რა კომპოზიცია შექმნა „აიფონისთვის“ ზაზა მარჯანიშვილმა და რატომ ჩასვეს ის ახალი წლის ღამეს წყლიან ოთახში #4
მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის ცხოვრება ბევრ რთულ პერიოდს მოიცავს, თუმცა ამ სირთულეებს ყოველთვის თან ახლდა წარმატებაც. 18 წელი სამშობლოდან ძალიან შორს, ამერიკაში გაატარა. როგორც თავად ამბობს, სამშობლოს ნოსტალგია, როგორც ემიგრანტს, იმ დღიდან ჰქონდა, როცა ვიზა ჩაურტყეს. მოკლედ, ბატონი ზაზა თავად მოგიყვებათ მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ.
– როგორ შეაჯამებდით გასულ 2016 წელს და როგორ შეხვდით ახალ წელს?
– ძალიან უცნაური წელი იყო. თუმცა, ყველა წელს აქვს თავისი ზედა და ქვედა საფეხურები. 2016 წელს, პირველად საქართველოში, დავდგი ოპერა „სამოსელი პირველი“, მაგრამ, სამწუხაროდ, საორგანიზაციო პრობლემების გამო, დასს არ მიეცა საშუალება, თავისი შესაძლებლობების 100 პროცენტი ეჩვენებინა. იმედი მაქვს, ახალი პრემიერა უფრო წარმატებით ჩაივლის. რაც შეეხება ახალ წელს, ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია, ყოველ წელს „ზაზანოვაში“ ვხვდებით ლოცვით. ვანთებთ სანთლებს და ვლოცულობთ ერთობისა და მშვიდობისთვის. ეს ორი სიტყვა ჩემთვის განუყოფელია.
– რადგან ახალი წლით დავიწყეთ საუბარი, ჯარში, საინტერესო ისტორია გადაგხდათ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით და იქნებ გაიხსენოთ.
– ორი წელი ვიმსახურე ჯარში. ეს იყო საბჭოთა კავშირის ჯარი და გამწესებული ვიყავი მოსკოვის მახლობლად. ეს გახლდათ დაკარგული ორი წელი. სხვათა შორის, არ ვიყავი მორჩილი ჯარისკაცი, სულ გავრბოდი და სახლში ვრეკავდი. ამის გამო მსჯიდნენ, ჯარის ციხეშიც არაერთხელ ვმჯდარვარ. რა ვქნა, დედა უფრო მიყვარდა, ვიდრე „კამანდირ ბატალიონა“ (იცინის). რაც შეეხება ახალ წელს, მაშინ 1987 წელი იყო. ოფიცრებმა დეკემბრის დასაწყისში გამაფრთხილეს, რომ 31 დეკემბრის საღამოს დამეკრა. მოკლედ, შევკრიბე ჯგუფი, ავარჩიე კიდევ 4 მუსიკოსი და გავაკეთეთ ისეთი ნომრები, რასაც მე ვიყავი შეჩვეული – ჯაზი და როკი. მოვიდა 31 დეკემბერიც, ოფიცრებმა მოიყვანეს თავიანთი მეუღლეები. მოიტანეს შამპანური და ეგონათ, დავუკრავდით რუსულ პოპს. ამას კიდევ, რომელი ვიკადრებდით?! (იცინის) დავუკარით ჩვენი რეპერტუარი, სულ ჩემი კომპოზიციები და ეს ხალხი დავტოვეთ გაწბილებული. ვის რად უნდოდა ჯარში, სადღაც ტყეში როკი ან ჯაზი. არ მოეწონათ, ეს რა არისო და გამოუძახეს „ყარაულს“. დაგვიჭირეს ყველა და 5 კაცი შეგვაგდეს ოთახში, რომელიც მეტრი-მეტრზე იყო. გარდა ამისა, ამ ოთახში მუხლებამდე წყალი იდგა. ასე გავატარეთ ახალი წელი (იცინის).
– ამერიკაში ცხოვრებისას ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწიათ?
