ვის აჭმევდა ნანუკა გულუა ქვებსა და მიწას და რით ჰგავს ის დოჩი ალიშბაიას #4
დოჩი ალიშბაია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” ახალი პერსონაჟია, რომელმაც გამოჩენისთანავე მიიქცია მაყურებლის ყურადღება. ის კვაზი მანტკავამ სპეციალურად მოიწვია შვილიშვილის, ბარბარე მანტკავასთვის არასასურველი კონკურენტის, კატოს გზიდან ჩამოსაშორებლად. მის როლს პროფესიით ჟურნალისტი, ნანუკა გულუა ასრულებს. რამდენად ჰგავს საკუთარ გმირს, როგორ აღმოჩნდა სერიალში და როგორია მისი რეალური ცხოვრება, ამას ნანუკასგან შეიტყობთ.
ნანუკა გულუა: წარმოშობით ზუგდიდიდან ვარ. თბილისში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად. თუმცა, ამ სფეროში დიდხანს არ მიმოღვაწია. ერთადერთი ჟურნალი იყო „ნატალი”, სადაც სწავლის პარალელურად ვმუშაობდი. შემდეგ პიარის სფეროში გადავედი, ცოტა ხანში კი, „ეიჩარი” გავხდი და ამ სფეროში 11 წლის განმავლობაში ვიმუშავე სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელში. მერე ჩემი ატელიე გავხსენი და დიზაინერობას მივყავი ხელი. სკოლის სპექტაკლებს თუ არ ჩავთვლით, მსახიობის პროფესიასთან შეხება არასდროს მქონია.
– დოჩი ალიშბაია როგორ გახდი?
– ერთი წლის წინ, მეგობრის დაბადების დღეზე სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გავიცანი. როგორც ჩანს, ქეთი ჩემი იუმორით მოიხიბლა. როცა მეგრელი ქალის პერსონაჟი შექმნა, მითხრა, რომ ამ როლზე მე მომიაზრებდა. ძალიან შემეშინდა ამ შემოთავაზების, მაგრამ ქეთიმ დამითანხმა, ქასთინგზე მივსულიყავი. ვერც კი აგიწერთ, ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი და ამდენი ცნობილი ადამიანის გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი, უფრო მეტად დავითრგუნე. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი, ცალკე ოთახში გამიყვანა და ძალიან თბილად გამამხნევა. მასთან საუბრის შემდეგ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოკლედ ეკამ მიშველა. იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. აი, ემოციები მაშინ უნდა გენახათ, ღამეები არ მეძინებოდა. შობას დამიბარეს გადაღებაზე და არც მიფიქრია, დღესასწაულის გამო უარი მეთქვა, ეგრევე გავქანდი (იცინის). მაბედნიერებს, რომ ჩემი შესრულება მოეწონათ, მაგრამ თვითონ სერიალს ვერ ვუყურებ. არანორმალურად ვნერვიულობ და მხოლოდ ცალი თვალით თუ შევხედავ.
– გავხარ შენს გმირს?
– დოჩი ალიშბაია ძალიან მაგარი ქალია. ვგიჟდები, ისე მიყვარს. გამოგონილი ქალი არაა, სამეგრელოში მისნაირები ნამდვილად არიან. ისეთი ვაჟკაცური თვისებები აქვს, ვინმეს თუ გაუჭირდა ყველა პრობლემას მოუგვარებს. რეალურად ძალიან ვგავარ მას. ამიტომაც არ გამიჭირდა ამ როლის მორგება. მეც ყველა ახლობლის ცხოვრებაში ვარ ჩართული, კეთილშობილური მიზნებით და პრინციპში კრახი არ მახსენდება (იცინის). თუმცა მე და დოჩის ცოტა სხვადასხვა მეთოდები გვაქვს, მე ადამიანს რჩევას მივცემ, გვერდით დავუდგები და ის შეიარაღებულია (იცინის). აგონიაში ვარ, ვერ ვიგებ, რა ხდება. დილით სახლიდან გაუპრანჭავი რომ გამოხიდარ და უცებ ყველა მხრიდან გესმის „დოჩი, დოჩი” და ხვდები, რომ არ გეკუთვნის ასე სიარული. როგორც კი სერიალში გამოვჩნდი, იმ წამიდან ტელეფონი და სოციალური ქსელი აფეთქდა. უტკბილესი სიტყვები მესმის. საერთოდ შენიშვნა მძულს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დავიმსახურო, რადგან ჩემზე მინიმალური ნეგატივიც კი დამანგრევლად მოქმედებს. ამიტომ პირადი გვერდის გარდა კომენტარებს არსად ვკითხულობ, ხომ შეიძლება სადმე უარყოფით შეფასებას გადავეყარო? ამის აღქმა მე ლოგიკურად არ შემიძლია, ამიტომ მირჩევნია საერთოდ არ ვნახო და ძალიან ბედნიერი ვარ იმ ტკბილი სიტვებით, რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებს (იცინის). მეუბნებიან, ჩვენთანაც ჩამოდი ნანუკა, აქაც არის მოსაგვარებელი საქმებიო. მარკეტში ფასი ვიკითხე და კაცმა მითხრა: შენ ასი ათასი გაქვს და ფასს რას კითხულობ, მიდი, გადამიხადეო. თუ ვინმეს აუცილებლად დასჭირდება დახმარება, პირობას ვდებ, ყველაფერს წამებში მოვუგვარებ (იცინის).
