ვის ანდობს ქართული ბომონდი ქორწილების ორგანიზებას #4
დიზაინერ ედემ გვარმიანის სახელი დღეს უნაკლოდ და გემოვნებიანად გაფორმებულ ქორწილებთან და სხვადასხვა საღამოსთან ასოცირდება. მისი ორიგინალური ხელწერა ადვილად გამოირჩევა სხვებისგან. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დაახლოებით 2 500–მდე ქორწილი აქვს გაფორმებული, თავისი ნამუშევრით ბოლომდე კმაყოფილი არასდროსაა. სამაგიეროდ, აღფრთოვანებულია მისი დამკვეთთა არმია და ყველა დანარჩენიც, ვისაც მისი შემოქმედება პირადად უნახავს.
ედემ გვარმიანი: უკვე 16 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ძირითადად, ქორწილებზე ვარ ორიენტირებული. იყო პერიოდი, საერთოდ არაფერი გამაჩნდა. ახლა ბევრი რამ მაქვს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვხვდები, ისევ ისეთი ვარ. ცოტა უხერხულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ საკმაო წარმატებას მივაღწიე და პირველი თუ არა, მეორე ნამდვილად ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ, მინდა, ვიყო პირველი. არასდროს მდომებია, ყველასთვის ცნობილი ვყოფილიყავი და ჩემი სახელი და გვარი მთელ თბილისს სცოდნოდა, მაგრამ ამას ვერ გავექეცი. მიყვარს ჩემი საქმე, კარგად გამომდის და ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება.
– როგორ მოხვდით ამ სფეროში?
– მიმტანად ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში და იქ ერთმა ქალბატონმა აღმოაჩინა ჩემში ეს ნიჭი. ძალიან კარგად მახსოვს პირველი ქორწილი, რომელიც გავაფორმე. ამ ქალბატონის შვილი დაქორწინდა და მან დამიკვეთა. ძალიან ვღელავდი. იმ პერიოდში სულ რაღაც სამი კომპანია იყო ამ ბაზარზე, რომლებიც სტანდარტულად აფორმებდნენ. მე კი გავაკეთე არაორდინარულად, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. თბილისი პატარაა და ამ ქორწილიდან ზუსტად ერთ კვირაში, უკვე ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა იმ ხედვაზე, რაც მე მქონდა.
– როდესაც დღესასწაულს აფორმებ, რა არის მთავარი მიზანი?
– ჩემი მიზანია, დარბაზში შემოსულმა სტუმრებმა თქვან – „ვაუ”! როდესაც დამკვეთი იხდის, მაგალითად, 5 000 ლარს, შეიძლება, ის მთლიანად დავხარჯო და ჩემი საკუთარიც კი დავამატო იმისთვის, რომ ზუსტად ის შედეგი მივიღო, რაც მინდა. იმ ეფექტის მიღმა, რასაც სტუმრები ხედავენ, არის ჩემი არანორმალური შრომა და უძილო ღამეები.
– ხშირად აკოპირებენ თქვენს ნამუშევრებს და იბრალებენ, ედემის გაფორმებააო. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?
– იმ ფონზე, როცა თბილისში უამრავი ქორწილია და დროის უქონლობის გამო, ერთ დღეს 20 ქორწილზეც მითქვამს უარი, რეგიონებში წასვლას ვერ ვახერხებ. ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ შენი გაკეთებული ქორწილი ვნახეთ ახალციხეშიო. რეალურად, მე საერთოდ არ ვყოფილვარ ახალციხეში. აღმოჩნდა, რომ ჩემი სახელით ძალიან ბევრი დიზაინერი სარგებლობს, რომლებსაც მე არც კი ვიცნობ. სოციალურ ქსელში რომ ავტვირთავ ჩემი გაკეთებული ქორწილების ფოტოებს, ვხედავ, მეორე კვირას ვიღაც ანალოგიურს აკეთებს, რაზეც რასაკვირველია, კარგი რეაქცია არ მაქვს. მაგრამ, ამის გაკონტროლება ძნელია. ადრე ვამბობდი, ნუთუ ასეთი კარგი ვარ, რომ ყველა მბაძავს–მეთქი, მაგრამ ახლა ცოტა ვბრაზდები. ამ ყველაფერზე მე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ეს არის ჩემი შინაგანი სამყაროს გამოძახილი და როცა ვინმე ადგება და გადააკოპირებს, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
– ერთი დღის განმავლობაში რამდენი ქორწილი გქონია?
– იყო დღე, როცა რვა ქორწილი მქონდა. აქედან, სამი მათგანის ხელის მოწერა იყო სხვადასხვა ლოკაციაზე. არანორმალურად დატვირთული ვიყავი. მთელი დღე წინ და უკან დავრბოდი იმისთვის, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. ამას წინ უძღვოდა რამდენიმე უძილო ღამე. რვავე ქორწილი ცოცხალი ყვავილებით გავაფორმე. როცა ერთ დღეში ამდენ ქორწილზე ხარ პასუხისმგებელი, ადვილი საქმე არაა. არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი შემოქმედებით, მაშინაც კი, როცა დამკვეთი და მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და მადლობას მიხდიან, მე მაინც რაღაც არ მომწონს და განვიცდი. ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როცა ქორწილის მეორე ან იმავე დღეს, პატარძალი მირეკავს და მეუბნება: ედემ, შოკში ვარ, ეს რა საოცრება გაგიკეთებიაო. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია.
– ყველაზე განსაკუთრებულად რომელი ქორწილი გახსენდება?
– იყო შემთხვევა, როცა ორმოცი კვადრატული მეტრის ფართობის კედელი მთლიანად ყვავილებით გავაკეთე, რაც ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. სულ ცოცხალი ყვავილები იყო და არცერთი ფოთოლი არ ერია. ღამის პირველ საათზე დავიწყე და დილის შვიდ საათზე დავამთავრე. როცა ჩემს „ფეისბუქ-გვერდზე” ეს ფოტოები ავტვირთე, ზუსტად დღე-ნახევარში სამასმა გოგომ დამიმეგობრა. ისინი იყვნენ ჩემი პოტენციური მომხმარებლები. როცა დიზაინერი ხარ, მინიმალურისგან უნდა შექმნა მაქსიმალური ეფექტი.
– სხვა ქვეყნებიდან თუ გაქვთ შემოთავაზებები?
– რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შემოთავაზებაა. ახლაც მაქვს შემოთავაზება ინდოეთიდან, მაგრამ მე აქ მუშაობა მსიამოვნებს. მომწონს ქართველი ხალხის გემოვნება და აქ ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. თანაც, დროის პრობლემაცაა, მთელი წელი წინასწარ მაქვს გაწერილი.