– ამერიკაში თავიდან დავიწყე ცხოვრება, რაც ძალიან რთული იყო. ყველაზე დიდი სირთულე კი ის იყო, რომ არ ვიცოდი ინგლისური – მხოლოდ „ბითლზის“ ტექსტები მქონდა ნასწავლი. გამიმართლა, რომ მყავდა ქართველი მეგობარი, ნიკა ბერძენიშვილი, რომელიც მითარგმნიდა რაღაცეებს. როცა ჩემს კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, სწორედ ის დამიდგა გვერდში. ყველას ეუბნებოდა, რომ მუსიკოსი ვიყავი. იმ დროისთვის, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ერთ-ერთი პირველი ემიგრანტი გახლდით. ამერიკაში ყველას აინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა დაეკრა რუსს. მაშინ საქართველოს რუსეთთან აიგივებდნენ. ეს ცალკე პრობლემა გახლდათ დიდი კონფლიქტებისა და თხოვნების შემდეგ გავაგებინე იქ მყოფ საზოგადოებას, რომ ქართველი ვიყავი და არა რუსი. ამერიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება რთულია, რადგან ბევრი კონკურენტია. თუმცა, ბევრად მარტივია საქართველოსთან შედარებით. იქ ყველა კეთილმოსურნე და კეთილგანწყობილია შენ მიმართ, კონკურენტი იქნება თუ არა. ჩვენთან ასე არ ხდება. მე მყავს ძალიან ცოტა მუსიკოსი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. ჩვენთან ერთობის ყველაზე დიდი დეფიციტია. სწორედ ამიტომ ვლოცულობთ ახალ წელს, ყველანი ერთად „ზაზანოვაში“.
– რატომ დაბრუნდით 18 წლის შემდეგ საქართველოში?
– 18 წელი ბევრია, თუმცა მაინც ვერ შევეჩვიე იქაურ ცხოვრებას. იქ, ჩემთან სახლში რომ შემოსულიყავით, ჩათვალეთ, თბილისში იყავით. ფოტოები და ყველაფერი თბილისს უკავშირდებოდა. ნოსტალგია თბილისზე იმის მერე გამიჩნდა, როცა პირველად ჩამირტყეს ვიზა. გამგზავრებამდე ორი თვე დავდიოდი ფეხით. არ მისარგებლია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ტაქსით თუ მანქანით. მინდოდა, თითოეული კუთხე-კუნჭული დამემახსოვრებინა. სწორედ ამ მოგონებებით ვცხოვრობდი იქ. მიუხედავად ამდენი წლისა, ყოველთვის ვცდილობ, საუბრისას არ გამოვიყენო ინგლისური ჟარგონი. დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში მინდოდა, მეცხოვრა. ადამიანი წარმატებული საკუთარ თავთან უნდა იყო. ყველა გზა გავიარე ამერიკაში, ბოლოს სახლიც ვიყიდე ჰოლივუდში. თუმცა, ეს არაფერია – მთავარია ის, რასაც ემსახურები.
– როგორ აღმოჩნდით ჰოლივუდში?
– ძალიან უცნაურად. ორი წელი ნიუ-ორლეანში ვცხოვრობდი, რომელიც თბილისისხელა ქალაქია. იქ ძალიან საყვარელი ხალხი ცხოვრობს, სამხრეთელები არიან. თითოეულ მათგანში სიკეთეს ვხედავდი და ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი, მენატრება ხოლმე. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემი მუსიკა კინომუსიკისკენ იხრებოდა და იქნებ, წავსულიყავი ჰოლივუდში. ერთხელაც ვიქირავე დიდი, სპეციალური სატვირთო მანქანა, ჩავაგდე შიგნით რაც მქონდა და გადავლახე ამერიკა. ორ-დღენახევრის შემდეგ მივაღწიე ლოს-ანჯელესამდე. გზაში სულ ვფიქრობდი, ლოს-ანჯელესში რომ შევალ, რობერტ დენირო შემხვდება და მეტყვის: ზაზა, სად ხარ ამდენ ხანს, არ გრცხვენია (იცინის). მაგრამ არავინაც არ შემხვდა. ფაქტობრივად, ერთი წელი უმუშევარი ვიყავი. ბოლოს მქონდა ერთი სურვილი - მუსიკალურ მაღაზიებში მივსულიყავი და მენახა, რა გამოვიდა ახალი. ეს იყო დაახლოებით 1996 წელი. შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში და დავინახე ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე ძვირიანი იყო. მივედი და ჩავრთე. მომცვივდნენ გამყიდველები. ჩვენ დაგეხმარებით, რა გნებავთო. არა, თავად ვიზამ-მეთქი, ვუპასუხე. დავიწყე დაკვრა და მომიახლოვდა ვიღაც კაცი. მკითხა: „ვინ ხარ, შენ”? ზაზა ვარ-მეთქი. ეგ რა სახელიაო. ქართული სახელია-მეთქი. ეს კაცი – ვლადიმერი აღმოჩნდა მოსკოველი კომპოზიტორი, რომელიც გახლდათ ბატონი გივი გაჩეჩილაძის მოსწავლე. ბევრი არ გვისაუბრია, გამომართვა ტელეფონის ნომერი და წავიდა. ცოტა ხანში დამირეკა ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა კომპოზიტორმა. მახსოვს, მისი ვინაობა რომ გავიგონე ტელეფონში, პატივისცემის ნიშნად, ფეხზე წამოვდექი. არ ვიცი, ამ ვლადიმერმა ჩემში 15 წუთში რა იპოვა, მაგრამ ამ კაცისთვის მიუცია ჩემი ნომერი. მოკლედ, ერთ ღამეში შემიკვეთა 10 კომპოზიცია მუსიკალური ფილმისთვის. ღამის 10 საათზე დავიწყე მუშაობა და დილით მოვრჩი. მივედი მასთან სახლში. რომ დამინახა გრძელთმიანი, ჯოხივით გამხდარი, პატარა ბიჭი, ხელი ჩაიქნია (იცინის). მაინც შემოდიო მითხრა. ბოლოს, ათივე კომპოზიცია იყიდა და მასთან მუშაობაც შემომთავაზა.
