რატომ დახოცა წმიდა ნინოს მეგობრები სომეხთა მეფემ #4
სომეხთა პართიული წარმოშობის მეფე – ხოსროვი, ქართულად მას კოსაროსსაც უწოდებდნენ, სპარსელების დავალებით, ღალატით მოუკლავს ახლობელს – მოგვარეს, ანაკ პართელს. მკვლელი შემდეგში აღშფოთებულმა არმენმა დიდებულებმა შეიპყრეს და ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, სიკვდილით დასაჯეს. გადარჩა მხოლოდ მისი ორი ვაჟი, მათ შორის, ერთს ერქვა გრიგოლი. გრიგოლი შურისძიებისგან რომ ეხსნათ, გააგზავნეს კაპადოკიაში, სადაც ქრისტიანულად აღიზარდა.
ხოსროვის სიკვდილის შემდეგ, მისი მემკვიდრე, პატარა უფლისწული თრდატიც (ტირიდატი) რომის იმპერიაში გაუხიზნავთ. სომხეთში სპარსელების გავლენა გაძლიერდა. თრდატს რომის იმპერიაში შეუსწავლია სამხედრო საქმე და რამდენიმე ენა. „ქართლის ცხოვრებაში” თრდატი (ტირიდატი) ცნობილია, როგორც „ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ... აღზრილ იყო საბერძნეთს, და იყო იგი გოლიათი”.
ამ დროს რომის იმპერატორი გახლდათ დიოკლიტიანე. დიოკლიტიანე სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. სპარსეთში უფრო უკეთესად ცხოვრობდნენ ქრისტიანები. დიოკლიტიანემ თანაიმპერატორად გამოაცხადა მაქსიმიანე. ორივეს ავგუსტუსის ტიტული ჰქონდა. შემდეგ დიოკლიტიანემ მოადგილე კეისრად გალერიუსი გამოაცხადა, მაქსიმიანემ კი – კონსტანციუს ქლორუსი. ამას ერქვა „ტეტრარქია” – ოთხთა მმართველობა.
რომის იმპერიას არაერთი ველური ტომი ებრძოდა. გერმანული ტომის, გუთების შემოსევისას დიდი ბრძოლა გამართულა. ბრძოლის ველზე გუთების მეფემ, რომაელთა ერთ-ერთ კეისარს ერთი ერთზე შერკინება მოსთხოვა. კეისარმა საკუთარი ჯაჭვ-საჭურველი სომეხთა გოლიათ უფლისწულ თრდატს ჩააცვა და თავის მაგიერ შეარკინა გუთთა მეფეს. სომეხთა უფლისწულმა დაამარცხა გუთი და შეიპყრო. რომაელებმა გაიმარჯვეს.
რომაელებმა დაუფასეს თრდატს. 287 წელს იმპერატორმა დიოკლიტიანემ არმენიის მეფედ ცნო თრდატ მესამე. იმპერატორმა ჯარი მისცა მას და არმენიაში გამოაგზავნა. თრდატმა სომხეთის ტახტი დაიბრუნა, თუმცა დროებით. იმავე ხანებში სომხეთში დაბრუნებულა გრიგოლ პართელი და დაუწყია ქრისტიანობის ქადაგება. თრდატ მეფეს არ მოეწონა მისი საქციელი, რადგან სომხეთში დაბრუნებისთანავე, კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა დაუწყია. გამჟღავნდა პართელის ვინაობაც და თრდატ მეფის ბრძანებით ჯერ აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ტირიდატს გამოუცია ორი ბრძანება – სომხეთში მყოფი ქრისტიანებისთვის უნდა ჩამოერთმიათ ქონება; ვინც შეეცდებოდა დამალვას ან გაქცევას, უნდა მოეკლათ.
ტირიდატი ვერ განმტკიცდა სომხეთის ტახტზე და ისევ რომის იმპერიაში დაბრუნება მოუწია.
