№4 საყვარელ ადამიანს ტყუილი არ ვაპატიე
ინტიმური საუბრები
საშინელებაა, როცა საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ეჭვი ჩნდება, მერე ნელ-ნელა ბზარი დიდდება და ხვდები, ცხოვრება თავზე დაგენგრა. როგორც ყველა გოგონა, მეც ვოცნებობდი შემხვედროდა სასურველი, საყვარელი მამაკაცი, მეცხოვრა მის გვერდით, მყოლოდა შვილები და აგვეწყო ოჯახური იდილია. თითქოს, მივუახლოვდი ამ ოცნებას და როცა თავი ზღაპარში მეგონა, სწორედ მაშინ გამოვფხიზლდი – დავეჯახე იმ რეალობას, რამაც თავზარი დამცა. თავიდან, როცა გიგი გავიცანი, არც მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ოცნებები არ ამიხდებოდა. პირიქით, ყველას იმას ვეუბნებოდი, ალბათ, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, ღმერთმა ასეთ ბიჭს რომ შემახვედრა-მეთქი. ჩემმა ოჯახმაც კარგად მიიღო, თუმცა, თავად არ ჩქარობდა მისი ოჯახის წევრები გამეცნო. ვფიქრობდი, ალბათ პრობლემები აქვს, მოაგვარებს და მერე გამაცნობს-მეთქი, მაგრამ ვერც კი დავუშვებდი, რომ გიგი ჩემზე ათი წლით უმცროსი იყო. მშობლებს ვერ უმხელდა, რომ მასზე უფროსი შეუყვარდა და ამიტომ მალავდა ამ ფაქტს მათთან. გარეგნულად, ნამდვილად არ ჩანს ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა. პირიქით, ჩემ გვერდით რომ დგას, ტოლებივით ვართ. მოკლედ, მეც მომატყუა, ჩემი ოჯახიც, ახლობლებიც, სანათესაოც... საიდან გავიგებდი მის რეალურ ასაკს, ხომ არ დამესიზმრებოდა? რაც მითხრა, დავიჯერე და პასპორტს ხომ არ მოვთხოვდი? მოკლედ, სრულიად შემთხვევით, მისი უბნელი გავიცანი. აღმოჩნდა, ის და გიგი, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთი სამეგობრო და საახლობლო ჰყავდათ და სწორედ, იმას წამოსცდა შემთხვევით, მისი ასაკი. მისთვის არაფერი მითქვამს, გიგის კი, მაშინვე დავურეკე, რატომ მომატყუე და დამიმალე ასაკი-მეთქი. მომიბოდიშა, მითხრა, შენი დაკარგვის მეშინოდა და სხვა გზა არ მქონდაო. არ ვაპატიე, თუმცა, ძალიან მიყვარს. სიმართლე გითხრათ, ასაკობრივი სხვაობა ჩემი დიდი პრობლემა სულაც არ არის, უბრალოდ, ტყუილი არ ვაპატიე. თან, ჩემმა ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა იციან, რომ გიგი და მე ტოლები ვართ, სულ მალე გავყვები ცოლად და ახლა როგორ ავუხსნა ეს მათ, რა ვუთხრა? იმას ხომ არ ვიტყვი, ჩემი დაკარგვის შეეშინდა და ამიტომ ყველა მოგვატყუა-მეთქი. ყველაზე ცუდი კი ის არის, მასთან ერთად, არაერთი ღამე გამითევია და ეს ჩემმა ახლობლებმა იციან. რადგან ერთმანეთი გვიყვარდა და მალე ოჯახის შექმნასაც ვაპირებდით, მართალია, ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ხელის მოწერამდე გადავწყვიტეთ, ერთად ყოფნა და ეს არც დამიმალავს. მე ჩემი თავი ვანდე და ის კი თურმე, ტყუილით ცდილობდა თავი შეეყვარებინა. უკვე ერთ თვეზე მეტია, ვემალები, ნათესავთან ვცხოვრობ და მინდა, დავივიწყო, მაგრამ მიჭირს. მენატრება და სულ თვალწინ მიდგას. ყველა მეკითხება, რა მოხდა, რის გამო დაშორდითო. პასუხი არ მაქვს და ყველას თავს ვარიდებ. მშობლებს კი ვუთხარი, გიგის ოჯახური პრობლემები აქვს და ამის გამო, გადავწყვიტე, აღარ შევხვდე და დავივიწყო-მეთქი. ზუსტად ვიცი, ტყუილი დიდხანს არ დაიმალება და ყველა გაიგებს სიმართლეს. ჭორაობას დაიწყებენ და უბნელები ამაზრზენ მზერებს გამომაყოლებენ. ერთი სიტყვით, ვეღარ გავიგე, რა ვქნა – გარშემო მყოფებისა და ახლობლების რეაქცია ვიდარდო თუ საკუთარი ცხოვრების დანგრევა.
მაკა, 32 წლის.