რა საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე მცხეთაში #4
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გამქრალი გვამი
1972 წლის 14 მაისს თბილისის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებას 21 წლის ეთერ ვადაჭკორიამ მიაკითხა და განაცხადა, რომ სულ რაღაც ნახევარიოდე საათის წინ, მას უცნობი მამაკაცი ფუნიკულიორის ტყეში თავს დაესხა, გააუპატიურა, იქვე მიაგდო და წავიდა. ვადაჭკორია თავის ჩვენებაში წერდა: „ვიმყოფებოდი მამა დავითზე და პანთეონი რომ დავათვალიერე, ტყის ბილიკით ფუნიკულიორის გზას ავუყევი. ნახევარი მანძილი რომ გავიარე, ბუჩქებიდან ათლეტური აღნაგობის მამაკაცი გამოხტა. პირზე ხელი ამაფარა, ტყეში შემათრია, გამაუპატიურა და მშვიდად გამშორდა“. დაზარალებული დაწვრილებით აღწერდა მოძალადის გარეგნობას და მიუთითებდა, რომ მას მარცხენა მკერდზე, გულთან ჰქონდა ტატუ „Z-01-08“. მილიციაში სასწრაფოდ შექმნეს ოპერატიული ჯგუფი და დაზარალებულთან ერთად ფუნიკულიორის პლატოზე იმ იმედით გაემართნენ, რომ მოძალადის მოხელთებას თუ ვერ მოახერხებდნენ, იქნებ მის კვალს მაინც დასდგომოდნენ. მართლაც, ტყის ბილიკით მიმავალმა მილიციელებმა ტყის სიღრმეში მოძალადე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც მორიგი მსხვერპლის გაუპატიურებას ცდილობდა. მილიციელები მოძალადემაც შენიშნა და მოულოდნელად მათ ცეცხლი გაუხსნა ტყის სიღრმიდან. ურთიერთსროლისას ერთი მილიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაიღუპა მოძალადეც, რომელიც ეკლის ბუჩქებიდან გამოათრიეს. ხოლო, მეორე მსხვერპლი – 23 წლის ლია ბაზღაძე უვნებელი გადარჩა. მას მხოლოდ გონება ჰქონდა დაკარგული შიშისგან. მოკლულს „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა თან. მას არც საბუთი ჰქონდა და არც სხვა ნივთი. მარცხენა მკერდზე, გულთან ახლოს კი ამოტვიფრული ჰქონდა „Z-01-08“, რაც ვადაჭკორიას ჩვენებაში მოყვანილ მოძალადეზე მიუთითებდა. მოკლული თავად დაზარალებულმაც ამოიცნო. მოკლულის ცხედარი პროზექტურაში გასაკვეთად წაიღეს. პროკურატურაში კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გაუპატიურების, გაუპატიურების მცდელობის, იარაღის უკანონოდ ტარებისა და მილიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით, რომელსაც გამომძიებელი ნოდარ გოგოჭური იძიებდა. გაკვეთამდე ცხედარი მაცივარში მოათავსეს, რომ არ გაფუჭებულიყო. როდესაც გასაკვეთ ოთახში პათანატომი ზაურ ირემაძე დაბრუნდა და მაცივარი გამოაღო, აღმოჩნდა, რომ გვამი მაცივრიდან გამქრალიყო.
უშიშროების ტაბუ
მომხდარის შესახებ იმავე დღეს, 14 მაისს, აცნობეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც ჯერ ეფექტური გამოძიების ჩატარება ბრძანა, ხოლო ორი დღის შემდეგ კი – 16 მაისს, თავისივე ბრძანება გააუქმა და ნოდარ გოგოჭურს ეს საქმე ჩამოართვეს. მხოლოდ წლების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, გაირკვა, რომ მინისტრ შევარდნაძეს, საქართველოს „კაგებეს“ თავმჯდომარემ, ალექსი ინაურმა, დაურეკა და კატეგორიულად მოსთხოვა გამოძიების შეჩერება. მიზეზი არ დაუსახელებია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იძულებული გახდა, ინაურს დამორჩილებოდა. იმ დროს „კაგებე“ ყოვლისშემძლე ორგანიზაცია იყო. ინაური კი მხოლოდ მოსკოვს ემორჩილებოდა და ანგარიშვალდებულიც მხოლოდ მოსკოვის მიმართ იყო. ოთხი თვის შემდეგაც კი, როდესაც მინისტრმა შევარდნაძემ საქართველოს ცეკას პირველი მდივნის სავარძელში გადაინაცვლა, ინაურის ტაბუს გაუქმება ვერ შეძლო – არც უცდია და არც საქართველოს „კაგებეს“ შეფს ჩაუბარებია ანგარიში ახალი „პირველისთვის“, თუ რატომ დაადო უშიშროებამ 14 მაისის საქმის გამოძიებას ტაბუ.