298 წელს გალერიუსმა დაამარცხა სპარსელები. ნისიბინის ზავით ქართლი, სომხეთი და მესოპოტამია რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. შედეგად, საბოლოოდ, სომხეთის ტახტი ისევ თრდატ მესამემ დაიკავა.
ამ პერიოდში იერუსალიმში იზრდებოდა საქართველოს მომავალი განმანათლებელი, წმიდა ნინო. ნინოს მშობლები – ზაბულონი და სოსანა შემონაზვნებულნი იყვნენ. ნინოზე მისი ბიძა, იერუსალიმის პატრიარქი, იობენალი ზრუნავდა. ნინო ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშობითა და სათნოებით.
დვინელმა სომეხმა, სარა ნიაფორმა, რომელსაც უვლიდა ქართველთა მომავალი განმანათლებელი, წმიდა ნინო, უამბო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. მომავალი მოციქულთასწორი ძალიან დაინტერესდა ქრისტეს კვართით, ჯვრითა და არდაგით (სუდარით), რომელშიც იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ გაახვიეს. ქრისტეს კვართი მცხეთაში იყო. ქრისტეს სუდარა ქრისტეანედქმნილმა პილატეს ცოლმა წაიღო პონტოში, ლუკა მახარებელთან. ახლა ის დაკარგულია. ჯვარი იერუსალიმშია დამარხული, ოღონდ სად, მხოლოდ ღმერთმა იცისო, - უამბობდა სარა ნიაფორი საქართველოს მომავალ განმანათლებელს. სარა ნიაფორის ნაამბობიდან მალე, კონსტანციუს ქლორუსის ვაჟმა, იმპერატორმა კონსტანტინემ და მისმა დედამ, ელენე დედოფალმა, ქრისტეს ჯვარი იპოვეს იერუსალიმში. საუკუნეების შემდგომ ქრისტეს სუდარაც გამოჩნდა, ტურინის სუდარის სახელით ცნობილი. სუდარაზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ქრისტეს გამოსახულება.
წმიდა ნინომ გაიცნო იერუსალიმში წმიდა ადგილების მოსალოცად ქალაქ ეფესოდან ჩასული წარჩინებული ქალი. ერთხელ, სიონის მთის ვენახებთან წმიდა ნინოს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და უბრძანა, წასულიყო ჩრდილოეთით, მცხეთაში სახარების საქადაგებლად და გადასცა ვაზის რტოსგან გაკეთებული ჯვარი.
ჩვენმა მომავალმა განმანათლებელმა ეს ამბავი თავის ბიძას უამბო. პატრიარქმა დალოცა დისშვილი და ეფესოელ ქალს გააყოლა. ეფესოში წმიდა ნინომ გაიცნო მთავრების შთამომავალი ქალი, რიფსიმე, რომელიც ქრისტეს სჯულს ეზიარა. რიფსიმე ძალიან ლამაზი ყოფილა. მისი სილამაზის ამბავი დიოკლიტიანემ შეიტყო და ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. რიფსიმეს თავი ქრისტესთვის ჰქონდა მიძღვნილი და ქრისტიანთა მმუსვრელ დიოკლიტიანეს ვერ გაჰყვებოდა. იმპერატორის შიშით რიფსიმე, მისი გამზრდელი გაიანე, წმიდა ნინო და ოცდაათი ახლად გაქრისტიანებული ქალი გაიპარნენ ეფესოდან. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა დედები თრდატ მეფის სამეფოს – არმენიას მიადგნენ. დიოკლიტიანემ შეიტყო მათი ამბავი და მისწერა თავის ქვეშევრდომს, გოლიათ თრდატს, მოეძებნა რიფსიმე და გადაეცა მისთვის.
თრდატმა შეიპყრო წმიდა დედები. რიფსიმეს სილამაზემ მოხიბლა სომეხთა მეფე და გადაწყვიტა, თავისთვის დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, წმიდა რიფსიმე ვერ დასთანხმდებოდა თრდატს, მას თავი ღვთისთვის ჰქონდა მიძღვნილი. თრდატმა აწამა და მოკლა რიფსიმე, გაიანე და მათი მხლებლები. ყველა მათგანი სიხარულით შეხვდა ქრისტესთვის სიკვდილს.
