როგორ გახდა აფხაზეთის ომის დროს სიკვდილს გადარჩენილი ეკა ქარდავა ვერა ვანგის მოდის სახლის დიზაინერი და როგორ ქმნიდა ის ბეტსი ჯონსონისთვის ესკიზებს #4
ეკა ქარდავა 11 წელია, ამერიკაში ცხოვრობს, ცნობილ დიზიანერთან, ვერა ვანგთან მუშაობს და მისი საღამოს კაბების ხაზისთვის ესკიზებს ქმნის. გარდა ამისა, მან თავის მეგობართან ერთად, კომპანია DUO BRANDS დააფუძნა, რომლის დახმარებითაც, ქართველი დიზაინერების შექმნილ სამოსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუწევს პოპულარიზაციას და მათ ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება. ეკა, ასევე, საკუთარი სამოსის ხაზის გაკეთებასაც გეგმავს. იმისთვის, რომ ეკას ამერიკული ოცნება აესრულებინა და ამ ყველაფრისთვის მიეღწია, საკმაოდ ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. დღეს ნიჭიერი ქართველი თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ეკა ქარდავა: 5 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ეს იყო აფხაზეთის ომის დაწყებამდე. 27 სექტემბერს წამოვედით აფხაზეთიდან მე, დედა და ჩემი და-ძმა ბოლო გემით, რომელზეც ძალიან ბევრი ხალხი იყო. გადაჰყავდათ დაჭილები, მეომრები და მასზე მოხვედრა ძალიან რთული გახლდათ. დედაჩემს ორი ჩანთა ჰქონდა, რაშიც საჭირო ნივთები ეწყო. მანამდეც რამდენჯერაც წამოვედით აფხაზეთიდან, იმდენჯერვე უკან დავბრუნდით. ამიტომ, არ გვეგონა, თუ ეს ჩვენი ბოლო წამოსვლა იქნებოდა. მახსოვს, იმდენი ხალხი იყო, რომ მათ ქვეშ მოვყევი. რომ გადავერჩინე, დედამ ის ბოლო ორი ჩანთა გადააგდო და ძლივს გამომათრია. არასდროს დამავიწყდება, როგორ გვესროლეს სხვა გემიდან ბომბი, რომელიც 5 მეტრში ჩამოვარდა და აფეთქდა. დავინახე, როგორ მოფრინავდა წითელი რაღაც, რომელიც წყალში ჩავარდა. ატყდა საშინელი პანიკა, საბედნიეროდ, გადავრჩით – ეს წამები არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, თვალთახედვიდან. ჯერ ფოთში ვცხოვრობდით, რამდენიმე ბინა გამოვიცვალეთ. ბოლოს ერთ მიტოვებული სახლში დავსახლდით, მაგრამ პატრონები გამოჩნდნენ. ისინი გვეუბნებოდნენ: ან უნდა წახვიდეთ აქედან, ან მიწაზე იმუშაოთ და მოსავალი ჩვენ მოგვცეთო. რა თქმა უნდა, ისედაც ვმუშაობდით, მაგრამ დედამ თქვა: შვილებს სხვის მონებად ვერ გავზრდი და ცოტა ხანში წავალთ აქედანო. სახლის მეპატრონე ვიღაცეებს აგზავნიდა. ქვებს გვესროდნენ, მინები რომ ჩაემტვრიათ და მაქსიმალურად შეექმნათ ჩვენთვის დისკომფორტი. იძულებული გავხდით, სხვა სახლში გადავსულიყავით. ბოლოს ბიძამ გადმოგვიყვანა თბილისში საცხოვრებლად. სკოლის შენობაში ვცხოვრობდი და იქ გავატარე ჩემი თინეიჯერული წლები... 10 წლიდან სულ ვმუშაობდი. დედას ვეხმარებოდი ან თავად ვცდილობდი რაღაც მეკეთებინა. მოზარდთა სახლში დავდიოდი, სადაც უცხოელები, ძირითადად, ამერიკლები მოდიოდნენ და ეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ისეთი თბილი, ყურადღებიანი ხალხი იყო, რომ მათთან ურთიერთობის შემდეგ, გამიჩნდა ამერიკის სიყვარული. ვამბობდი: მე უნდა წავიდე ამერიკაში-მეთქი. მერე ბიძამ, რომელიც მხატვარია, მირჩია მოდელირების განხრით წავსულიყავი და ეს სპეციალობა მესწავლა. ავირჩიე ეს პროფესია, დავამთავრე კოლეჯი და როცა აკადემიაში უნდა ჩამებარებინა, სწორედ იმ წელს წამოვედი ამერიკაში.
