რა შემთხვევაში მიაჩნია კაცის ღალატი ლევან ჯიბღაშვილს დასაშვებად და რის გამო დაშორდა ის შეყვარებულს $4
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისა და მომღერალ სალომე წვერაიძის დაშორების შესახებ. მათ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ლევანს ვესაუბრეთ, თუმცა არა მხოლოდ სალომესთან ურთიერთობაზე, ზოგადად, ქალებზე და მათდამი დამოკიდებულებასა და საკუთარ შეხედულებებზე.
– ჩემი და სალომეს დაშორების ამბავი მართალია. სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, ალბათ, ამოიწურა საჭირო რესურსი და ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე, ყველაფერი დამთავრდა. ერთმანეთს ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ძალიან ცივილიზებულად დავშორდით.
– ერთი პერიოდი აქტიურად განიხილავდენ შენს შეხედულებებს მეუღლესთან მიმართებაში და მაშინ აზიატ „გრუზინად“ მოგნათლეს. ეს ხომ არ გახდა დაშორების მიზეზი?
– არა, დაშორებასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. თუმცა, მე არასდროს შევიცვლი ჩემს დამოკიდებულებას ოჯახის შექმნასა და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. საერთოდ, ვერ ვხვდები, რატომ არის საუბარი გენდერულ თანასწორობაზე?! სხვას ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოჯახში ნომერი პირველი კაცია. ეს სამყაროს დაუწერელი კანონია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემ გვერდით ქალი დაჩაგრული იქნება. როგორ უნდა წარმოედგინოს ვინმეს, რომ მე მეუღლეს ცუდად მოვექცევი. როცა მთელი ცხოვრება იმისთვის ვშრომობ, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს. მე არც მის მუშაობაზე მაქვს პრობლემა და არც სწავლაზე. პირიქით, ჩემი შვილების დედა ძალიან განათლებული და ძლიერი ადამიანი უნდა იყოს.
– მექალთანის იმიჯი ხომ არ გახდა სალომესთან დაშორების მიზეზი?
– ეგ იმიჯი სალომესთან ურთიერთობის დროსაც მქონდა (იცინის). არადა, მითხარით, რატომ ვარ მექალთანე? რამე ფაქტი არსებობს ამის დასამტკიცებლად? (იცინის) მექალთანე ცოტა ისეთი თემაა, თუმცა, როცა თავისუფალი ვარ, ურთიერთობებიც მიყვარს და ქალსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, ძირითადად, სულ რაღაცეებს მაწერენ (იცინის).
– თორემ, მექალთანე არ ხარ?
– არა (იცინის). მაგრამ, ხომ ხედავ სასურველი სასიძოს სტატუსს არ ვკარგავ (იცინის).
– რადგან ისევ სასურველი სასიძო ხარ, მითხარი, შენ როგორი ქალი წარმოგიდგენია შენ გვერდით?
– კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ოჯახის შექმნა არ უნდა იჩქარო. შეყვარებულთან დაშორება სხვა თემაა, მაგრამ ოჯახის დანგრევა ჩემთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა. რაც შეეხება ქალს, რომელიც ჩემ გვერდით უნდა იყოს, მასზე დღესაც იგივენაირად ვფიქრობ – უნდა იყოს ძალიან ლამაზი და ჩემი შვილებისთვის ნომერ პირველი დედა.
– დღეს თითქოს ახალი ტენდენცია მკვიდრდება: შვილის გაჩენა ქორწინების გარეშე, ამაზე რას ფიქრობ?
– ამას ვერანაირად ვერ მივესალმები. მე თვითონ უმამოდ ვარ გაზრდილი. მასთან ურთიერთობა არ მქონია და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია. ამიტომაც, ოჯახის შექმნის საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდები. მიმაჩნია, რომ ბავშვი სრულყოფილ, ტკბილ და თბილ ოჯახში უნდა გაჩნდეს. ოჯახურ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი განვითარებისთვის. მატერიალური თვალსაზრისით, ჩემს შვილს იმ ტკივილსა და ნერვიულობას არ გადავატანინებ, რისი გამოვლაც მე მომიხდა, მაგრამ მზამზარეულსაც არაფრს მივცემ. ყველაფერს პირველი საფეხურიდან დავაწყებინებ. მთავარია შვილს შენი შექმნილის დაფასება ასწავლო.
– შენ რა სირთულეების გამოვლა მოგიხდა?
