კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #4

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-3(838)

 საქსს გაეცინა, უჯრიდან პატარა კოლოფი ამოიღო და სტუმარს წინ დაუდო, თან უთხრა:
– ფული წვრილმანია და მისი დაბრუნება არაა საჭირო. ამ ყუთში სამჯერ უფრო ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედია, რომელსაც ამ სტუმრობის სამახსოვროდ გიძღვნით. უბრალოდ, მინდა, ეს საქმე, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს და თქვენი დიდი იმედი მექნება.
– რა თქმა უნდა, მისტერ საქს. ეს საქმე აუცილებლად მოგვარდება და ამის პირობას გაძლევთ.
– მჯერა თქვენი მტკიცე სიტყვისა და გარწმუნებთ, არც მე დაგრჩებით ვალში. როგორც კი ეს საქმე ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდება, ისევ აქ გელით სტუმრად.
– აუცილებლად გეწვევით.
საქსმა პრეზიდენტს გაუღიმა და უთხრა:
– და ერთიც, ბატონო პრეზიდენტო.
– დიახ. გისმენთ.
– თუ შესაძლებელი იქნება, ცოცხალი თუ არა, მკვდარი მოზესი მაინც მოძებნონ.
– დიახ. რა თქმა უნდა.
– ბატონო პრეზიდენტო, თბილისში ჩემი ნდობთ აღჭურვილი ორი პირი იქნება და იქნებ თქვენმა სანდო კაცმა მათთან კონტაქტი იქონიოს?
– დიახ. ბრძანეთ მათი სახელები.
– კარლ პალიკი და უმა შარმი. ცოლ-ქმარია და არ გაგიჭირდებათ მათი მოძებნა.
***
თბილისში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და თავის სასახლეში დაიბარა. მინისტრი რომ გამოცხადდა და პრეზიდენტს გაუღიმა, მასპინძელმა სტუმარს უთხრა:
– რას იცინი?
მინისტრმა თვალები დახარა. პრეზიდენტმა კი მას უყვირა:
– შენ, ბიჭო, ხომ არ გამოშტერდი?
მინისტრი, ისევე, როგორც სხვა მისი კოლეგები და საერთოდ, მთავრობის წევრები და მაღალჩინოსნები, მიჩვეულები იყვნენ მისგან უხეშობას და რა თქმა უნდა, პასუხსაც ვერ უბრუნებდნენ. ამჯერად კი მინისტრისთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის ეს სიტყვები და ჰკითხა:
– რატომ, რა მოხდა?
– რა რა მოხდა, ვითომ არ იცი?!
– არ მესმის, რაშია საქმე.
– აჰ, ესე იგი, არ გესმის? – გაიმეორა პრეზიდენტმა.
– არა, ბატონო პრეზიდენტო. მითხარით, რა ხდება?
– მილიონი ევროს ქრთამი აიღე. საქმე ვერ გააკეთე და ადამიანი ააორთქლე. აი, რა მოხდა! – იღრიალა პრეზიდენტმა.
– ვინ კაცი ავაორთქლე? – იხტიბარი არ გაიტეხა მინისტრმა, თუმცა მიხვდა, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში იყო, მაგრამ საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვერ ხვდებოდა.
– ვინ და ჯონ მოზესი, – უფრო ხმამაღლა იღრიალა პრეზიდენტმა, – რა, ტყუილია?
– დიახ. ტყუილია, – მშვიდად თქვა მინისტრმა, – არავინ ამიორთქლებია და ჯონ მოზესი ცოცხალია. იზოლირებულ საკანში მყავს და მის საქმეს ვიძიებთ.
– რას ბოდავ, რა მის საქმეს იძიებ?
– რას და, მას რამდენიმე ბრალდება აქვს: ქვეყანაში ყალბი საბუთებით შემოსვლა, თანამდებობის პირისთვის დიდი რაოდენობით ქრთამის შეთავაზება, ბოროტმოქმედთა სამყაროსთან კავშირი და შეიძლება,  – შვეიცარიის თანამშრომლის, ოტო მაიზერის მკვლელობაშიც წაეყენოს ბრალდება.
– რას ბოდავ, რა ქრთამი, რის მკვლელობის ბრალდება?! – მხრები აიჩეჩა პრეზიდენტმა.
–  რა, ბატონო პრეზიდენტო და მაგ მოზესმა მილიონი ევრო მომიტანა ქრთამად, პროფესორი გოკიელი მომატაცებინეთო.
– მერე? – გაეცინა პრეზიდენტს, რომელიც კარგად იცნობდა მინისტრს და მის გაიძვერობასა და უტიფრობაზე ჰქონდა ასეთი რეაქცია.
– მაგ გოკიელს ჩვენც ვეძებთ. მოზესისგან ფული დავიტოვე და საქმეში ჩავდე, თან ჩემებს მისი თვალთვალი დავავალე, რომ იქნებ, ძებნილზე გავეყვანეთ. მართალია, პროფესორი ვერ მოვიხელთეთ, მაგრამ ერთი დაქირავებული მკვლელი და ერთიც ძებნილი ქალი დავაკავეთ.