– როგორ გაგრძელდა შენი ამერიკული კარიერა?
– ამერიკაში 11 წლის წინ წამოვედი მეგობრის მოწვევით. რა თქმა უნდა, დავიწყე სამსახურის ძებნა და ერთ დღეს გაზეთში ვნახე განცხადება: ოფისმენეჯერი სჭირდებოდათ. მივედი და დავიწყე მუშაობა. თუმცა, სულ მინდოდა, მოდის სფეროში მოვხვედრილიყავი. ჩემი მეგობარი მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც კერავდა ძვირად ღირებული კაბების იაფფასიან ვერსიას. იქ გადავედი და ერთი წელი ვიმუშავე. გავიგე, როგორ მუშაობს მოდის ბიზნესი – სად რა იკერება, როგორ ყიდულობენ, როგორ იყიდება და ასე შემდეგ. მერე ძველი სამსახურიდან დამირეკეს: ოღონდ ჩვეთან დაბრუნდი და ორმაგს გადაგიხდითო. მეც ვიფიქრე, ცოტა ხნით დავბრუნდები და ფულს სწავლისთვის გამოვიყენებ-მეთქი. დავბრუნდი, თუმცა 5 თვეზე მეტ ხანს ვერ გავძელი. დავიწყე ანაზღაურების გარეშე ერთ-ერთ დიზაინერთან მუშაობა, რომელსაც თავისი მოდის სახლი ჰქონდა, ჰყავდა კერძო კლიენტები. მე ვუკეთებდი ესკიზებს, ქსოვილებს ვარჩევდი, ასევე, მევალებოდა კლიენტებთან ურთიერთობა. თითქმის ყველა დეტალს ვაკეთებდი. იმ დროს ჩემი მეორე მეგობარი ქსოვილების კომპანიაში მუშაობდა. მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დიზაინერს, მოდის სახლებს შესთავაზებდა ქსოვილებს. ამ პოზიციაზე გადავედი სამუშაოდ, ძალიან ბევრ დიზაინერთან მიწევდა ურთიერთობა. ერთ-ერთი იყო ბეტსი ჯონსონი. სულ ვოცნებობდი მასთან მუშაობაზე, მაგრამ იმ ეტაპზე არანაირი ვაკანსია არ ჰქონდათ. მეორე, ვისთანაც ვთანამშრომლობდი, ასე ვთქვათ, ჩემი კლიენტი იყო, სუზი ჩ ინი, რომელსაც თავისი კომპანია ჰქონდა და კერავდა კაბებს. მასთანაც ქსოვილების დეპარტამენტში გამოჩნდა ასისტენტის პოზიცია. რომ ვუთხარი, თქვენთან მუშაობა მინდა-მეთქი. ისეთი დაბალი პოზიციაა, არ ვიცი როგორ შემოგთავაზოო. არ მაინტერესებს, მოვდივარ-მეთქი და გადავედი სამუშაოდ. ოფისი მქონდა, სადაც ჩემი ნახატები დავკიდე და სუზიმ რომ ნახა, მითხრა: შენ უნდა გამიკეთო ესკიზებიო. დავიწყე ესკიზების კეთება და დაახლოებით, 2 თვის თავზე, სუზიმ დატოვა თავისი კომპანია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კომპანია დაიშლებოდა, რადგან ის იყო ყველაფერი. მანამდე მან მითხრა: შენზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, სამსახურის გარეშე არ დაგტოვებო. ერთი კვირის შემდეგ დამირეკა: მე ვერა ვანგისა და ბეტსი ჯონსონის კაბების დეპარტამენტის მთავარ დიზაინერად გადავედი და მინდა, ჩემს პირად ასისტენტად წაგიყვანოო. ამის მერე მოვხვდი უკვე ვერა ვანგთან და 5 წელია, მასთან ვმუშაობ.
