როგორ დაესწრნენ სსრკ-ბრაზილიის ლეგენდარულ საფეხბურთო მატჩს ცნობილი მსახიობები
ცნობილი საბჭოთა მსახიობი, მიხეილ კაზაკოვი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მე და გურამ ფირცხალავა ფეხბურთის თავგამოდებული გულშემატკივრები ვიყავით და მართალია, ის თბილისის „დინამოს” ქომაგობდა, მე კი – მოსკოვისას, მაგრამ როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები თამაშობდა, ჩვენ ერთად ვგულშემატკივრობდით ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს.
1965 წლის 4 ივლისს, ბრაზილიის ლეგენდარული გუნდი მოსკოვში ჩამოვიდა და „ლუჟნიკების” 100-ათასიან არენაზე საბჭოთა ნაკრებს შეხვდა, რომელშიც ხუთი ქართველი თამაშობდა. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, მე და გურამი იმ 100-ათას კაცში ვერ მოვხვდით და ბილეთები ვერც შავ ბაზარზე ვიყიდეთ. არადა, თითოში 300-300 მანეთს ვიხდიდით. მაშინ გურამმა უკიდურეს ზომებზე წასვლა შემომთავაზა და ასეთი ხრიკი მოვიფიქრეთ. თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე, მე და გურამმა თეატრალური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოვიძახეთ და ექიმები რომ მოვიდნენ, მათ გაშლილი სუფრა დავახვედრეთ. სასწრაფოს ბრიგადას იმდენი არაყი დავალევინეთ, რომ იქვე ჩაეძინათ. შემდეგ მძღოლსაც ვუხმეთ და დავათვრეთ. მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე კი, მე და გურამმა მიძინებული ექიმების თეთრი ხალათები გადავიცვით. გურამი საჭეს მიუჯდა და ვითომდა სტადიონზე სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, „ლუჟნიკებისკენ” გავემართეთ... მანქანა ჩრდილოეთ შესასვლელთან დავაყენეთ და სასწრაფოს სახურავზე ამხედრებულები ვადევნებდით თვალყურს იმ ლეგენდარულ საფეხბურთო მატჩს, რომელშიც პელე და გარინჩა მონაწილეობდნენ.
მოამზადა