როგორ დააგროვა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ისკო დასენმა ნაღდ ფულად 200 000 აშშ დოლარი #5
საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიით მოხვდა. ის 1958 წელსაა დაბადებული თბილისში. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ 1976-1978 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. 1979 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 1985 წელს დაამთავრა (ფაკულტეტი მითითებული არ არის).
ისკო დასენის შრომითი ბიოგრაფია 1986 წელს დაიწყო თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურაში, სადაც ის 1990 წლამდე მუშაობდა გამომძიებლად. 1990-1992 წლებში თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი იყო; 1992-1993 წლებში – თბილისის კრწანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე. 1993 წელს გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ის 2004 წლამდე საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად მუშაობდა; 2004-2010 წლებში – საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორად. 2010 წელს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად დაინიშნა (2011 წლამდე). 2011 წლიდან, ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია, 2012-2016 წლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა. აწ კი, როგორც მოგახსენეთ, დეპუტატია.
შესაბამისად, ისკო დასენმა პირველი დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბერს შეავსო და ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე, 1962 წელს სომხეთში, არაგაცის რაიონში დაბადებული ლეილა არაბიანი.
ისკო დასენის საკუთრებაა სამი არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე (324,8 კვ.მ.), წინამძღვრიშვილის ქუჩაზე (34,52 კვ.მ.), თამარ მეფის გამზირზე (48,28 კვ.მ.); ამას გარდა, ორი ავტოფარეხი თამარ მეფის გამზირზევე და მიწის ნაკვეთი რუსთავში (128 კვ.მ.). ლეილა არაბიანს კი ეკუთვნის მიწის ნაკვეთი სიღნაღში (426 კვ.მ.). რაც შეეხება მოძრავ ქონებას: ისკო დასენს ჰყავს 2015 წლის მაღალი გამავლობის ავტომობილი – „ლექსუსი“.
ცოლ-ქმარი ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერკრედიტის“ ფასიან ქაღალდებსაც: ისკო დასენი 100 000 და 50 000 აშშ დოლარის ღირებულების თითო-თითო თამასუქს, ლეილა არაბიანი კი ორ, 50 000-50 000 აშშ დოლარის ღირებულების თამასუქს.
დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ისკო დასენს ჰქონდა – 200 000 აშშ დოლარი და ბანკში გახსნილ ანაბარზეც 6 062 ევროს ინახავს.
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ისკო დასენსა და მის მეუღლეს, როგორც დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაცია გვამცნობს, 2016 წლის განმავლობაში ერთი თეთრის შემოსავალიც არ მიუღიათ.