– როგორია შენი სამუშაო გრაფიკი, რა გევალება?
– სუზი დიზაინდირექტორია, ასევე, არის მეორე დიზაინერი, რომელიც ბეტსის ხაზზე მუშაობს და მე – რომელიც ვერა ვანგის საღამოს კაბების ხაზზე ვმუშაობ. მევალება, გავაკეთო ესკიზი და კაბა მოვიყვანო სრულყოფილებამდე. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, აქ დახარჯული არცერთი წუთი არ მენანება. ხშირად მინახავს მოდის ცნობილ გამოცემაში, ჟურნალში დაბეჭდილი ჩემი შექმნილი კაბა. დახატავ რაღაცას და მერე ნახავ ჟურნალში – რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა. სიამაყის გრძნობა მეუფლება და ყოველთვის მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია. არასდროს მავიწყდება, საიდან მოვდივარ, ვინ ვარ, რა გზა მაქვს გამოვლილი. თუმცა, აქ მთავარია, მიზანი დაისახო, მისკენ ისწრაფოდე, თორემ საიდან ხარ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება მუშაობის პროცესს, ჩვენ ვაკეთებთ ვერას საღამოს კაბების ხაზს. კვირაში ერთხელ ყოველთვის გვაქვს მასთან შეხვედრა. ვერა თავად განიხილავს თითოეულ ესკიზს, კაბას, მისი იდენტურობა რომ არ დაირღვეს. კოლექციების გარდა, ჩვენ ვმუშაობთ დიდ მაღაზიებზე, რომლებსაც ხშირად აქვთ მცირე პროექტები. ერთ კვირაში უნდა გამზადდეს 50 ესკიზი, იქიდან აარჩევენ ათს. შეიქმნას კოსტიუმი, რომელიც შემდეგ გაიყიდება ჰონკონგის ფილიალებში. ამის გაკეთება მე მევალება, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. აქ საუბარია მილიონობით დოლარის ღირებულების შეკვეთაზე და არა ორ კაბაზე. სუზიმ იცის, რომ ამ ყველაფერს თავს კარგად გავართმევ. მენდობა, მოსწონს ჩემი გემოვნება და მეც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ვერა, ძირითადად, თავის ოფისშია, იშვიათად გამოდის ვინმესთან კონტაქტზე. მხოლოდ მაშინ გვაქვს ურთიერთობა, როცა მივალთ ჩვენი ხაზის განსახილველად. ის იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელია. მას ჰყავს დიზაინერი, რომელიც საქორწილო კაბებზე, კოლექციებზე მუშაობს და ბევრი რამ აქვს ჩაბარებული.
– რა თქმა უნდა, მუშაობის დროს აუცილებელია ვერა ვანგის სტილის დაცვა. მაგრამ, შენი ხელწერა მაინც თუ ემჩნევა ნამუშევრებს?
– ყველაფერი ჩემი ესკიზებით იწყება და შესაბამისად, ვერასთანაც ჩემი ესკიზები მიდის. ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა მისი ბრენდის ხაზი. თუმცა, ყოფილა ესკიზები, რომელზეც ვერას უთქვამს, ეს არ მინდაო და არ გაგვიკეთებია. ალბათ, არის ჩემს ნამუშევრებში ისეთი რამ, რაც მოსწონს, რადგან არიან დიზაინერები ესკიზებს კი აკეთებენ, მაგრამ არ მახსოვს, ჩემი ესკიზის გარეშე რამე გაკეთებულიყო. სხვისი ესკიზიც რომ ყოფილა, ჩემთვის უთქვამთ, შენ გადააკეთეო. მახსოვს, ბავშვი რომ გავაჩინე, ჩემ მაგივრად, რაღაც პერიოდი, სხვა აკეთებდა ესკიზებს. სამსახურში რომ დავბრუნდი, დაფაზე მისი ესკიზები იყო გამოკრული და ცოტა გული დამწყდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. უცებ სუზიმ მითხრა, ესენი გადამიკეთეო. როგორ, ეს ხომ მისი ნამუშევარია და ეწყინება-მეთქი. შენ რა გგონია, ვინმეს ესკიზს გამოვიყენებ, მე შენი მჭირდებაო, მეჩხუბა.