– ია ფარულავასთან რა გაკავშირებს? ძალიან თბილი პოსტი მოგიძღვნა.
– იასგან უთბილესი შეტყობინება დამხვდა და ძალიან გამიხარდა. პროფესიონალის და თან, ია ფარულავას შეფასება, სხვანაირ თავდაჯერებულობას გმატებს. სუპერმარკეტების ქსელში მუშაობისას, ჩვენი ერთ-ერთი ფილიალი საბურთალოზე, იას სახლის წინ იყო. ჩვენთან ხშირად შემოდიოდა იას დედა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა. სულ მეუბნებოდა: ნანუკა, შენ რა გინდა კონსერვებში, შენ აუცილებლად დიდ სცენაზე უნდა იყო. აუცილებლად მოვუყვები იას შენზეო. ამ სენტიმენტალურმა ისტორიამ ჩემსა და იას შორის გაჩენილი თბილი იმპულსი კიდევ უფრო დაათბო.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– საინტერესო არაფერი. გათხოვილი არ ვარ და არც რამე სერიოზული სტატუსი და ურთიერთობა მაქვს. სასიყვარულო ისტორიებით დიდად არ გამოვირჩევი. რამდენიმე ყოფილა, მაგრამ ურთიერთობის დასრულებასთან ერთად, დეტალებიც მავიწყდება. მამაკაცებთან მიმართებაში კრიტერიუმები ხშირად მეცვლება. ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ ქალი ვარ და უნდა გავიპრანჭო. აი, მაგ დროს მომწონდა მაღალი, ქერა და ცისფერთვალება ბიჭები, მაგრამ ახლა სულაც არ მიმაჩნია აუცილებლად, კაცს ლურჯი თვალები ჰქონდეს. ამ გადასახედიდან მამაკაცი რომ მომეწონოს, ძალიან კარგი ხასიათის უნდა იყოს და ჩემ მიმართ სხვების მიერ გამოჩენილი ყურადღება, არ უნდა აკომპლექსებდეს. სერიალით გამოწვეულ ყურადღებას არ ვგულისხმობ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყურადღების ცენტრში, ისედაც ხშირად ვექცევი. ისე, ჩვენთან თუ გვერდით მამაკაცი არ გყავს, ესე იგი, მარტო ხარ. არადა, მე თავს მარტოსულად სულაც არ ვგრძნობ. მსოფლიოში ყველაზე მაგარი დები, მშობლები და სამეგობრო მყავს.
– ზუგდიდელებმა როგორ შეგაფასეს?
– ძალიან მაგრად. ბავშვობა ზუგდიდში გავატარე. ვის თვალწინაც ჩემი „მაუგლობის” პერიოდი გავატარე, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ყოველთვის მეუბნებიოდნენ: შენ აქ არ უნდა იყო, შენ მეტი შეგიძლიაო. მგონი, მათ ჩემზე მეტად გაუხარდათ, მეგრელი ქალი რომ განვასახიერე. ესიამოვნა მათ გულს ასეთი ქალის ნახვა. აბა, რა, ასეთები ვართ მეგრელები (იცინის).
– „მაუგლობის” პერიოდი ახსენე, როგორი იყავი მაშინ?