– მოიცა, მოიცა, რიჟა ბაზარს მორჩი და ახლა კარგად მომისმინე. მე სულ არ მაინტერესებს შენი სიტყვები და არც ის, რომ მატყუებ. პრეზიდენტის მოტყუება დანაშაულია და შეიძლება, შენს სკამს, შენი თავიც მიჰყვეს. გასაგებია?
 – გასაგებია, – მიუგო პრეზიდენტს მინისტრმა.
 – ჰოდა, ახლა ყურადღებით მომისმინე, – უთხრა პრეზიდენტმა მინისტრს, – მილიონ ევროს აქ მომიტან! ჯონ მოზესს გამოუშვებ. პროფესორ პავლე გოკიელს ძალიან სწრაფად მოძებნი და ცალკე საკანში ჩასვამ. შემდეგ მე მომახსენებ და გეტყვი, როგორ მოიქცე. შენი საკითხი ჯერჯერობით ღიაა და ვაი, შენი თავის ბრალი, თუ იაღლიში მოგივა. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო პრეზიდენტო, – მიუგო მინისტრმა და კაბინეტი დატოვა.
***
სამსახურში დაბრუნებულმა მინისტრმა გუგული ჭაჭია გამოიძახა და ჰკითხა:
– როგორ მიდის საქმეები?
– პროფესორის კვალს ჯერჯერობით ვერ მივაგენით და ვერც დანარჩენების, – მიუგო მინისტრს „დესიატკამ“.
მინისტრმა გააბოლა და ქალს უთხრა:
– ცუდადაა საქმე. პრეზიდენტი ყველაფრის საქმის კურსშია. მოზესის გამოშვება მიბრძანა და დამემუქრა, რომ თავს დამაკარგვინებს.
– საიდან გაიგო ყველაფერი? – ჰკითხა მინისტრს მაიორმა ჭაჭიამ.
– არ ვიცი, საიდან გაიგო, მაგრამ პრეზიდენტი დამემუქრა, თუ გოკიელს დროზე არ დაიჭერთ, არ გაგახარებო, – მიუგო დამწუხრებულმა მინისტრმა გუგული ჭაჭიას, – მაყუთის დაბრუნებაც მომთხოვა, რომელიც მოზესს ავახიე. მოკლედ, ცუდ დღეში ვართ და სასწრაფოდ რამე თუ არ ვიღონეთ, ჯობია, თვითონვე დავიმარხოთ თავი.
– ინტენსიურად ვეძებთ და ყველა ძალები ამ საქმეზე გადავისროლე. იმედია, ვიპოვით.
– თანაც, მოზესიც უნდა გავუშვა.
– პრეზიდენტის ბრძანებით?
– კი, – თქვა მინისტრმა და დააყოლა, – ღრმა ტრაკში ვართ.
***
მოზესი პირადად მინისტრმა გამოუშვა საკნიდან და უთხრა:
– გამოდით. თავისუფალი ხართ.
თავდაჯერებულობის მიუხედავად, შვეიცარიელი ასეთ სწრაფ გათავისუფლებას არ ელოდა. თუმცა, არაფერი შეიმჩნია. საკნიდან დინჯად გამოვიდა და მინისტრს უთხრა:
– ხომ გეუბნებოდით, ძებნას დამიწყებენ-მეთქი. თქვენ არ გჯეროდათ და დამცინოდით.
– როდის დაგცინოდით? – წამოიძახა მინისტრმა.
– დამცინოდით, დამცინოდით, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი, – თქვა მოზესმა, რომელმაც საკმაოდ სწორად მოტვინა, რომ მისთვის საქსმა იხლაფორთა, – ალბათ, პრეზიდენტმა გიბრძანათ ჩემი გაშვება.
– კი, – ამოილუღლუღა მინისტრმა.
– ფული?
– პრეზიდენტს უნდა დავუბრუნო.
„როგორც ჩანს, საქსმა მილიონი ევრო უფეშქაშა პრეზიდენტს“, – გაიფიქრა მოზესმა, მინისტრს კი უთხრა:
– გასაგებია, – მოზესმა მწველი მზერა ესროლა მინისტრს და დაამატა, – კიდევ ერთი საქმე გაქვთ დასამთავრებელი.
– რა საქმე? – იკითხა მინისტრმა.
– ჩემთან ერთად გენო კოკაიაც უნდა გამოუშვათ, – მშვიდად თქვა მოზესმა.
– რას ამბობთ, დაქირავებულ მკვლელს როგორ გავუშვებ?! გამორიცხულია!
– აუცილებლად მჭირდება.
– როგორმე მის გარეშეც იოლად გახვალთ. ქილერს კი ვერ გამოვუშვებ.
– უნდა გამოუშვათ. დამეხმარება და შემდეგ კი, რაც გინდათ, ის უქენით, გინდათ, ცოცხლად დამარხეთ. ჩემი მისიის დასრულებამდე კი უნდა მამსახუროთ.