– მე თბილისში რომ ჩამოვედი, პაპის 45-ლარიანი პენსიით ვცხოვრობდი. ეს იყო ფული, რომელიც ყველაფერში უნდა მყოფნოდა და პლუს ჩემი 20-ლარიანი სტიპენდია. ბევრი გულისტკენა მახსოვს. ეგ კი არა, თეატრალურში რომ ვსწავლობდი, ჯგუფელებთან ერთად ქუჩის მეორე მხარეს ვერ გადავდიოდი და აქეთ ვრჩებოდი. იმიტომ რომ, იმ მხარეს სახაჭაპურეები იყო, რისი ფულიც მე არ მქონდა.
– ყოველთვის ხაზს უსვამ, რომ დედა არის შენს ცხოვრებაში ნომერ პირველი ქალი.
– ასეა და ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემი ცოლი ნომერ პირველი დედა უნდა იყოს. არ მესმის, როცა ამბობენ, რომ შვილებისთვის ვერ იცლიან. დედაჩემი 90-იანებში „კერასინკასთან“ ქსოვდა, კერავდა და მერე ყიდდა, რომ ჩემთვის საჭმელი ეჭმია. მაგრამ შვილისთვის დროს ყოველთვის პოულობდა. ამიტომაც, არ მესმის, როცა ბავშვს ძიძა უფრო უყვარს, ვიდრე დედა. მე ამას ვერ შევეგუები. კი, დედა ჩემი კულტია, ჩემზე გადამკვდარია, მაგრამ ამ დროს, საერთოდ არ ერევა ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ იმას მეუბნება: ისეთი ცოლი მოიყვანე, ღამე რომ გაგეღვიძება და გვერდზე გაიხედავ, ცუდი სიზმარი არ გეგონოს, დანარჩენი შენ თვითონ იციო (იცინის).
– ნათქვამი გაქვს, მეუღლე სახლში ჩემზე გვიან არ უნდა მოდიოდესო. ოჯახში ფუნქციების გადანაწილებაზე რას ფიქრობ?
– ამაზე ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ ვინმემ მკითხა, მე რომელ საათზე მივდივარ სახლში? მაგალითად, დღეს ღამის სამ საათზე მივალ, ჩემი საქმეებიდან გამომდინარე. ისეთ სამსახურში არ ვმუშაობ, რომლის თანამშრომელიც ექვსი საათის შემდეგ სახლშია. მე ვარ ბიზნესმენი დაუგეგმავი გრაფიკით. მთელი ზაფხული ბათუმში ვიყავი, რადგან იქ გავხსენი ობიექტი. ახლა გუდაურში ვარ გადასახლებული, რადგან იქაც ვხსნი და მეუღლესაც თუ ასეთი გრაფიკი ექნება, მაშინ რაღა აზრი აქვს ჩვენს ერთად ყოფნას?! ახლა სახლში მარტო დასაძინებლად მივდივარ. საჭმელი, დალაგება და მსგავსი საკითხები ისედაც მოგვარებული მაქვს. ოთხი შეფ-მზარეული მემსახურება, ასე რომ, კვების პრობლემა არ მაქვს. მაგრამ, ოჯახს რომ შევქმნი, მერე სხვანაირად წარმომიდგენია. ვგიჟდები სახლში ვახშმობაზე. სულ სხვა გემო აქვს ცოლის მომზადებულ აჯაფსანდალს და საღამოს მეუღლესთან, მერე კი, უკვე შვილებთან ერთად ვახშამს. ქორწინების შემდეგაც თუ არ მიმეჩქარება სახლში, რადგან ცოლი ჯერ არ მისულა; თუ ისევ გარეთ უნდა ვიკვებო და ასე შემდეგ, მაშინ რა აზრი აქვს ქორწინებას?!. 24 საათი სახლში უნდა იყოს-მეთქი, ამას არ ვგულისხმობ, მაგრამ საღამოს თავის დროზე უნდა მოვიდეს. არ ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე სახლში უნდა იჯდეს, მაგრამ შეიძლება, ისეთი სამსახური ან ბიზნესი შევუქმნა, რომელთან ერთადაც, შვილებისთვის და ჩემთვის დიდი დრო დარჩება. თუ საშუალება გაქვს, შეიძლება, ძიძაც გყავდეს და დამლაგებელიც, რატომაც არა?! მე, დავუშვათ, 200 პერანგი მაქვს, იმის ნაცვლად, რომ მეუღლემ მთელი დღე მათ უთოობაში გაატაროს, მირჩევნია, ამ დროს ჩემთან ერთად იყოს, ამ საქმისთვის კი დამხმარე ავიყვანოთ. მაგრამ, გაუუთოებული პერანგი რომ კარადიდან მომაწოდოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ცოტა ხნის წინ, მეგობართან ავედით სახლში. მან მეუღლეს ჩვენთვის ჩაის მოდუღება სთხოვა. ადექი და თვითონ მოიდუღეო: ასეთი პასუხი მიიღო. აი, ამას ნამდვილად ვერ ავიტან (იცინის).