– ძალიან დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი. დედა მსჯიდა, მამა მანებივრებდა. ერთადერთი, მისი რიდი მქონდა და კიდევ ჩემიანი იყო. სულ ბიჭებს ვცემდი. თავისთავად, გოგოს ხელს არავინ დამარტყამდა და ამით ვსარგებლობდი, მე ვურტყამდი ბიჭებს სხვადასხვა მიზეზით: რატომ გააბრაზე ჩემი მეგობარი, რატომ მომწერე, რომ გიყვარვარ... როგორ გაბედე ჩემი გოგოდ აღქმა. ერთხელ დაკუჭული წერილი მომხვდა თავში, გავშალე და ვხედავ წერია „მიყვარხარ”. გარშემო რამდენიმე ბიჭი იდგა და აბსოლუტურად ყველას მოხვდა. გამორჩევას ხომ ვერ დავიწყებდი, რომელმა მაკადრა ეს უბედურება-მეთქი (იცინის). სახლთან არაერთხელ მოსულან მშობლები კივილით, გამოათრიეთ, ვინ ცემა ჩემი ბიჭიო და ბოლოს, მე რომ შევრჩენილვარ ხელში, ისინიც გაოგნებულები რჩებოდნენ. მავნე ბავშვი ვიყავი, საკლასო წერა თუ გვქონდა, მთელ ღამეს სკოლაში გავატარებდი და დილით, მასწავლებელს დავახვედრებდი შეღებილ იატაკს, მერხებს. მერე გაოცებული ვიყურებოდი, ეს ვინ ჩაიდინა, რა მოხდა-მეთქი. ყოველდღე ერთი და იგივე გაკვეთილი მქონდა სასწავლი, მაგრამ მყავდა კლასელი ანიტა, რომლის სახელის გაგონებაზე, ახლაც მცრის. დედაჩემი მასთან ამოწმებდა ხოლმე, მართალს ვეუბნებოდი თუ არა. მაგრამ, მერე იმ ანიტასაც მივაყენე ერთი-ორი ჭრილობა და ეს ამბავიც მოვაგვარე (იცინის). ჩემი მასწავლებელი ამბობდა, რომ მოვკვდები, საფლავის ქვას დააწერეთ, ნანული გულუამ გამისტუმრა ამქვეყნიდან და ჩემს პანაშვიდზე არ მოვიდესო (იცინის). ბავშვობაში მეზობელი ბავშვების ბელადი ვიყავი და ვაჯერებდი, რომ არსებობდნენ ზებუნებრივი ძალები, რომელთანაც კონტაქტი მქონდა და მათი ბრძანებით, ამ ბავშვებს ჩემი სურვილები უნდა შეესრულებინათ. მავნებლური სურვილებიც მქონდა – ხან მიწას ვაჭმევდი, ხან – ქვებს და ხან – რას. ეს ბავშვები დავაავადე და მიხვდნენ, რომ საბოლოოდ, ადამიანებისგან იზოლირებული უნდა ვყოფილიყავი.
– ხიფათიანი არ იყავი?
– როგორ არა, ძალიან ბევრი „შრამი” მაქვს სხეულზე. ჩემს მეზობლად ექიმი ცხოვრობდა და დედაჩემი ყოველდღე მადლობას უხდიდა ღმერთს, რომ მეზობელი ქირურგი გვყავდა. ყოველ მეორე დღეს მისი პაციენტი ვიყავი. ხან ხელი მქონდა გადაჭრილი, ხან – ფეხი. სახლში დენის ყველა კაბელი გადაჭრილი მქონდა, მაცივარს ვშლიდი და ნაწილებს ვაცლიდი. ასე რომ, დედაჩემი ყოველდღე ეძახდა ამ ექიმს: მიშველეთ, თავი აქვს გახეთქილი... მიშველეთ, ხელი აქვს გადაჭრილიო და ასე შემდეგ. ახლაც ხიფათიანი ვარ. მეგობრები ძვირფასი ჭურჭლით რომ შლიან სუფრას, მე ჩვეულებრივ თეფშს მიდებენ. იციან, რომ აუცილებლად დავამტვრევ. საჭესთანაც ძალიან ცუდად მაქვს საქმე და ეს ჩემს მანქანას კარგად ეტყობა. ორი ნაბიჯიც რომ მქონდეს გასავლელი. სამჯერ დავარტყამ ან დამარტყამენ (იცინის).