ამ ამბის მერე თრდატს დამართნია სპეციფიკური, ძლიერი ფსიქიკური აშლილობა. აღნიშნულ სენს იმ ხანაში ღორის დაავადებას უწოდებდნენ. ქრისტიანებში გავრცელდა ცნობა, რომ სომეხთა მეფე ღმერთმა ღორად აქციაო. თრდატის და, პრინცესა ხოსროვადუხტი ძალიან წუხდა თავისი ძმის ავადმყოფობის გამო. ხოსროვადუხტი სპარსულად ნიშნავს ხოსროს ასულს. მეფის დის ბრძანებით, საპყრობილიდან გამოუყვანიათ გრიგოლ პართელი. სომეხთა მომავალმა განმანათლებელმა სომეხთა მეფეს აუხსნა ქრისტიანობის არსი, გააგებინა თავისი დანაშაულის სიმძიმე და მონანიების აუცილებლობაში დაარწმუნა. წმიდა გრიგოლმა მოახერხა დაავადებულის განკურნება. თრდატი მოინათლა. გრიგოლ პართელი გახდა სომეხთა განმანათლებელი. გრიგოლი სომხეთის ეპისკოპოსად აკურთხეს კესარიაში. დაახლოებით 315 წელს, სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა (თრდატი, მანამდე, 305 წლამდე, დიოკლიტიანეს გადადგომამდე, ქრისტიანთა მდევნელი და წმიდა გიორგის მწამებელი დიოკლიტიანეს პერიოდში, ვერ შეძლებდა ვერაგი იმპერატორის წინააღმდეგ წასვლას და ქრისტიანობის აღიარებას). წმიდა გრიგოლთან დაკავშირებით უწოდებენ სომხებს გრიგორიანელებს, ხოლო ეკლესიას – გრიგორიანულს. მაშინ მონოფიზიტობა ჯერ არ არსებობდა და არც სომხები იყვნენ ერთიან ორთოდოქსულ ეკლესიას გამოყოფილნი. ამიტომ, გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც იყო პირველადი, ორთოდოქსული, ძველი ქრისტიანობის მიმდევარი, განუყოფელი ეკლესიის, მართლმადიდებლების წმიდანადაც ითვლება, როგორც სომხეთის განმანათლებელი და მოციქულთასწორი (მასთან ერთად ჩვენი წმიდანები არიან – რიფსიმე, გაიანე და მათი მეგობარი დედები).
წმიდა ნინო სასწაულებრივად გადაურჩა დატყვევებას და სიკვდილს. ბევრი გაჭირვების მერე მოადგა მცხეთას. ამ დროს ქართლის მეფე იყო ლევ (რევ) მეფის ვაჟი მირიან მესამე. იბერიაში გავრცელებულიყო ამბავი თრდატის ღორად გადაქცევის შესახებ.
ქართლში წმიდა ნინოს მოღვაწეობამ, როგორც სომხეთში წმიდა გრიგოლისამ, შედეგი გამოიღო და ქრისტიანულად მოინათლნენ ქართლის მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა (დაახლოებით 321 წელს).
მირიან მესამე და თრდატ მესამე დიდხანს ებრძოდნენ ერთმანეთს ტერიტორიების გამო. ხან მირიანი აოხრებდა სომხეთს, ხან თრდატი ესხმოდა თავს ჩვენს ქვეყანას. ვერცერთი ვერ იმარჯვებდა საბოლოოდ. ბოლოს, იმპერატორ კონსტანტინეს ჩარევით, დაზავდნენ და დამოყვრდნენ მირიანი და ტირიდატი. მირიან მეფის ძე, უფლისწული რევი დააქორწინეს თრდატ მეფის ასულზე, რომელსაც წმიდა სალომე უჯარმელის სახელით ვიცნობთ.