი აკეთებდნენ ქართულ წარწერებსო. ცოტა სასაცილოა, მაგრამ მათ სჯერათ ამის.
– ამაზე უნდა უპასუხოთ, რატომ დატოვეთ „პრარაბების“ ნაწერიო.
– კიდევ ერთი კითხვაა აქტუალური, რომელსაც ისინი პასუხს ვერ სცემენ. დღეს აფხაზების რელიგიური მიმართულებები: არიან ქრისტიანები, მულიმანებიც და უმეტესობა წარმართები, შეესაბამება თუ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ნაგებობების რაოდენობას? ფაქტია, არა. ქართველების გარეშე ეს ვერ იხსნება.
– არანაირი აფხაზი იქ არ იყო, როდესაც მეხუთე საუკუნეში ბიჭვინთის ტაძარი შენდებოდა. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. იმის თქმა მინდა, რომ მწვავე ბრძოლაა რუს საეკლესიო მოღვაწეთა წინააღმდეგ დრანდისა და ილორის ეკლესიების დაზიანების გამო. გაანადგურეს ბაგრატ მესამის ფრესკა და წარწერები. ბაგრატ მესამე კი, ასეა თუ არა, იყო აფხაზთა მეფეც და აფხაზი იყო დედით. თუმცა მაშინ სხვა რამ იგულისხმებოდა მის აფხაზურ წარმოშობაში, მაგრამ სიტყვა „აფხაზი“ ხომ ურევია?! ეს დაპირისპირება 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე სერიოზული ფორმა მიიღო. მოდურად მიიჩნევა აფხაზ ინტელიგენციაში ამ თემაზე მწვავედ საუბარი. აფხაზეთის ხელისუფლებამ და „აფხაზურმა ეკლესიამ“ ბესარიონ აპლიას, ანუ ფილიას მეთაურობით, დროებით სარგებლობაში გადასცა ეს ორი ეკლესია რუს საეკლესიო მოღვაწეებს. თუმცა ახალი ათონის კომპლექსში არ უშვებენ რუსებს და მხოლოდ ორი-სამი სასულიერო პირია, მაიკოპის ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული. დანარჩენები კი არიან საქართველოს საპატრიარქოს, ან საბერძნეთის საპატრიარქოს მიერ ხელდასხმულები. მეორე მხრივ, თუმცა დრანდისა და ილორის ეკლესიები რუსებს დროებით მფლობელობაში გადასცეს, მათ ჩათვალეს, რომ სამუდამო მფლობელობაში გადაეცათ. ამიტომ შეცვალეს შიდა დიზაინი, გაათეთრეს.
– ეს მათი სტილია. ჩვენი ეკლესიები ხომ მასობრივად იყო შეთეთრებული.
– და თავზე ხელოვნური გუმბათები დაადგეს ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და 2015 წლიდან ითხოვენ აფხაზები, ამ ეკლესიებს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე. ეს ამბავი აღაგზნებს აფხაზი ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი „ისტორიული მემკვიდრეობის“ დასაბრუნებლად. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსი სასულიერო პირები დრანდასა და ილორში არ უშვებენ მრევლს.
– აფხაზებს?
– დიახ, ამას არ აქვს მუდმივი ხასიათი, მაგრამ პიკეტებს აწყობენ. აფხაზი მრევლი ისედაც არ არის მრავალრიცხოვანი. სულ 2 000 აქტიური მორწმუნე თუ იქნება.
– თუმცა ფაქტია, სულ ახლახან ეკლესია დაანგრევინეს რუს სამხედროებს პოლიგონის გამო.
– დაანგრევინეს, მაგრამ დანგრევის შემდეგ ამას პროტესტი მოჰყვა. აქ ერთგვარი, გულიდან მომდინარე ფაქტორიც მუშაობს და პოლიტიკური პოზიორობაც. როგორც გითხარით, მოდური გახდა ისტორიული ფასეულობებისთვის ბრძოლა. ისინიც კი, რომლებსაც მანამდე არ აღელვებდათ კულტურული მემკვიდრეობა და გადასარევად იცოდნენ, ვისიც არის ის კულტურული მემკვიდრეობა, დღეს მისი აქტიური დამცველები გახდნენ. ანუ ჯერ დაანგრევინეს, ახლა კი დადგნენ პოზაში და ამბობენ, დაგვინგრიესო.