– გამორიცხულია, – კატეგორიული უარი თქვა მინისტრმა. მოზესს კი გაეცინა და უთხრა:
– მაშინ, მე იძულებული ვიქნები, სადაც ჯერ არს, იქ განვაცხადო, რომ მისიის შესრულებაში ხელს მიშლით და კვლავ თქვენი ზემდგომი დაგელაპარაკებათ.
– ჯანდაბას, გამოვუშვებ, – თქვა მინისტრმა და მოზესს გაუღიმა, – მხოლოდ, როგორც კი თქვენს მისიას შეასრულებთ, კვლავ დავიჭერ.
– გინდათ, ცოცხლად დაწვით, – ღიმილითვე მიუგო მოზესმა, – მხოლოდ ეს ყველაფერი ჩვენში დარჩეს.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა მინისტრი. შემდეგ მოშორებით მდგომი ხელქვეითი მოიხმო და გენო კოკაიას საკნიდან გამოყვანა უბრძანა.
გენო კოკაიამ რიტას გარეშე ფეხიც არ გამოადგა საკნიდან. ამიტომ, მინისტრმა ქალიც გამოუშვა და გათავისუფლებულმა ტრიომ ერთად დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა.
– როგორ მოახერხეთ ეს, მოზეს? – ჰკითხა გენომ შვეიცარიელს. მან კი მიუგო:
– ჩემმა შეფმა იხლაფორთა.
– გასაგებია, – თავი დააქნია გენომ, – მე იმ პირობით გამომიშვეს, რომ პროფესორს მოგაძებნინებთ, ხომ?
– დიახ, – თქვა მოზესმა.
– ძალიან კარგი, – მიუგო კოკაიამ, გუნებაში კი გაიფიქრა: „მისიას რომ შევასრულებ, ალბათ, უკან ჩამაყუდებენ, თუ, რა თქმა უნდა, უარესი არ მიქნეს, მაგრამ ვერ ეღირსებით. ერთი სათადარიგო სვლა მაქვს და უნდა გაამართლოს“.
– თქვენთან მოვდივართ, – უთხრა მოზესმა კოკაიას, – მინისტრი შევიპირე, რომ თქვენი ბინიდან ამოღებულ ყველა ნივთსა და თანხას ახლავე უკან მოგვიტანენ.
– პისტოლეტებსაც? – იკითხა გენომ.
– აბსოლუტურად ყველაფერს, – დაუდასტურა მოზესმა გენოს.
***
მოზესი და კამპანია მათი პატიმრობიდან 49 საათის შემდეგ უკვე თავისუფლები იყვნენ და ეს ამბავი პირველმა ვანიკო მიქაძემ შეიტყო, რომელსაც ონლაინ რეჟიმში ჰქონდა ჩართული ყველა სათვალთვალო კამერა თავის ლეპტოპში. ბიჭმა ეს ამბავი ანას შეატყობინა, რომელსაც სახლში ეწვია და უთხრა:
– აი, ნახე, ეს ჯიგრები სახლში დაბრუნდნენ.
– როგორც ეტყობა, მათი გათავისუფლების ამბავი ძალიან მაღალ დონეზე გადაწყდა, – თქვა ჩაფიქრებულმა ანამ.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა მეუღლეს კოტე ბადრიძემ.
– ვის, – შეუსწორა ანამ, – ვფიქრობ, ამ კომპანიის გაშვება თავად პრეზიდენტმა უბრძანა მინისტრს.
– მასე რატომ ფიქრობ? – ახლა უკვე პროფესორმა გოკიელმა იკითხა.
– იმიტომ, ბატონო პავლე, რომ ლოგიკურადაც ასე გამოდის. თანაც, ინფორმაცია მაქვს, პრეზიდენტი შვეიცარიაში იმყოფებოდა ნახევარი დღით და ის რეი საქსის თვითმფრინავით გადაფრინდა და გადმოფრინდა.
– ეს საიდანღა იცი? – გაეცინა გოკიელს.
– ჩემი წყარო მყავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იქიდან... არ გამოვიდა ისე, როგორც ვვარაუდობდით და მტრების ნაწილი კი არ ჩამოვიშორეთ, უფრო გავაძლიერეთ მათი ინტერესი ჩვენ მიმართ. ახლა ისინი გაასკეცებული ენერგიით დაგვიწყებენ ძებნას და სასწრაფოდ რამე უნდა ვიღონოთ.
– რა უნდა ვიღონოთ? – იკითხა ანას მეუღლემ.
– უპირველესად, ბატონი პავლე უნდა გადავმალოთ საიმედოდ. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის მისი ადგილსამყოფელი და გამორიცხული არაა,  უკვე ჩვენს კვალზეც კი გამოდიოდნენ, – თქვა ანამ.
„არა რა, აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავეცალო, თორემ ამ ბავშვებს ძალიან დიდ შარში გავხვევ. კმარა! მე ვიცი, რასაც ვიზამ“, – გაიფიქრა პროფესორმა, ხოლო დანარჩენებს რომ მისი აზრები არ ამოეცნოთ, გაიღიმა და სიგარეტი გააბოლა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3