ასალაგმი და ამლაგმავი #5
ანუ რამ დაავიწყა ტრამპს ქართული ანდაზა
თითქოს ამერიკელ ქალთა რისხვა არ ეყოფოდა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს ქართველ ფემინისტ ქალთა რისხვამაც უწია!
ქალთა უფლებების დამცველი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა (ბაია პატარაიამ) არ დაიზარა და დონალდ ტრამპის პოლიტიკა შეაფასა. თუმცა რაღა შეაფასა: ის კატეგორიულად არ ეთანხმება მის პოლიტიკურ პლატფორმას.
მომყავს ციტატა: „დონალდ ტრამპმა ქალების მარშს უკვე უპასუხა და დაფინანსება შეუწყვიტა კლინიკებს, სადაც ოჯახის დაგეგმვაში აბორტის ხსენება იყო. როცა ქალებს ურტყამენ, ეგრევე წელს ქვემოთ ურტყამენ, ეგრევე ვაგინის კონტროლით იწყებენ.“
თუმცა მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი, ანუ ამერიკელი ქალების იმედი აქვს. სახელდობრ, ბრძანებს (ბაია პატარაია): „ძალიან კი შეეშალა ტრამპს ამერიკელ ქალებს რომ დაეტაკა, მაგრამ მე ღრმად მწამს, ტრამპისნაირი ლიდერებისათვის ლაგამის ამოდება სწორედ ქალებს შეუძლიათ“. ანუ ტრამპს ავიწყდება ქართული ანდაზა: რაც მოგივა დავითაო!
ხოლო, თუ გავიხსენებთ ბაია პატარაიას იქვე გამოთქმულ მოსაზრებას: „ქალებს ვერც შეაშინებს და ვერც გაურიგდება ტრამპი, რადგან ქალებს დასაკარგი, სხეულის და სიცოცხლის გარდა, არაფერი აქვთ,” იბადება რიტორიკული კითხვა: ნეტავ, მამაკაცებს კიდევ რამე აქვთ დასაკარგი?! –