– ახალ ათონში ხომ რუსები არ არიან და ვის აბრალებენ მაშინ დაზიანებას?
– მე, მაგალითად, სხვაგვარი ინფორმაცია მაქვს. ბერძნული ფრაგმენტი გაანადგურეს იმ რუსმა მღვდლებმა, რომლებიც ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსში არიან. ახლა რთულია იმის დადასტურება, ვინ გაანადგურა, მაგრამ აფხაზები ახლა გამოთქვამენ საყვედურს, რატომ განადგურდაო, იმიტომ რომ, ეს მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი იყო. ბიჭვინთის ისტორიული, ბერძნული სახელწოდება იყო პიტიუნტი და ის უძველესი ბერძნული კულტურის კერა გახლდათ. საერთოდ, იცით, რომ აფხაზეთის სანაპიროზე იყო რამდენიმე ბერძნული დასახლება: ელინისტური პერიოდისაც და ქრისტიანობის პერიოდისაც. ასე რომ, იქ ბევრი კულტურაა არეული, მაგრამ, თუ კულტურათა აღრევაზე ვილაპარაკებთ, იგულისხმება ბერძნული, ქართული და იტალიური კულტურა. გენუელების დასახლებაც არსებობდა ერთ დროს. თორემ მეთვრამეტე საუკუნემდე იქ სხვა არავინ გამოჩენილა. თურქეთის გავლენა იყო, თუმცა ისინი, მაინცდამაინც, არ იკლავდნენ თავს, რომ თავიანთი კულტურული ტრადიციები დაემკვიდრებინათ, სხვა ამოცანა ჰქონდათ.
– უდავოდ, უცნაურია, რომ დიდი მეჩეთებიც არ არის აფხაზეთში.
– დიდი არ არის. ერთი მეჩეთი იყო, რომელიც შემდეგ განადგურდა. აფხაზეთში მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ახალი მიღებული ჰქონდათ ისლამი და ვერ ვიტყვით, რომ თავგადაკლული მუსლიმანები იყვნენ. თავადაზნაურობის ერთი ნაწილი მისდევდა ამ რელიგიას, ისიც კონიუნქტურული მოსაზრებების გამო. დღესაც კი, როდესაც საჭირბოროტო საკითხი აქვთ გადასაწყვეტი, აფხაზი საზოგადოება იკრიბება არა ეკლესიის ან მეჩეთის ეზოში, არამედ…
– ხის ქვეშ…
– დიახ, მიდიან ლიხნიში, წარმართულ მუხასთან.
– ისინი ამბობენ, რომ მათი რწმენა წარმართულია, იმიტომ რომ, ჩვენს ისტორიულ რწმენას დავუბრუნდითო. არადა, აფხაზთა სამეფოს რწმენა წარმართული როგორ იყო?!
– ისლამიც და ქრისტიანობაც მათთვის თავადაზნაურობის დონეზე იყო რელიგია და კონიუნქტურას უკავშირდებოდა. ლიხნის მუხა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი საკულტო ნაგებობა. არაფერს დაბრუნებიან, სულ იქ იყვნენ. მეტსაც გეტყვით, აფხაზეთში ცხოვრობს მცირერიცხოვანი ოსური თემი, რომლებიც, ასევე, მუხის კულტის მიმდევრები არიან და თავიანთი მუხა აქვთ, ოღონდ ის სხვა მუხაა. ასე რომ, ეს ტრადიცია შემონახულია. კავკასიის მთიანეთში არის ადგილები, სადაც ვითომ ისლამი ან ქრისტიანობაა, მაგრამ სინამდვილეში, წარმართული რელიგიის ნიშნებია აშკარა. ნუ დაგვავიწყდება, რომ აფხაზები მთიელები არიან და მათი ცხოვრების წესი ამ ტრადიციას მისდევს.
– მე არ მავიწყდება, მაგრამ მათ რატომ არ ეხამუშებათ, რომ ზღვის პირას მცხოვრებ ხალხს მთიელების ჩვევები აქვთ.