– შენ როგორი ქმარი იქნები? მატერიალურად რომ უზრუნველყოფ, ეს გასაგებია. ქალისა და კაცის ღალატზე რას ფიქრობ?
– ღალატი ქალსაც ისე სტკივა, როგორც კაცს, მაგრამ კაცის ღალატი კიდევ სხვაა. თუმცა თავიდანვე მინდა ვთქვა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემს მომავალ ცოლს აუცილებლად უნდა ვუღალატო. ჩემთვის მეუღლე წმინდაა. ის ჩემი შვილების დედა და მომავალი თაობის აღმზრდელი უნდა იყოს. მაგრამ, კაცი მაინც სხვა თემაა, მას შეიძლება, რაღაცაზე წაუცდეს ხელი. ამ დროს ქალმა თავი დედის ამპლუაში უნდა წარმოიდგინო. დავუშვათ, გყავს გოგო და ბიჭი. ბიჭმა რომ ბევრ გოგოსთან გაინავარდოს, ეს შენთვის რამე პრობლემა იქნება? – არც არანაირი. მაგრამ გოგო? – ქალი სულ სხვა თემაა. ვიცი, გოგოები, რომლებიც ქმრის ღალატზე ამბობენ, მთავარია, მე არ გავიგოო. ზოგი ფიქრობს: როგორც არ უნდა დაიჭირო, კაცია და სადღაც მაინც გაძვრება, ამიტომ ამაზე არ ვნერვიულობო. თუ საყვარელი გაიჩინა, ცოლის პარალელურად მასთანაა და ამას მეუღლეც გრძნობს, ეს უკვე ღალატია, რაც სულ სხვა რამეა. მაგრამ, არასერიოზული ურთიერთობისთვის ოჯახის დანგრევა, არასწორი მგონია, რადგან ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა.
– ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა?
– ქრისტიანი, მართმადიდებელი ადამიანი ვარ და 12 წელი სტიქაროსანი ვიყავი. ჩემთვის უფლის სიყვარული და რწმენა უზენაესია. მაგრამ, ვხედავ, რომ დღევანდელ თაობაში რწმენის, ოჯახისა და სექსუალური ურთიერთობის შერწყმა უჭირთ. თუ მორწმუნე ქალიშვილი გოგო ფიქრობს, რომ ქორწინებამდე არ უნდა ჰქონდეს სექსუალური კავშირი, იმისთვის მზად უნდა იყოს, რომ ჯვრისწერის შემდეგ, თავის მეორე ნახევათან სექსუალურ კავშირში თუ რამე არ მოეწონება, ამის გამო ოჯახი არ უნდა დაანგრიოს. ბოლომდე ძლიერი უნდა დარჩეს. ჯვარდაწერილი, ორი ბავშვით არ უნდა წამოვიდეს, რადგან ქმართან სექსუალურად ვერ აეწყო. ხუთჯერ დიდი ცოდვაა ოჯახი დაანგრიოს, ვიდრე ქორწინებამდე ჰქონდეს სექსი და ის მოინანიოს. ერთხელ მითხრეს: აბა, რა უნდა ქნას, ყველა შემხვედრთან უნდა დაწვესო? რა თქმა უნდა, არა. გოგოს ოჯახისგან, დედისგან ამ საკითხზე იმდენი განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული, რომ თავად განსაზღვროს, ვინ შეიძლება, იყოს მისი მომავალი ქმარი, ვისთან შეიძლება, ჰქონდეს სექსუალური კავშირი ქორწინებამდე და ვისთან – არა. მართლა ყველასთან: „კიდევ სცადე, გადაფხიკე და მოიგე“ ხომ არ არის?!
– ბოლოს, შენს მილიონებზეც გკითხავ. ლევან ჯიბღაშვილი მილიონერი გახდაო. როგორ მიაღწიე ამას?
– ეს არის უფლის წყალობის, გამართლებისა და დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. რამდენჯერაც წავიქეცი, იმდენჯერ წამოვდექი. მთავარია, იცოდე: რა გინდა, რას აკეთებ ამის მისაღწევად და როგორ. ანუ, რამდენად პატიოსნად მიდიხარ შენი მიზნისკენ.