– თქვენი პირველი ინსტრუმენტი ფორტეპიანო არ ყოფილა... მშობლების როლი თქვენს კარიერაში...
– დედამ ბევრი კარგი რამ გამიკეთა ჩემი მუსიკალური კარიერისთვის. ფაქტობრივად, ყველაფერი მომცა. 5 წლის ასაკში, „ნერგებში“ მიმიღეს. მაშინ ჩემი პირველი ინსტრუმენტი დასარტყმელი საკრავი გახლდათ. ახლაც, ცოტას თუ მოვსვამ, ნოსტალგია მაქვს და ბიჭებს ვთხოვ, მათთან ერთად დავუკრა. პირველად დაკვრა დავიწყე გაბზარულ თეფშებზე, ჯოხებს კიდევ ჩაის ტილო ჰქონდა შემოხვეული. ეს ინსტრუმენტები დედამ მომაწოდა, მაშინ 3 წლის ვიქნებოდი, თან ჩამირთო „ბითლზები“ (იცინის). ამ პერიოდიშივე გახდა ჩემთვის თითქოს უსულო, მაგრამ საოცრად სულიერი ძიძა – ფორტეპიანო. სწორედ ამ გაბზარული თეფშებითა და შეხვეული ჩაის ტილოებით გადავიტანე პატარა, შეუგნებელი ბავშვობა, რომელიც ძალიან მიყვარს. რაც შეეხება მამას, თუმცა არა ბიოლოგიურს, ის გახლდათ ხმის რეჟისორი, ასევე ყოფილი მორაგბე. მახსოვს 220 მანეთი ჰქონდა ხელფასი. სახლში რომ მოვიდოდა, იტყოდა: 100 მანეთი ზაზას, წავიდეს სტუდიაში და იმუშას, დანარჩენი ჩვენ. მან ასე ჩამომაყალიბა მუსიკოსად და ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში თავისი მოკრძალებული ურთიერთობით, სიჩუმით, სწორი ფრაზებით. ის არის ჩემი ერთ-ერთი ყველზე დიდი ტკივილი. სამწუხაროდ, 2005 წელს გარდაიცვალა და ვერ მოვახერხე ჩამოსვლა.
– 2005 წელი, თქვენთვის საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო...
– დიახ, მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, წყალდიდობაში მოვყევი. თურმე ტელევიიზიით გამოუცხადებიათ, რომ რაღაც საშინელება, სახელწოდებით „კატრინა“ უახლოვდებოდა ჩვენს ქალაქს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ბოლო დღეს დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მკითხა, „კატრინაზე“ რას შვრებიო. თან, კატრინა ხომ ქალის სახელია და ვინ კატრინაზე, არ ვიცნობ ეგეთს-მეთქი (იცინის). მერე მითხრა, რაც ხდებოდა. აღმოჩნდა ისე, რომ არცერთ მანქანაში ბენზინი არ მქონდა. ეს ჩემი მეგობარი ორი მანქანით მიდიოდა ქალაქიდან და გადავნაწილდით მასთან. თან, მაშინ ჩემი შვილი 2 თვის იყო და ასე, ბავშვის პამპერსებითა და შორტებით მოვხვდი სულ სხვა შტატში, სადაც ნულიდან მომიწია ცხოვრების დაწყება.
– როგორც ვიცი, „აიფონის“ ერთ-ერთი აპლიკაციისთვის მუსიკა დაწერეთ.
– ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია. ერთხელაც დამირეკა და მითხრა: მოვიგონე აპლიკაცია – ხელში გიჭირავს ტელეფონი და რამდენი ხელს ჩამოკრავ ამ ტელეფონს, ისმის მელოდია. იქნებ რაიმე მუსიკა დამიმზადო ამ პროგრამისთვისო. კარგი-მეთქი. დავუწერე კომპოზიცია, რომელსაც დავარქვი „აიზაზა“. მერე ისე მომეწონა, რომ გადავაკეთე და ახლა კონცერტებზეც ვუკრავ ხოლმე (იცინის).