– ალბათ, სულ ესწრები ვერა ვანგის ჩვენებებს.
– ვერას, ძირითადად, ჩვენება აქვს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვესწრები. თუმცა, იქ ვერას თავის ხაზი გააქვს, რომელზეც მისი დიზაინერი მუშაობს და სპეციალურად მოდის კვირეულებისთვის იქმნება. ადრე, როცა ბეტსი ჯონსონთან ვმუშაობდი, რომელსაც უფრო ახალგაზრდული ხაზი აქვს, ახალგაზრდული ხედვა სჭირდებოდა და ცდილობდნენ, მე გამეკეთებინა ესკიზები. 5 წლის წინ „ფეშენ-ვიქზე” ჩემი ესკიზებიც გაიტანა, თუმცა ბეტსიმ ბევრი შეცვალა. სუზის კი იმდენად მოსწონდა ჩემი გემოვნება, რომ მთხოვა, ბეტსის კოლექციაზე ნაკლებად მემუშავა და უფრო მეტად ვერა ვანგის კოლექცია მეკეთებინა. მეც ვერას ხაზზე ვაგრძელებ მუშაობას. ბევრმა დაწერა, რომ მე ვერა ვანგის მარჯვენა ხელი ვარ. არ ვარ მარჯვენა ხელი, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი შემაქვს მის ბრენდში, ბევრ რამეს ვაკეთებ.
– როგორც ვიცი, ახალი პროექტი გააკეთე, რომლითაც ქართველ დიზაინერებს ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარები.
– მე და ჩემმა მეგობარმა, ნანა გადილიამ გავაკეთეთ კომპანია DUO BRANDS. ჩვენი მიზანია, ქართველი, დამწყები, ნიჭიერი დიზიანერების აღმოჩენა და მათი პროდუქციის ჩვენი ონლაინ-მაღაზიის დახმარებით გაყიდვა. უკვე ბევრს შევეხმიანეთ, რომელთაც ამერიკის მთელ კონტინენტზე გავუკეთებთ პიარს. მათი ნაწარმი გაიყიდება ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ჩვენს პატარა მაღაზიებში. იმხელა გზა გამოვიარეთ, რომ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ, როგორ დავეხმაროთ ქართველ დიზაინერებს. გარდა ამისა, საკუთარი ხაზის გამოშვებასაც ვაპირებ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ვერა ვანგზე ან სხვა დიზაინერზე უნდა ვიმუშაო. ეს არის ჩემი კარიერის დასაწყისი და იმდენი რამ გამოვიარე ამ ცხოვრებაში, რომ არ გამიკვირდება, თუ კიდევ რაიმე სასწაული მოხდება.
– ოჯახი ახსენე. ქართველი მეუღლე გყავს?
– კი, ქართველი მეუღლე მყავს და ორი შვილი – გოგო და ბიჭი. ლიზი, რომელიც 5 წლისაა, როცა სკოლა არ აქვს, ჩემთან, სამსახურში მიმყავს. სამი კაბა გააკეთა და თანამშრომლები დაშოკილები იყვნენ – საკერავი მანქანა უყიდე და შეაკერინეო. დათუნა პატარაა – 3 წლის. რაც შეხება ჩემს მეუღლეს, ლაშა ხიზანიშვილს, ნიჩბოსანია, სხვადასხვა შეჯიბრებაზე გამოდის ამერიკის სახელით. არაერთი პრიზი და ჯილდო აქვს. გასულ ზაფხულს ამერიკის პირველობა მოიგო მისმა გუნდმა. ახლა ოლიმპიადისთვის ემზადება და გარდა ამისა, მწვრთნელადაც ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში მუშაობს.