პროექტი „Z-01“
1975 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლკოვნიკი იოსებ ნოვიცკი გაიქცა, რომელიც 15 წელი „კაგებეში“ მუშაობდა და მედიკობიოლოგიური განყოფილების ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. ნოვიცკი, პროფესიით სამხედრო ექიმი და ქიმიკოს-ფარმაცევტი გახლდათ. სწორედ მან ამცნო პირველად მსოფლიოს, რომ საბჭოთა კავშირში კერძოდ კი „კაგებეს“ საიდუმლო ლაბორატორიებში, ადამიანებზე სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ერთ-ერთ ამერიკულ ტელეარხს ნოვიცკიმ პროექტ „Z-01-ის“ (ზეტ ნულ ერთი) შესახებ მოუთხრო, რაც „ზომბი ერთს” ნიშნავდა და მიზნად ისახავდა ადამიანის ზომბირებას. ანუ, ნებისმიერი ადამიანის ისე შეცვლას ქიმიური პრეპარატების გზით, რომ ის ყველა ბრძანებას დამორჩილებოდა. ნოვიცკიმ ისიც აღნიშნა, რომ ზომბირების ერთ-ერთი საიდუმლო ლაბორატორია საქართველოში, კერძოდ კი, მცხეთაში, რეაქტორის სიახლოვეს მდებარეობდა. იქ ტარდებოდა საშინელი ექსპერიმენტები ადამიანებზე. პოლკოვნიკი ნოვიცკი ყვებოდა: „მე ვხელმძღვანელობდი იმ ლაბორატორიას, სადაც ზომბირების ვაქცინა იქმნებოდა. საექსპერიმენტო მასალებს ციხეებიდან ვიღებდით და ისინი ძირითადად, სიკვდილმისჯილები იყვნენ. 1972 წლის 14 მაისს, ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს, 31 წლის ანტონ ერგემლიძემ თავი დააღწია ლაბორატორიას და გაიქცა. ის 24 საათში მოკლული დაგვიბრუნეს და მას მერე ჩვენთან უსაფრთხოების წესები მნიშვნელოვნად გამკაცრდა...“
სწორედ თბილისელი ანტონ ერგემლიძე იყო ის მოძალადე, რომელიც მილიციელებმა ფუნიკულიორის ტყეში მოკლეს. ერგემლიძეს მცირეწლოვანის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის დახვრეტა ჰქონდა მისჯლილი და ის ამ გზით მოხვდა მცხეთის საექსპერიმენტო ლაბორატორიაში. „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი კი სამალავიდან ამოიღო გაქცევის შემდეგ.
შერისხული გამომძიებელი
ნოდარ გოგოჭური ძალიან გამოცდილი, მცოდნე და პატიოსანი გამომძიებელი იყო. როგორც კი ის საქმეს ჩამოაშორეს, მიხვდა, რომ ამის მიღმა რაღაც დიდი საიდუმლო იმალებოდა და ჩუმი გამოძიება დაიწყო. მან ჯერ გაუჩინარებული გვამის ვინაობა დაადგინა და რომ შეიტყო, ის „დახვრეტილი“ მოძალადე ერგემლიძე იყო, თავისი ძალისხმევა გააათმაგა. თუმცა, 1973 წლის 3 მარტს, გოგოჭური ჯერ უშიშროებაში დაიბარეს და უბრძანეს, რომ სახიფათო საქმეში ხელები აღარ ეფათურებინა, ერთ კვირაში კი, ჯერ სამსახურიდან დაითხოვეს, მეორე დღეს კი, ქრთამის აღების შეთითხნილი ბრალდებით, ციხეში 6 წლით ჩასვეს. საპყრობილეში გოგოჭურს კიდევ ორჯერ დაუმატეს 4-4 წელი და ის საბოლოოდ, 1987 წელს, გაგანია „პერესტროიკის“ დროს გამოუშვეს ციხიდან, სადაც მან 14 წელი სრულიად ტყუილუბრალოდ გაატარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგოჭურის გათავისუფლებას ედუარდ შევარდნაძემ შეუწყო ხელი, რომელიც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ნოდარ გოგოჭური 1992 წელს გარდაიცვალა კიევში და იქვეა დაკრძალული. საბჭოეთიდან 1977 წელს გაქცეული პოლკოვნიკი ნოვიცკი კი „კაგებეს“ მიერ დაქირავებულმა მკვლელმა, ჯერ კიდევ, 1980 წელს მოიხელთა და მიუხედავად იმისა, რომ მას ვინაობა ჰქონდა შეცვლილი, ქალაქ სენტ-ლუისში დაჩეხილი იპოვეს. რაც შეეხება ადამიანის ზომბირების პროექტს – Z-ს, მას, სავარაუდოდ, დღეს უკვე რუსეთი ახორციელებს და როგორც ამბობენ, დიდი წარმატებითაც კი.